გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
330210018002639966
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/27398-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე – სს ,,ფე---------“

წარმომადგენელი – გი---------------–-----ი

მოპასუხე – შპს ,,ჯო-------------------------------ი“

წარმომადგენელი - იო----------–--–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს, სს ,,ფე---------“-ის სასარგებლოდ დაკისროს დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯის ასანაზღაურებლად 1325.00 ლარისა და 1100.00 ლარის, ჯამში - 2425.00 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2018 წლის 29 აპრილს, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს თანამშრომლები ქ. თბილისში, ვ---------–- ზ---- პ-–------ მ----------- რაიონში მ--- კორპუსთან აწარმოებდნენ მიწის სამუშაოებს, რა დროსაც არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები და დღის 17:00 საათზე დააზიანეს სს ,,ფე---------“-ის კუთვნილი მაღალი ძაბვის (6000 კილოვატიანი) ელექტროგადამცემი ხაზი, რამაზ გამოიწვია ელ. ენერგიის შეწყვეტა. დაზიანებული კაბელის შესაკეთებლად მოსარჩელემ დაიქირავა შესაბამისი კომპანია, რომლის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად 30 აპრილის 15:00 საათზე აღდგა ელ. ენერგიის მიწოდება.

 

2018 წლის 03 მაისს მოპასუხის თანამშრომლები აწარმოებდნენ სამუშაოებს ვ---------–- ზ-------–---ოს მ----------- რაიონში მ--- კორპუსის წინ არსებულ წყალსაქაჩთან ახალი 300 მმ მილის ჩასადებად (პირველი შემთხვევიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით), რა დროსაც მიუხედავად იმისა, რომ წინა შემთხვევიდან გამომდინარე მოპასუხისათვის ცნობილი იყო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის შესახებ, მაინც უგულვებელყვეს უსაფრთხოების ყველა ნორმა და 18:00 საათზე დააზიანეს სს ,,ფე---------“-ის ელექტროგადამცემი კაბელი, რის გამოც ისევ შეუწყდა მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება. იმისათვის, რომ დენის შეწყვეტას მოიჯარეებისათვის არ მიეყენებინა ზიანი, მოსარჩელემ დაიქირავა შესაბამისი კომპანია, რომელმაც 04 მაისს უზრუნველყო გაწყვეტილი კაბელის შეკეთება და ელ. ენერგიის აღდგენა.

 

დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 2425 ლარი. გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ მიმართა შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს, რაზედაც მოპასუხემ უარი განუცხადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს ,,ჯო-------------------------------მა“ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მითითებულ მისამართზე სამუშაოების შესრულების ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანებაში შპს ,,ჯო-------------------------------ის“ ბრალი არ მიუძღვის. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

გარდა ამისა, მოპასუხე თვლის, რომ ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების უფლება დადასტურებული უნდა იქნეს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ინვენტარიზაციითა და გადაფასების უწყებით, სს ,,ფე---------“-ის საკუთრების უფლება არ დასტურდება, რაც მოთხოვნის უფლებას ართმევს მოსარჩელეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 29 აპრილსა და 2018 წლის 03 მაისს ქალაქ თბილისში, ვ---------–- ზ-------–---ო, მ----------- რაიონი, მ--- კორპუსის მიმდებარედ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს 17.05.2018წ. წერილი (ს.ფ. 35);

 

3.1.2. 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სს ,,ფე---------“-ის მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 1325 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 26);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 27);

- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 28);

 

3.1.3. 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სს ,,ფე---------“-ის მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 1100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 29);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 30);

- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 31);

 

3.1.3. 2018 წლის 01 მაისსა და 04 მაისს შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს გაეგზავნა წერილი სს ,,ფე---------“-ის მიმართ მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, რაზედაც შპს ,,ჯო-------------------------------მა“ 2018 წლის 17 მაისის წერილით სს ,,ფე---------“-ს უარი განუცხადა.

 

შპს ,,ჯო-------------------------------ი“ წერილში ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს, რომ როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს წარმომადგენლის მიერ, სამუშაოების წარმოებამდე როგორც 2018 წლის 29 აპრილს, ასევე 2018 წლის 03 მაისს, მიღებულ იქნა ყველა შესაძლო ზომა მიწისქვეშა კომუნიკაცების შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით. შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს წარმომადგენელმა ადგილზე გამოიძახა სს ,,თ--–----“ წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ შეძლეს მათი კუთვნილი მიწისქვეშა კომუნიკაციების (ელ. კაბელების) მარშუტის სწორად მითითება, ასევე ძალოვანი ელ. ენერგიის კაბელები მიწის ქვეშ განლაგებული იყო წყალსადენის მილის გასწვრივ და მილის თავზე, რომლებიც გაყვანილია ,,ელექტრო დანადგარების მოწყობის წესები“-ს (მე-6 გამოცემა) პუნქტი 2.3.88 დარღვევით. შესაბამისად, ზიანის (ზარალის) არსებობის შემთხვევაშიც კი, ამგვარი ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაზე ,,კომპანია“ პასუხისმგებელი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ფე---------“-ის წერილები (ს.ფ. 32, 33);

- შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს 17.05.2018წ. წერილი (ს.ფ. 35);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 აპრილსა და 2018 წლის 03 მაისს, ქალაქ თბილისში, ვ---------–- ზ-------–---ო, მ----------- რაიონი, მ--- კორპუსის მიმდებარედ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა სს ,,ფე---------“-ის კუთვნილი ძალოვანი კაბელი. აღნიშნული დაზიანებული საკაბელო ხაზი აღდგენილი იქნა სს ,,ფე---------“-ის მიერ, რისთვისაც გადახდილი იქნა ჯამში 2425 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ 2018 წლის 29 აპრილსა და 2018 წლის 03 მაისს ქალაქ თბილისში, ვ---------–- ზ-------–---ო, მ----------- რაიონი, მ--- კორპუსის მიმდებარედ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს.

 

საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს 2018 წლის 17 მაისის წერილი, სადაც მოპასუხე მხარე ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებს განმარტავს. მითითებული წერილში შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს მხრიდან საუბარია იმაზე, რომ მიღებულ იქნა ყველა შესაძლო ზომა მიწისქვეშა კომუნიკაცების შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, კერძოდ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს წარმომადგენელმა ადგილზე გამოიძახა სს ,,თ--–----“ წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ შეძლეს მათი კუთვნილი მიწისქვეშა კომუნიკაციების (ელ. კაბელების) მარშუტის სწორად მითითება, ასევე ძალოვანი ელ. ენერგიის კაბელები მიწის ქვეშ განლაგებული იყო წყალსადენის მილის გასწვრივ და მილის თავზე, რომლებიც გაყვანილია ,,ელექტრო დანადგარების მოწყობის წესები“-ს (მე-6 გამოცემა) პუნქტი 2.3.88 დარღვევით.

 

სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ მიმოწერაში, რომლითაც მოპასუხე მხარე ცდილობს ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოების დადასტურებას, ნათლად ჩანს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების ფაქტს არ უარყოფს.

 

ეს გარემოება საყურადღებოა იმითაც, რომ სარჩელის შემოტანამდე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ სამუშაოების ჩატარების დროს ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების ფაქტი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის და ვერც მოპასუხე მხარე უთითებს ასეთზე, რაც ადასტურებს, რომ იმთავითვე შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად მისი მხრიდან დაზიანების ფაქტის არარსებობა იყო განხილული.

შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს 2018 წლის 17 მაისის წერილში აპელირებს იმ ფაქტზე, რომ სამუშაოების წარმოებისას, სს ,,თ--–----“ თანამშრომლის მიერ განსაზღვრული კაბელის მდებარეობა არ იყო ზუსტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს მხრიდან სამუშაოების წარმოებისას კაბელების დაზიანებაზე.

 

გარდა ამისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზიანებული დენის კაბელი განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი პირია შპს ,,ჯო-------------------------------ი“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავო გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება დაადასტუროს სადავო გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული დენის კაბელები განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

3.2.2. მოპასუხემ ვერ შეძლო აგრეთვე იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას, სს ,,თ--–----“ თანამშრომლის მიერ განსაზღვრული კაბელის მდებარეობა არ იყო ზუსტი.

 

იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სს ,,თელასი“-ს მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა სს ,,თელასი“-ს თანამშრომლის მიერ კაბელის მდებარეობის არასწორად განსაზღვრის დადასტურების შესაძლებლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საკაბელო ხაზზე სს ,,ფე---------“-ის საკუთრების უფლების საკითხი მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა და განმარტა, რომ ვინაიდან ინვენტარიზაციითა და გადაფასების უწყებით, სს ,,ფე---------“-ის საკუთრების უფლება არ დასტურდება, აღნიშნული გარემოება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ართმევს მოსარჩელეს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ზ----ხსენებულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მფლობელად არ ითვლება პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად ორ ნიშანზე დაიყვანება. პირველი ესაა, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე - ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვება. არაა აუცილებელი, რომ ნება მიმართული იყოს ქონების საკუთრებად ფლობისაკენ. ასე რომ იყოს, მფლობელი აუცილებლად მესაკუთრეც უნდა ყოფილიყო. მთავარია, რომ მფლობელობა, იმისდა მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი. მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ხაზობრივი ნაგებობის მიმართ მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტი ვერ დგინდება, არ გამორიცხავს ამ ნაგებობაზე მის მფლობელობას.

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა არის ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება.

 

ქონების ექსპლუატაცია ან მისი სხვა ფორმით გამოყენება წარმოადგენს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გამოხატვის ერთერთ ყველაზე უფრო ტიპიურ ფორმას. ნივთით სარგებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული ნივთის ფლობასთან და ხშირ შემთხვევაში მოსარგებლე და მფლობელი ერთიდაიგივეა.

 

საქმეში წარმოდგენილია სს ,,ფე---------“-ის 1996 წლის 10 მაისის ქონების შეფასების N10/05 აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მიწისქვეშა საკაბელო ხაზი ირიცხება სს ,,ფე---------“-ის ბალანსზე. აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა, რომ დღემდე სს ,,ფე---------“-ის ბალანსზე ირიცხება დასტურდება აგრეთვე 2017 წლის 01 იანვრის ძირითადი ფონდების ინვენტარიზაციისა და გადაფასების უწყისით.

 

ზ----აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე როგორც ხაზობრივი ნაგებობის მოსარგებლე და ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი, ამ ქონების მფლობელად ითვლება, რაც მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს ,,ფე---------“-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე და 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, საქმე გვაქვს არასახელშეკრულებო ზიანთან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმა წარმოადგენს არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ამ ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზე გვაქვს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობები: ა) დამდგარი ზიანი, ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გ) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ ზიანთან და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, დ) პირის ბრალეული ქმედება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ წინაპირობებს, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ:

- 2018 წლის 29 აპრილსა და 2018 წლის 03 მაისს ქალაქ თბილისში, ვ---------–- ზ-------–---ო, მ----------- რაიონი, მ--- კორპუსის მიმდებარედ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს.

- 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სს ,,ფე---------“-ის მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 1325 ლარი.

- 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სს ,,ფე---------“-ის მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 1100 ლარი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 აპრილსა და 2018 წლის 03 მაისს, ქალაქ თბილისში, ვ---------–- ზ-------–---ო, მ----------- რაიონი, მ--- კორპუსის მიმდებარედ, შპს ,,ჯო-------------------------------ი“-ს მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს დაზიანებული იქნა სს ,,ფე---------“-ის კუთვნილი ძალოვანი კაბელი. აღნიშნული დაზიანებული საკაბელო ხაზი აღდგენილი იქნა სს ,,ფე---------“-ის მიერ, რისთვისაც გადახდილი იქნა ჯამში 2425 ლარი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზიანებული დენის კაბელი განთავსებული იყო ტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევით. მოპასუხემ ვერ შეძლო აგრეთვე იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას, სს ,,თ--–----“ თანამშრომლის მიერ განსაზღვრული კაბელის მდებარეობა არ იყო ზუსტი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ხაზობრივი ნაგებობის მიმართ მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტი ვერ დგინდება, არ გამორიცხავს ამ ნაგებობაზე მის მფლობელობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე როგორც ხაზობრივი ნაგებობის მოსარგებლე და ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი, ამ ქონების მფლობელად ითვლება, რაც მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

 

ყოველივე ზ----თქმულიდან გამომდინარე, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც საჭიროა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად.

 

სასამართლო თვლის, რომ სს ,,ფე---------“-ის სარჩელი 2425 ლარის შპს ,,ჯო-------------------------------ი“-სათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სს ,,ფე---------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სს ,,ფე---------“-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ის“ მოსარჩელე სს ,,ფე---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯის ასანაზღაურებლად 1325.00 ლარისა და 1100.00 ლარის, ჯამში - 2425.00 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ის“ მოსარჩელე სს ,,ფე---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი