განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
820100118002678418
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002678418

№1-281/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.11.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ-------ა

 

ბრალდებული - ზ----- შ----ე

ადვოკატი - ზ----- მ---------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №176200818003 საქმე

 

ბრალდებულ ზ----- შ----ის მიმართ

მამის სახელი: მ---------

დაბადებული: 05.09.1--- წელს

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: საშუალო

მისამართი: ხულოს რაიონი, სოფ. პ---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 19 აგვისტომდე პერიოდის ჩათვლით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ამავე მუნიციპალიტეტის მთა ზორტიღელეში ყოფნისას, ეჭვიანობისა და ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას ზ----- შ----ე, არასრულწლოვანი შვილის, დ----- შ----ის თანდასწრებით სისტემატიურად შეურაცხყოფდა, ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს თ----–- ი------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

2.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. დაზარალებულ თ----–- ი------ის ჩვენების თანახმად მეუღლე ზ----- შ----ე მას აყენებდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თუმცა დღეის მდგომარეობით შერიგდნენ და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

5.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 სექტემბრის №006146018 დასკვნით, მეუღლის ზ----- შ----ის ქმედებებიდან გამომდინარე თ----–- ი------ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა, თ----–- ი------ემ მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. მეუღლის ზ----- შ----ის ქმედებას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა თ----–- ი------ის ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ზ----- შ----ემ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- შ----ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. ზ----- შ----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

10. ზ----- შ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, ბრალდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ზ----- შ----ე არ არის ნასამართლევი, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, იმავდროულად მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- შ----ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული ზ----- შ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.

 

2.ბრალდებულ ზ----- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი