გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/3----18
31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - ო-–-------------
წარმომადგენელი - ა-------------–-
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი, თ------------–---ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს ო-–-------------ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 14 703 (თოთხმეტი ათას შვიდას სამი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე--------------ი, 1--- წლის 1---------ს N- ოქმის საფუძველზე, მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრად( სამუშაო ადგილი - თბილისის ლოკომოტივის დეპო) და გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გლდანში. მებაღის საწევრო წიგნაკში ნაკვეთის ნომრად მითითებულია 2--(N1-- გადახაზულია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მებაღის წიგნაკი (ს/ფ 14-16 )
3.1.2. ო-–-------------მ - ე--------------ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მამის სამკვიდრო, რაზედაც 2017 წლის 2-----------ს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა ( ს/ფ 32-34)
3.1.3. ო-–-------------მ, 2017 წლის 7-----------ს მიმართა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს(განცხადების N1-------) და მოითხოვა თბილისში, გლდანის მასივში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული მებაღის წიგნაკი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილების მიხედვით, წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება 7----------- საკადასტრო კოდთან. მხარეები გამოცხადდნენ მედიაციის პროცესზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ და მოითხოვეს მედიაციის შეწყვეტა. განმცხადებელს განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით, ო-–-------------ს განცხადებაზე მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 7დეკემბრის განცხადება(განცხადების N1------- )(ტ.1, ს/ფ 35 )
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილება( ს/ფ 56 )
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება (ს/ფ 57 )
3.1.4. გ-----------–--–-–---–მა, 2017 წლის 19 ივნისს მიმართა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს(განცხადების N8-----------) და მოითხოვა თბილისში, გლდანის მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა მებაღის წიგნაკი.
1990 წლის 19 ივლისს გაცემული მებაღის წიგნაკის მიხედვით, თბილისის სალოკომოტივო დეპოს მებაღეობის ამხანაგობების მიერ, გ-----------–--–-–---–ს გლდანის მასივში გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მებაღის წიგნაკის ნომერია N---.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2017 წლის 23 ივნისის წერილით მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას, გამგეობას გაეგზავნა გ-----------–--–-–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელსაც დაევალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების მიხედვით დადგინდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა გლდანის რაიონის გამგეობიდან პასუხის მიღების შემდგომ.
2017 წლის 18 ივლისს, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ბ------–----–--ის, ნ-------------ის, ნ------------–---–ის განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებდნენ აზომვითი ნახაზის მიხედვით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის სისწორეს. ასევე წარდგენილი იქნა მ--–----------–-–---–ის, ნ-------------ის, ნ------------–---–ის ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გ-----------–--–-–---–ი 1985 წლიდან სარგებლობს 571 კვ.მ მიწის ნაკვეთით და ისინი წინააღმდეგნი არ არიან მოახდინოს მან მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-----------–--–-–---–ის განცხადება ს/ფ 118 )
- საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება N8------------03(ს/ფ 42 )
- 2017 წლის 23 ივნისის წერილი (ს/ფ 43)
- 2018 წლის 18 ივლისის განცხადებები(ს/ფ 46-48 )
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის N8------------11 გადაწყვეტილებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გ-----------–--–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და უძრავი ქონება აღირიცხა გ-----------–--–-–---–ის საკუთრებად.
2017 წლის 31 ივლისს, გლდანის რაიონის გამგეობამ მიმართა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ 2017 წლის 23 ივნისის წერილზე მიმდინარეობდა ადინისტრაციული წარმოება და პასუხს გადაწყვეტილების მიღებისთანავე აცნობებდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 18 ივლისის N8------------11 გადაწყვეტილება (ს/ფ 54)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37)
- 2017 წლის 31 ივლისის წერილი (ს/ფ 44)
3.1.6. 2017 წლის 14 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, გ-----------–--–-–---–მა 577 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით N7-----------) მიჰყიდა ზ-------------–-–---–ს, რომელიც 2018 წლის 18 აგვისტოს აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება(ს/ფ 40-41)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს/ფ 38-39)
3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის N1----- გადაწყვეტილებით, ო-–-------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მასვე უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 2017 წლის 18 ივლისის N8------------11 და 2017 წლის 18 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
ო-–-------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის N1----- გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის N1----- გადაწყვეტილება ( ს/ფ 58-62 )
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება(იხ. 18.09.2018წ. სხდომის ოქმი)
3.1.8. შპს ,,ე----------–---------“ მიერ შედგენილი უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მიხედვით, გლდანის I მასივში მდებარე 577 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 7-----------) საბაზო ღირებულებაა 6 000 აშშ დოლარი- 14703 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების შეფასების ანგარიში ( ს/ფ 67-85 )
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო-–-------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 412–ე მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამრიგად, ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირ და უშუალო შედეგს. უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამასთან, მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N 4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს ო-–-------------სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 14 703 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სათანადოდ არ გამოუკვლევია გარემოებები, ისე მოახდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია გ-----------–--–-–---–ის სახელზე. მისი განმარტებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება შესაძლებელი არ იყო მომხდარიყო მხოლოდ ფიზიკურ პირთა მიერ ამ ფაქტის დადასტურებით.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით, ო-–-------------ს განცხადებაზე მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის N8------------11 გადაწყვეტილებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გ-----------–--–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და უძრავი ქონება აღირიცხა გ-----------–--–-–---–ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის N1----- გადაწყვეტილებით, ო-–-------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მასვე უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 2017 წლის 18 ივლისის N8------------11 და 2017 წლის 18 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წილს 19 აპრილის გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ზ-------------–-–---–ი მათ მიიჩნიეს კეთილსინდიერ შემძენად, დავა სასამართლოში აღარ გაუგრძელებიათ, ვინაიდან მათი მოსაზრებით დავას არ ჰქონდა პერსპექტივა.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც რომ არ დგინდება საჯარო რეესტრის ზიანის წარმომშობი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად გამოცემული აქტების ბათილად ცნობა არამართლზომიერების საფუძვლით არ მომხდარა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ საჯარო რეესტრის მიერ არ მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობის საფუძვლიანი გამოკვლევა. სასამართლო დამატებით განმარტავს რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. განსახილველ შემთხვევაში კი საჯარო რეესტრის ქმედებათა უკანონობა არ არის დადასტურებული კანონმდებლობის შესაბამისად. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. შესაბამისად, მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ო-–-------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 442 (ოთხასორმოცდაორი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო-–-------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 442 (ოთხაორმოცდაორი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე