განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
330100118002616651
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---- მ--------- ძე მ---------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლ ის 1------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ი------------ ქუჩა #1----, კორპუსი #-- ბინა # 4--–--

 

ადვოკატი - თ----- მ----–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–-- ვ-–----–----–-- მ--- კვარტალში მდებარე 3--- კორპუსის #-- ბინაში ლ---- მ---------ემ არასრულწლოვანი შვილის, 10 წლის ე-–--- მ---------ის თანდასწრებით, ყოფილი მეუღლის მ-------- ს-------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ოთხჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, მუშტი ჩაარტყა მხარში და მუხლი ჩაარტყა ბარძაყის არეში. ლ---- მ---------ის აღნიშნული ქმედებებით მ-------- ს-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ლ---- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ-------- ს-------ის და მოწმეების - გ----–-------–---–ის, ე-–--- მ---------ის, თ------- გ------------ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ---- მ---------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

3.2.უდავო მტკიცებულებით, დაზარალებულის მ-------- ს-------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, ყოფილმა მეუღლემ ლ---- მ---------ემ, არასრულწლოვანი შვილის ე-–--- მ---------ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, მუშტი ჩაარტყა მხარში და მუხლი ჩაარტყა ბარძაყის არეში. ძალადობის შედეგად მ-------- ს-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი დაზარალებულის 17.07.2018 წ. გამოკითხვის ოქმიდან ,,...ლ---- მ---------ემ სახლში შემოვადრნის შემდეგ ოთხჯერ ძლიერად დამარტყა გაშლილი ხელი სახეში, მარცხენა ყბის და ყურის მიდამოში, რის შედეგადაც მე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, წამიერად გავითიშე კიდეც, ძლიერი ტკივილის გამო დავიწყე ტირილი და ყვირილი, რომ ვინმეს გაეგო და ეშველა ჩემთვის, თუმცა ლ----ი მაინც არ გაჩერდა, მან კიდევ მთელი ძალით დამარტყა მარცხენა მხარში მუშტი, რის გამოც ძლიერმა ტკივილმა ჩამკეცა, ისევ მომვარდა და მთელი ძალით მარჯვენა მუხლი ჩამარტყა მარჯვენა ბარძაყში, რის გამოც განვიცადე ძლიერი ტკივილი“.

 

3.3.უდავო მტკიცებულებით, არასრულწლოვანი მოწმის ე-–--- მ---------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, მისი თანდასწრებით, მამამ - ლ---- მ---------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მ-------- ს-------ეს. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ,,...მამამ შეაგინა დედას, მერე შეაფურთხა და ოთხჯერ სახეში ხელი დაარტყა, შემდეგ მუშტი დაარტყა მხარში, რის გამოც დედამ დაიწყო ტირილი და ჩაიკეცა, ამის შემდეგ მამამ დედას კიდევ შეაფურთხა და ფეხი გაიქნია, რომელიც დედას მარჯვნივ ფეხში მიარტყა, მერე კიდევ შეაფურთხა. ამ ყველაფრის გამო მეც ვტიროდი და მამას ვეხვეწებოდი, რომ მეტი აღარ დაერტყა დედასთვის..., ...დედას სალფეტკი მივუტანე, რომ მოეწმინდა ლ----ის მიფურთხებულები..., ...მამამ დედას ყელში მოუჭირა ორივე ხელი, მერე ხელები გაუშვა და მითხრა, მამა მე რომც დამიჭირონ, რომ გამოვალ ციხიდან მ--------ს მოვკლავო“.

 

3.4.დაზარალებულ მ-------- ს-------ის და ძალადობის თვითმხილველი მოწმის ე-–--- მ---------ის ჩვენებების სისწორე დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის მიხედვით, მ-------- ს-------ეს პირადი შემოწმებისას მარჯვენა ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. პირადი შემოწმების მონაცემებით, მარცხნივ ქვედა ყბის მიდამო მცირედ შესიებულია, აღნიშნულ მიდამოზე ხელის შეხებით შესამოწმებელი პირი აღნიშნავს ტკივილს. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმის, ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ჩანაწერით - შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 16 ივლისს, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის - პაციენტის სამედიცინო ბარათით #4-------- დასტურდება, რომ ძალადობის მსხვერპლს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ პაციენტს აღენიშნება მცირედი ჰემატომა ბარძაყის არეში, ქვედა ყბის ბორცვის არეში აღენიშნება ჰემატომა. პაციენტი უჩივის ტკივილს ქვედა ყბის და მხრის არეში. ასევე ბარათში მითითებულია, რომ პაციენტი აღნიშნულ დაზიანებებს უკავშირებს ოჯახურ კონფლიქტს.

 

3.6. უდავო მტკიცებულებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის - მოწმე თ------- გ------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა მ-------- ს-------ეს, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და უჩიოდა ტკივილს. ყველა ეს დაზიანება აისახა პაციენტის სამედიცინო ბარათში. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, პაციენტმა მ-------- ს-------ემ ექიმს განუცხადა, რომ დაზიანება მიაყენა ყოფილმა მეუღლემ.

 

3.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 16 ივლისის ფაქტი არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3----–--ის განაჩენით ლ---- მ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ოჯახში ძალადობისთვის მ-------- ს-------ის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 111 – 126 მუხლის 12 გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

3.8. უდავო მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ წარსულში, მ-------- ს-------ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ლ---- მ---------ის მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

 

3.9. განქორწინების მოწმობით დგინდება, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს შეწყდა ქორწინება მ-------- ს-------ესა და ლ---- მ---------ეს შორის.

 

3.10. ე-–--- მ---------ის დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ დაიბადა 2008 წლის 19 ივნისს, შესაბამისად არის არასრულწლოვანი.

 

3.11. ბრალდებულმა ლ---- მ---------ემ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, არასრულწლოვანი შვილის ე-–--- მ---------ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ-------- ს-------ეს.

 

3.12.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, ასევე დადგენილ იქნა რომ ძალადობა ჩადენილი იყო ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლის მიმართ და ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადასტურდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

 

3.13.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.15. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ---- მ---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ---- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება და ამ კუთხით სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის მასშტაბი, რეციდივი და ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი საქმეში. ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა ოჯახის წევრზე, ყოფილ მეუღლეზე - მ-------- ს-------ეზე. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ 2018 წლის 27 თებერვალს გამოცემულმა დამცავმა ორდერმა, ვერ იქონია პრევენციული ხასიათი, რომლითაც ლ---- მ---------ეს 6 თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამუშაო ადგილსა და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფებოდა, ორდერის გამოცემიდან დროის უმოკლეს მონაკვეთში 2018 წლის 16 ივლისს ბრალდებულმა მ-------- ს-------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ე-–--- მ---------ის ემოციურ მდგომარეობას, 10 წლის ბავშვისთვის განსაკუთრებით მატრამვირებელია მისი თანდასწრებით მამის მიერ დედის ცემა, რომელსაც ვერ ეხმარება (ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ,,ამ ყველაფრის გამო მეც ვტიროდი და მამას ვეხვეწებოდი, რომ მეტი აღარ დაერტყა დედასთვის, თან დედას და მამას შორის ვდგებოდი, რომ მეტი აღარ დაერტყა.“). პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ლ---- მ---------ე ნასამართლევია ანალოგიური, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება გამოსაცდელ ვადაში, მიუხედავად მის მიმართ სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლაში, გამოსაცდელ ვადაში ბრალდებულმა კვლავ ჩაიდინა იგივე კატეგორიის, ახალი განზრახი დანაშაული. დამამძიმებელი გარემოებების სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლო გამორიცხავს სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას, როგორც ზედმეტად ლმობიერ და არაპროპორციულ სასჯელს.

 

5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სხვა დამამძიმებელ გარემოებასაც, როგორიცაა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3----–--ის განაჩენით ლ---- მ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 – 126 მუხლის 12 გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63- 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ლ---- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის 16 ივლისს, წინა განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო, შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზა დანაშაულის რეციდივი.

 

5.5. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი აღნიშნული მუხლის გამოყენება. მითითებული ნორმის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი შემთხვევა არ აკმაყოფილებს ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას, ვინაიდან მოცემულ საქმეში დანაშაულის აღიარებასთან ერთად კუმულაციურად არ გვაქვს გამოძიებასთან თანამშრომლობა. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული გამოძიების ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებდა და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის არარსებობიდან გამომდინარე.

 

5.6. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას და სინანულს, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რამაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები აისახება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.

 

5.7. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და რეციდივის მხედველობაში მიღებით ლ---- მ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მ--- ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5.8. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ---- მ---------ე იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3----–--ის განაჩენით განსაზღვრული 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და ლ---- მ---------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივლისის განჩინებით ლ---- მ---------ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა