გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
251210118002584516
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210118002584516

საქმე №2/159-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თელავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი

 

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი მიხეილ მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ--------------–--ე

მოპასუხე - თ------------–-–---–ი; ი-–-------–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი: ა-–-------------–---–ი;

მესამე პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ს----------------ე

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 ყადაღა მოეხსნას აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებლო ბიუროს მიერ მის წარმოებაში არსებულ NA1------- საქმესთან დაკავშირებით ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ნ---------------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ყადაღა მოეხსნას 22 სულ დედალ ცხვარს.

1.2მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა.

 

სარჩელის თანახმად, ნ--------------–--ე ცხოვრობს ქ. ახმეტა, ჭანტურიას ქ. N21-ში, ეწევა ფერმერულ მეურნეობას, ყავს ცხვარი რომლის მოვლა-პატრონობა წლების განმავლობაში დავალებული აქვს მწყემსს, ვინმე ი-–-------–---–ს. რომელსაც უხდის შესაბამის გასამრჯელოს. საქონლის ფერმა მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. საბეროს ტერიტორიაზე. საქონლის მოვლა პატყრონობის შედეგად მიღებული შემოსავლით ახდენს მოსარჩელე ოჯახის შენახვას. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მწყემსს ი-–-------–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული ფულადი ვალდებულება მოპასუხე თ------------–-–---–ის მიმართ. ი-–-------–---–მა ვერ შეძლო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურება კრედიტორისთვის, აღნიშნული გარემოების გამო საქმე გადაეცა იძულებითი აღსრულების ღონისძიების განხორციელების მიზნით კახეთის სააღსრულებლო ბიუროს. კახეთის სააღსრულებლოს ბიუროსწ აღმასრულებელი ს---------------- გამოცხადდა ი-–-------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია საქონლის სადგომი და მოახდინა ჩემი კუთვნილი საქონლის - ცხვრის შერჩევა და შეადგინა ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი. დაყადაღებული წვრილფეხა საქონელი წარმოადგენს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელიც საკუთრებაში ჰყავს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ქონების - 22 სული დედალი ცხვრის საერთო ღირებულება შეადგენს 3300 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ------------–-–---–მა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ საქმეზე დართული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ნ--------------–--ის და ი-–-------–---–ს შორის სამართალურთიერთობის ფაქტი. მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთება 22 სული ცხვრის საკუთრებად მიჩნევის საფუძველზე არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე როგორც თავის სარჩელში მიუთითებს ცხოვრობს ქ. ახმეტაში, ხოლო დაყადაღება მოხდა ი-–-------–---–ის საცხოვრებელ სახლში სადაც განთავსებულია საქონლის სადგომი. ასევე მნიშვნელოვანია მოსარჩელის წარმოდგენილი სურსათის ეროვნული სააგენტოს გაცემული ცნობის შეფასება მისი გაცემის და შინაარსის თვალსაზრისით. იგი გაცემულია 2018 წლის 2 ავისტოს, მაშინ როდესაც საქონლის დაყადაღება მოხდა ბევრად უფრო ადრე 2018 წლის 10 ივლისს. აღნიშნული ცნობა ვერ გამოდგება უტყუარ მტკიცებულებად 22 სული საქონლის მოსარჩელის საკუთრებად მისაჩნევად. რაც შეეხება ინფორმაციულ მხარეს იგი არაიდენტიფიცირებადია და არ იძლევა ინფორმაცია თუ კონკრეტულად რომელი ცხვრები აიცრა პროფილაქტიკური ვაქცინის მიზნით. აღნიშნული მტკიცებულება არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლების მაჩვენებელი დოკუმენტი.

 

2.2. მოპასუხე ი-–-------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია,ხოლო სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას.

2.3. საქმეში მესამე პირად ჩაბმული აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით არის დაყადაღებული სადაო მოძრავი ქონება.დაყადაღების დროს ი-–-------–---–ის ცხვრის სადგომში დაახლოებით 50 სულამდე ცხვარი იყო და ი-–-------–---–მა რაზეც მიუთითათ იმის დაყადაღება მოხდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღდა მოძრავი ქონება - 22 სული დედალი ცხვრი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 10 ივლისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 20);

 

3.2.2. აღწერისა და დაყადაღების აქტზე მოვალე და საქონლის მესაკუთრე ი-–-------–---–ი, ხელმოწერით დაეთანხმა სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლების მიერ მისი ქონების დაყადაღებას და აგრეთვე მან როგორც მოვალემ შესანახად ჩაიბარა დაყადაღებული ქონება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2016 წლის 21 აპრილის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 15-20);

-სანდრო საგინიაძის განმარტება(იხ.ოქმი

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნ--------------–--ის და ი-–-------–---–ის პოზიციას, რომ სადაო დაყადაღებული წვრილფეხა საქონელი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რის დასადატურებლადაც სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა მოსარჩელესა და ი-–-------–---–ს შორის 2014 წელს დადებული ხელწერილი და ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ავისტოს გაცემული ცნობას როგორც სადავო საქონლის საკუთრების დამადსტურებელ მტკიცებულებას, საიადანაც არ იკვეთება სადავო 22 სული ცხვრის მესაკუთრის ვინაობა. ამავე დროს აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არც ხელწერილითა და არც წარმოდგენილი აცრების შესახებ ცნობით არ ხდება სადავო წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირება.

ასევე დადგენილია, რომ თვით ი-–-------–---–მა მოაწერა ხელი დაყადაღებული საქონლის ჩაბარებაზე და მას არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია ჩაბარების აქტზე და არ მიუთითებია, რომ მის საქონლის სადგომში არსებული 50-მდე სული ცხვრიდან მაინცდამაინც დაყადაღებული ცხვრებია ნ--------------–--ის.

ამავე დროს სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელეს არც სარჩელში არა აქვს მითითებული, მხარეთა შორის თუ არსებობდა ხელწერილი ე.წ. მიბარების ხელშეკრულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ცხვარი არის მოპასუხე ი-–-------–---–ის საკუთრება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისს აღმასრულებელმა ს----------------ემ დააყადაღა ი-–-------–---–ის კუთვნილი 22(ოცდაორი) სული დედალი ცხვარი აღწერისა და დაყადაღების აქტით.

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელის საფუძვლიანობა, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სარჩელი, ხოლო მოსარჩელე ნ--------------–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ნ---------------–--ის სარჩელი მოპასუხეების თ------------–-–---–ის და ი-–-------–---–ის, მესამე პირის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე