განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0-010011800-561058
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/392-18 22 ნოემბერი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი: ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ჯ--------–-----------------------------–-------–-–--------------------------------–----------–------------------------------------–-------–--------------–------------------–-------------------------–--–-------------------–-----------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
2.2. ადვოკატი: ბ-------------–---–-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2017 წლის 2-----------მდე ვ------------------ და ჯ---------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. განქორწინების შემდეგ ჯ---------- რამდენჯერმე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლე ვ------------------ს, ხოლო ყოფილ მეუღლეზე გაბრაზებული ჯ---------- 2--- წლის ივნისში ქ. ზუგდიდში სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილებს: თ---–--------ს და თ------------ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ბრალდებულ ჯ----------ს მიმართ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ვ-------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 2-----------ს ის და ბრალდებული განქორწინდნენ. ჩხუბი და ხშირი კამათი ჰქონდათ და ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ამის მერე უფრო გაღიზიანებულია და ცუდი ურთიერთობა აქვთ. ბრალდებული ხშირად მიდიოდა ბავშვების სანახავად, ის უცენზურო სიტყვებით გამოირჩეოდა და ჩხუბობდა, ამბობდა, კანონის გარეშე შეგვეძლო ურთიერთობის მოწესრიგება და განქორწინება რა საჭირო იყოო; შენ ნებაზე ყოფნის საშუალებას არ მოგცემ; ნაიარევს დაგამჩნევ, რომ არავინ შემოგხედოსო. მისი ეშინოდა. დედას უყვება ხშირად მის ამბებს, მაგრამ ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო ურთიერთობის შეწყვეტის. ამის მერე სამსახური იშოვა, მუშაობდა, ბრალდებული ავტომანქანით მიყვებოდა ხოლმე, მოაძახებდა, არ შეგარჩენ, მოგკლავ, დაგასახიჩრებო, რისიც ეშინოდა. მარტო ცხოვრობს შვლებთან და დაუცველად გრძნობს თავს. არდადეგებზე ბავშვების სოფელში წაყვანა უნდოდა. ბებიასთან ერთად წავიდნენ ბავშვები. ბავშვებმა უთხრეს, იქ ვიღაცა იდგაო, ბრალდებულისიანი იქნებოდა ვინმე. ბრალდებულმა დაგვიძახა და არ გაგვიშვაო ბებიასთან, გვითხრაო, დედას არ დაუჯეროთო ყოველთვის, ყელს გამოგჭრით თუ სოფელში წახვალთო. შეშინებულები იყვნენ ბავშვები. ბრალდებული კარგი მამაა, მაგრამ ეს რატომ მოხდა, არ იცის. არ უნდა ბრალდებულთან კომუნიკაცია ჰქონდეს. უნდა, რომ ბრალდებული მისგან შორს იყოს და თანახმაა, ბრალდებულს ბავშვებთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა.
ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მეუღლეს არ უნდოდა წ--–-------–- ცხოვრება, ეუბნებოდა, სახლი უნდა ვიყიდოთო სხვაგან. განქორწინების მერე მისი ცოლ-შვილი მისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მას კაცი მიუგზავნა მისმა მეუღლემ, შემირიგდესო, რატომ გამაგდოო სახლიდან. არადა მეუღლემ თვითონ შეიტანა სასამართლოში განქორწინების მოთხოვნა. მანამდე იყო ჩხუბი, დედამისი მოუვარდა, მოხსნეს ფარდები, წაიღეს. 1--------------- დაბადების დღე ჰქონდა, ბიძაშვილთან იყო, ქალაქში არ ყოფილა. დაურეკა ცოლმა, ალიმენტს რატომ არ იხდიო? 2 წლით მაინც ჩაგსვამო ციხეში, იმ სახლში არ გაგაჩერებო. ბავშვები ქალაქში დადიან მასთან. შორიდან ნახა, რომ ისინი ბაზრის წინ იდგნენ. სკოლის პერიოდი არ იყო. უთხრეს, ბებიას მივყავართო სოფელში. მან შესთავაზა, 5 საათამდე მასთან დარჩენილიყვნენ და 5 საათზე დედასთან ერთად წასულიყვნენ. ბებია არ უნახავს, ბავშვებს არ დამუქრებია. დედამთილთან მანამდე ჩხუბი მოუვიდა, რადგან მისი სახლის ჩადება უნდოდა სესხის სანაცვლოდ. მერე ცოლს უთხრა, 1 კვირაში თუ არ მოხვალ, მერე ჩემი ცოლი არ იქნებიო. ცოლი შვილებს ეუბნება, ჩემი მანქანის ფული მამათქვენს უნდა გავასტუმრებინო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავსვამო 2 წლით ციხეში; მას კი უთვლის, ცოლს თუ მოიყვან, ცოლთან ერთად დაგწვავო და ა.შ.
მოწმე რ----------–-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულს ცუდი არაფერი უთქვამს ბრალდებულზე, ბოლოს უთხრა, სმა დაიწყოო. ბავშვების წაყვანა უნდოდა, როცა ბრალდებულმა დაუძახა ბავშვებს, მოდითო. მერე დაურეკა ბავშვებს, რომლებმაც უთხრეს, მამამ გვითხრაო უარი წამოსვლაზე.
მოწმე მ------–-----–--ს ჩვენების თანახმად, გამოკითხა რ----------–-------. რ----------–-------მ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და დაადასტურა.
2--- წლის 10 ივნისის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ------------------ა და ჯ---------- არიან ცოლ-ქმარი და ჰყავთ საერთო შვილები: თათია და თ---–-.
2017 წლის 2-----------ს განქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, ვ------------------ და ჯ---------- განქორწინდნენ.
ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები: ვ------------------, რ----------–-------, ლ------------, მ------–-----–-- და ბრალდებული. ერთადერთი მოწმე, რომელიც უთითებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე, არის დაზარალებული ვ------------------, რომელიც უთითებს ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, ხოლო რაც შეეხება თ---–- და თ--------------ს მიმართ განხორციელებულ მუქარებს, განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ მას უამბეს თავისმა შვილებმა. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ თ---–- და თ-------------- არ დაკითხულან, რადგან მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეული სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან მიანიშნებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ ვ------------------ს მიმართ მუქარის განხორციელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა ბრალდებული ჯ----------, რომელმაც უარყო მუქარის განხორციელება.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ დაზარალებულ ვ------------------ს მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ რაოდენობრივ სტანდარტს.
რაც შეეხება არასრულწლოვნებზე განხორცილებული მუქარის ფაქტს, აღნიშნულ ფაქტზე უთითებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული 2 მოწმე: ვ------------------ და გამომძიებელი მ------–-----–--. აქვე უნდა ითქვას, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ფაქტებს გადმოსცემენ სხვისი გადმოცემით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის პირები, რომლებსაც ასახელებენ ეს მოწმეები როგორც პირველწყაროს, არ ადასტურებენ მათ მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ამდენად, მ------–-----–--ს და ვ------------------ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომელთა შინაარსი არც ერთი სხვა ისეთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ვ------------------მ მიუთითა ინფორმაციის წყაროდ თ---–- და თ--------------, რომლებმაც ისარგებლეს საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის ბრალდების საქმეზე) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო მ------–-----–--მ ინფორმაციის წყაროდ მიუთითა რ----------–-------, რომელმაც მ------–-----–--სგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
3.2. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი მოითხოვს ქმედებას, შედეგს და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა, იმ პირობებში, როცა, კანონის დაცვით მოპოვებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ბრალდებულის ქმედებით რაიმე შედეგის გამოწვევის შესახებ მსჯელობა შეუძლებელია.
3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა, იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა არარელევანტურია.
3.4. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქმედების ჩადენას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, თუმცა, იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, დაზარალებულების ასაკის გარკვევა არარელევანტურია.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ---------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ჯ----------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს №------------------ (---------) განჩინებით 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ნ----------–---–--ს (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 4-.3-.0-.10-) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ჯ----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია