გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
080210017002085175
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2605-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნ----- გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - გ-------– ჯ-------;

მოპასუხე - ქ--------- ფ-----ე;

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. გ-------– ჯ------- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შემცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100 ლარიდან 50 ლარამდე თითოეულ ბავშვზე.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მას დაეკისრა მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ---- ჯ-------სა და დ---- ჯ-------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით. განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრების დროისათვის იყო დასაქმებული შსს იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის სამმართველოს, წყალტუბო-ხონის დაცვის პოლიციის განყოფილების უმცროს ინსპექტორად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 353,68 ლარს. ასევე მის ოჯახს ჰქონდა სასათბურე მეურნეობა, საიდანაც ღებულობდა შემოსავალს. დღეისათვის მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, რადგან აღარ მუშაობს და არ აქვს სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი. ასევე ვერ იღებს შემოსავალს სასათბურე მეურნეობიდან, რადგან შემცირდა მოსავლიანობა. ვეღარ ახერხებს ალიმენტის გადახდას, რის გამოც მოპასუხე არ აძლევს შვილების ნახვის საშუალებას. ამასთან, მოსარჩელე დაქორწინდა და მეუღლე არის ორსულად, მალე შეეძინება შვილი, რომელიც ასევე საჭიროებს მისგან მატერიალურ დახმარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქ--------- ფ-----ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ოჯახს ნამდვილად აქვს იმდენი შემოსავალი, რომ გადაიხადოს ალიმენტის დაკისრებული ოდენობა. უსაფუძვლოა მისი მითითება ბავშვების ნახვასთან მიმართებაშიც, რადგან მოპასუხეს არასდროს შეუშლია ხელი მოსარჩელისთვის საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში. ამასთან, არ არსებობს ალიმენტის შემცირების საფუძველი, რადგან 2014 წლის შემდეგ იმდენად შეიცვალა საარსებო კალათა ერთ სულ მოსახლეზე, რომ ალიმენტი 100 ლარის ოდენობით წარმოადგენს იმ თანხას, რომელიც დღეს არსებული პრაქტიკით ეკისრება სოციალურად დაუცველ პირს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მოითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოპასუხე ქ--------- ფ-----ე და მოსარჩელე გ-------– ჯ------- 2009 წლის 09 იანვრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-22).

 

3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ნ---- ჯ-------, დაბადებული 2010 წლის 20 ივლისს და დ---- ჯ-------, დაბადებული 2013 წლის 10 ივლისს, რომლებიც ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, მოპასუხე ქ--------- ფ-----ესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა განმარტებები, (სასამართლო სხდომის ოქმი).

_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-22).

 

3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე გ-------– ჯ-------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - ნ---- ჯ-------ს, (დაბ. 2010 წლის 20 ივლისი) და დ---- ჯ-------ს (დაბ. 2013 წლის 10 ივლისი) სარჩოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჯამში 200 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2014 წლის 09 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-22).

 

3.1.4. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ-------– ჯ-------ს მიერ 2017 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ 24).

 

3.1.5. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის გ-------– ჯ------- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ხათუნა ცხადაბერიძესთან. დღეის მდგომარეობით ხათუნა ცხადაბერიძე არის ორსულად და ელოდება ბავშვს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 33).

- 2018 წლის 05 ივნისის N03/384 ცნობა (ს.ფ. 34).

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ-------– ჯ-------ს განმარტებით მის ოჯახს ჰქონდა სასათბურე მეურნეობა, საიდანაც ღებულობდა შემოსავალს. დღეისათვის მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, რადგან აღარ მუშაობს და არ აქვს სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი. ასევე ვერ იღებს შემოსავალს სასათბურე მეურნეობიდან, რადგან შემცირდა მოსავლიანობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით გაურკვეველია დღეის მდგომარეობით მუშაობს თუ არა მოსარჩელე და შემცირებულია თუ არა სასათბურე მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეთათვის სადავო არ არის. სადაოა კონკრეტული საკითხი, შეუმცირდეს თუ არა მოსარჩელეს მასზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორისაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ნ---- ჯ-------, დაბადებული 2010 წლის 20 ივლისს და დ---- ჯ-------, დაბადებული 2013 წლის 10 ივლისს. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ქ--------- ფ-----ე ცხოვრობს ბავშვებთან ერთად.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე გ-------– ჯ-------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - ნ---- ჯ-------ს, (დაბ. 2010 წლის 20 ივლისი) და დ---- ჯ-------ს (დაბ. 2013 წლის 10 ივლისი) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჯამში 200 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2014 წლის 09 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ნ---- ჯ------- და დ---- ჯ------- წარმოადგენენ არასრულწლოვანებს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. ისინი ცხოვრობენ დედასთან, ქ--------- ფ-----ესთან ერთად.

 

მოპასუხე ქ--------- ფ-----ე არ იმყოფება ქორწინებაში. იგი დაკავებულია არასრულწლოვანი შვილების აღზრდით.

 

ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.

 

ამდენად, მხარემ ვერ შეძლო დადასტურება იმ გარემოებისა, რომ გადაწყვეტილებით ალიმენტის დადგენის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა (როგორც მატერიალური ისე ოჯახური) და აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი 100-100 ლარის ოდენობით. სასამართლომ აღნიშნული ოდენობა მიიჩნია გონივრულად და სამართლიანად 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე. მას შემდეგ, არ მომხდარა ალიმენტის გადამხდელი პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმგვარი ცვლილება, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის უუნარობაზე მიუთითებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ცვლილებები მოსარჩელე მხარესთან მიმართებით, არ დადასტურდა.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, იმ ფონზე, როდესაც შეცვლილი არ არის გ-------– ჯ-------ს მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოპასუხე ქ--------- ფ-----ე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნ---- ჯ-------ს და დ---- ჯ-------ს აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 50-50 ლარი, მცირეა დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, მით უფრო, რომ არ შეცვლილა გ-------– ჯ-------ს მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.

 

მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას. ფაქტობრივ გარემოებათა ასეთი ერთობლიობა გ-------– ჯ-------ს არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ არ შეცვლილა ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე გ-------– ჯ-------ს მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. მოპასუხე ქ--------- ფ-----ე მოითხოვს მოსარჩელემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოპასუხის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 350 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------– ჯ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოსარჩელე გ-------– ჯ-------ს მოპასუხე ქ--------- ფ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 200 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა