გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/2926-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - გ------- ბ-------ე
მოპასუხე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
წარმომადგენლები: თ----- კ-------ა, ვ---------ა ბ---------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსთხოვს უფლების დამრღვევ სუბიექტს აღკვეთოს უკანონო ქმედება და დაემორჩილოს მონაცემთა ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 სექტემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა PDP 1------------ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსს, სადაც განმარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მობილური აპლიკაციების მარკეტში (,,Google Play Store”) განთავსდა მობილური აპლიკაცია სახელწოდებით ,,მობილური ნომრების ბაზა“ შემდეგი აღწერილობით: ,,ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ვის ეკუთვნის მობილურის ნომერი, აპლიკაციას გააჩნია უდიდესი ქართული სატელეფონო ბაზა რაც გაძლევთ საშუალებას მოძებნოთ თითქმის ყველა მობილურის ნომრის მფლობელი, ხშირ შემთხვევაში იძებნება სურათიც.“ აპლიკაციის მეშვეობით, აღწერილობის შესაბამისად ტელეფონის ნომრის ჩაწერის შედეგად ხელმისაწვდომია ისეთი მონაცემები, როგორიცაა სოციალური ქსელის მისამართი, სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ პერსონალურ მონაცემთა მოპოვება ხორციელდებოდეს უკანონოდ, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა მოითხოვა რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის PDP 1------------ წერილი (ს.ფ 63-64).
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 16 მარტის MIA 7------------ წერილით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ მისი PDP 1------------ წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული მობილური ტელეფონის ბაზების ინფორმაციის უკანონოდ შენახვა/გამოყენება/გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
ასევე, ეცნობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს, რომ ამჟამად სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მობილური აპლიკაციების მარკეტში (,,Google Play Store”) განთავსებული მობილური აპლიკაცია სახელწოდებით ,,მობილური ნომრების ბაზა“-ზე, მიბმული ელექტრონული ფოსტის მფლობელი პირის დემოგრაფიული მონაცემების დადგენის მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია ,,Google“-ს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინება და შუამდგომლობა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ, ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 16 მარტის MIA 7------------ წერილი (ს.ფ. 61-62).
3.1.3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2018 წლის 16 აპრილს NPDP 8------------ განცხადებით მიმართა გ------- ბ-------ემ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს მობილურ აპლიკაციათა მარკეტში ორგანიზაცია ,,SG Coders”-ის მიერ განთავსებული აპლიკაციის - ,,მობილური ნომრების ბაზა“ მეშვეობით საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი სატელეფონო ნომრის მფლობელის, მათ შორის, თავად განმცხადებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ზოგიერთ შემთხვევაში ფოტოსურათი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ამა თუ იმ მობილური მოწყობილების მფლობელს შეიძლება ჰქონდეს მითითებული მის სატელეფონო კონტაქტებში არსებულ სატელეფონო ნომრის მფლობელზე. განმცხადებელმა განმარტა, რომ მობილური მოწყობილების მფლობელების თანხმობით, აპლიკაცია სატელეფონო ნომრების მფლობელების შესახებ ინფორმაციას იღებს იმ მობილური მოწყობილობებიდან, რომელშიც დაინსტალირებულია შესაბამისი აპლიკაცია ისე, რომ არ ხდება თავად სატელეფონო ნომრების მფლობელების თანხმობის მოპოვება ან მათი ინფორმირება იმის თაობაზე, რომ მათი პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია. განმცხადებელმა განმარტა, რომ მას არ გამოუხატავს თანხმობა აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. შესაბამისად, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საკითხის გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 აპრილს NPDP 8------------ განცხადება (ს.ფ 65-69).
3.1.4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილების თანახმად, გ------- ბ-------ეს 2018 წლის 16 აპრილს NPDP 8------------ განცხადების განსახილველად მიღებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს განემარტა, რომ აპლიკაციასთან - ,,მობილური ნომრების ბაზა“ დაკავშირებით 2017 წლის 25 სექტემბერს აპარატმა აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა მოპოვება ხორციელდებოდეს უკანონოდ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილით კი ირკვევა, რომ აპარატის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. აღნიშნული კი გამორიცხავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 59-60);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ბ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულება“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ამ კანონის, ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა (შემდგომში - მონაცემთა) დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.
მითითებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს მოცემული დავის ფარგლებში.
6.2. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ინსპექტორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მითითებული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ზომები.
აღნიშნული კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ინსპექტორი გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად მონაცემთა დამმუშავებელს ან უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. ხოლო, მე-5 პუნქტის თანახმად კი, თუ ინსპექტორი საქმიანობის პროცესში მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ეს აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინსპექტორის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე, ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილებას. მიუთითებს, რომ აპლიკაციის - ,,მობილური ნომრების ბაზა“ მეშვეობით საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი სატელეფონო ნომრის მფლობელის, მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ზოგიერთ შემთხვევაში ფოტოსურათი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ამა თუ იმ მობილური მოწყობილების მფლობელს შეიძლება ჰქონდეს მითითებული მის სატელეფონო კონტაქტებში არსებულ სატელეფონო ნომრის მფლობელზე. მოსარჩელემ განმარტა, მისი მონაცემები ჯერ კიდევ უკანონოდ პროცესირდება და მასზე წვდომა აქვს პირთა განუსაზღვრელ წრეს. ამასთან, ეს მონაცემები შეიძლება გამოიყენებოდეს მისთვის უცნობი მრავალი მიზნისთვის. მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კი თავისი გადაწყვეტილებით მოახდინა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ზიანი ადგებოდა, თუმცა, არ მიიღო შემაჩერებელი არცერთი ზომა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პოზიციას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გ------- ბ-------ის 2018 წლის 16 აპრილის NPDP 8------------ განცხადებით მოთხოვნილი ქმედების იგნორირება. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა აპლიკაციის - ,,მობილური ნომრების ბაზის“ საკითხის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოკვლევას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ აპლიკაციასთან - ,,მობილური ნომრების ბაზა“ დაკავშირებით 2017 წლის 25 სექტემბერს აპარატმა აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა მოპოვება ხორციელდებოდეს უკანონოდ. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო 2018 წლის 16 მარტის MIA 7 18 00624498 წერილით კი ირკვევა, რომ აპარატის 2017 წლის 25 სექტემბრის PDP 1------------ წერილის საფუძველზე სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული მობილური ტელეფონის ბაზების ინფორმაციის უკანონოდ შენახვა/გამოყენება/გავრცელება და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ვინაიდან, ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილების გამოცემისას, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 აპრილს წარდგენილ განცხადებაში მითითებულ ფაქტზე უკვე არსებობდა სისხლის სამართლის საქმე.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი ითხოვდა აპლიკაციის - ,,მობილური ნომრების ბაზა“ მეშვეობით მონაცემთა დამუშავების დროებით აკრძალვას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ არსებობს ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, აპლიკაციის - ,,მობილური ნომრების ბაზა“ მეშვეობით მონაცემთა დამუშავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებამ გამორიცხა გ------- ბ-------ის განცხადების ინსპექტორის მიერ განხილვა. შესაბამისად, ინსპექტორი უფლებამოსილი არ იყო მიეღო გადაწყვეტილება აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების დროებით აკრძალვის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის არგუმენტაციას და მართებულად მიიჩნევს, მოსარჩელის 2018 წლის 16 აპრილის NPDP 8------------ განცხადებაში დასმულ საკითხის განხილვაზე მოპასუხის უარს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 17 აპრილის Nგ-1--------- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება, ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, შესაბამისად, გ------- ბ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ბ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე