გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N211210018002613701 (2-84/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.11.2018 წელი დ. ხულო
ხულოს მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი
მოსარჩელე - შპს ,-----–---
წარმომადგენელი - თი------------–--ლი
მოპასუხე - ლე-–---–-------------ძე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 დაეკისროს მოპასუხე ლე-–---–-------------ძეს შპს ,,ს---–-ას“ სასარგებლოდ 3855.30 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2443.79 ლარი, პროცენტი 511.51 და შემცირებული პირგასამტელო 900 ლარი.
1.2 მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის 57.83 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 04 იანვარს შპს ,,ს---–-ასა“ და ლე-–---–-------------ძეს შორის გაფორმდა ელექტრონული კრედიტის ხელშეკრულება N1697734_1, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 2600.00 ლრის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 367 დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი 60.5%, სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით. (ყოველთვიური შენატანები ძირიტადი თანხა-პროცენტი) -294.11 ლარი. პირგასამტეხლო ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 05 მარტს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი აღარ იქნა. ბოლო გადახდა სესხზე დაფიქსირდა 2018 წლის 05თებერვალს, რის შემდეგაც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. 2018 წლის 04 ივლისის მდომარეობით გამსესხებლის წინაშე მისი დავალიანება შეადგენს 4258.83 ლარს, 2443.79 ლარი, პროცენტი 511.51 და ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -1303.53 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი დავალიანების 3855.30 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2443.79 ლარი, პროცენტი 511.51 და შემცირებული პირგასამტეხლო 900 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზეც სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელს ცნობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 04 იანვარს შპს ,,ს---–-ასა“ და ლე-–---–-------------ძეს შორის გაფორმდა ელექტრონული კრედიტის ხელშეკრულება 1697734_1, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 2600.00 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 367 დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი 60.5%, სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით. (ყოველთვიური შენატანები ძირითადი თანხა-პროცენტი)-294.11 ლარი. პირგასამტეხლო ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- 2018 წლის 04 იანვრის ხელშეკრულება;
- ახსნა-განმარტებები
3.1.2. მსესხებელმა ლე-–---–-------------ძემ 2018 წლის 05 მარტიდან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და 2018 წლის 04 ივლისის მდგომარეობით დავალიანება ძირი თანხის სახით არის 2443.79 ლარი, ხოლო პროცენტი შეადგენს - 511.51 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 04.07.2018 წელს გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2 .სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე შემცირებული პირგასამტეხლოს სახით 900 ლარის დაკისრებას, მოპასუხე თვლის, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, და ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთანავე დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოსა და სარგებელის დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ს---–-ას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623- 625-ე, 867-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე, 103-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების და საკრედიტო მომსახურეობის სფეროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 04 იანვარს შპს ,,ს---–-ასა“და ლე-–---–-------------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N169734_1, რომლის საფუძველზეც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 2600.00 ლრის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ლე-–---–-------------ძემ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი 2018 წლის 05 მარტიდან, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ს---–-ა'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხების - დაბრუნება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და სარგებელის მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დასაკისრებლად. სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის და სარგებლის თანხა სრულად გადახდილი არ იქნა. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია რომ დარიხცული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება ვერ შესრულდა მძიმე ეკონომიური პირობების გამო, ასეთ ვითარებაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 900 ლარი, როცა მოპასუხეს სრულად ეკისრება საპროცენტო სარგებელის გადახდაც, შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ოდენობიდან და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 200 ლარი, რისი გადახადაც ძირითად მოთხოვნასთან ერთად უნდა დაეკისროს მოპასუხე ლე-–---–-------------ძეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.2. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 57.83 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 2600.00 ლარის მოცულობით, აღნიშნული თანხის 3%-ის ნახევარი 39 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დანარჩენი თანხის ანაზღაურება კი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს---–-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2 მოპასუხე ლე-–---–-------------ძეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს შპს ,,ს---–-ას“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა 2443.79 ლარი, პროცენტი 511.51 და პირგასამტეხლო 200 ლარი. სულ 3155.30 ლარი.
1.3. მოპასუხე ლე-–---–-------------ძეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შპს ,,ს---–-ას“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 18. 83 ლარის ანაზღაურება;
2. სს ,,ლიბერთი ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა -39 ლარი.(სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 23.08.2018 წ. ს.ს ,,თიბისი ბანკი“ საგადასახადო დავალება 24).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე