გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7832-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - მუ--------–------ლი;
წარმომადგენელი - მა--------–-----–ი;
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მა----------------ია;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; წარმომადგენელი - ირ--------------–---–ი;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ბა-------------ძე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- წერილი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 მარტის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 07 მარტის N0-------- წერილი.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება.
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილება.
1.7. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0---------------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა დარეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0---------------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.10.2017 წლის რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს გადმოეცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (0--------------- და ს.კ. 0---------------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- წერილი და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 3 მარტის N0-------- წერილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა 07.12.2009 წლის N8-------------- და 15.03.2011 წლის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებით. მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათილად ეცნო კანონდარღვევით განხორციელებული სადავო რეგისტრაციები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარის განცხადება დარჩა განუხილველი, ხოლო 16.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი. მოსარჩელეს აქვს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთს ის ფლობს და მართავს 1984 წლიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მოპასუხემ იშუამდგომლა დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
2.2. მოპასუხე- სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედება არ ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2.3. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით იშუამდგომლა დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთების მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება და არც მოსარჩელე უარყოფს, რომ მას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება აღნიშნული მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლის 05 აგვისტოს გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის მიხედვით, ი-–- ა---------, ჯ--–--– მ---------, ა–----- დ--------–-------–- და რ------ გ--------, როგორც მუ--------–------ლის მეზობლები, ადასტურებენ, რომ მუ--------–------ლი 1984 წლიდან ცხოვრობს ლ--–------------------ში, და თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფლობს და სარგებლობს 600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს, რომელზედაც აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი და გაშენებული აქვს ხეხილის ბაღი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.08.2009 წლის თანხმობა (ს.ფ. 25-26);
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,თ---––---–-----–--’’ და ე-----------–--ის საგადახდო ქვითრებით დასტურდება, რომ მუ--------–------ლი არის აბონენტი მისამართზე: ლ------------------–------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,თ---––---–-----–--’’ და ე-----------–--ის საგადახდო ქვითრები (ს.ფ. 31-32);
3.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------------, ნაკვეთი 0-----, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი 200.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 07.12.2009 წლიდან აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 30.11.2009 წლის N0--------- წერილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–---, ნაკვეთი 0-----, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი 359.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 15.03.2011 წლიდან აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2011 წლის N0-------- წერილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1245 კვ.მ, საკუთრების უფლებით 05.05.2009 წლიდან აღრიცხულია ა-–---------- ლ-------ის, ე----- ლ-------ისა და მუ--------–------ლის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 16.02.1994 წლის N2--- ნასყიდობის ხელშეკრულება, 07.10.1997 წლის N------ ნასყიდობის ხელშეკრულება, 25.05.1988 წლის N0----- სააღრიცხვო ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 07.12.2009) (ს.ფ. 33-34);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 15.03.2011) (ს.ფ. 36-37);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 05.05.2009) (ს.ფ. 38);
3.1.4. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 30.11.2009 წლის N0--------- წერილით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოსა და ენერგეტიკის სამინისტროს ეცნობა, რომ იგეგმება დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. დანართში ჩამოთვლილ უძრავ ქონებათაგან ერთ-ერთია ლ------------------------ არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 30.11.2009 წლის N0--------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ლ------------------------ არსებულ 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 30.11.2009 წლის N0--------- წერილი (ს.ფ. 120-121);
- ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 30.11.2009 წლის N0--------- წერილი (ს.ფ. 51);
3.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.12.2009 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების საქალაქო სამსახურის 01.12.2009 წლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ლ------------------------, 200 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.12.2009 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 94);
- 01.12.2009 წლის შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 117);
- 01.12.2009 წლის განცხადება (ს.ფ. 118);
3.1.6. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2011 წლის N0-------- წერილით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს ეცნობა, რომ იგეგმება დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. დანართში ჩამოთვლილ უძრავ ქონებათაგან ერთ-ერთია ლ------------------–---ში არსებული 359 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2011 წლის N0-------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ლ------------------–---ში არსებულ 359 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2011 წლის N0-------- წერილი (ს.ფ. 131-132);
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2011 წლის N0-------- წერილი (ს.ფ. 52);
3.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.03.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 10.03.2011 წლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ლ------------------–---, 359 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.03.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 95);
- 10.03.2011 წლის შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 128);
- 10.03.2011 წლის განცხადება (ს.ფ. 129);
3.1.8. შპს საპროექტო, არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია ,,ბ-------------ს 27/04/2015 წლის N4---- ტექნიკური დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ლ------------------–--- N--ის მოპირდაპირედ მესაკუთრე მუ--------–------ლის საცხოვრებელი სახლის მდგრადობა კონსტრუქციული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია. ვიზუალური გამოკვლევისას დადგინა, რომ ობიექტი ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. შენობა მდებარეობს ხეხილის ბაღში, რომელიც შემოღობილია ლითონის ღობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს საპროექტო, არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია ,,ბ-------------ს 27/04/2015 წლის N4---- ტექნიკური დასკვნა (ს.ფ. 29-30);
3.1.9. 2015 წლის 06 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N1------- განცხადებით მიმართა მუ--------–------ლიმ და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, მდებარე ლ------------------–-------ის მიმდებარედ.
2015 წლის 02 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო განმცხადებლის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო 2016 წლის 05 მაისს გამართულ სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო მისი უკეთ შესწავლის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 02 ნოემბრის N4-- ოქმი, 5--- საკითხი (309-314);
- ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 05 მაისის N4-- ოქმი, მე-4 საკითხი (315-319);
3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.05.2016 წლის N1------- წერილიდან ირკვევა, რომ მუ--------–------ლიმ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქ. თბილისში, ლ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. აღნიშნული უძრავი ქონება მოხვედრილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0--------------- უძრავი ქონების ტერიტორიის საზღვრებში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა აღნიშნული განცხადება და 2016 წლის 05 მაისს მიიღო N4-- ოქმით გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, - იმ შემთხვევაში, თუ ეს უძრავი ქონება გამოთავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე არსებული რეგისტრაციისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეთხოვა უძრავი ქონების გამოთავისუფლება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0--------------- საკადასტრო ერთეულის რეგისტრაციიდან იმ მიზნით, რომ აღიარების კომისიამ განახორციელოს შემდგომი პროცედურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.05.2016 წლის N1------- წერილი (ს.ფ. 44);
3.1.11. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.09.2017 წლის N6------------ წერილით მუ--------–------ლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორექტირება კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის შესაბამისადაც სააგენტო მოკლებულია განცხადებაში დასმული თხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.09.2017 წლის N6------------ წერილი (ს.ფ. 45);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 29.07.2016 წლის N-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 46-49);
3.1.12. 2017 წლის 06 ნოემბერს მუ--------–------ლიმ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 07.12.2009 წლის N8-------------- გადაწყვეტილებისა და 15.03.2011 წლის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოხდა ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0--------------- უძრავ ქონებებზე ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მუ--------–------ლის 06.11.2017 წლის განცხადება (ს.ფ. 139-152);
3.1.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილებით მუ--------–------ლის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0--------------- რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-54);
3.1.14. 2017 წლის 15 ნოემბერს მუ--------–------ლიმ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლითაც მოითხოვა 10.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილების გაუქმება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილებით მუ--------–------ლის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო 2009 წლის 07 დეკემბრის N8--------------, 2011 წლის 15 მარტის N8-------------- და 10.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილებების გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მუ--------–------ლის 15.11.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 181-192);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2017 წლის N4----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 55-57);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ - მუ--------–------ლის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საქართველოს დედაქალაქის- თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი), ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი), „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი) კანონი განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს. დასახელებული კანონის 35.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება: ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება: ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება. ამავე კანონის 671 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაურეგისტრირებელი ან/და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას დაქვემდებარებული მიწებისა, რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესზე’’, რომლის მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.
6.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი–სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია: ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს დავალებით ქ. თბილისის თვითმმართველობის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ორგანიზება და ქ.თბილისის მთავრობისთვის წარდგენა; ქ.თბილისის თვითმმართველობის ქონების, თვითმმართველი ერთეულის ორგანოებსა და თვითმმართველი ერთეულის სტრუქტურულ ერთეულებს შორის გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურის ორგანიზება.
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). სააგენტო ქონებას განკარგავს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ წარმომადგენლისთვის განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციების შესაბამისად, ხოლო „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების უფლების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა შედის მთავრობის კომპეტენციაში. ამდენად, ქალაქ თბილისის მთავრობისაგან უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, ადგილობრივი ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- წერილით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოსა და ენერგეტიკის სამინისტროს ეცნობა, რომ იგეგმება დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. დანართში ჩამოთვლილ უძრავ ქონებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა ქ. თბილისში ლ------------------------ არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 03 მარტის N0-------- წერილით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს ეცნობა, რომ იგეგმება დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. დანართში ჩამოთვლილ უძრავ ქონებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა ქ. თბილისში ლ------------------–---ში არსებული 359 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- წერილით და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 07 მარტის N0-------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეთხოვა ქ.თბილისში, ლ------------------------ არსებულ 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და ქ. თბილისში ლ------------------–---ში არსებულ 359 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების საქალაქო სამსახურის 2009 წლის 01 დეკემბრის განცხადება და ქ. თბილისში ლ------------------------, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2001 წლის 10 მარტის განცხადება და ქ. თბილისში ლ------------------–---, 359 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნაკვეთზე განხორციელდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილი იყო გამოეცა 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- და 2011 წლის 07 მარტის N0-------- მიმართვები და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა ქ.თბილისში, ლ------------------------, 200 კვ.მ. და 359.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთებზე რეგისტრაციის დროისთვის მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა.
დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- და 2011 წლის 07 მარტის N0-------- წერილი შესაბამისობაშია მათი გამოცემის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებთან, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,რეგისტრაციის შესახებ" 2009 წლის 07 დეკემბრის N8-------------- და 2011 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა - მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების , საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 9.1 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ანუ კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც უფლების დამადასტურებელი, ასევე სხვა დოკუმენტის საფუძველზე.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს როლი და ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანონშესაბამისად მოახდინოს შესაბამისი პირის საკუთრების უფლების რეგისტრირება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში და პირიქით, სარეგისტრაციო დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში უზრუნველყოს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 01 დეკემბერს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების საქალაქო სამსახურმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე (მდებარე ლ------------------------ 200.კვ.მ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვა, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის წერილის ასლი და ელვერსია.
დადგენილია, რომ 2011 წლის 09 მარტს დეკემბერს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების საქალაქო სამსახურმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე (მდებარე ლ------------------------ 359.კვ.მ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვა და ელვერსია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- წერილით და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 07 მარტის N0-------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეთხოვა ქ.თბილისში, ლ------------------------ არსებულ 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და ქ. თბილისში ლ------------------–---ში არსებულ 359 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
დადგენილია ასევე, რომ სწორედ დასახელებული მიმართვების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების საქალაქო სამსახურის 2009 წლის 01 დეკემბრის განცხადება და ქ. თბილისში ლ------------------------, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განხორციელდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2001 წლის 10 მარტის განცხადება და ქ. თბილისში ლ------------------–---, 359 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნაკვეთზე განხორციელდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო 2009 წლის 07 დეკემბერს და 2011 წლის 15 მარტს მიეღო N8-------------- და N8-------------- გადაწყვეტილებები ,,რეგისტრაციის შესახებ’’ და სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღერიცხა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის დროისთვის მასზე კერძო პირთა საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ხოლო სამომავლოდ უფლების შესაძლო წარმოშობა მესამე პირების მხრიდან ვერ გახდებოდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების დამაბრკოლებელი გარემოება.
6.6. სასამართლო მიუთითებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას, რის გამოც ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 07 დეკემბრის N8-------------- და 2011 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.7. სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ის სადავო მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობს 1984 წლიდან, რაც მისი აზრით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეული საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, აპელირებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 მაისის N1------- წერილზე, რომლის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქ. თბილისში, ლ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოხვედრილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ. 0--------------- და ს.კ. 0--------------- უძრავი ქონების ტერიტორიის საზღვრებში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა აღნიშნული განცხადება და 2016 წლის 05 მაისს მიიღო N4-- გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, - იმ შემთხვევაში, თუ ეს უძრავი ქონება გამოთავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე არსებული რეგისტრაციისგან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მოსარჩელე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას, (ს/კ0--------------- და ს.კ. 0--------------- ). შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს სწორედ იმ გარემოებას, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უქმნის დაბრკოლებას, რათა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უღიაროს საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლითაც ცალსახად განისაზღვრა, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. დასახელებული კანონი ასევე შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რომელი მიწის ნაკვეთები არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ კერძო საკუთრებისა. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობდა ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება და არა მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლა. შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს შესაბამისი წესითა და პროცედურის დაცვით უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა. უფრო მეტიც, თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო და/ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფაქტით კიდევ უფრო მტკიცდება დასახელებულ მიწაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა და უტყუარობა.
სასამართლო მიუთითებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ'' 2015 წლის 10 ივნისის N 23.21.705 განკარგულებას, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულ იქნა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი, კერძოდ, კომისია კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების შესახებ (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად) დაინტერესებულ პირის/პირთა განცხადებებს დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში. კომისია თავის ფუნქციების განხორციელებისას საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე უფლებამოსილია კონსულტაციის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები და სპეციალისტები. წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ კი უფლებამოსილია მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან გაუქმებაზე უარის თქმის, ასევე უძრავ ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების ან ცვლილება-კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც მზადდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების პროექტი და წარედგინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას განსახილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.09.2017 წლის N6------------ წერილით მუ--------–------ლის ეცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორექტირება კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორექტირებაზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 07 დეკემბრის N8-------------- და 2011 წლის 15 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით და ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 30 ნოემბრის N0--------- და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 07 მარტის N0-------- წერილებით - მოსარჩელის კანონით დაცული უფლება და ინტერესი, რაც მას გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში იმ კუთხით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, თვითნებური დაკავების საფუძვლით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით უღიარდეს საკუთრების უფლება, -არ შეზღუდულა.
6.8. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N4----- და 2017 წლის 16 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რომლითაც მუ--------–------ლს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
დასახელებული ნორმების ანალიზის თანახმად ნათელია, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და ამიტომაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი ორგანო აღნიშნულთან დაკავშირებით თავად მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება. შესაბამისად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება და 2017 წლის 10 ნოემბრის N4----- და 2017 წლის 16 ნოემბრის N4----- გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას.
6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუ--------–------ლის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 5---, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მუ--------–------ლის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი