გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210118002550865
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/21660-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - მ------ მ----–---

წარმომადგენელი - ს------- ბ-------–---–ი

 

მოპასუხე - ვ--–-- ა--------ი

წარმომადგენელი - ო----- ა--------ა

 

დავის საგანი - პირაგსამტეხლოს შემცირება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შევიდეს ცვლილება 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელში და შემცირდეს სააღსრულებო ფურცლის 8.2. პუქნტში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის პირგასამტეხლოს ნაცვლად დაფიქსირდეს შემცირებული პირგასამტეხლო 0,01%-ის ოდენობით, რომელიც დაითვლება 2018 წლის 09 იანვრიდან და გაგრძელდება აღსრულებამდე.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის 2017 წლის 09 აგვისტოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მ------ მ----–---მ ვ--–-- ა--------ისაგან ისესხა 72300 ლარი, ყოველთვიური 0,5% სარგებლის დარიცხვით, სამი თვის ვადით. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ N0---------------------- და ს/კ N0----------------------. მხარის განმარტებით მას 3 თვის სარგებელი სრულად აქვს გადახდილი. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განისაზღვრა პირაგასმტეხლოს არსებობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ დაირღვა ხელშეკრუელბის პირობები, მოპასუხის მიმართვის შედეგად 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N---------, რომლის მიხედვითაც სესხის ძირითად თანხად მიეთითა 72 300 ლარი და გადაუხდელი პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით 2018 წლის 09 იანვრიდან აღსრულებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს განმარტებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, მომართა სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ--–-- ა---------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ ნამდვილად იქნა თანხა გადაცემული მოსარჩელეზე, თუმცა ამ უკანასკნელმა არ შეასრულა რა ვალდებულება, მან კანონით დადგენილი წესით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა კიდეც სააღსრულებო ფურცელი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მოპასუხემ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეთა მიერ იყო შეთანხმება, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე აღნიშნულ პირობას დაეთანხმა და მათთვის ეს დათქმა იყო მისაღები, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა მოსალოდნელი იყო მოპასუხისთვის, არ არის კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება, ასევე კანონით დადგენილი წესით მოხდა ნოატრიუსის მიერ სააღსრულებოს ფურცლის გაცემა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სწორედ მოსარჩელე მხარემ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა ნოტარიუსისთვის, ამჟამად კი სწორედ მ------ მ----–---მ წარმოადგინა მის წინააღმდეგ სარჩელი, რასაც არ ეთანხმება, რადგან მის მიერ ხელშეკრულება არ ყოფილა დარღვეული (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებებაა, რომ მოსარჩელემ მ------ მ----–---მ, როგორც 2017 წლის 09 აგვისტოს ხეშეკრულებიდან გამომდინარე მოვალემ, დაარღვია მითითებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც კრედიტორის ანუ მოპასუხის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 09 აგვისტოს მხარეთა შორსი დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ მ----–---მ ვ--–-- ა---------ისგან, ასევე ი---- ჭ------ისგან ისესხა თანხა, კერძოდ, ვ--–-- ა---------მა „გამსესხებელმა“ 3 თვის ვადით მ------ მ----–---ს „მსესხებელს“, „მესაკუთრეს“ ასესხა 72300 ლარი ყოველთვიური 2,5% სარგებლით.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით აღსრულებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 09 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრაციის N--------- (ს.ფ. 19-28)

- 2017 წლის 14 აგვისტოს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც კრედიტორის ვ--–-- ა--------ის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად მიეთითა სესხის ძირითადი თანხა 72 300 ლარი, პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით 2018 წლის 09 იანვრიდან აღსრულებამდე. აქვე მიეთითა, რომ ვალდებულების შესრულების მიზნით უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 12 ივნისის სააღსრულებოს ფურცელი რეგისტრაციის N--------- (ს.ფ. 33-36)

- 2018 წლის 13 ივნისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 37-40)

- თბილისის სააღსრულებოს ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის N----- წერილი (ს.ფ. 41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. 2017 წლის 09 ნოემბრით დათარიღებული „დანართი N-“-ით დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულიყო 2018 წლის 30 მაისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 09 ნოემბრის „დანართი N-“

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამქოალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 09 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს 3 თვის ვადით გადასცა სარგებლიანი სესხი 72 300 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ანუ მოვალის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები თანხის დაბრუნების ნაწილში, მოპასუხემ, როგორც კრედიტორმა, მიმართა ნოტარიუსს და ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში მიეთითა სესხის ძირი თანხა - 72 300 ლარი და პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით 2018 წლის 09 იანვრიდან აღსრულებამდე. მოსარჩელე მხარემ სწორედ პირგასამტეხლოს ოდენობა გახადა რა სადავო, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნია და მომართა სასამართლოს მისი შემცირების მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის ოდენობა პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგენს რა 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად, 72 300 ლარის 0,1% არის 72,30 ლარი, რაც სასამართლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მითითებული თანხის ოდენობის დაკისრება მოვალეზე მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ და არაგონივრული ოდენობის პირგასამტეხლოდ, რაც კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას უფრო იწვევს, ვიდრე სახეშეკრულებო პირობების შესრულების ხელშეწყობას. შესაბამისად, აღნიშნული უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოვალეს ყოველ ვადაგადაცილეულ დღეზე უნდა დაეკისროს ძირი თანხის 0,01%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7,23 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა ანგარიშდება 2018 წლის 09 იანვრიდან და გრძელდება აღსრულებამდე, შესაბამისად, აღნიშნული შემცირებული პირგასამტეხლოს დაანგარიშებაც სწორედ მითითებული თარიღიდან - 2018 წლის 09 იანვრიდან უნდა განხორციელდეს. აღნიშნულის საფუძველზე ცვლილება უნდა შევიდეს 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელში და შემცირდეს სააღსრულებლო ფურცლის 8.2. პუნტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოდ განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის 0,01%.

 

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 02 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2410 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოსარჩელის მიერ 2018 წლის 22 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 493,45 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა - 97,55 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად, მოპასუხე ვ--–-- ა--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2410 ლარის, ასევე 97,55 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 22 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რის საფუძველზეც შეჩერდა 2018 წლის 12 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ ლ-------------–---–თან დაწყებული N-------- სააღსრულებო საქმის წარმოება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე მ------ მ----–--ის სარჩელი ვ--–-- ა---------ის მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე - დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შევიდეს ცვლილება 2018 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელში და შემცირდეს სააღსრულებლო ფურცლის 8.2. პუნტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის პირგასამტეხლოს ნაცვლად დაფიქსირდეს შემცირებული პირგასამტეხლო 0,01%-ის ოდენობით, რომელიც დაითვლება 2018 წლის 09 იანვრიდან და გაგრძელდება აღსრულებამდე.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 02 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2410 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 22 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 493,45 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა - 97,55 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე ვ--–-- ა--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2410 ლარის, ასევე 97,55 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 22 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მ------ მ----–--ის (პ/ნ N0----------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა 2018 წლის 12 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე კერძო აღმასრულებელ - ლ-------------–---–თან დაწყებული N-------- სააღსრულებო საქმის წარმოება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე