გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N100210018002620145
№2/328-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.11.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი: თ----- ჭ----------ე
მოპასუხე: შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–ი“
წარმომადგენელი: ნ-----–- ღ--------ე
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის (ს/კ.239393811; ქ. საჩხერე თავისუფლების ქ. №4) წარმომადგენელმა, შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–ი“-ს (ს/კ4--------) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–ი“-ს შორის 2018 წლის 28 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 105 ხელშეკრულება. შესყიდვების ობიექტს წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანში და კორბოულში საუბნო გზების რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 38873.97 (ოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 ივლისამდე, ხოლო მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შესყიდვების ობიექტის მოწოდების ვადაში მიმწოდებელმა არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც 2018 წლის 27 ივლისს ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.1. პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტმა შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–“-ს შეუწყვიტა ხელშეკრულება და დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე_13 მუხლის 13.11. პუნქტის შესაბამისად სახელშეკრულებო ღირებულების 20% ოდენობით, 7774.79 ლარი. პირგასამტეხლოს თანხა შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–“-მა არ აუნაზღაურა მუნიციპალიტეტს.
მოსარჩელე ითხოვს საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლოთ შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–“-ს დაეკისროს პირგასამტეხლო 7774.79 (შვიდი ათას შვიდასამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიწოდების ვადაზე ადრე შეუწყვიტა ხელშეკრულება, ვინაიდან ხელშეკრულება მოსარჩელე მხარის მიერ დაირღვა და დროზე ადრე იქნა შეწყვეტილი, ასევე ხელშეკრულების თანახმად არ იქნა შემსყიდველის მიერ სამუშაო გარემო შექმნილი რომელშიც მხარე შეძლებდა მუშაობას. აქედან გამომდინარე მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნას პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებით. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას სამუშაოების დროულად არ დაწყების თაობაზე წარმოიშვა გარკვეული პრობლემები, რომლებიც საჭიროებდა დროს თუმცა მიუხედავად თხოვნისა შემსყიდველმა დამატებითი დროის მოცემაზე უარი განაცხადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–ი“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანში და სოფელ კორბოულში საუბნო გზების რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. დადგენილია, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: სოფელი ხვანი და სოფელი კორბოული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 105 ხელშეკრულება. (ს.ფ.13-20)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.2. ხელშეკრულების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 38873 ლარს და 97 თეთრს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც სამუშაოების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის N53383 ბრძანებით შექმნილი ჯგუფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 105 ხელშეკრულება. (ს.ფ.13-20)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. მოპასუხის წარმომადგენლმა 2018 წლის 13 ივნისს წერილით მიმართა დამკვეთს-მოსარჩელეს და მიუთითა, რომ საწარმო ასრულებს ტენდერით გათვალისწინებულ გზის მოწყობის სამუშაოებს სოფელ კორბოულში ყიფშიძეების, ხომასურიძეების და კაპანაძეების უბანში სასაფლაოსკენ მიმავალი 100 მეტრიანი რკინა-ბეტონის გზის საფარის მოწყობის ფარგლებში. მოცემული პერიოდისათვის სხვა უბანში მიმდინარე სამუშაოების გამო ხსენებული მარშრუტი გამოყენებულია შემოვლით გზად, რის გამოც მიმწოდებელი ითხოვს პროექტის შესრულების ვადის გადადებას ერთი თვით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 ივნისის წერილით შემსრულებელს ეცნობა , რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 27 ივლისია ამასთან მოცემული პერიოდისათვის იმ უბნის გზის მოპირკეთება, რის გამოც შესასრულებელი სამუშაოს გზის მონაკვეთი გამოყენებული იყო შემოვლისათვის, დასრულებულია და შესაძლებელია კორბოულში არსებული ტენდერით გათვალისწინებული გზის მოწყობა.
მოპასუხის მიერ ხსენებული გარემოება, შემოვლითი გზის გამო სამუშაოების შეფერხებასთან დაკავშირებით, სხდომაზეც იქნა დაფიქსირებული, თუმცა სასამართლო თვლის, რომ მოცემული გარემოება შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის , რადგან დადგენილია, რომ სხვა უბანზეც მაგალითად სოფელ ხვანში არ მიმდინარეობდა სამუშაოები ამ პერიოდისათვის. დადგენილია, რომ მოსარჩელე მიუთითებს ისეთ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც არ შეიძლება მოსარჩელის ბრალით იქნას გამოწვეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 105 ხელშეკრულება. (ს.ფ.13-20)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მიწოდების ვადაში არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–“-ს შეუწყვიტა ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება , რაც დასტურდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წერილით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ივნისის წერილით, 2018 წლის 04 ივლისისა და 2018 წლის 16 ივლისის წერილით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა საწარმოს ხელმძღვანელს სამუშაოების მიმდინარეობის დროს ხელშეკრულების დარღვევის შესახებ.
ამავე შინაარსის წერილებით მიმართეს მერს ტერიტორიული ორგანოების - სოფელ კორბოულისა და სოფელ ხვანის წარმომადგენელმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები(ს.ფ.27-32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.5. მაკონტროლებელი ჯგუფის 2018 წლის 26 ივლისის აქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი ობიექტიდან კერძოდ სოფელ კორბოულში ორ ობიექტზე საერთოდ არ დაუწყია სამუშაოები, ხოლო მესამე ობიექტზე მესამე ობიექტზე სოფელ ხვანში 2018 წლის 26 ივლისამდე შესრულებულია 672 ლარისა და 88 თეთრის სამუშაოები. ჯგუფის დასკვნით ხელშეკრულება უნდა შეწყდეს.
ხელშეკრულების 13.10. მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევაში , თუ ვადების გაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3 პროცენტს მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 16.1. თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
ხელშეკრულების 13.11. მუხლის შესაბამისად 13.10 და 16.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს რომელმაც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 20 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი (ს.ფ. 58 ).
- 2018 წლის 28 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 105 ხელშეკრულება. (ს.ფ.13-20)
- წერილები(ს.ფ.27-32)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო თვლის რომ საწარმოს ბრალით დაირღვა ხელშეკრულება. ხელშეკრულება არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. შ.პ.ს,, ბ---- კ-------–ს“-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 3438 (სამი ათას ოთხას ოცდათვრამეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკით დადგენილია შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების გონივრული რაოდენობა. ასევე სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მართლზომიერად და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–ი“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანში და სოფელ კორბოულში საუბნო გზების რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. დადგენილია, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: სოფელი ხვანი და სოფელი კორბოული. მითითებული ნორმებიდან სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება
6.4.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ხელშეკრულების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 38873 ლარს და 37 თეთრს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც სამუშაოების ღირებულებას , ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის N53383 ბრძანებით შექმნილი ჯგუფი. თუმცა შპს „ბ---- კ-------–ი“-ს მხრიდან ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების დათქმულ დროში შესრულება არ მომხდარა. დადგენილია და მხარეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მიმწოდებელმა შეასრულა მხოლოდ ნაწილი სამუშაოებისა.
მაკონტროლებელი ჯგუფის 2018 წლის 26 ივლისის აქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი ობიექტიდან კერძოდ სოფელ კორბოულში ორ ობიექტზე საერთოდ არ დაუწყია სამუშაოები, ხოლო მესამე ობიექტზე მესამე ობიექტზე სოფელ ხვანში 2018 წლის 26 ივლისამდე შესრულებულია 672 ლარისა და 88 თეთრის სამუშაოები. ჯგუფის დასკვნით ხელშეკრულება უნდა შეწყდეს.
6.5. სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს დროზე მითითება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მართლზომიერად, რადგან სამუშაოს შესრულება ვერ მოხდა დათქმულ დროში.
6.6.დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მიწოდების ვადაში არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა შ.პ.ს. ,,ბ---- კ-------–“-ს შეუწყვიტა ხელშეკრულება . 2018 წლის 27 ივლისს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ შეწყვეტილი იქნა ხელსეკრულება , რაც დასტურდება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წერილით.
.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე სახეზეა მიმწოდებლის ბრალი დათქმულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობისა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლო თვლის , რომ მოპასუხე საწარმომ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა , რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა საწარმოს ბრალით.
მაკონტროლებელი ჯგუფის 2018 წლის 26 ივლისის აქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი ობიექტიდან კერძოდ სოფელ კორბოულში ორ ობიექტზე საერთოდ არ დაუწყია სამუშაოები, ხოლო მესამე ობიექტზე მესამე ობიექტზე სოფელ ხვანში 2018 წლის 26 ივლისამდე შესრულებულია 672 ლარისა და 88 თეთრის სამუშაოები. ჯგუფის დასკვნით ხელშეკრულება უნდა შეწყდეს.
ხელშეკრულების 13.10. მუხლის შესაბამისად იმ შემთხვევაში , თუ ვადების გაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3 პროცენტს მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 16.1. თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
ხელშეკრულების 13.11. მუხლის შესაბამისად 13.10 და 16.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს რომელმაც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 20 პროცენტის ოდენობით.
6.8. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუმცა სასამართლო თვლის, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილი საჯარიმო თანხა - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20% - ჯამში 7774.79 ლარი (პირგასამტეხლო), არის შეუსაბამოდ მაღალი.
6.9. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად სასამართლო თვლის რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე და ასევე სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები) უნდა შემცირდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს შეუსრულებელი სამუშაოს 9 პროცენტით (38873,97 - 672 , 88=38201,09X9:100=3438 ,10 თეთრი) 3438 ლარი და 10 თეთრით.
6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი და საჩხერის მუნიციპალიტეტის სარჩელი შპს „ბ---- კ-------–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, შპს „ბ---- კ-------–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შ.პ.ს ,,ბ---- კ-------–ს“ საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 3438 (სამი ათას ოთხას ოცდათვრამეტი) ლარი და 10 (ათი) თეთრი .
1.2. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. შ.პ.ს,, ბ---- კ-------–ს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 103(ასსამი) ლარი და 14(თოთხმეტი) თეთრი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი