გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002611677
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5577-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - 1.გ--–-----------ე; 2.ზ----------------ე

მოპასუხეები- 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი-ლ-–---------–---

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი-ბა---------------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-12).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17ივლისის ბრძანება N--- ,,გ--–-----------ის და ზ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-12).

 

მოსარჩელეების განმარტებით, საკუთრების უფლებით ფლობენ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–--------–-------------------------------------------------, საკადასტრო კოდი: N01.19.39.030.0--- გადაწყვიტეს მათ საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთზე არსებული ერთ-ერთი შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, მასზე მიშენება-დაშენების განხორციელების გზით. შესაბამისად, მოსარჩელეებმა მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენა, რაზეც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2017 წლის 5 ივნისს მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და დაადგინა სამშენებლო გამოყენების პირობები, რის შემდეგაც მომზადდა სამშენებლო-არქიტექტურული პროექტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

 

მოსარჩელეების განმარტებით, პროექტის შეთანხმებამდე მათ მიერ განხორცილდა უნებართვო სამუშაოები, რისთვისაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შესაბამისი აქტით დაეკისრათ ჯარიმა 8000(რვა ათასი) ლარის ოდენობით და უკანონო სამუშაოების შეჩერება. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი მოსარჩელეების მხრიდან არ გასაჩივრებულა, ხოლო განსაზღვრული პირობები შესრულდა, კერძოდ- გადაიხადეს 8000(რვა ათასი) ლარი და შეაჩერეს სამუშაოები. 2017 წლის 13 სექტემბერს, მოსარჩელეების მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N------, რომელშიც მითითებული იყო მათ მიმართ 2017 წლის 5ივლისს გამოტანილი დადგენილების შეუსრულებლობა. შემდგომ, 2017წლის 10ოქტომბრის N------ დადგენილებით კი დაეკისრათ ჯარიმის სახით 5000ლარის გადახდის ვალდებულება სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების საფუძვლით.

 

მოსარჩელეების განმარტებით, მათ ნებაყოფლობით გადაიხადეს ჯარიმა და არანაირი ინტერესი არ ჰქონიათ ნებართვის მიღებამდე სამუშაოების ხელახლა წარმოების მიმართ. 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 17 ივლისის N--- ბრძანების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დადგენილება.

 

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ-----–--------------–----------------------------- დაზუსტებული ფართობი: 643.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.39.030.0--- ნაკვეთის წინა ნომერი:01.19.39.030.0--;01.19.39.030.0--- დაზუსტებული ფართობი: 643 კვ.მეტრი, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ----------------ის(№1 საერთო ფართით 838.3 კვ.მეტრი(მათ შორის: სასარგებლო ფართი 731.7 კვ.მეტრი საზაფხულო ფართი 89.6 კვ.მეტრი, კიბის უჯრედის საერთო ფართი -17კვ.მეტრი), №2 საერთო ფართი- 42.39 კვ.მეტრი, №3 საერთო ფართით- 246.65 კვ.მეტრი, მათ შორის 1-ლი სართული ფართით- 125.97 კვ.მ ეტრი, 2-ე სართული120.68 კვ.მეტრი) და გ--–-----------ის(შენობა-ნაგებობა N1-დან სასარგებლო ფართით- 271.00კვ.მეტრი). სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 11/06/2018(ს.ფ.13-15)

 

3.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა გ-----------------ის 2017 წლის 19 მაისის N-------01 განცხადება და დამტკიცდა თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები; აღნიშნული ბრძანებით განემარტა დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5(ხუთი) წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 ივნისის ბრძანება №-------(ს.ფ.16-22)

 

3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 05 ივლისის გ--–-----------ის, ზ----------------ის მიმართ შედგენილი იქნა მითითება N-----5, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, დ-----–--------------–-----------------, საკ. კოდი: N01.19.39.030.0---ზე გ--–-----------ისა და ზ----------------ის მიერ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები(შენობა N3-ის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენება), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული მითითებით გ--–-----------ეს და ზ----------------ეს დაევალათ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის(მიშენება-დაშენება) დემონტაჟი, უსაფრთხოების წესების დაცვით და შენობა N3-ის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2017 წლის 05 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება Nშ-5--17(მშენებლობის შეჩერების შესახებ), რომლის თანახმადაც შეჩერებული იქნა ქ.თბილისში, დ-----–--------------–-------–----------------- №01.19.39.030.0---ზე, უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები(შენობა№3-ის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენება. აღნიშნული დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის ,,ა“ ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება N-----5 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მოქ. გ--–-----------ე და მოქ.ზ----------------ე დაჯარიმდნენ 8000(რვა ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ვ---------–-------------–--------–-------------- საკ.კოდი: №01.19.39.030.0---ში უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ შენობა№3-ის ნაწილობრივი დემონტაჟსათვის და ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენების განხორციელებისათვის, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის N01.19.39.030.0-- საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილებით, მოქ. გ--–-----------ეს და მოქ. ზ----------------ეს დაევალათ, ქ.თბილისში, ვ---------–--------------–--------–------------- ს/კ №01.19.39.030.0---ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. კერძოდ ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენების, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის N01.19.39.030.0-- საკ.კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05ივლისის დადგენილება №შ-5--17(მშენებლობის შეჩერების შესახებ) (ს.ფ.60-61)

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს დადგენილება N-----5 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(ს.ფ. 64-66)

 

3.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 13 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0------ რომლითაც დგინდება, რომ გ--–- და ზ----------------ეების მიერ არ იქნა შესრულებული სამსახურის მიერ 2017 წლის 05 ივლისს მიღებული დადგენილებით №შ-5--17 გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ,- სამშენებლო სამუშაოები გაგრძელებულია, რაც გამოიხატა შემდეგში: დამატებულია კედლები, ჩასმულია ფანჯრები, დამატებით მოწყობილია ღიობი, მოწყობილია სახურავი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 სექტემბრის შემოწმების აქტი №0-----(ს.ფ.55-56)

 

3.1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც მოქ. გ--–-----------ე და მოქ. ზ----------------ე დაჯარიმდნენ 5000(ხუთიათასი) ლარით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 5ივლისის №4-1 და 834-17 №შ-5--17 დადგენილებით ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“(მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“(ს.ფ.23-25)

 

3.1.6. 2017წლის 25 ოქტომბერს, გ--–-----------ემ და ზ----------------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეის მერიას და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის №0----- დადგენილება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 ივლისის №336 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ--–-----------ის და ზ----------------ის 2017 წლის 25 ოქტომბრის №----------174-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10ოქტომბრის №0----- დადგენილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გ--–-----------ის, ზ----------------ის 2017 წლის 25 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ.84-86)

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 ივლისის ბრძანება №336 ,,გ--–-----------ისა და ზ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ.26-29)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც გ--–-----------ის, ზ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10ოქტომბრის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდაღვევის საქმეზე“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 ივლისის N--- ბრძანება ,,გ--–-----------ისა და ზ----------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების-გენა ნადირაძის, ზ----------------ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 10 ოქტომბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოქ. გ--–-----------ე და მოქ. ზ----------------ე დაჯარიმდნენ 5000(ხუთიათასი) ლარით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 5ივლისის №4-1 და 834-17 №შ-5--17 დადგენილებით ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“(მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის,-მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა)მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.12 მუხლის თანახმად, თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 05 ივლისის გ--–-----------ის, ზ----------------ის მიმართ შედგენილი იქნა მითითება N-----5, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, დ-----–--------------–-----------------, საკ. კოდი: N01.19.39.030.0---ზე გ--–-----------ისა და ზ----------------ის მიერ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები(შენობა N3-ის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენება), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული მითითებით გ--–-----------ეს და ზ----------------ეს დაევალათ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის(მიშენება-დაშენება) დემონტაჟი, უსფართხოების წესების დაცვით და შენობა N3-ის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2017 წლის 05ივლისს მიღებული იქნა დადგენილება Nშ-5--17(მშენებლობის შეჩერების შესახებ), რომლის თანახმადაც შეჩერებული იქნა ქ.თბილისში, დ-----–--------------–-------–----------------- №01.19.39.030.0---ზე, უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები(შენობა№3-ის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენება. აღნიშნული დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის ,,ა“ ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლით განსაზღვრულია უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია −გამოიწვევს დაჯარიმებას 4000ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება N-----5 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მოქ. გ--–-----------ე და მოქ. ზ----------------ე დაჯარიმდნენ 8000(რვა ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ვ---------–--------------–--------–------------- საკ.კოდი: №01.19.39.030.0---ში უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის, კერძოდ შენობა№3-ის ნაწილობრივი დემონტაჟისათვის და ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენების განხორციელებისათვის, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის N01.19.39.030.0-- საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილებით, მოპქ. გ--–-----------ეს და მოქ. ზ----------------ეს დაევალათ, ქ.თბილისში, ვა--------–-------------–--------–------------, საკ.კოდი: №01.19.39.030.0---ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. კერძოდ ახალი კაპიტალური მიშენება-დაშენების, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის N01.19.39.030.0-- საკ.კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით დგინდება, რომ აღნიშნული დადგენილება მათ მიერ არ გასაჩივრებულა.

 

6.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე მუხლის 23-ე ნაწილით განსაზღვრულია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;

ბ) ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;

გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;

დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;

ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას.

თ) ამ კოდექსის 251 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ი) ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 13 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0------ რომლითაც დგინდება, რომ გ--–- და ზ----------------ეების მიერ არ იქნა შესრულებული სამსახურის მიერ 2017 წლის 05ივლისს მიღებული დადგენილებით №შ-5--17 გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ,- სამშენებლო სამუშაოები გაგრძელებულია, რაც გამოიხატა შემდეგში: დამატებულია კედლები, ჩასმულია ფანჯრები, დამატებით მოწყობილია ღიობი, მოწყობილია სახურავი.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 51-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად(სადავო დადგენილების მიღების დროს მოქმედი რადაქცია), მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა: ა)მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

 

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ , რომლის თანახმადაც მოქ. გ--–-----------ე და მოქ. ზ----------------ე დაჯარიმდნენ 5000(ხუთიათასი) ლარით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 5 ივლისის №4-1 და 834-17 №შ-5--17 დადგენილებით ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“(მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალიწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებით ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილების გამოცემის დროისათვის(2017 წლის 05 ივლისის დადგენილება) და შემოწმების აქტის(2017 წლის 13 სექტემბერი) შედგენის დროისათვის მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების ურთიერთშეჯერებისას დგინდება, რომ ქ------–---------------–----------------------- კორპუსი, N01.19.39.030.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაგრძელებული იქნა უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები, რაც გამოიხატება შემდეგში: დამატებულია კედლები, ჩასმულია ფანჯრები, დამატებით მოწყობილია ღიობი და სახურავი. რაც თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 05ივლისის Nშ-5--17 დადგენილებით შეჩერებული იყო უნებართვოდ მიჩნეული მშენებლობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გ--–-----------ის და ზ----------------ის დაჯარიმების თაობაზე. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10ოქტომბრის N------- დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 ივლისის N--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გ--–-----------ის, ზ----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17ივლისის N--- ბრძანების ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გ--–-----------ის, ზ----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გ--–-----------ის, ზ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ--–-----------ის, ზ----------------ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი