გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002687766
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6615-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე- სს ,-----–-----

წარმომადგენელი-ზ------------

მოპასუხეები - 1.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი-რ------------–---–-

2.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენილი-თ---------–-------

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20; 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13ნოემბრის N--- ბრძანება ,,სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20; მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 136-140).

 

1.3.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,,თ--–--ის“ №------- განცხადების დაკმაყოფილების შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ.2-20; 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სა---------------------- მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა, კერძოდ პროექტით გათვალისწინებული იყო №---- და №---- სატრანსპორმატორო ქვესადგურებს შორის არსებული საკაბელო ქსელის რეაბილიტაცია. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 24 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში.

 

მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ კანონის თანახმად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილი უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისთვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსახვავებული სამუშაოს შესრულების პირობა, კანონის თანახმად დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწყების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხევაში ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს მიერ დადგენილი პირობა, მოსარჩელეს მიაჩნია საწინააღმდეგოდ, რამდენადაც გასაჩივრებული სააგენტოს გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული თუ რატომ უნდა იქნეს თვით სს ,,თ--–--ის“ მიერ მოთხოვნილი პროექტით და განმარტებითი ბარათით ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენა.

 

მოსრჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს სს ,,თ--–--ის“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის ინტერესს და ზიანს აყენებს მას აღნიშნული გამოიხატება იმაში, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოები შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით, როგორც ეს გათვალისწინებულია პროექტით და კანონით. სადავო აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 ივნისის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით №--------- დგინდება, რომ დაკმაყოფილდა განმცხადებლის წერილობითი თხოვნა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №QN1209868 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ და სამუშაოს წარმოებისთვის განმცხადებელს განესაზღვრა-დამატებით 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №QN1209868 გადაწყვეტილებით და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება №--------- ( ს.ფ. 118)

 

3.1.2. 2017წლის 19 ოქტომბერს, სს,,თ--–--მა’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------------------------------------- ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილებით სს,,თ--–--ს’’ დაუდგინდა ხარვეზი და დგინდება, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში, ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად მთლიან ფართზე მისი აღდგენის პირობების გაუთვალისწინებლად. დამატებით დაზუსტდა, რომ დაზიანებული მონაკვეთები წარმოადგენს სს ,,თ--–--ის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგს(იხ.გადაწყვეტილება:QN11228323, QN1209868). ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20(ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით დადასტურა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, 2017 წლის 26ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია სს ,,თ--–--ის’’ მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და რომ სს,,თ--–--ის’’ მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,თ--–--ის’’ 2017წლის 19 ოქტომბრის №--------- ელექტრონული განცხადება (ს.ფ. 92)

 

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №---------0(ს.ფ. 104-105)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2018 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერი ჯგუფის უფროსის ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 29 ნოემბრის წერილით, სს ,,თ--–--ის გენერალური დირექტორის 23.10.17წლის №--- ბრძანების, კომისიის №14 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინტერსებულ პირს გაეგზავნა პროექტის ხარჯთაღრიცხვები და ეცნობა შემდეგი:

-პროექტი №------- მიხედვით(თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით)ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (104მ) შეადგენს 6720.97 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების და მექანიზირებული მეთოდით(კროტით 88 მ) ჩატარებული სამუშაოების კალკულაცია(სულ104მ) შეადგენს 9907.29 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 3186.33 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

-პროექტი №4940-ის მიხედვით (თხრილის ფარგლებში 0.4 მ სიგანით) ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია(108მ) -შეადგენს 1325.38 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (108მ)-შეადგენს 9342.06 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა 8016.68 ლარს დ.ღ.გ-ჩათვლით.

-პროექტი vv-57/17-ის მიხედვით(თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით) ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაციაა(129მ) -შედგენს 2147.60 დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილსის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიანი ფართზე ასფალტის საფარის მოსწაყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (129 მ)-შეადგენს 5501.75 ლარს დ.ღ.გ ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 3354.15 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერი ჯგუფის უფროსის ნო----–--–----–---–ის 2017 წლის 29ნოემბრის წერილი N-------4 (ს.ფ. 35-37)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N-----------6 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში(შემდგომში-ეკონომიკის სამინისტრო) საქართველოს მთავრობიდან გადაგზავნილია 2017 წლის 14 აგვისტოს №----------- წერილი, რომელიც შეეხება კომუნალური ქსელის მშენებლობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების პროცესის გამარტივებას. აღნიშნული წერილით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ კომუნალური ქსელი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კვეთს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ნაკვეთს ან/და გზას, რის გამოც შეუძლებელი ხდება ,,ლიცენზირებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,ერთი სარკმლის პრინციპის“ დაცვა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვილებების გარეშე, შედეგად იზრდება სამუშაოების ვადები და ხარჯები, ასევე ფერხდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და მათი განხორციელება. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოების მონაწილეობით მათ მიერ მომზადდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს დადგენილების ცვლილებების პროექტი 1კლასის კომუნალური ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის პროცესის შეთანხმებებთან დაკავშირებით. კომუნალური ქსელების მშენებლობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიით, ბუნებერივი გაზით და სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური მომარაგებასა და ახალი მომხმარებლის შესაბამის ქსელზე დროულ მიერთებასთან. ამასთან ხსენებული საკითხები იმყოფება საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს სტაბილურობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის წერილი №1/08-3-12846 (ს.ფ. 38-39)

 

3.1.5. 2017 წლის 27 ნოემბერს, სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენელმა ზ------------მ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 26 ოქტომბრის №QN155082 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენლის ზ------------ს 2017 წლის 27ნოემბრის №-----------------ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სს ,,თ--–--ის’’ (წარმომადგენელი ზ------------) 2017 წლის 27 ნოემბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 51-57)

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №--- ბრძანება სს ,,თ--–--ის“ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 129-135)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის საჭირო გარემოებები.

 

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელსაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სს ,,თ--–--ის” მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქონების მართვის სააგენტოს წესდება(დებულება)’’(სადავო პერიოდში მოქმედი), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანება ,,სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. რაც შეეხება გასაჩივრებულ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილებას, -სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით დადასტურა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია სს ,,თ--–--ის’’ მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და რომ სს,,თ--–--ის’’ მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 26ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იწვევს სამართლებრივ შედეგს, რის გამოც დასახელებული გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც დამოუკიდებლად ექვემდებარება გასაჩივრებას კანონდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, დავის განხილვისას კი უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება(დებულება)’’(სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ქონების მართვის სააგენტოს წესდების(დებულება)’’(სადავო პერიოდში მოქმედი) 2.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

6.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა)კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის(ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ)III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, IIIკატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 3.1 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ)მუშაპროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ)საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი(ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ)გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა დაადგენს ოქმს, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა)ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ)ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, თუ სააგენტო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოთხოვნილ სამუშაოთა მოცულობას, განმცხადებელს აცნობებს ხარვეზის თაობაზე და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 5 დღის ვადით.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას, დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს,,თ--–--მა’’ №--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ს------------------------------------- ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილებით სს,,თ--–--ს’’ დაუდგინდა ხარვეზი და დგინდება, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში, ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად. მთლიან ფართზე მისი აღდგენის პირობების გაუთვალისწინებლად. დამატებით დაზუსტდა, რომ დაზიანებული მონაკვეთები წარმოადგენს სს ,,თ--–--ის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი

 

სამუშაოების შედეგს(იხ.გადაწყვეტილება:QN11228323, QN1209868). ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20(ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი. მოსარჩელე მხარე სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სადაოდ ხდის და ასაჩივრებს სასარჩელო წარმოების წესით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ.თბილისში, ს------------------------------------- ელექტრო კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ,- როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს(სს ,-----–-----) კანონისაგან განსხვავებული პირობა(მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის(სს ,-----–-----) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის(სს ,-----–-----) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი დ უშუალო(ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერი ჯგუფის უფროსის ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 29 ნოემბრის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ პროექტი №4940-ის მიხედვით (თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით) ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია(108მ) -შეადგენს 1325.38 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (108მ)-შეადგენს 9342.06 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა 8016.68 ლარს დ.ღ.გ-ჩათვლით.

 

სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე(მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ.თბილისში, ს------------------------------------- ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელაზე სს ,,თ--–--ს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა,- თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ,- როგორც აღინიშნა იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის(სს ,-----–-----) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება(მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ხოლო ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც სს ,,თ--–--ის’’ სასარჩელო განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილების(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანია, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, - ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს, სს ,,თ--–--ის’’ მიერ წარდგენილი N1550820(2017 წლის 19 ოქტომბერი) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც სს,,თ--–--ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №----- დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანება, რომლითაც სს ,,თ--–--ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სს ,,თ--–--ის’’ მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- სს,,თ--–--ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- გადაწყვეტილება.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13ნოემბრის №--- ბრძანება ,,სს ,,თ--–--ის“ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

4. მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,,თ--–--ის“ მიერ წარდგენილი განცხადების(№-------, 2017წლის 19 ოქტომბერი) დაკმაყოფილების შესახებ.

 

5. მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე- სს ,,თ--–--ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი