განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/523-18 (N041060518002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.11.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ---- ც---–---ე
მამის სახელი: გ---–-
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ვანის რაიონი სოფელი გ-----
მცხოვრები: ქუთაისი, გ. მ---------ის 15/39
ადვოკატები - ი--- კ---------ნ-----–--ე და გ-- გ---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ვ---- ც---–---ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 იანვრიდან 3 მაისიდან დროის მონაკვეთში ვ---- ც---–---ე მეუღლეს - ნ---- ჩ----ეს სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა მასზე სხვაგვარად მათი არასრულწოვანი შვილის - თანდასწრებით. კერძოდ: 2018 წლის 20 იანვარს, საღამოს საათებში, ქუთაისში, მ---------ის ქუჩა №15/39-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ---- ც---–---ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ტელეფონი ჩაარტყა სახის არეში. რის გამოც ნ---- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 26 აპრილს დაახლოებით 00:30 საათზე, ქუთაისში, მ---------ის ქუჩა №15/39-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ---- ც---–---ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მაკრატლის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მარჯვენა ხელის არეში, რის გამოც ნ---- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 03 მაისს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქუთაისში, მ---------ის ქუჩა №15/39-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ---- ც---–---ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენჯერმე ხელი დაარტყა ხელის და ზურგის არეში, რის გამოც ნ---- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 20 იანვრის ფაქტს ესწრებოდა მათი სამი თვის შვილი - გ------- ც---–---ე. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ---- ჩ----ე ასევე განიცდიდა ტანჯვას.
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული ვ---- ც---–---ე უნდა გამართლდეს 2018 წლის 20 იანვრის ძალადობის ეპიზოდში, ხოლო სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე(2018 წლის 26 აპრილის და 3 მაისის ეპიზოდები), შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ ნ---- ჩ----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი წელიწადზე მეტია, რაც ვ---- ც---–---ეს მეუღლეა და მათ ჰყავთ ერთი წლის ბავშვი. ისინი ცხოვრობდნენ ქუთაისში, მ---------ის ქ. N15-ში. ბოლო პერიოდებში მათ გაუფუჭდათ ურთიერთობა, რის მიზეზიც იყო ის გარემოება, რომ ვ---- არ მუშაობდა, იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ამ დროს კი ბავშვის საჭიროებებისათვის არ ჰქონდათ საკმარისი თანხა. 2018 წლის 26 აპრილს ვ---- ეჩხუბა მას შემდეგ, რაც მას ბავშვის საჭმლის ყიდვა მოსთხოვა და ეს კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ ვ----მ მაკრატელი, რომლითაც ფრჩხილებს იჭრიდა, მოუქნია და მარჯვენა ხელზე მოარტყა, გაუჭრა ხელი, წამოუვიდა სისხლი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და შეუწუხდა გული. ამ დროს დროს ბავშვი იყო მამამისის გვერდზე წამომჯდარ მდგომარეობაში. რაც შეეხება 02 მაისის ფაქტს, სახლში ნასვამი დაბრუნდა ვ---- და ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყეს კამათი, რომელიც დიდ ხანს გაგრძელდა, ამ დროს მეუღლემ მას სცემა: ხელის დაარტყა გვერდებში, თავში და სახეში. კონფლიქტის დროს ბავშვი სხვა ოთახში იყო. მას სახე ისე ჰქონდა გაწითლებული დარტყმის შედეგად, რომ დიდი რაოდენობით ტონალური წაისვა მის დასაფარად. ამ ფაქტის შემდეგ დაურეკა თავის დას, რომელმაც მოაკითხა, ჩაალაგებინა ნივთები და წაიყვანა ბავშვთან ერთად დედის სახლში - ი. აბაშიძის ქუჩაზე. მოწმე ასევე იხსენებს იანვრის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ზუსტად არ ახსოვს მაშინდელი კამათის მიზეზი, თუმცა, მეუღლემ მაშინ ტელეფონი ჩაარტყა ცხვირში, რაც ეტყობოდა კიდეც ცხვირზე. ამ დროს მძინარე ბავშვი ეკავა ხელში, რომელსაც არ გაუღვიძებია. ამ ფაქტის შესახებ დას უამბო, დედას კი უმალავდა, რომ არ ენერვიულა. ბოლო შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ - 06 მაისს მან გადაწყვიტა დაერეკა „112-ში“ და სამართალდამცავებს მოახსენა ყველაფერი, ვინაიდან ეშინოდა, რომ კიდევ რაიმე ცუდ ფაქტს არ ჰქონოდა ადგილი. პოლიციელებმა ჯერ გამოკითხეს, შემდეგ ექსპერტიზა ჩაუტარეს და ასევე მიიღო მონაწილეობა სახლის დათვალიერებაში, რა დროსაც მიუთითა იმ ადგილების შესახებ, სადაც მოხდა ინციდენტი, ასევე, მისი მითითებით ამოიღეს საკანცელარიო მაკრატელი, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მოძალადე არ იყო და ეს გამოწვეული იყო დედამისის ზეგავლენით, რომელსაც ჰქონდა ნევროზი, ამის გამო მკურნალობდა კიდეც. მიიჩნევს, რომ დედისგან ეს ავადმყოფობა მცირე დოზით ვ----საც ჰქონდა გამოყოლილი. დაზარალებული ითხოვს, რომ ვ---- ც---–---ეს მიეცეს შანსი და მსუბუქი სასჯელი მიესაჯოს, რადგან თვლის, რომ ის გამოსწორდება(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე თ-----ი ჩ----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ვ---- ც---–---ე არის მისი დის ნ---- ჩ----ის ქმარი, ისინი ერთად ცხოვრობდნენ 2018 წლის მაისამდე, მ---------ის ქ. N15 ში დაგირავებულ ბინაში. 2018 წლის 02 მაისის ღამეს, 12 საათის შემდეგ, დაურეკა მისმა დამ და უთხრა აღელვებულმა, რომ ქმარმა სცემა, რის შემდეგადაც იგი ტაქსით მალევე მივიდა ნ----სთან და ნახა, რომ ნ----ს სახე ჰქონდა აწითლებული ცემისგან. ვ---- ამ დროს იგინებოდა დედის მისამართით. ამ სიტუაციიდან გამომდინარე მისი და და ბავშვი წაიყვანა თავისთან იმ ღამეს. ამ ფაქტის შემდეგ ნ----მ გადაწყვიტა, რომ აღარ დაბრუნებულიყო სახლში და მიემართა სამართალდამცავებისათვის და 6 მაისს დარეკა „112-ზე“. რაც შეეხება 2018 წლის 26 აპრილის ფაქტს, იმ დღეს დაურეკა მისმა დამ და უთხრა, რომ მეუღლემ მაკრატლით დაჭრა ხელში და ეშველა მისთვის. როდესაც მივიდა ნ----ს ხელიდან სისხლი სდიოდა, ხოლო ბავშვი ტიროდა. მოწმემ აჩვენა სასამართლოს ხელის ის მონაკვეთი, სადაც მის დას სისხლის სდიოდა და მან შეუხვია ხელი. ვ---- ამ შემთხვევაშიც დედის მისამართით აგინებდა და შემდეგ გავიდა სახლიდან. როგორც ახსოვს იმ დღესაც მასთან წაიყვანა სახლში მისი და. მოწმე 20 იანვრის ფაქტზე განმარტავს, რომ თუ არ ცდება ტელეფონი ჰქონდა ცხვირში მორტყმული მის დას ვ----საგან. კონფლიქტების შესახებ მის სიძესთან საუბარი არ ჰქონია. 26 აპრილის ეპიზოდის თარიღი ზუსტად ახსოვს, ვინაიდან 24 აპრილს დედა წავიდა საზღვარგარეთ და ეს ფაქტი მოხდა 2 დღის შემდეგ. ხოლო 2 მაისის ფაქტი ახსოვს იქედან გამომდინარე, რომ იმ დღეს იყო ,,ორმაისაობა“. ბავშვი ესწრებოდა თუ არა ამ კონფლიქტებს არ იცის ზუსტად. მისი ინფორმაციით ამ კონფლიქტების ძირითადი მიზეზი იყო ვ----ს დედა, რომელიც გამოირჩეოდა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით და მის შვილს აძლევდა ისეთ რჩევებს, რაც ცუდ ზეგავლენას ახდენდა ვ----ზე (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1057278 06/05/2018 წლის 18:31 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ,,112’’ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ინსპექტორმა გ. გ-------ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მორიგეს, რომ ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის ქ. N1/1-ში 1--- წელს დაბადებულის ნ---- ჩ----ე ითხოვდა დახმარებას, რომლის განმარტებითაც მიმდინარე წლის 26 აპრილს, ქუთაისში მ---------ის ქ. N15/39-ში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, 1--- წელს დაბადებულმა ვ---- ც---–---ემ, რომელმაც ასევე მაკრატლით მარჯვენა ხელის არეში მიაყენა დაზიანება(ს.ფ.2). N1057120 06/05/2018 წლის 18:30 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დ-----------------–--–--------------–ს მ------ წ-–--–-–---–ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ აცნობა, რომ ქუთაისში, ირ. აბაშიძის ქ. N1/1-ში ნ---- ჩ----ე (5--------) ითხოვდა დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტზე (ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით 2018 წლის 06 მაისს დ-----------------–--–--------------–მა მ------ წ-–--–-–---–მა ქუთაისში მ---------ის ქ. N15/39-ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზაზა ჯიხვაშვილის და ექსპერტების გ------- გ--------–---–ის და დ----- გ-------ს მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.ქუთაისში, გ.მ---------ის ქუჩა N15/39-ში მდებარე ბინაში. ზემოთაღნიშნული ბინა განთავსებულია 9 სართულიანი ბინის მე-2 სადარბაზოს მე-6 სართულზე, ნ---- ჩ----ემ საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე განაცხადა თანხმობა. საცხოვრებელ ბინაში შესასვლელია ლითონის მასალისაგან დამზადებული კარის გაღებით, საცხოვრებელი ბინა სამ ოთახიანია, ნ---- ჩ----ემ მისაღებ ოთახში მიუთითა სააბაზანო ოთახის მიმდებარე ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ 2018 წლის 03 მაისს სწორედ მითითებულ ადგილას სცემა მისმა მეუღლემ ვ---- ც---–---ემ, დათვალიერება გრძელდება საძინებელ ოთახში, სადაც დგას კარადა და საწოლი, რომელზედაც გადაფარებულია თეთრეული. ნ---- ჩ----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 აპრილს სწორედ ამ საწოლთან ყოფნის დროს ხელის მტევანზე მაკრატლით დაზიანება მიაყენა მისმა მეუღლემ. სასტუმრო ოთახში, სადაც დგას დივანი, მაგიდა და მარცხენა მხარეს კედელთან მიდგმულია შემინული კარადა. ნ---- ჩ----ემ მიიყვანა ისინი აღნიშნულ კარადასთან და მიუთითა კარადის სათავსოში მოთავსებულ მოცისფრო ფერის ტარიან მაკრატელზე და განაცხადა, რომ 2018 წლის 26 აპრილს სწორედ აღნიშნული მაკრატლის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მეუღლემ ვ---- ც---–---ემ. მაკრატელი იქვე იქნა ამოღებული 01 პაკეტად. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა თანმიმდევრობით "ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოგადამღებით. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ(ს.ფ. N7-12).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სრულად დაადასტურა გ-----------–მა მ------ წ-–--–-–---–მა სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემისას(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 06 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ნ---- ჩ----ის ახსნა-განმარტებების თანახმად ვ---- ც---–---ემ მას 2018 წლის 26 აპრილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩაარტყა მაკრატელი, ხოლო 02 მაისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე ორდერის თანახმად, ვ---- ც---–---ეს აეკრძალა ნ---- ჩ----ესთან მიახლოება(ს.ფ. 184-197, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №003019618 დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 06.05.2018 წელს 21:02-21:15 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ---- ჩ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე შეხორცების ფაზაში მყოფი შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობისა და მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 03.05.2018წ. ხოლო დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 26.04.2018წ. (ს.ფ. 19-21, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №003271718 დასკვნის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად ვ---- ც---–---ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ---- ჩ----ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს(ს.ფ. 104-109).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრალდებულმა ვ---- ც---–---ემ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ დაზარალებულმა თავად მიიყენა დანით დაზიანება შემთხვევით, სამზარეულოში კარტოფილის ჭრისას, ხოლო სხვა დაზიანებები როგორ მიიღო, მისთვის უცნობია. მასსა და მის მეუღლეს ნ---- ჩ----ეს შორის ოჯახურ კონფლიქტებს ადგილი ჰქონდა სიტყვიერი ფორმით, რაც რაიმე სახის ძალადობაში არასოდეს გადაზრდილა. ნ---- ჩ----ეს აგრესია ჰქონდა მისი(ვ---- ც---–---ის) დედის მიმართ. დედა ხშირად ურეკავდა მას, ეხმარებოდა ყოფით საკითხებში, რაზეც ნ---- ბრაზდებოდა და მოითხოვდა მისგან, რომ თავად ემუშავა და თავად უზრუნველეყო ოჯახი. მისი ბავშვი ეხლა წლის და ერთი თვის არის, ხოლო როცა დააკავეს - 7 თვის იყო. ყოველთვის ცდილობდნენ ბავშვთან კამათი არ ჰქონოდათ. მას ის მაკრატელი, რომლითაც თითქოს დაჭრა ნ----, არასოდეს უნახავს. ის არ ეთანხმება არც მისი მეუღლის და არც მისი დის ჩვენებებს, რადგან ისინი ცრუობენ(სასამართლო სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ნ---- ჩ----ის მიმართ განხორციელებული 2018 წლის 20 იანვრის ძალადობის ეპიზოდში ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვ---- ც---–---ემ 2018 წლის 20 იანვარს განახორციელა ძალადობა მეუღლის - ნ---- ჩ----ის მიმართ, ამყარებს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე და მოწმე თ----- ჩ----ის ირიბ ჩვენებაზე, თუმცა მოცემული ფაქტის დამადასტურებელი სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. კერძოდ:
თ----- ჩ----ის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ იგი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ავრცელებს დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. მეტიც, მას კარგად არ ახსოვს 20 იანვრის ძალადობის ფაქტის მისი დისაგან ნაამბობი დეტალები და სასამართლოზე ჩვენების მიცემისას იყენებს ისეთ ვარაუდის შინაარსის მატარებელ სიტყვათა კონსტრუქციას, როგორიცაა - „თუ არ ვცდები“. ეს გარემობა კიდევ უფრო ამცირებს ამ ირიბი, ისედაც ნაკლებად სარწმუნო ჩვენების სანდოობის ხარისხს. ამასთან, დაზარალებულზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით აღმოჩენილი არ არის ძალადობის(გამოხატული ტელეფონის სახეში დარტყმით) მადასტურებელი რაიმე კვალი, რაც სასამართლოს არ აძლევს საშუალებას ობიექტურად შეაფასოს ძალადობის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არ შეუტყობინებია სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მაშინაც კი როდესაც სხვა ძალადობის ფაქტზე გააკეთა შეტყობინება „112-ზე“. უფრო მეტიც, გამოძიების დაწყების შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებული დეტალურად მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის მხოლოდ 2 ეპიზოდის გარემოებებზე, ხოლო 20 იანვრის ფაქტი თუ სად და რა გარემოებებში მოხდა, საერთოდ არ აქვს აღწერილი.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა დაზარალებულისა და მოწმის ნაკლებად სარწმუნო ირიბი ჩვენებისა, სხვა არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია 2018 წლის 20 იანვრის ძალადობის ეპიზოდში ვ---- ც---–---ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მსჯავრდება. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უტყუარად არ დგინდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ტკივილის მომგვრელი ძალადობის ფაქტი(20.01.2018წ. ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ვ---- ც---–---ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას ნ---- ჩ----ის მიმართ განხორციელებულ 2018 წლის 20 იანვრის ძალადობის ეპიზოდში.
2018 წლის 26 აპრილისა და 03 მაისის ძალადობის ეპიზოდები:
მოცემულ ეპიზოდებში წარდგენილი ოჯახური ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება როგორც დაზარალებულ ნ---- ჩ----ის, ისე მოწმე თ----- ჩ----ის ჩვენებით, რომელიც აღნიშნულ ფაქტებს შეესწრო ცხელ კვალზე, ანუ უმალვე მისი განხორციელებისთანავე და მას შემთხვევის ადგილზე ორივე შემთხვევაში დახვდა საკმარისად აღქმადი სურათი. მოწმეთა ჩვენებების სანდოობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ შეტყობინება „112-ზე“ განხორციელდა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, როცა ფაქტები ახალი მომხდარი იყო და სახეზე იყო ძალადობის კვალი. დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებას სრულად შესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენება, რომლითაც უტყუარად დასტურდება დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობისა და ამ ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის ფაქტები. 26 აპრილისა და 3 მაისის ძალადობის ფაქტების ჩადენის გარემოებები დეტალურად აქვს აღწერილი დაზარალებულს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რა დროსაც ამოიღეს დანაშაულის იარაღი - საკანცელარიო მაკრატელი, რომლითაც ექსპერტის ჩვენების თანახმად შესაძლებელი იყო ხელის მტევანზე არსებული დაზიანების მიყენება. ყველა აღნიშნული მტკიცებულება ერთობლიობაში სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას მოცემული დანაშაულების შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას არასოდეს უძალადია მის მეუღლეზე, რომ მისი მეუღლე, მათ შორის არსებული ხშირი კონფლიქტებიდან გამომდინარე, შურისძიების გამო სასამართლოს აწვდის ცრუ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, რადგან გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიერ ყოველმხრივ შემოწმებულია და გაზიარებულია დაზარალებულის ჩვენების სანდოობა, მან ასევე სასამართლოს განუმარტა, რომ იმედი აქვს ვ---- ც---–---ის გამოსწორების და ითხოვა მისი მსუბუქად დასჯა. ეს ფაქტი კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ნ---- ჩ----ე მოტივირებული არ არის მეუღლის დასჯის ინტერესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 26 აპრილს დაახლოებით 00:30 საათზე, ქუთაისში, მ---------ის ქუჩა №15/39-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ---- ც---–---ემ მეუღლეს ნ---- ჩ----ეს მაკრატლის გამოყენებით მიაყენა დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 03 მაისს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქუთაისში, მ---------ის ქუჩა №15/39-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვ---- ც---–---ემ მეუღლეს ნ---- ჩ----ეს ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ვ---- ც---–---ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები არ იძლევა სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის კვალიფიკაციას, ვინიდან სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა გულისხმობს დროის მოკლე ინტერვალში სულ მცირე ძალადობის 3 ფაქტს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ასევე დადგენილი არ არის ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი მეორე კომპონენტი - „რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია“, ვინაიდან თვით ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „ვ---- ც---–---ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ---- ჩ----ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ფიზიკური ტანჯვის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომლისთვისაც საკმარისი არაა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის ფაქტის არსებობა. ასევე არ არსებობს მოცემული შემადგენლობისათვის აუცილებელი მესამე კომპონენტიც - ქმედების ჩადენა „არასრულწლოვნის თანდასწრებით“, ვინაიდან ბრალდების ფაბულიდან გამომდინარე, 2018 წლის 26 აპრილის და 3 მაისის ძალადობის ეპიზოდების ბავშვის თანდასწრებით ჩადენა ვ---- ც---–---ეს საერთოდ არ შეერაცხა ბრალად, მას მხოლოდ 20 იანვრის ეპიზოდში ჰქონდა მითითებული არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენით დადგენილი ფაქტებს სრულად მოიცავს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ---- ც---–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ორ ეპიზოდზე.
საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ვ---- ც---–---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(2018 წლის 26 აპრილის და 3 მაისის ეპიზოდები), ანუ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
ვ---- ც---–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: დაზარალებული ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელის გამოყენებას. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვ---- ც---–---ე პირველადაა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ბრალდებულს სურს თავისი წვლილი შეიტანოს თავისი 1 წლის შვილის აღზრდაში
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით სამართლიანი ზომით და მისი რეალური მოხდით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ---- ც---–---ეს ამოერიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან 20.01.2018წ. ეპიზოდი, ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ამ ეპიზოდში.
2. საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის 02 ეპიზოდზე.
3. ვ---- ც---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (26.04.2018წ. ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
4. ვ---- ც---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (03.05.2018წ. ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
5. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---- ც---–---ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
6. ვ---- ც---–---ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაკრატელი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე