გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/3905-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018 წელი ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ლ---- ს---–------ე, ხ------- დ-----ე;
წარმომადგენელი - ნ--- ფ------ე;
მოპასუხე - ზ---- ს---–------ე, შ------- ა---–---–ი;
წარმომადგენელი - ირმა აბაშიძე;
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეები - ზ---- ს---–------ე და შ------- ა---–---–ი გამოსახლებულ იქნენ ბინიდან, მდებარე: ქ.ქუთაისი, თ------–---–-ს ქუჩა N223/6, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.006.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ.ქუთაისი, თ------–---–-ს ქუჩა N223/6, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.006, წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას, რომელშიც კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ მოპასუხეები. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ საცხოვრებელ სახლს, ეჩხუბებიან მათ, ლახავენ ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის როგორც მესაკუთრეთა უფლებებს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზეც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მართალია ბინა აღრიცხულია მოსარჩელეთა სახელზე, მაგრამ ოჯახის წევრები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ამ ბინაში უნდა ეცხოვრა მოპასუხეებს, რომლებიც 21 წელია უწყვეტად ცხოვრობენ. მოსარჩელეები ნებისმიერ დროს შედიან ბინაში, მათ აქვთ გასაღები და არასდროს არ შეუქმნიათ პრობლემა. მოპასუხე შ------- ა---–---–ის განმარტებით, მოსარჩელე ლ---- ს---–------ე 2017 წლის მაისის თვეში შევიდა ბინაში და დააზიანა მისი კუთვნილი ავეჯი, პირადი მოხმარების ნივთები, რომელთა ღირებულება 7000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მოპასუხე ზ---- ს---–------ის განმარტებით, დედამისმა მამაპაპური სოფელი როხი, რომელიც იყო მის სახელზე 2017 წლის 6 სექტემბერს აჩუქა მის დისშვილს - სალომე დ-----ეს, ისე, რომ მას ერთი ნივთიც კი არ შეხვდა. მისი განმარტებით, იგი არის მშრომელი ადამიანი, რომელიც მთლიან ნაშრომს დედას აბარებდა და არაფერი მიჰქონდა ცოლთან. სწორედ ამიტომ არის დღეს სოციალურად დაუცველი. მოსარჩელეებმა უამრავი ტანჯვა მიაყენეს მის ოჯახს, განსაკუთრებით მის მეუღლეს შ------- ა---–---–ს, რომლის მიმართაც იყო ძალადობის ფაქტები. მოსარჩელე ხ------- დ-----ე მის სავაჭრო ბიზნესში შ------- ა---–---–ს უხელფასოდ ამუშავებდა დაახლოებით ოთხი თვე, ასევე მოსარჩელეებს წაღებული აქვთ მათი კუთვნილი 40 გრ. ოქრო და დღემდე არ დაუბრუნებიათ. გაქურდეს მათი ბინა, ამის შემდეგ დაიწყეს მათი სახლიდან გამოგდების პროცესი. მოპასუხე ითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, რადგან ბინა მოსარჩელეებს გადაფორმებული აქვთ მოტყუებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით 0-----------.01.006 რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, თ------–---–-ს ქუჩა N223/6, წარმოადგენს მოსარჩელეების - ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ 14-15).
3.1.2. მოსარჩელეების - ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ზ---- ს---–------ე და შ------- ა---–---–ი, რაც მესაკუთრეთა ნებას ეწინააღმდეგება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სასარჩელო განცხადება (ს/ფ 85-97).
3.1.3. მოპასუხე ზ---- ს---–------ე და შ------- ა---–---–ი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს/ფ 34).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს - ლ---- ს---–------ეს და ხ------- დ-----ეს არ ეძლევათ მათი საკუთრებით სარგებლობის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სასარჩელო განცხადება (ს/ფ 85-97).
3.2.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
6.3. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
6.4. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.5. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
6.6. მოსარჩელეების - ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის საკუთრებაში კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
6.7. სადავო ნივთზე მოსარჩელეებს გააჩნიათ საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეები არიან სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეები, რომლებიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვენ მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეებს აქვთ სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეებს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგონ საკუთარი ნივთი. შესაბამისად, ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მიერ გადახდილი ბაჟის გადახდა.
ამასთან, მოსარჩელეების მიერ გადასახდელი იყო სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარი, ვინაიდან მათ მიერ გადახდილია მხოლოდ 100 ლარი, 20 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეები - ზ---- ს---–------ე და შ------- ა---–---–ი გამოსახლებულ იქნენ ბინიდან, მდებარე: ქ.ქუთაისი, თ------–---–-ს ქუჩა N223/6, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.006.
1.2. მოპასუხეებს - ზ---- ს---–------ეს და შ------- ა---–---–ს ლ---- ს---–------ის და ხ------- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს - ზ---- ს---–------ეს და შ------- ა---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 20 ლარის გადახდა.
2. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა