გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/790-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ნ--- გ--------ე;
წარმომადგენელი - ფ-------- კ------–---–ი;
წარმომადგენელი - ზ---- ნ-------;
მოპასუხე - ბ----ი გ--------ე;
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;
წარმომადგენელი - ნ----------------ე;
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მშობლების ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი თ-------- გ--------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი: ქ.ქუთაისი, ჩ--------–---ის ქუჩა N3, ბინა N45.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 08 თებერვალს დაქორწინდა ბ---- დ---–-–---–ზე. ქორწინების შემდეგ მოპასუხეს მიეკუთვნა ცოლის გვარი - გ--------ე. 2007 წლის 07 დეკემბერს შეეძინათ შვილი - თ-------- გ--------ე. ბავშვი იყო ორი წლის, როდესაც მისი მეუღლე გაემგზავრა იტალიაში სამუშაოდ სამი წლით. ქურდობის ბრალდებით იგი მოხვდა საპატიმროში. 6-7 თვის განმავლობაში სასჯელს იხდიდა ფლორენციის ციხეში. სასჯელის მოხდის პერიოდში თვითონაც გაემგზავრა სამუშაოდ იტალიაში. გათავისუფლების შემდეგ ბ---- გ--------ე გაემგზავრა გერმანიაში და შემდგომ კვლავ დაბრუნდა იტალიაში. იქ ყოფნის დროს მათ შორის გაფუჭდა ურთიერთობა, მოპასუხე უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, ამცირებდა და მოკვლით ემუქრებოდა, რაც დღემდე გრძელდება. მათ შორის ქორწინება შეწყდა, თუმცა ბ---- გ--------ემ კატეგორიულად მოითხოვა შვილი გადავიდეს მამის ქორწინებამდელ გვარზე - დ---–-–---–ზე და მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, რომლის წინააღმდეგიც არის და მომართა სასამართლოს, რადგან აქვს მშობლებთან ერთად სამ ოთახიანი ბინა ქუთაისში, სადაც შექმნილია ყველა პირობა ნორმალური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის. მისი მშობლები არიან შრომისუნარიანები, საკუთრებაში აქვთ კომერციული ფართი, მაღაზია ქ.ქუთაისში. მოპასუხეს კი აქვს ერთოთახიანი ბინა და თანახმაა შვილს მასთან ჰქონდეს გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ მისი იქ ცხოვრება შეუძლებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბ----ი გ--------ე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და სურს არასრულწლოვანმა შვილმა იცხოვროს მასთან ერთად, თუმცა მამა არ უშლის ხელს არასრულწლოვანს სტაბილური ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან და განსაზღვრულ დღეებში შეხვდეს მას. თავად არასრულწლოვან თ-------- გ--------ეს სურს მამასთან ცხოვრება.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი თ-------- გ--------ის ასაკის გათვალისწინებით, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვანი ბავშვის სურვილს. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვან თ-------- გ--------ეს აქვს უნარი და გონებრივი შესაძლებლობა, თავისუფლად ჩამოაყალიბოს მისი ნება-სურვილი და ამასთან, არ შეინიშნება მასზე რაიმე ფსიქოლოგიური ზეგავლენის კვალი, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მისი სურვილი, თუ რომელ მშობელთან უფრო მეტად უნდა ცხოვრობდეს და რომელ მათგანთან უფრო უკეთესად, კომფორტულად გრძნობს თავს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ნ--- გ--------ეს და ბ----ი გ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 07 დეკემბერს შეეძინათ შვილი - თ-------- გ--------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16).
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20).
4.1.2. მხარეები, ნ--- გ--------ე და ბ----ი გ--------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.3. მოსარჩელე ნ--- გ--------ე იმყოფება იტალიის რესპუბლიკაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის N2442 დასკვნა (ს.ფ. 37-38);
4.1.4. არასრულწლოვანი თ-------- გ--------ე სწავლობს ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის N2442 დასკვნა (ს.ფ. 37-38);
4.1.5. არასრულწლოვანი თ-------- გ--------ე მამასთან - ბ----ი გ--------ესთან, ბებიასთან - მაგული დ---–-–---–თან და ბაბუასთან - შოთა დ---–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჩ--------–---ის ქ. N3, ბინა N46. საცხოვრებელი შედგება ერთი ოთახისაგან, რომელიც მოწესრიგებულია და საცხოვრებლად უსაფრთხოა. მოწესრიგებულია წყლისა და ელექტრო გაყვანილობები. ბინა გაზიფიცირებულია, ჩართულია ელექტრო მომარაგების საერთო ქსელში. მოპასუხის ინფორმაციით, მას ძმასთან ერთად აქვს საკუთარი მაღაზია, ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი.
თ-------- გ--------ე სწავლობს მე-9 საჯარო სკოლაში და იგი რეგისტრირებულია როგორც თ-------- დ---–-–---–ი. პედაგოგის ინფორმაციით, ის სისტემატიურად დადის სკოლაში, აქვს სასკოლო ნივთები და წიგნები, ამზადებს გაკვეთილებს და ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში ჩართულია მამა და ბებია. თ--------ს კოგნიტური და სოციალური უნარები ასაკის შესაბამისად არის განვითარებული, შეუძლია წერა-კითხვა, ანგარიში, ლოგიკური აზროვნება, დასმულ კითხვებზე პასუხობს ადეკვატურად. მას განსაკუთრებით უყვარს ინგლისური ენა. ჰყავს მეგობრები სკოლაში, მისი სოციალური სტატუსი ნორმალურია.
მიღებული ინფორმაციით, ბავშვის დედა - ნ--- გ--------ე ამ ეტაპზე იმყოფება საზღვარგარეთ, იტალიის რესპუბლიკაში. თ--------ს ინფორმაციით, მას დედასთან აქვს სატელეფონო კავშირი. მისი განმარტებით, სურვილი აქვს იცხოვროს ორივე მშობელთან, დედის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში კი - მამასთან.
შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თ-------- გ--------ე ამ ეტაპზე იმყოფება მზრუნველ გარემოში, სადაც ხელი ეწყობა მის ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ განვითარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის N2442 დასკვნა (ს.ფ. 37-38);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანი თ-------- გ--------ის შესახებ მომზადებული დასკვნის მიხედვით, თ-------- გ--------ე არის მშვიდი, გაწონასწორებული, მეტყველებს კარგად, შეუფერხებლად, ასაკის შესაბამისად არის განვითარებული, აქვს აკადემიური უნარები, არის ადეკვატური, გარემოდან მიღებულ ინფორმაციას პასუხობს შესაბამისად. ბავშვის გონებრივი განვითარება შეესაბამება ასაკს. ურთიერთდამოკიდებულებები მამა-შვილს შორის არის თბილი, მზრუნველობითი ხასიათის, თ-------- აღნიშნავს, რომ მამასთან აკავშირებს მეგობრული დამოკიდებულება. დედასთან კონტაქტობს ინტენსიურად. თ--------სთვის მშობლებს შორის კონფლიქტი მატრამვირებელია, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე (დედა იმყოფება საზღვარგარეთ, ბავშვი იზრდება მამის ოჯახში, ახლო ურთიერთობები აქვს დედის მშობლებთან და ნათესავებთან), კერძოდ, თ-------- აღნიშნავს, რომ ,,ბედნიერი იყო მაშინ ყველაზე მეტად, როცა მშობლები ერთად იყო“, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი, არ გამორიცხავს მშობლების ერთად ყოფნას. ვინაიდან ფიზიკურად ბავშვს მეტი ურთიერთობა აქვს მამასთან, მისთვის ავტორიტეტს მამა წარმოადგენს, თუმცა დედის მიმართ აქვს დადებითი განწყობები და გამოხატული სიყვარულის გრძნობა. მშობლებმა სწორად უნდა გააცნობიერონ და გადაინაწილონ შვილის წინაშე არსებული პასუხისმგებლობები, ბავშვისთვის ორივე მშობლის მხარდაჭერა და ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აქვს გაურკვევლობის განცდა, დგას არჩევანის წინაშე, ვერ აკეთებს არჩევანს (ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს საკუთარ თავს, ვინაიდან უყვარს მამაც და დედაც), ეს მდგომარეობა ტრამვულ განცდებს უყალიბებს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია მშობლებს შორის შედგეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხში (ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით), არ უნდა მოხდეს ბავშვით მანიპულირება, მშობლებმა არ უნდა გამოიყენონ ერთმანეთის მიმართ დამაშორებელი სიტყვები, რათა არ გაიზარდოს განქორწინებით გამოწვეული რისკები. ბავშვს სწორად უნდა აეხსნას ორივე მშობლისგან, რომ ის არ არის არცერთის საკუთრება, მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, ნებისმიერი ,,არჩევანი“ ორივე მშობლისთვის მისაღებია, რაც თავის მხრივ მოუხსნის დაძაბულობას და აარიდებს გარკვეული ტიპის განცდებს. ხაზგასმით უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვის ასაკს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის 2018 წლის 20 აგვისტოს N2378 ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 94-96);
4.2.2. სასამართლო იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლისა და გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდოს და იცხოვროს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან, ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს არასრულწლოვანი თ-------- გ--------ის სურვილი, რომელიც ნათლად და გარკვევით განმარტავს, რომ სურს იცხოვროს მამასთან ერთად, რომელთანაც თავს კომფორტულად, მშვიდად და ხალისიანად გრძნობს. იგი გამოხატავს მეტ ემოციურ კავშირს და სტაბილური, ყოველდღიური ურთიერთობის სურვილს მამასთან და მამის ოჯახის წევრებთან, თუმცა ასევე, სურს ნახოს დედა, თუმცა დედასთან, ნ--- გ--------ესთან ცხოვრება არ სურს, მისი განმარტებით ის მთელი დღე, მას შემდეგ რაც დედა ჩამოვა, იქნება მასთან, მაგრამ საღამოს წამოვა მამის ოჯახში და იქ დაიძინებს (იხ. 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--- გ--------ის სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები.
- საქართველოს კონსტიტუცია.
- „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK.
7. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ნ--- გ--------ემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2007 წლის 07 დეკემბერს დაბადებული თ-------- გ--------ის საცხოვრებელ ადგილად დედის - ნ--- გ--------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მშობლების ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი თ-------- გ--------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი: ქ.ქუთაისი, ჩ--------–---ის ქუჩა N3, ბინა N45.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.
დადგენილია, რომ ნ--- გ--------ეს და ბ----ი გ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 7 დეკემბერს შეეძინათ შვილი - თ-------- გ--------ე. მხარეები, ნ--- გ--------ე და ბ----ი გ--------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი თ-------- გ--------ე ამჟამად არ ცხოვრობს დედასთან, ნ--- გ--------ესთან ერთად.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი თ-------- გ--------ე ცხოვრობს მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად მამის სახლში. საცხოვრებელში არის კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, რაც სრულად შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად თ-------- გ--------ის უპირატეს ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ საკითხის მსჯელობისას, მნიშვნელოვანია თავად ბავშვის დამოკიდებულება გადასაწყვეტი საკითხის მიმართ. არასრულწლოვანმა თ-------- გ--------ემ ნათლად მიუთითა, რომ საცხოვრებლად სურს დარჩეს მის ამჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას, მამასთან. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას, არასრულწლოვანი თ-------- გ--------ე ოჯახის წევრების მიერ უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი, კარგი ზრუნვით და საცხოვრებელი პირობებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, ურთიერთდამოკიდებულებები მამა-შვილს შორის არის თბილი, მზრუნველობითი ხასიათის, თ-------- აღნიშნავს, რომ მამასთან აკავშირებს მეგობრული დამოკიდებულება. დედასთან კონტაქტობს ინტენსიურად. თ--------სთვის მშობლებს შორის კონფლიქტი მატრამვირებელია, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე (დედა იმყოფება საზღვარგარეთ, ბავშვი იზრდება მამის ოჯახში, ახლო ურთიერთობები აქვს დედის მშობლებთან და ნათესავებთან), კერძოდ, თ-------- აღნიშნავს, რომ ,,ბედნიერი იყო მაშინ ყველაზე მეტად როცა მშობლები ერთად იყო“, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი, არ გამორიცხავს მშობლების ერთად ყოფნას. ვინაიდან ფიზიკურად ბავშვს მეტი ურთიერთობა აქვს მამასთან, მისთვის ავტორიტეტს მამა წარმოადგენს, თუმცა დედის მიმართ აქვს დადებითი განწყობები და გამოხატული სიყვარულის გრძნობა. მშობლებმა სწორად უნდა გააცნობიერონ და გადაინაწილონ შვილის წინაშე არსებული პასუხისმგებლობები, ბავშვისთვის ორივე მშობლის მხარდაჭერა და ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია. თუ ბავშვს აქვს გაურკვევლობის განცდა, დგას არჩევანის წინაშე, ვერ აკეთებს არჩევანს (ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს საკუთარ თავს, ვინაიდან უყვარს მამაც და დედაც), ეს მდგომარეობა ტრამვულ განცდებს უყალიბებს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია მშობლებს შორის შედგეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხში (ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით), არ უნდა მოხდეს ბავშვით მანიპულირება, მშობლებმა არ უნდა გამოიყენონ ერთმანეთის მიმართ დამაშორებელი სიტყვები, რათა არ გაიზარდოს განქორწინებით გამოწვეული რისკები. ბავშვს სწორად უნდა აეხსნას ორივე მშობლისგან, რომ ის არ არის არცერთის საკუთრება, მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, ნებისმიერი ,,არჩევანი“ ორივე მშობლისთვის მისაღებია, რაც თავის მხრივ მოუხსნის დაძაბულობას და აარიდებს გარკვეული ტიპის განცდებს. ხაზგასმით უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვის ასაკს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მშობლები არ არიან წინააღმდეგი არასრულწლოვანს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა მეორე მშობელთან. მშობელთა შორის თანამშრომლობა კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვის სამომავლო კეთილდღეობას და სრულფასოვან განვითარებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე მშობელი თანაბრად ყურადღებიანი და მზრუნველია და ორივე მათგანს შეუძლია არასრულწლოვანი ბავშვის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომაროების მხარდაჭერა, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს თავად არასრულწლოვანი ბავშვის პოზიციას - მის სურვილს საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ერთ-ერთი მშობლისათვის, მხოლოდ მისი ბიოლოგიური სქესის გამო, რაიმე უპირატესობის მინიჭება კანონშეუსაბამო და დისკრიმინაციულია. აღნიშნული უნდა დაბალანსდეს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით ისე, რომ არც ერთ მშობელს არ დაერღვეს უფლება, მონაწილეობდეს არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებაში.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად, „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“ ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ევროპული სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელ ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს და განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება. სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას სათანადო მნიშვნელობას, ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინოს თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანის ასაკს, მის პირად დამოკიდებულებას ორივე მშობლის მიმართ, მისი განვითარებისათვის აუცილებელ საჭიროებებს, ამასთან, იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ უნდა შეიცვალოს არასრულწლოვანი თ-------- გ--------ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, იგი უნდა დარჩეს მამასთან საცხოვრებლად, სადაც მისთვის შექმნილია კეთილსაიმედო და მზრუნველი გარემო და ამავდროულად არასრულწლოვან ბავშვს უნდა მიეცეს დედასთან, ნ--- გ--------ესთან სტაბილური ურთიერთობის შესაძლებლობა, რათა არ დაირღვეს დედასა და შვილს შორის არსებული ემოციური კავშირი და არ მოხდეს მათი დაშორება, გაუცხოვება. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას რაიმე ფორმით. თავის მხრივ, მოპასუხე ბ----ი გ--------ე მოვალეა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს დედას ამ უფლების განხორციელებაში.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ფსიქოლოგის შეფასების, ბავშვის ასაკის, მისი სურვილის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ნ--- გ--------ის სარჩელი არასრულწლოვანი შვილისათვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე ნ--- გ--------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--- გ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა