გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210018002623781
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/26437-18

330210018002623781

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - შო-----–------ე

წარმომადგენელი - გი--------–------ე

მოპასუხე - სს ,,სა---------–--------ი“

წარმომადგენელი - ვა------------–--ა

დავის საგანი - სპეციალობით მუშაობის გამოცდილების აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

აღიარებულ იქნას, რომ მოსარჩელეს გააჩნია სს ,,პრ----------ში“ იურისტის სპეციალობით მუშაობის 5 წლის, 2 თვისა და 21 დღის გამოცდილება.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე 2010 წლის 9 მარტიდან 2015 წლის 30 მაისამდე მუაობდა სს ,,პრ----------ში“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სააღსრულებო, სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის კუთხით იურისტად.

სს ,,პრ----------ი“ 2015 წლის მაისში გადავიდა სს ,,სა---------–--------ის“ საკუთრებაში. საარქივო მასალები, სადაც ინახებოდა შო-----–------ის პირადი საქმე, დაკარგულია, რის გამოც მოპასუხის მიერ გაცემულ ცნობაში არ არის სრულად ასახული მონაცემები მოსარჩელის თანამდებობის შესახებ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის სამსახურებრივ მოვალეობას შეადგენდა, როგორც სს ,,პრ----------ის“ წარმომადგენელი იურისტის ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან, ყველა ინსტანციის სასამართლოსთან და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. იგი მონაწილეობდა არაერთ სასამართლო განხილვაში, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც დასტურდება განაჩენებითა და გადაწყვეტილებებით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ შო-----–------ე იცავდა ბ----- ინტერესებს, როგორც იურისტი. ასევე, იგი წარმოადგენდა ბ---- აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებულ საქმეებზე და ახორციელებდა ბ----- წარმომადგენლობას სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიებისას.

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს ჩააბაროს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და გახდეს მოსამართლეობის კანდიდატი, რისთვისაც სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს იურისტად მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება (იხ. 26/10/2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

სს ,,სა---------–--------ში“ არ არის დაცული მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი ინსტრუქცია (სამუშაო აღწერილობა და ფუნქციები). შესაბამისად, ბ---- არ გააჩნია მოსარჩელის შრომით გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობა ობიექტური გარემოების - მონაცემთა ბაზის/დოკუმენტაციის უქონლობის გამო. ბ-----ათვის უცნობია, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქციები იყო დადგენილი მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციისათვის. ბ----- წარმომადგენლობა სხვადასხვა დაწესებულებებში არ გულისხმობს იურიდიული მიმართულებით/იურისტად მუშაობას. ამასთან, არ არის გამოკვეთილი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის აღძვრისათვის.

მოპასუხემ წარმოადგინა კორექტირებული ცნობა მოსარჩელის შრომითი საქმიანობის შესახებ, სადაც განმარტა, რომ 1---------წ. განხორციელდა სს ,,პრ----------ის“ სს ,,სა---------–--------თან“ შერწყმის რეგისტრაცია. გადმოცემულ საარქივო მასალებში მოძიებული ინფორმაციით, მოსარჩელე 2010 წლის 9 მარტიდან 2015 წლის 11 მაისამდე მუშაობდა სს ,,პრ----------ში“ უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე სამართალდამცავ და აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით, ხოლო იმავე წლის 30 ივნისიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სს ,,სა---------–--------იდან“ (ს.ფ.90).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე, შო-----–------ეს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - იგი 2004-2008 წლებში სწავლობდა ,-------------–---–--------–---------------–------------–----------–------------------------ ,,იბ-----ს“ იურიდიული ფაკულტეტზე და ამ უმაღლესი სასწავლებლის 1---------–- გადაწყვეტილებით, მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ბაკალავრის დიპლომის ფოტოასლი (ს.ფ.65);

- კადრების აღრიცხვის ფორმა (ს.ფ.-ები: 68-70);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელე, შო-----–------ე 2010 წლის 9 მარტიდან 2015 წლის 11 მაისამდე მუშაობდა სს ,,პრ----------ში“ უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე სამართალდამცავ და სააღსრულებო ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 11/10/2018წ. ცნობა (ს.ფ.90);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 71-77);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.-ები: 119-123);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 1---------წ. განხორციელდა სს ,,პრ----------ის“ სს ,,სა---------–--------თან“ შერწყმის რეგისტრაცია, რის შედეგადაც 2015 წლის 30 ივნისიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სს ,,სა---------–--------მა“ მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 114-115);

- 11/10/2018წ. ცნობა (ს.ფ.90);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს და სს ,,სა---------–--------ში“ არ მოიპოვება ინფორმაცია მოსარჩელის თანამდებობრივი ინსტრუქციის (სამუშაო აღწერილობა და ფუნქციები) შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლო დადგენილად თვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე, შო-----–------ე სს ,,პრ----------ში“ 2010 წლის 09 მარტიდან 2015 წლის 11 მაისამდე (5 წელი 2 თვე და 2 დღე) მუშაობდა იურისტის სპეციალობით, სამართალდამცავ და სააღსრულებო ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ბაკალავრის დიპლომის ფოტოასლი (ს.ფ.65);

- კადრების აღრიცხვის ფორმა (ს.ფ.-ები: 68-70);

- 11/10/2018წ. ცნობა (ს.ფ.90);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 71-77);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 114-115);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.-ები: 119-123);

- განაჩენის ასლი (ს.ფ.-ები: 18-30);

- გადაწყვეტილებების ასლი (ს.ფ.-ები: 31-39);

- მოწმე, ან----------–-----ის ჩვენება (07/11/2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი. 11:18:37-11:51:52 სთ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-144 მუხლის მე-4 პუნქტის მე-4 წინადადება, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით, შრომა თავისუფალია, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლით, შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1.მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით; 2. ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით; 3.შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმების უფასო სამსახურები ყველა მუშაკისათვის; 4. უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შესაბამისი პროფესიული ორიენტაციის საშუალებებს, პროფესიულ მომზადებასა და რეალიზაციას.

 

ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გარანტირებულია შრომის უფლებების მატერიალური და ინსტიტუციური მექანიზმები. კერძოდ, შეთანხმების 227-228-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და მის მიმართ გლობალური მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად, რაც მოიაზრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით აღიარებული ღირსეული შრომითი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას; საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით აიღო ვალდებულება შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა. ასოცირების ხელშეკრულება ზოგადი პრინციპის დონეზე აზუსტებს ამგვარი პოლიტიკის შემუშავების მეთოდოლოგიასა და სისტემას და ის ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოს, გასწიოს სისტემატური და განგრძობადი მცდელობები, შრომითი ურთიერთობების დაცვის მაღალი დონის მისაღწევად და მიღწეულის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 180-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რამდენადაც თუ არ მოხდა დავის გადაწყვეტა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსარჩელის უფლების დარღვევა, კერძოდ, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

 

6.2. საქმის გარემოებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სს ,,პრ----------თან“, რომელის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს მოპასუხე, სს ,,სა---------–--------ი“, თუმცა დასტურდება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობა ობიექტური გარემოების - შესაბამისი მონაცემთა ბაზის უქონლობის გამო, ამის შედეგად კი, ილახება მოსარჩელის კანონით განსაზღვრული უფლება.

 

6.3. მოწმე ან----------–-----ემ, რომელიც იყო მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი - სამართალდამცავ და სააღსრულებო ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით სს ,,პრ----------ის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი - აჩვენა, რომ მოსარჩელს ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა ე.წ. ,-------–------------------- დაკავშირებით ბ----- ინტერესების დაცვა და წარმოდგენა სამართალდამცავ, სასამართლო და სააღსრულებო ორგანოებში და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მან განმარტა, რომ მოსარჩელე საქმიანობდა იურისტის სპეციალობით, ამ მიმართულებით.

მოპასუხემ კი, მისი მტკიცების საგნის ფარგლებში, ვერ უზრუნველყო საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

6.4. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ბოლო ცნობაში მითითებული ინფორმაცია მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით და ამასთან, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ სს ,,პრ----------ის“ შერწყმა სს ,ს,ა---------–--------თან“ განხორციელდა 2----–-–-----------. მოსარჩელემ სადავოდ გახადა ცნობაში მითითებული ინფორმაცია მისი თანამდებობის დასახელებაში ,,აღმასრულებელ ორგანოებთან“ ურთიერთობის ნაწილში და განმარტა, რომ მისი ფუნქციები მოიცავდა არა ,,აღმასრულებელ ორგანოებთან", არამედ სააღსრულებო ორგანოებთან ურთიერთობას, რასაც სასამართლო სრულად იზიარებს, რამდენადაც აღნიშნული დადასტურდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებითაც.

 

6.5. რაც შეეხება მუშაობის პერიოდს - რამდენადაც 1---------წ. განხორციელდა სს ,,პრ----------ის“ სს ,,სა---------–--------თან“ შერწყმის რეგისტრაცია, რის შედეგადაც 2015 წლის 30 ივნისიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სს ,,სა---------–--------მა“ მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, სასამართლო თვლის, რომ სს ,,პრ----------ში“ იურისტის სპეციალობით მოსარჩელის საქმიანობის პერიოდი მოიცავს პერიოდს 2010 წლის 09 მარტიდან 2015 წლის 11 მაისამდე.

 

6.6. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-144 მუხლის მე-4 პუნქტის მე-4 წინადადებით, საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.

 

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხის, როგორც სს ,,პრ----------ის“ უფლებამონაცვლის, მიმართ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აღიარებული იქნას, რომ 2010 წლის 09 მარტიდან 2015 წლის 11 მაისამდე მოსარჩელე, შო-----–------ე სს ,,პრ----------ში“ მუშაობდა იურისტის სპეციალობით.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 180-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. შო-----–------ის (პ.ნ.3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. აღიარებული იქნას, რომ 2010 წლის 09 მარტიდან 2015 წლის 11 მაისამდე მოსარჩელე, შო-----–------ე (პ.ნ.3----------) სს ,,პრ----------ში“ (ს.ნ.2--------) მუშაობდა იურისტის სპეციალობით.

3. მოპასუხე, სს ,,სა---------–--------ს“ (ს.კ.2--------) მოსარჩელე, შო-----–------ის (პ.ნ.3----------) სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი