გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.12.2018
საქმის ნომერი
611210018002656749
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002656749

#2/434-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.11.2018 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - ა-----------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხე - მ-----–------–---–ი

არასრულწლოვნების წარმომადგენელი - სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ა

წარმომადგენელი - მ----------------–--ე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ა-----------–---–ი სარჩელით ითხოვს მ-----–------–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, ასევე მისთვის ალიმენტის დაკისრებას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ა-----------–---–ი და მ-----–------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2009 წლის 29 მაისიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2010 წლის 12 მარტს დაბადებული ლ----------–---–ი და 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ს-----------–---–ი. მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის ივლისის თვემდე. ლ----------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, აქვს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა და მეტყველების ზოგადი მოშლილობა. მოპასუხე ოჯახის მიმართ იჩენდა აგრესიას, რის გამოც ა. ყ----–---–ი იძულებული გახდა მას დაშორებოდა და ამჟამად შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. მისი ნათესავები ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, და-ძმა ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მისი დედის ოჯახის წევრები - დეიდა და ბებია ცხოვრობენ სომხეთის რესპუბლიკაში. მოსარჩელე სურს საჭიროების შემთხვევაში შვილებთან ერთად შეძლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა და უკან დაბრუნება ერთი წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით. მან მოპასუხესთან ვერ მიაღწია თანხმობას, რათა ნებაყოფლობით სანოტარო წესით მიანიჭოს სათანადო უფლებამოსილება. ის არ აპირებს საზღვარგრაეთ სამუდამოდ წასვლას, ბავშვები სწავლობენ სკოლაში და სურს, რომ აქვე დაამთავრონ სკოლა.

მ-----–------–---–ი ა. ყ----–---–ს არ ეხმარება შვილების რჩენაში, რაც მარტოს ძალიან უჭირს. თავად მოსარჩელე არსად მუშაობს, დაკავებულია ბავშვების მოვლით. განსაკუთრებით უფროს შვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ესაჭიროება მუდმივი ყურადღება. მოპასუხე თვითდასაქმებულია და, როგორც ტაქსის მძღოლი, მუშაობს საკუთარი მიკროავტობუსით. მის რჩენაზე არავინ იმყოფება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მ-----–------–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა იმგვარად, რომ ა-----------–---–ს მიეცეს მისი თანხმობის გარეშე ბავშვებისათვის პასპორტის აღებისა და მათი საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვა, წლის განმავლობაში არა უმეტეს 3 თვის ვადით, არდადეგებსა და დასვენების დღეებში. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის თითეული ბავშვის სასარგებლოდ ალმენტის სახით ყოველთვიურად 160 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას.

სასამართლო სხდომაზე ა. ყ----–---–მა შეამცირა მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა თითეული ბავშვის სასარგებლოდ 120 ლარის დაკისრება (2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:13:29-14:13:34, 14:14:34-14:14:47).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მ-----–------–---–ს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სასამართლო სხდომაზე მან ცნო შემცირებული მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე

(2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:13:18-14:13:41), ხოლო მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან მიუთითა, რომ სურვილი აქვს ბავშვები პარასკევიდან კვირის ჩათვლით მასთან იმყოფებოდნენ. ის დარწმუნებულია, რომ მოსარჩელეს განზრახული აქვს საქართველოდან სამუდამოდ წასვლა, რის გამოც შიშობს, რომ ა. ყ----–---–ი ბავშვებს წაიყვანს სომხეთში ან რუსეთში და იქ არაკანონიერი გზებით შეძლებს მათთვის შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას მისი თანხმობის გარეშე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე უკან აღარ დაბრუნდება, შედეგად, მას აღარ ექნება შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ამასთან, მ. ყ----–---–მა უარყო ძალადობის ფაქტი და მიუთითა, რომ ბავშვებსაც სურთ მასთან ურთიერთობა.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

არასრულწლოვანების წარმომადგენელმა - სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ის წარმომადგენელმა მ----------------–--ემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ ბავშვებს ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ორივე მშობელთან, ამასთან, ბავშვებისთვის პასპორტის აღება და საზღვარგარეთ გაყვანა მოთხოვნილი ფარგლებით მათ ინტერესებს შეესაბამება (2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:10:39-14:10:57).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ა-----------–---–ი და მ-----–------–---–ი 2009 წლის 29 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2010 წლის 12 მარტს დაბადებული ლ----------–---–ი და 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ს-----------–---–ი.

მტკიცებულება:

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 17)

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 18-19).

 

3.1.2. ლ----------–---–ის აქვს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, მეტყველების ზოგადი მოშლილობა.

მტკიცებულებები:

- ცნობა #3050 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 20).

 

3.1.3. 2018 წლის ივლისში მეუღლეები დაშორდნენ. ა-----------–---–ი არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5; 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:26:18-14:28:47, 14:30:15-1414:31:18, 14:31:37-14:34:22).

 

3.1.4. ამჟამად ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - ა-----------–---–სთან მისი მშობლების სახლში. ბავშვები დადიან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სიონის საჯარო სკოლაში.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3; 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:26:18-14:28:47, 14:30:15-1414:31:18, 14:31:37-14:34:22);

- ბავშვის შეფასების ფორმები (ს. ფ. 43-65).

 

3.1.5. ა-----------–---–ის ნათესავები ცხოვრობენ სომხეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში და საბერძნეთში.

მტკიცებულებები :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5-6, 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:26:18-14:28:47, 14:30:15-1414:31:18, 14:31:37-14:34:22).

 

3.1.6. მოპასუხე მ-----–------–---–ი ცნობს სარჩელს მისთვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 120 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

მტკიცებულება:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:13:18-14:13:41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში მოსარჩელე არაკანონიერი გზებით შეძლებს მათთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას მისი თანხმობის გარეშე და სამუდამოდ დატოვებს საქართველოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოება ემყარება მხარის დაუსაბუთებელ ვარაუდს და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მხარის ახსნა-განმარტება, როგორც აღნიშნული მუხლი მიუთითებს, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებაა, თუმცა როდესაც მას უპირისპირდება მეორე მხარის ახსნა-განმარტება, შესაბამისი გარემოება სხვა მტკიცებულებითაც უნდა დადასტურდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელე კი უარყოფს ამ ფაქტს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ახლო ნათესავები ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას განზრახული აქვს ქვეყნის სამუდამოდ დატოვება. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელეს საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ბავშვები დადიან სკოლაში.

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საოჯახო დავების განხილვის თავისებურებაზე, რაც გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველ ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

ამდენად, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს, უფლებამოსილია თავად მოიპოვოს მტკიცებულებები. თუმცა ამგვარი ჩარევის საფუძვლებს უნდა იძლეოდეს ის ინფორმაცია და მტკიცებულებები, რაც სასამართლოსათვის გახდა ცნობილი კონკრეტული საქმის განხილვისას.

იმ შემთხვევაში, თუ მ. ყ----–---–ის განმარტებები დამაჯერებელი ვარაუდის საფუძველს წარმოქმნიდა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ან თუნდაც ფაქტებზე მითითებით, სასამართლო, ცხადია, გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა გამოეკვლია ამ ვარაუდის საფუძვლად არსებული გარემოებები და უზრუნველ ეყო ბავშვებისა და მოპასუხის ინტერესების დაცვა. თუმცა მოპასუხე მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებებით შემოიფარგლა, რომ ა. ყ----–---–ს საზღვარგარეთ ნათესავები ჰყავს.

ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნასა და პოზიციას. საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აქვს მინიჭებული უფლება და, ამასთანავე, დაკისრებული ვალდებულება, დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და ის საქმის განხილვაში როგორც არასრულწლოვანთა წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ინტერესების დაცვას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მათი ჭეშმარიტი საჭიროებების გათვალისწინებით.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მოპასუხის მიერ მითითებული საქართველოდან მუდმივად გაყვანისა და მათთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების საფრთხე არ დაადასტურა.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:26:18-14:28:47, 14:30:15-1414:31:18, 14:31:37-14:34:22);

- ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ის დასკვნა (ს. ფ. 66-67).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----------–---–ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-199-ე მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 და 202 მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ა-----------–---–ს სარჩელი მ-----–------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.

როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 120 ლარის დაკისრებას, რასაც ეთანხმება მოპასუხეც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ყ----–---–ის მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია.

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

მშობლების უფლება/ვალდებულება იზრუნონ შვილებზე და მათ განვითარებაზე ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

ამასთანავე აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. ამასთან, ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ყ----–---–ი ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვებს პასპორტი და წაიყვანოს საზღვარგარეთ წლის განმავლობაში სამი თვით, მამის თანხმობის გარეშე, დასვენების დღეებსა და არდადეგებზე.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ამავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-81 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

ამდენად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს პასპორტი და ეს უფლება რაიმე პირობაზე, მათ შორის, ასაკზე, დამოკიდებული არ არის. თუმცა, 16 წლამდე არასრუწლოვნის მიერ ამ უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მიერ გამოხატული თანხმობა.

მოცემულ შემთხვევაში, ბავშვებისათვის პასპორტის აღების თაობაზე თანხმობის გაცემაზე უარს აცხადებს მათი მამა - მ-----–------–---–ი. მისი უარი მოტივირებულია იმით, რომ არ სურს პასპორტის გამოყენებით ბავშვებმა დატოვონ საქართველო, მათი მუდმივად საზღვარგარეთ დარჩენის საფრთხის არსებობის გამო. მოსარჩელეს კი სურს გაიყვანოს ბავშვები საქართველოს ფარგლებს გარეთ, არა უმეტეს სამი თვისა წლის განმავლობაში.

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

ამდენად, ამ შემთხვევაშიც, თუ მშობლები ვერ შეთანხდნენ არასრუწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებასა და მის საქართველოდან დროებით გასვლაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

მოთხოვნების არსიდან გამომდინარე, პასპორტის აღების მიზანია საქართველოდან დროებით გასვლა. ამას უკავშირდება მოპასუხის პოზიციაც, როდესაც ის ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამდენად, არსებითი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, არის ის, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვების ინტერესებს მათი საზღვარგარეთ გაყვანა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სურს პერიოდულად წაიყვანოს შვილები რუსეთის ფედერაციაში და სომხეთის რესპუბლიკაში, სადაც ცხოვრობენ მისი ახლო ნათესავები.

მოპასუხე თავის პოზიციას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სამუდამოდ დატოვებს საქართველოს, მიაღებინებს ბავშვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და მათ საქართველოში არ დააბრუნებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მშობელს აქვს ბავშთან ურთიერთობის უფლება, იმის მიუხედავად, თუ ვისთან ცხოვრობს ეს ბავშვი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი შესაძლოა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არსებობს და სასამართლოსათვის არ არის ცნობილი რაიმე ისეთი კონკრეტული ფაქტის ან/და მტკიცებულებების შესახებ, რაც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მოსარჩელის ამგვარი განზრახვის არსებობის შესახებ. ხოლო ცალკე აღებული ის ფაქტი, რომ ა. ყ----–---–ის ოჯახის წევრები საზღვარგრეთ ცხოვრობენ, როგორც აღინიშნა, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას ასეთი განზრახვა აქვს.

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ბავშვების ინტერესებს შეესაბამება არ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება (რაც საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაა), არამედ ასევე დასვენება, განვითარება, სხვა ქვეყნების გაცნობა, მოგზაურობა, ნათესავებთან ურთიერთობა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მათივე სხვა, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც შეიძლება იყოს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხე. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ასეთი საფრთხის არსებობაზე არცერთი კონკრეტული გარემოება თუ მტკიცებულება არ მიუთითებს, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ბავშვებისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლისა და ნათესავების მონახულების უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ნათესავები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვები მუდმივად იმყოფებიან დედის მზრუნველობაში და ზედამხედველობის ქვეშ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ----------–---–ის მიჯაჭვულობა და დედაზე დამოკიდებულება, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული. სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა ბავშვების სურვილი და მზაობა მამასთან ურთიერთობისა, რაც თავისთავად ანგარიშგასაწევი ფაქტორია, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ, მათი დიდი ბებიის მზრუნველობაში დატოვება, ამისათვის სათანადო მიზეზის არარსებობის პირობებში, სასამართლოს ბავშვების ინტერესებისათვის შეუსაბამოდ მიაჩნია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ინტენსივობით ჰქონდა სარჩელის აღძვრამდე ურთიერთობა მ-----–------–---–ს შვილებთან, კანონმდებლობა, და შესაბამისად, სასამართლოც, აღიარებს მამის უფლებას ჰქონდეს სისტემატური კავშირი თავის შვილებთან, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში, თავისი წვლილი შეიტანოს მათ სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, თუმცა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდი შეზღუდული იქნება სამი თვით წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ხელს ვერ შეუშლის მ. ყ----–---–ს შვილებთან ურთიერთობაში.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი იძულებით აღსრულება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის. გარდა ამისა, ბავშვთან დაკავშირებული უფლებების რეალიზებისათვის გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თითოეულ მხარეს აქვს სამართლებრივი მექანიზმები იმ შემთხვევისათვის, თუ გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც გავრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ მოსარჩელის მიერ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის ვადა გადააჭარბებს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მ-----–------–---–ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 12 მარტს დაბადებული ლ----------–---–ისა და 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ს-----------–---–ის მიმართ საქართველოს პირადობის მოწმობის, საქართველოს პასპორტის აღებისა და ასევე მამის თანხმობის გარეშე წლის განმავლობაში 3 თვით საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში ა-----------–---–ს სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე მ-----–------–---–ს ა-----------–---–ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავსუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო. შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----------–---–ის სარჩელი მ-----–------–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მ-----–------–---–ს ა-----------–---–ის სასარგებლოდ შვილების - 2010 წლის 12 მარტს დაბადებული ლ----------–---–ის და 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ს-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვისათვის 120 ლარის გადახდა 2018 წლის 2 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. მ-----–------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების - 2010 წლის 12 მარტს დაბადებული ლ----------–---–ის და 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ს-----------–---–ს მიმართ იმგვარად, რომ ა-----------–---–ს მიეცეს უფლება მ-----–------–---–ის თანხმობის გარეშე აუღოს შვილებს - 2010 წლის 12 მარტს დაბადებულ ლ----------–---–ს და 2011 წლის 23 ივნისს დაბადებულ ს-----------–---–ს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიყვანოს ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ წლის განმავლობაში არაუმეტეს 3 თვის ვადით არდადეგებსა და დასვენების დღეებში.

 

4. მოპასუხე მ-----–------–---–ს ა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი