გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.10.2018
საქმის ნომერი
330310018002447179
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №3/2964-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ი/მ ნ-----–-------ე

წარმომადგენლები - ა---–----–---–-, დ------–-------ე

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ---- ხ----------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი/მ ნ-----–-------ესთან ხელშეკრულების დადება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღების მიზნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით დაარსდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ნ----’’, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და პარტნიორი იყო ნ---- რ------ს ასული ც-------ე, ხოლო იურიდიული პირის საქმიანობის საგანს სხვა საქმიანობასთან ერთად ასევე წარმოადგენდა ავტოტრანსპორტის დიაგნოსტიკური შემოწმების ობიექტების შექმნა და ექსპლუატაცია.

 

2001 წლის 01 მაისს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს დადგენილებით განხორციელდა შპს ,,ნ----ს’’ ცვლილების რეგისტრაცია და ნ-----–-------ესთან ერთად (წილი საწესდებო კაპიტალში 30%) საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორად და ასევე საწარმოს დირექტორად მითითებულ იქნა რ----- ც-------ე (წილი საწესდებო კაპიტალში 70%).

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 10 ივნისის დიაგნოსტიკური ცენტრის ატესტაციის აქტის თანახმად, საქსტანდარტის 06.06.2002წ. №1-- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ ჩაატარა შპს ,,ნ----ს“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების დიაგნოსტიკური ცენტრის აკრედიტაციის სამუშაოები ტექნიკურ კომპეტენტურობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიამ შეამოწმა საწარმოს სტატუსი, საორგანიზაციო სტრუქტურა, ფინანსური მდგომარეობა, დიაგნოსტიკური მოწყობილობები და ა.შ. და დაასკვნა, რომ დიაგნოსტიკური ცენტრის აკრედიტაციის სფერო, დებულება შეესაბამებოდა აკრედიტაციის სისტემის მოთხოვნებს და გასცა რეკომენდაცია მათ დამტკიცებაზე. ამავე დასკვნის თანახმად, აკრედიტებულ იქნა შპს ,,ნ----ს’’ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების დიაგნოსტიკური ცენტრი ტექნიკურ კომპეტენტურობაზე და გატარდა სისტემის რეესტრში.

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ, სალიცენზიო კომისიის №9- ოქმის საფუძველზე, 2002 წლის 13 ივნისს გაიცა №0--- ლიცენზია, რომლის თანახმად, შპს ,,ნ----ს’’ მიეცა უფლება ეწარმოებინა მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების პროგრამით გათვალისწინებული მსუბუქი, სატვირთო ავტომობილების და ავტობუსების დიაგნოსტირება, ხოლო 2002 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მიერ გაიცა №2-- მშენებლობის დაწყების ნებართვა ქ. თბილისში, ჯ------------------ არსებული ხიდის ქვეშ შპს ,,ნ----სთვის’’ ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სადგურის განთავსების დასაშვებობის შესახებ.

 

3.1.4. 2004 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით შპს „ნ----ს“ სასაქონლო მატერიალური მარაგის სახით (გრძელვადიანი აქტივები) ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა ძირითადი საშუალებები.

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 სექტემბრის №5------ დადგენილების თანახმად, განხორციელდა შპს ,,ნ----ს’’ ლიკვიდაცია, ხოლო ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება გადაეცა შპს ,,ნ----ს’’ დამფუძნებელს - რ------–-------ეს.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ რ------–-------ის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის 26 ივნისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ჯ------------------ არსებული ხიდის ქვეშ მდებარე უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2000 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 1; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 283.70 კვ.მ.) 2006 წლის 25 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა თალიკო ც-------ის სახელზე, რომელმაც 2013 წლის 27 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა ნ-----–-------ეს.

 

3.1.5. 2006 წლის 30 მაისს ნ-----–-------ე სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება (ს.ფ. 18);

- ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2001 წლის 01 მაისის დადგენილება (ს.ფ. 19);

- 2002 წლის 10 ივნისის დიაგნოსტიკური ცენტრის ატესტაციის აქტი (ს.ფ. 20-21);

- 2002 წლის 13 ივნისის №0--- ლიცენზია (ს.ფ. 22);

- ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 2002 წლის 14 აგვისტოს №2-- მშენებლობის დაწყების ნებართვა (ს.ფ. 25);

- საწარმოს ბალანსი (ს.ფ. 28-36)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 სექტემბრის №5------ დადგენილება (ს.ფ. 99);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 18.08.2011 (ს.ფ. 42);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 07.03.2018 (ს.ფ. 43);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 45).

 

3.1.6. 2018 წლის 05 თებერვალს ი/მ ნ-----–-------ემ №1------ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების მიზნით აკრედიტაციის ცენტრისაგან აკრედიტაციის მიღების მიზნით ხელშეკრულების დადება. ხოლო 2018 წლის 22 თებერვალს ნ-----–-------ემ დამატებით №3------ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც დაურთო 2004 წლის საწარმოო ბალანსი, სალიკვიდაციო აქტი და აღნიშნა, რომ მის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს და 22 თებერვალს წარდგენილ იქნა კანონმდებლობით განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია და ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ნ-----–-------ეს საკუთრებაში გააჩნდა ზემოთხსენებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური დანადგარები (რომლითაც ფუნქციონირენდა ჯერ კიდევ შპს ,,ნ----’’).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი/მ ნ-----–-------ის 2018 წლის 05 თებერვლის №1------ განცხადება (ს.ფ. 89);

- ი/მ ნ-----–-------ის 2018 წლის 22 თებერვლის №3------ განცხადება (ს.ფ. 98).

 

3.1.7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ წერილით ი/მ ნ-----–-------ეს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, ვინაიდან არ იყო წარდგენილი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც სამინისტრო უკან უბრ-----და ამავე ბრძანების ფარგლებში წარდგენილ საბანკო გარანტიას და უარს ამბობდა მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 05 აპრილის №0------ წერილი (ს.ფ. 48-49).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ ნ-----–-------ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ წერილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ი/მ ნ-----–-------ესთან ხელშეკრულების დადების დავალება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ით დამტკიცებული იქნა ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების’’ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. აღნიშნული დანართის 1.1 მუხლის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს ,,ტექნიკური რეგლამენტის-,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის(შემდგომში - ინსპექტირების ცენტრი) აკრედიტაციის დამატებით პირობებს’’, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო(შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებისა და მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით (შემდგომში - დებულება).

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება:

 

ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები (შემდგომში - არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით: ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით; ა.ბ) 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით; და .გ) არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა, სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია.

 

ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში - დაინტერესებული პირები).

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის 3.1 მუხლის თანახმად, ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირები სამინისტროს წარუდგენენ განაცხადს, რომელსაც უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ტესტირების ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით; ბ) წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ოდენობით; გ) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები(ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ)ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცემული მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია’’.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 05 თებერვალს ი/მ ნ-----–-------ემ №1------ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების მიზნით აკრედიტაციის ცენტრისაგან აკრედიტაციის მიღების მიზნით ხელშეკრულების დადება. ხოლო 2018 წლის 22 თებერვალს ნ-----–-------ემ დამატებით №3------ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც დაურთო 2004 წლის საწარმოო ბალანსი, სალიკვიდაციო აქტი და აღნიშნა, რომ მის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს და 22 თებერვალს წარდგენილ იქნა კანონმდებლობით განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია და ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ნ-----–-------ეს საკუთრებაში გააჩნდა ზემოთხსენებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური დანადგარები (რომლითაც ფუნქციონირენდა ჯერ კიდევ შპს ,,ნ----’’).

 

6.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-6 მუხლით განსაზღვრულია შერჩევის პროცესის ჩატარების წესი და გამარჯვებულის გამოვლენა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროში დაინტერესებულ პირთა მიერ შეტანილ განაცხადებს განიხილავს სამინისტროს მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია(შემდგომში – კომისია), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლის მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს და კრიტერიუმებს და სამინისტროს შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ხელშეკრულების ხელმოწერის მაღალ საფასურს, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის შესაბამისად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაფორმდება ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება. მე-14 მუხლი კი ადგენს, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა მონაწილეს. შერჩევის პროცესის გამარჯვებულებს კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამავე დანართის 7.1 მუხლის თანახმად კი, სამინისტრო, ამ დებულებით დადგენილი წესით, გამარჯვებულ პირ(ებ)თან/არსებულ ცენტრებთან აფორმებს ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ გადაწყვეტილებით ი/მ ნ-----–-------ეს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რის გამოც სამინისტრო უკან უბრ-----და ამავე ბრძანების ფარგლებში წარდგენილ საბანკო გარანტიას და უარს ამბობდა მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე.

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს სამინისტროში არ წარუდგენია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული აღჭურვილობის შეძენისა და შესაბამისი საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ნ-----–-------ის მიერ 2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შესაძენად სულ მცირე 10% გადახდა. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება ი/მ ნ-----–-------ე და თვლის, რომ უკანონოდ ეთქვა უარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, ვინაიდან 2013 წლის 27 მაისიდან პირად საკუთრებაში გააჩნია აწ უკვე ლიკვიდირებული შპს ,,ნ----ს’’ საკუთრებაში არსებული ყველა ის მანქანა-დანადგარი და საზომი მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებისთვის და აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის სულ მცირე 10%-ის საკუთრებაში ქონას.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის მიღებისას არ განხორციელებულა იმ გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით დაარსდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ნ----’’, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და პარტნიორი იყო ნ---- რ------ს ასული ც-------ე, ხოლო იურიდიული პირის საქმიანობის საგანს სხვა საქმიანობასთან ერთად ასევე წარმოადგენდა ავტოტრანსპორტის დიაგნოსტიკური შემოწმების ობიექტების შექმნა და ექსპლუატაცია. 2001 წლის 01 მაისს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს დადგენილებით კი განხორციელდა შპს ,,ნ----ს’’ ცვლილების რეგისტრაცია და ნ-----–-------ესთან ერთად (წილი საწესდებო კაპიტალში 30%) საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორად და ასევე საწარმოს დირექტორად მითითებულ იქნა რ----- ც-------ე (წილი საწესდებო კაპიტალში 70%).

 

საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 10 ივნისის დიაგნოსტიკური ცენტრის ატესტაციის აქტის თანახმად ასევე დგინდება, რომ დიაგნოსტიკური ცენტრის აკრედიტაციის სფერო, დებულება შეესაბამებოდა აკრედიტაციის სისტემის მოთხოვნებს და გასცა რეკომენდაცია მათ დამტკიცებაზე. სალიცენზიო კომისიის №9- ოქმის საფუძველზე კი 2002 წლის 13 ივნისს გაიცა №0--- ლიცენზია, რომლის თანახმად, შპს ,,ნ----ს’’ მიეცა უფლება ეწარმოებინა მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების პროგრამით გათვალისწინებული მსუბუქი, სატვირთო ავტომობილების და ავტობუსების დიაგნოსტირება, ხოლო 2002 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მიერ გაიცა №2-- მშენებლობის დაწყების ნებართვა ქ. თბილისში, ჯ------------------ არსებული ხიდის ქვეშ შპს ,,ნ----სთვის’’ ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სადგურის განთავსების დასაშვებობის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 21 სექტემბრის საწარმოს ბალანსით დგინდება, რომ შპს „ნ----ს“ სასაქონლო მატერიალური მარაგის სახით (გრძელვადიანი აქტივები) ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა ძირითადი საშუალებები.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 სექტემბრის №5------ დადგენილების თანახმად, განხორციელდა შპს ,,ნ----ს’’ ლიკვიდაცია, ხოლო ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება გადაეცა შპს ,,ნ----ს’’ დამფუძნებელს - რ------–-------ეს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის 26 ივნისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ჯ------------------ არსებული ხიდის ქვეშ მდებარე უძრავი ქონება 2006 წლის 25 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა თალიკო ც-------ის სახელზე, რომელმაც 2013 წლის 27 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა ნ-----–-------ეს.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ი/მ ნ-----–-------ეს ჯერ კიდევ 2013 წლის 27 მაისიდან პირად საკუთრებაში გააჩნდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობა, რაც საჭირო იყო აკრედიტაციის მიღებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ წერილით ი/მ ნ-----–-------ეს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, ვინაიდან არ იყო წარდგენილი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას იმ საკითზე, თუ როდის ამოქმედდა ზემოაღნიშნული რეგულაციები და მათი მიღების და ძალაში შესვლის თარიღების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა მოსარჩელეს ეკონომიკის სამინისტროში წარედგინა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე სულ მცირე ღირებულების 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, დადგენილი, რომ:

- 2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა N511 დადგენილება ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების’’ დამტკიცების თაობაზე“, რომელიც სსიპ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2017 წლის 12 დეკემბერს.

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის №1-1/5 ბრძანების დანართი №1-ით განისაზღვრა ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების’’ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები და დადგინდა, რომ აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარებოდა 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები(შემდგომში - არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული ქონდათ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით ცხადი ხდება, რომ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც შეძენილი უნდა ყოფილიყო 2017 წლის 11 დეკემბრამდე, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 12 დეკემბერს, ხოლო მათი შეძენის მიზნით სულ ცოტა 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის სავალდებულობაა დადგენილი იქნა 2018 წლის 08 იანვარს, მაშინ როცა უკვე გასული იყო საბოლოო შეძენის ვადა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ პირობებშიც კი, თუ მოსარჩელე მხარე გადაწყვეტდა განახლებული აღჭურვილობის შეძენას, როგორ მოახერხებდა ამას, მაშინ, როდესაც აღჭურვილობის შეძენის ვალდებულება ქონდა 2017 წლის 11 დეკემბრამდე იმ რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნდა 12 დეკემბერს, ხოლო აღნიშნულის თაობაზე ცვლილება განხორციელდა 2018 წლის 08 იანვარს, რაც კი იმაზე მიუთითებს, რომ ი/მ ნ-----–-------ეს ისე ეთქვა უარი აკრედიტაციის მიღების მიზნით ხელშეკრულების დადებაზე, რომ სამინისტროს მიერ არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ი/მ ნ-----–-------ის 2018 წლის 05 თებერვლის №1------ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების დადების დავალდებულების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება ი/მ ნ-----–-------ის 2018 წლის 05 თებერვლის №1------ განცხადებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების დადება კი ზემოაღნიშნული განცხადების ხელახლა განხილვის პროცესს უკავშირდება, სასამართლო მითითებულ მოთხოვნაზე არსებითად ვერ იმსჯელებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 (ასოცი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე ი/მ ნ-----–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 (ასოცი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე, 24-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ ნ-----–-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №0------ გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ი/მ ნ-----–-------ის 2018 წლის 05 თებერვლის №1------ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

3. მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე - ი/მ ნ-----–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 120 (ასოცი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი