გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
190210018002621961
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2476-18

(საქმე N190210018002621961)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ს---–---- ბ--–----ე

მოპასუხე - ნ---- ხ--------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე - ნ---- ხ--------ს მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 300 ლარის და ასევე პროცენტის 90 ლარის 72 თვეზე, რაც შეადგენს 6480 ლარს - გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით , მან ნ---- ხ--------ს ასესხა 300 ლარი, ეტაპობრივად 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. მოვალეს სესხის ძირ თანხასთან ერთად ყოველდღიურად უნდა გაეხადა 1%, რაც ჯამში შეადგენდა 90 ლარს ყოველთვიურად. მოპასუხეს სესხი გადაეცა უვადოდ. მათ შორის სესხის თაობაზე გაფორმდა ხელწერილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმც სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მან 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ს---–---- ბ--–----ისაგან ისესხა 200 ლარი და დააბრუნა სრულად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი არ არის მის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი და არც შინაარსი შეესაბამება სიმართლეს.

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხეს არ განუცხადებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2012 წლის 10 ოქტომბერს და იმავე წლის ნოემბერში ნ---- ხ--------მ ს---–---- ბ--–----ისგან ისესხა 200 ლარი , საიდანაც დააბრუნა 40 ლარი.

 

მოსარჩელე -ს---–---- ბ--–----ემ დაადასტურა 40 ლარის დაბრუნება.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ( შედგენილი 2012 წლის 10 ოქტომბერს, ტ.1., ს.ფ. 15), არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ მარტივი ფორმის სესხის ხელშეკრულებას და არც ვალის აღიარების ხელწერილს.

 

ამ ხელწერილის ტექსტიდან გამომდინარე, 2012 წლის 10 ოქტომბერს ს---–---- ბ--–----ესა და მოპასუხე ნ---- ხ--------ს შორის დაიდო უვადოდ ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, ხელწერილის თანახმად მოპასუხემ 10 ოქტომბერს ისესხა ს---–---- ბ--–----ისგან 100 ლარი, სესხი იყო სარგებლიანი, რომელიც შეადგენდა დღეში 1%-ს, 2012 წლის ნოემბრის თვეში კვლავ ისესხა მოპასუხემ ს---–---- ბ--–----ისგან 100 ლარი ისევ დღეში 1%-ის დარიცხვით პროცენტის სახით, 2012 წლის დეკემბრის თვეში ისევ ისესხა ს---–---- ბ--–----ისგან 100 ლარი დღეში 1% -ის დარიცხვით პროცენტის სახით. თანხის ძირმა შეადგინა 300 ლარი ,ყოველი დღე 1%-ის დარიცხვით, თვეში მოპასუხეს უნდა გადაეხადა ძირი თანხის 90%- პროცენტის სახით.

 

მოპასუხე ნ---- ხ--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ხელწერილი მისთვის უცნობია, არ არის შედგენილი მის მიერ და არც ხელმოწერა ეკუთვნის მას.

მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ემ დაადასტურა, რომ ხელწერილი მან გადაწერა ნ---- ხ--------ს მიერ შედგენილი ხელწერილიდან თავად, ხელწერაც და ხელმოწერაც მას ეკუთვნის, ხოლო დედანი ხელწერილი დაკარგა.

ამდენად, აღნიშნული ხელწერილი შედგენილია ერთი პირის - მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ის მიერ და მასში ვერ იქნება ასახული მეორე პირის - ნ---- ხ--------ს ნება. სასამართლომ არ ჩათვალა ეს ხელწერილი მხართა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებად.

 

მტკიცებულება: ხელწერილი, ტ.1.ს.ფ.15.

 

3.2.2. მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ მასა და ნ---- ხ--------ს შორის დაიდო ხელწერილი ვალის აღიარების, რომ ნ---- ხ--------ს მისთვის უნდა გადაეხადა 90 ლარი ყოველთვიურად სესხის ძირ თანხასთან ერთად.

 

სასამართლო განმარტავს რომ, აღნიშნული ხელწერილი არ წარმოადგენს არც ვალის აღიარების ხელწერილს შინაარსობრივად, ხოლო იმ გარემოებას, რომ ხელწერილი შედგენილი არ არის ნ---- ხ--------ს მიერ, თავად მოსარჩელე ადასტურებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როცა მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ.

ამდენად, ვალის აღიარება არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას.

ზემოაღნიშნული ხელწერილი არ წარმოადგენს სესხის თაობაზე მათ შორის არსებული ვალდებულებების დადასტურებას და არც ვალის აღიარებას.

 

სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებებს წარმოადგენდა:

1. არის თუ არა მხარეთა შორის დადებული ხელწერილი ნამდვილი.

2. გადასცა თუ არა მოსარჩელემ ნ---- ხ--------ს 300 ლარი სესხის სახით და ითვალისწინებდა თუ არა მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობა დღეში 1% - ის სარგებლის სახით - ყოველთვიურად 90 ლარის გადახდას ვალდებულების შესრულებამდე, უვადოდ.

 

წარმოდგენილი ხელწერილი შედგენილია თავად ს---–---- ბ--–----ის მიერ, რაც თავად მან დაადასტურა, მისი განმარტებით, ნ---- ხ--------ს მიერ შედგენილი ხელწერილი გადაწერა, ხოლო დედანი დაკარგა. ამდენად, ანიშნული ხელწერილი ვერ იქნება განხილული მხარეთა შორის გაფორმებულ წერილობით სესხის ხელშეკრულებად და ვერც ვალის აღიარების ხელწერილად.

 

3.2.3. მოსარჩელემ დაადასტურა 40 ლარის დაბრუნება, თუმც არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ მხოლოდ 200 ლარი გადასცა ნ---- ხ--------ს სესხის სახით.

 

მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ზეპირად, მაგრამ მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მოწმეთა ჩვენებებითაც კი,თუ ერთი მხარე არ ადასტურებს მეორე მხარის მიერ მითითებულ პირობებს.

სასამართლო მიხედულებით, ს---–---- ბ--–----ესა და ნ---- ხ--------ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, სესხის ოდენობასა, გადახდის ვადასა და სარგებელზე მხარეთა შორის შეთანხმებულად მიიჩნევს იმ პირობებს , რაც დაადასტურეს ორივე მხარემ სასამართლო პროცესზე: ნ---- ხ--------მ დაადასტურა, რომ ს---–---- ბ--–----ისგან ისესხა 200 ლარი, საიდანაც დააბრუნა 40 ლარი, ს---–---- ბ--–----ემ აღიარა 40 ლარის მიღება მისგან. მოპასუხემ დამატებით 100 ლარის ვალი და ყოველდღიური სარგებლის სახით 1%-ის გადახდაზე შეთანხმება უარყო.

მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ემ ვერ დაუდასტურა სასამართლოს ნ---- ხ--------სთვის 300 ლარის სესხის მიცემა, უვადოდ და სარგებლით.

 

ამდენად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მხარეები დაეთანხმნენ ერთმანეთს, ხოლო რისი დადასტურებაც ვერ შეძლეს მხარეებმა, სასამართლომ ასეთი გარემოებებზე მარტოოდენ მხარეთა მითითება არ გაიზიარა. მოსარჩელე ვალდებული იყო დაედასტურებინა მოპასუხისათვის სესხის სახით 300 ლარის გადაცემა სარგებლის მოთხოვნის უფლებით, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო დაედასტურებინა 200 ლარის ვალის (რაც აღიარა და სადავოდ არ გახადა) სრულად დაბრუნების ფაქტი ს---–---- ბ--–----ისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიერ მითითებული გარემოების არსებობის დადასტურება შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მხარის აღიარება ამ ფაქტის მტკიცებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს, თუკი ამ გარემოების დადასტურების კანონით დადგენილი სპეციალური წესი არ არის დადგენილი. მხარის აღიარებად ითვლება მხარის ისეთი განმარტება, როცა იგი ნათლად და გარკვევით ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ ფაქტს და მოსაზრებას.

 

მოსარჩელემ კონკრეტულად დაასახელა თანხის ოდენობა, რაც მოპასუხისაგან მიიღო ვალის დაბრუნების შედეგად და ასევე მიუთითა ამ თანხის მიღების ადგილი. მოპასუხემ დაასახელა იმ თანხის ოდენობა , რაც სესხის სახით მიიღო მოსარჩელისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

 

ნ---- ხ--------ს სესხის სრულად დაბრუნების თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამრიგად, ს---–---- ბ--–----ემ ვერ დაადასტურა რომ ნ---- ხ--------ს 300 ლარი გადასცა სესხის სახით, სარგებლით და უვადოდ, ხოლო ნ---- ხ--------მ ვერ დაადასტურა ს---–---- ბ--–----ისთვის 200 ლარის დაბრუნება (ვალდებულების შესრულება).

 

სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ იმსჯელა, რადგან მოპასუხემ თავად არ გახადა სადავო ეს გარემოება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ზეპირი ხელშეკრულების სფუძველზე ს---–---- ბ--–----ესა და ნ---- ხ--------ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 624 - ე მუხლი განსაზღვრავს სესხის ხელშეკრულების ფორმას - სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსიი 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით;

 

მოსარჩელემ მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა სესხის სახით 200 ლარი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეთა შორის სარგებელზე შეთანხმება ვერ დადასტურდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაუხდია ს---–---- ბ--–----ისთვის სესხი სრულად.

 

ამრიგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს---–---- ბ--–----ის მიერ მოპასუხეზე გაიცა სესხი 200 ლარის ოდენობით, მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის გარეშე, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არის ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, მოპასუხე ნ---- ხ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 4,80 ლარის (ოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) გადახდა.

 

მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ის სარჩელი მოპასუხე ნ---- ხ--------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. მოპასუხე ნ---- ხ--------ს მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 160 ( ას სამოცი) ლარის გადახდა;

დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოპასუხე ნ---- ხ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 4,80 ლარის (ოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი