განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2018
საქმის ნომერი
160100118002269527
დავის ტიპი
19 - 108 , 126 1
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100118002269527

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/16-18 3 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031131217001)

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე, თამთა როყვა

სხდომის სახე : ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე, ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი

 

ბრალდებული: ნ---- ო-------ი

მამის სახელი: ოლკარ

დაბადებული: 1988 წლის 17 ოქტომბერი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–---–-–-------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 4 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ნ---- ო-------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 20 სექტემბერს დაახლოებით 17.00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ლ-–------ში ნ---- ო-------ს და ტ------- გ-----–---ს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ---- ო-------მა სცემა ტ------- გ-----–---ი კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტა მუშტები სახის არეში. ცემის შედეგად ტ------- გ-----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 4 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ნ---- ო-------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 23.30 საათზე მარნეული რაიონის სოფელ ლ-–------ში ზაქარია ო-------ს და ნ---- ო-------ს შეკამათება მოუვიდათ ნ----- რ----ოვთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ---- ო-------მა მის ხელთ არსებული დანით ნ----- რ----ოვის მოკვლის მიზნით სხეულის არეში მიაყენა რამდენიმე სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა, თუმცა ნ----- რ----ოვის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი ექიმების ჩარევის შედეგად.

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1 ნ---- ო-------ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.2. ნ---- ო-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 23.30 საათზე მარნეული რაიონის სოფელ ლ-–------ში ზაქარია ო-------ს და ნ---- ო-------ს შეკამათება მოუვიდათ ნ----- რ----ოვთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ---- ო-------მა მის ხელთ არსებული დანით ნ----- რ----ოვის მოკვლის მიზნით სხეულის არეში მიაყენა რამდენიმე სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა, თუმცა ნ----- რ----ოვის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი ექიმების ჩარევის შედეგად.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ტ------- გ-----–---მა 2017 წლის 20 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნ---- ო-------ი არის მისი თანასოფლელი, აქვს კარგი ურთიერთობა. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქორწილში, დაახლოებით იქნებოდა ღამის 12:00 საათი, გამოვიდა ქორწილიდან იყო ნასვამი. გზაზე მას მანქანა გაუჩერა ნ---- ო-------ის ძმამ. ნ---- ო-------ი კი მანქანაში უკან იყო დამალული. ავტომანქანით გაემართნენ მინდვრების მიმართულებით, გამოვიდნენ სოფლიდან. ამ დროს რ----მა ავტომანქანა მოაბრუნა, ნ---- ო-------მა კი მას ე.წ. ,,ბიტა“ უკანა მხრიდან მოუჭირა. დაზარალებულის განმარტებით მას ნ---- ო-------მა დაზიანებები მიაყენა სახის არეში, დაზიანებებს მას ასევე აყენებდა ნ---- ო-------ის ძმაც. ტ------- გ-----–---ის გადმოცემით მან აღნიშნულის შემდეგ დაკარგა გონება, როდესაც გონზე მოვიდა, ფეხის თრევით წამოვიდა სახლში, სახლამდე მისასვლელად დასჭირდა დაახლოებით 4 საათი. ტ------- გაბულომვა ასევე დააზუსტა, რომ მას ფეხი ნ---- ო-------მა და მისმა ძმამ მოატეხეს, სცემდნენ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ფიცრით და მუშტებით. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობით გამოქვეყნდა ტ------- გ-----–---ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული 2017 წლის 21 სექტემბრის ჩვენება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ფეხი თავად მოუხვდა ლითონის დეტალზე და არ საუბრობს ნ---- ო-------ის ძმაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე საუბრობდა სიმართლეს, რადგან იმ პერიოდისათვის შერიგებული იყო ბრალდებულთან და შეთანხმებული, რომ მსგავსი ჩვენება მიეცა. ასევე ტ------- გ-----–---მა განმარტა, რომ მას დაემუქრნენ, რაც საფუძველი გახდა მისი მხრიდან პოლიციისათვის მიმართვისა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის #005711617 დასკვნის თანახმად: 1,2,3) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მოქ. ტ------- გ-----–---ი მკურნალობდა სტაციონალურად 19.09.17წ-დან 20.09.17 წ-მდე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები სახის მიდამოში, მარჯვენა მცირე წვივის დისტალური ბოლოს სპირალური მოტეხილობა ცდომის გარეშე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

ნ---- ო-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებანი, კერძოდ დაზარალებულ ტ------- გ-----–---ის ჩვენება და მიიჩნევს, რომ მისი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე. ასევე სასამართლო ვალდებულია ყოველი მტკიცებულება შეაფასოს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თავლსაზრისით. ნ---- ო-------ის მხრიდან ტ------- გ-----–---ის ცემის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად სწორედ დაზარალებულ ტ------- გ-----–---ის ჩვენებაა წარმოდგენილი. მან კი სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება, რომელიც არსებით წინააღმდეგობაშია მის მიერ 2017 წლის 21 სექტემბრის გამოკითხვის ოქმთან. გარდა ამისა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულოია იმ დაზიანებების შესახებ, რომელიც აღენიშნებოდა ტ------- გ-----–---ს. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტი. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ დასკვნას.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ნ---- ო-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ბრალდებული ნ---- ო-------ი უნდა გამართლდეს წარდგენილ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.2. განზრახ მკვლელობის მცდელობა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ნ----- რ----ოვი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ლ-–------ში, მუშაობს ელექტროშემდუღებლად. ბრალდებული არის მისი თანასოფლელი. 2017 წლის 12 დეკემბერს იყო სახლში, დალია, შემდეგ გავიდა მაღაზიასთან, იქ იმყოფებოდნენ ზაქარია ო-------ი, ნ---- ო-------ი და ფარიზ ბაირამოვი. გადაწყვიტეს, რომ დაელიათ ლუდი, შეიძინეს 10 ბოთლი ლუდი, სოფლის გზასთნ სვამდნენ. 10-15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ იქ, შემდეგ მან მანქანიდან ამოიღო გასაღები, დაზარალებულის განმარტებით საჭესთან იჯდა ზაქარია ო-------ი, რომელიც იყო ნასვამი და ამიტომ ამოიღო მან გასაღები. დაზარალებულმა განმარტა, რომ ადგილი სადაც იმყოფებოდნენ არ არის დასახლებული და არც განათებულია. ზაქარია ო-------მა მას მოსთხოვა გასაღები. მან კი გასაღები არ მისცა, რის გამოც დაიწყო ჩხუბი. მათ მუშტებით დაარტყეს ერთმანეთს, ისინი ჩხუბობდნენ მანქანიდან მოშორებით დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე, რამდენიმე ხანში მათთან მივიდა ნ---- ო-------ი. მას ეჩხუბებოდნენ ნ---- ო-------ი და ზაქარია ო-------ი. რამდენიმე ხნის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა ფარიზ ბაირამოვიც. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მას ხელში ეჭირა ლუდის ბოთლი, რომელიც ნ---- ო-------ს ჩაარტყა, სანამ ასიფ ბაირამოვი მივიდოდა მათთან. ასეფ და ფარიზ ბაირამოვებმა გააშველეს, ისინი აკავებდნენ ზაქარია ო-------ს. ნ---- ო-------ი წავიდა, შემდეგ დაბრუნდა და მას დაარტყა, ამ დროს სხვები იმყოფებოდნენ მოშორებით, მან დაიყვირა, რომ ნ----მა დაარტყა, დანა არ დაუნახავს, რადგან ბნელოდა. დაზარალებულმა ასევ განმარტა, რომ ნ---- ო-------თან იჩხუბა ზაქარია ო-------ის გამო. ასევე დაადასტურა, რომ დაჭრის შემდეგ ჩასვეს ნ---- ო-------ის მანქანაში და წაიყვანეს. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ერთი ჭრილობა ჰქონდა თავში, მეორე ფეხში, მესამე კი მუცელში. ნ----- რ----ოვმა ასევე განმარტა, რომ მას ბრალდებულთან პრეტენზია არ ჰქონდა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ფარიზ ბაირამოვმა განაცხადა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, აკეთებდა ავტომანქანას. მასთან მივიდნენ ნ---- ო-------ი და ზაქარია ო-------ი. გადაწყვიტეს კაფეში წასვლა. საჭეს მართავდა სახავატ ტანივერდიევი. კაფეში დალიეს არაყი და ლუდი და დაახლოებით 9:00 საათისათვის დაბრუნდნენ სოფელში. სოფელში ავტომანქანიდან ჩამოვიდა ნ---- ო-------თან ერთად. ავტომანქანით კი წავიდნენ ზაქარია ო-------ი და სახავატ ტანივერდიევი. ფარიზ ბაირამოვის განმარტებით ის ნ---- ო-------თან ერთდ ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც შეხვდნენ ნ----- რ----ოვს. ამ დროს ზაქარია ო-------ი დაბრუნდა მანქანით და მანქანაში ჩასხდნენ ნ----- რ----ოვი, ნ---- ო-------ი, ზაქარია ო-------ი, ასეფ ბაირამოვი და თავად. გადაწყვიტეს კიდევ დაელიათ ლუდი, შეიძინეს მაღაზიაში და წავიდნენ ჭალისკენ. გაჩერდნენ დაახლოებით ნახევარი საათი. ნ----- რ----ოვმა ზაქარია ო-------ს მოსთხოვა მანქანის გაჩერება და გასაღები ამოიღო მანქანიდან. ზაქარია ო-------მა ნ----- რ----ოვს მოსთხოვა გასაღების დაბრუნება. აღნიშნული გახდა საფუძველი მათი კამათისა. ზაქარია ო-------ი და ნ----- რ----ოვი გავიდნენ მანქანიდან მოშორებით, იყო სიბნელე, ასევე ავტომანქანაზე არ ენთო მაშუქები. რამდენიმე ხამში მოესმათ ხმაური, რის გამოც ავტომანქანიდან გადავიდა ნ---- ო-------ი, ასევე მიყვა ასეფ ბაირამოვი და ავტომანქანიდან ჩავიდა თავადაც. ფარიზ ბაირამოვმა განმარტა, რომ მისი მისვლისას ადგილზე ჩხუბობდნენ სამნი: ზაქარია ო-------ი, ნ----- რ----ოვი და ნ---- ო-------ი. ფარიზ ბაირამოვმა განმარტა, რომ მან გამოიყვანა ნ---- ო-------ი, ხოლო ზაქარია ო-------ი ეჭირა ასეფ ბაირამოვს. ნ---- ო-------მა მას განუცხადა, რომ აღარ იჩხუბებდა, მანაც გაუშვნა ნ----ი, რომელიც მოულოდნელად წავიდა ნ----- რ----ოვისაკენ. რამდენიმე წამში კი დაიყვირა ნ----- რ----ოვმა. მოწმემ დაადასტურა, რომ მას ნ----- რ----ოვმა განუცხადა, რომ დაარტყა ნ---- ო-------მა. ამის შემდეგ ნ----- რ----ოვს ამოაცალეს გასაღები, რომელიც ედო ჯიბეში და წაიყვანეს საავადმყოფოში, ნ---- ო-------ი კი გაეცალა მათ და მოწმის განმარტებით მან არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ფარიზ ბაირამოვმა განმარტა, რომ მას დანა არ დაუნახავს არავის ხელში, ასევე განაცხადა, რომ მანქანაში იყო ცოტა ბენზინი, რის გამოც მათ საავადმყოფომდე ვერ მიიყვანეს ნ----- რ----ოვი. გამოიძახეს სასწრაფო, რომლის მეშვეობითაც მოხდა ნ----- რ----ოვის საავადმყოფოში მიყვანა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თავდაპირველად შეკამათება მოხდა ზაქარია ო-------სა და ნ----- რ----ოვს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ასეფ ბაირამოვი. მისი ჩვენება შესაბამისობაშია ფარიზ ბაირამოვის ჩვენებასთან. მან განმარტა, რომ ზაქაია ო-------ს ნ----- რ----ოვმა გააჩერებინა ავტომანქანა, მანქანიდან ამოაცალა გასაღები და გადავიდა, ზაქარია ო-------ი გადაყვა ნ----- რ----ოვს. ასეფ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ნ----- რ----ოვს და ზაქარია ო-------ს გადაყვა ნ---- ო-------ი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავიდა თავადაც, რადგან გაიგო ხმაური. მოწმის განმარტებით შემთხვევა ხდებოდა ავტომანქანიდან დაახლოებით 25-30 მეტრში, ბნელოდა, დაინახა 1 მეტრის მანძილიდან, რომ ზაქარია ო-------ი, ნ----- რ----ოვი და ნ---- ო-------ი ჩხუბობდნენ, მუშტებით, წიხლებით, თავად გააშველა ზაქარია ო-------ი და ნ----- რ----ოვი, ფარიზ ბაირამოვმა კი გაიყვანა ნ---- ო-------ი, რამდენიმე ხანში კი ნ----- რ----ოვმა დაიყვრა, რომ დაარტყა ნ---- ო-------მა. მოწმის განმარტებით მას დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, მათ ნ----- რ----ოვი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. ასეფ ბაირამოვის განმარტებით მას არ დაუნახავს სად წავიდა ნ---- ო-------ი შემთხვევის ადგილიდან.

 

სასამართლოში დაკითხვისას ზაქარია ო-------მა დაადასტურა, რომ იმყოფებოდა ავტომანქანით ასეფ ბაირამოვთან, ფარიზ ბაირამოვთან, ნ----- რ----ოვთან და ნ---- ო-------თან ერთდ. სვამდა ლუდს. ნ----- რ----ოვსა და ზაქარია ო-------ს შორის მოხდა შელაპარაკება, კერძოდ ნ----- რ----ოვმა ზაქარია ო-------ს გამოართავ ავტომანქანის გასაღები, გადავიდა მანქანიდან, რომელსაც გადაყვა გასაღების დასაბრუნებლად. ზაქარია ო-------მა განმარტა, რომ ნ----- რ----ოვს სიმთვრალეში აქვს რთული ხასიათი, ნ----- რ----ოვმა დაუწყო მუშტების რტყმა, მათთან მისულ ნ---- ო-------ს კი ლუდის ბოთლი ჩაარტყა თავში, ნ---- ო-------ი წაიქცა, ამ დროს მათთან მივიდნენ ასებ და ფარიზ ბაორამოვები. ფარიზ ბაირამოვმა გაიყვან ნ----ი, ხოლო თავად გაიყვანა ასეფ ბაირამოვმა. ამის შემდეგ კი ასეფ ბაირამოვისგან შეიტყო, რომ ნ----- რ----ოვი იყო დაჭრილი. ნ----- რ----ოვს ხელი მუცელზე ეკიდა, მიიყვანეს ავტომანქანასთან, მივიდნენ მარნეულში ჩაიხანამდე, ხოლო იქიდან გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ზაქარია ო-------ის განმარტებით, როდესაც ის გაიყვანა ღობესთნ ასეფ ბაირამოვმა, ნ---- ო-------ი კი ფარიზ ბაირამოვმა ნ----- ო-------ი იდგა ადგილზე და იგინებოდა.

 

ტ------- გ-----–---ი ასევე დაკითხულ იქნა 2017 წლის 12 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით. ტ------- გ-----–---მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მოდიოდა მაღაზიიდან ნასვამი, მან შეამჩნია ნ---- ო-------ის ავტომანქანა და იფიქრა კიდევ არ ეჩხუბა და აუარა გვერდი. შემდეგ გასული იყო გვერდით, რა დროსაც გაიგო ყვირილის ხმა. საავტომობილო გზისკენ არის ტყის მაგვარი ბილიკი, საიდანაც დაინახა, რომ ნ---- ო-------მა დაარტყა ნატიკ რ----ოვს, ამის შემდეგ იგი გაემართა ნატიკის ძმის დასაძახებლად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ბნელოდა, იქნებოდა ღამის 11-12 საათი, შემთხვევა ხდებოდა საავტომობილო გზიდან 5-6 მეტრის მოშორებით, ასევე დაადასტურა, რომ დანა დაინახა ნ---- ო-------ის ხელში, რომელიც იყო შავი. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ნ---- ო-------ი და ნ----- რ----ოვი ჩხუბობდნენ მანქანიდან დაახლოებით 6-7 მეტრის მოშორებით, ავტომანქანა იყო გაჩერებული და მას ჩართული ჰქონდა ავარიული მაშუქები. ტ------- გ-----–---ის განმარტებით მას ნ-----ის ძმასთან მისასვლელად დასჭირდა დაახლოებით 3 წუთი, ამის შემდეგ კი წავიდა სახლში რადგან თავს გრძნობდა ცუდად და ეშინოდა.

 

2017 წლის 14 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობიდან, 22 საათსა და 30 წუთზე, და დასრულდა მარნეულის რაიონულ სოფელ ლ-–------ში, 00:05 საათზე. აღნიშნული ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ტ------- გ-----–---ის ჩვენების საფუძველზე, რადგან მას დაედასტურებინა ინფორმაცია და იმავდროულად მოეხდინა მოქმედებათა დემონსტრირება. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მოწმე ტ------- გ-----–---ი ცდილობდა აესახა ჩვენებაში არსებული გარემოებები, კერძოდ ნ---- ო-------ის, ზაქარია ო-------ისა და ნ----- რამინოვის განლაგება, თუმცა არსებულ მოქმედებასა და მითითებულ ჩვენებას შორის აშკარა განსხვავებაა.

 

აღნიშნულის შემდეგ ტ------- გ-----–---მა აჩვენა ქვის ღობე სადაც არის ფხვიერი გრუნტის საფარი , ექსპერტში მონაწილეთა გავლის შემდეგ დატოვებული იქნა აშკარად გამოსახული ფეხის კვლები, ხოლო მანამდე აღნიშნულ ადგილას არანაირი ნაკვალევი არ ყოფილა. ამასთანავე, დადგენილი იქნა რომ ხმამაღალი დაყვირება შემთხვევის ადგილიდან ტ------- გ-----–---ის სახლამდე, სადაც გაიგონა მან კამათის ხმა, აღწევს სუსტად, დაბალი ჟღერადობით. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ჩვენებაში ასახული გარემოებების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ტ------- გ-----–---ის ჩვენებას და 2017 წლის 14 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ვერ გაიზიარებს, მათ შორის არსებული წინააღმდეგობების გამო და აღნიშნული მტკიცებულებანი არ დაედება საფუძვლად ნ---- ო-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების დადასტურებას.

 

მოწმის სახით დაკითხვისას იგორ ქველაძემ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 დეკემბერს დაიწყო გამოძიება. მის მიერ ჩატარეგულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები დანიშნულ იქნა ექსპერტიზები. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმის სახით ასევე დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი როლანდ ბოლქვაძე. მან განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით ამოღებული აქვს დაზარალებულის ტანისამოსი და ავტომანქანა, რომლითაც დაზარალებული მიყვანილ იქნა საავადმყოფოში. მან დაადასტურა, რომ ტანისამოსი იყო გაჭრილი სამედიცინო პერსონალის მიერ, მას ასევე აღენიშნებოდა სხვა დაზიანებებიც, გამომძიებლის განმარტებით მან ტანისამოსი დალუქა კანონით დადგენილი წესით.

 

მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი დევდარიანმა განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა ნ---- ო-------ის დაკავებაში, მისი დაკავება განხორციელდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე გამოძიებისათვის ცნობილი იყო, რომ იგი აპირებდა მიმალვას. დაკავება მოხდა მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში, ნ---- ო-------ის ბიძის სახლში, მოწმის განმარტებით დაკავებისას ნ---- ო-------ი შეეცადა გაქცევას. აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დიტო გიგანის ჩვენებასთან. მან განმარტა, რომ დაკავებაში მონაწილეობდა გიორგი დევდარიანთნ ერთად, ხოლო დაკავების ოქმი შევსებულ იქნა დავით ბოჭოიძის მიერ. ასევე დაადასტურა, რომ დაკავებისას იყვნენ პოლიციის მანქანით, ე.წ. ,,პიკაპით“.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტ კრიმინალისტები ნუგზარ ჯავახიშვილი და დიმიტრი კვირიკაშვილი. მათ დაადასტურეს, რომ მონაწილეობდნენ 2017 წლის 14 დეკემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც მიმდინარეობდა მოწმე ტ------- გ-----–---თან. საგამოძიებო ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობდა გამომძიებელი იგორ ქველაძე. ნუგზარ ჯავახიშვილმა განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ხდებოდა სურათების გადაღებაც.

 

2017 წლის 13 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. აღნიშნული ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ლ-–------ში ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მაგრამ აბდულაევას სახლის წინ მეორე ხარისხოვან გზაზე. შემთხვევის ადგილზე მიუთითა მოწმე ზაქარია ო-------მა. ადგილზე შევდივართ გრუნტოვანი მოხრეშილი გზით, რომლის მარცხენა მხარეს არის მიწის ნაკვეთი და შემოღობილია რკინის ღობით. აღნიშნულ ნაკვეთში ბალახზე ეგდო შავი ფერის დუტის ქურთუკი, რომლის შიდა მხარე არის ლურჯსა და სტაფილოსფერ ფერში, ხოლო მეორე ხარისხოვან გზაზე, გზის შუა ნაწილში ეგდო შავი ფერის ყურებიანი ქუდი მოწმე ზაქარია ო-------ის განმარტებით, ქურთუკი ეკუთვნის და დაჭრამდე ეცვა ნ----- რ----ოვს, ქუდი კი ნ---- ო-------ის საკუთრებაა და კონფლიქტის დროს ეხურა. ორივე ნივთი ამოღებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ და დაილუქა შესაბამისის წესების დაცვით. შემთხვევის ადგილის მარჯვენა მხარეს არის ქვის ღობე მარცხენა მხარეს კი მაგრამ აბდულაევის სახლი, მათ შორის(შუაში) არის გრუნტოვანი გზა, რომლის შუა ნაწილშიც ქვის კენჭებზე არის სისხლის მაგვარი მოწითალო ლაქები. კრიმინალისტების მიერ აღებული იქნა ლაქის ანაწმენდები, როლებიც დაილუქა ყოველგვარი წესების დაცვით. შემთხვევის ადგილზე ფოტოები გადაიღეს ექსპერტ კრიმინალისტებმა ვინაიდან ამ ტერიტორიაზე არ არის ვიდეო კამერები. ამოღებული ნივთმტკიცებები ინახება მარნეულის რაიონულ სასმართლოში.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 დეკემბრის #007335917 დასკვნის თანახმად ,წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ნ----- რ----ოვი 12.12.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობს 13.12.2017 წლიდან და დადგენილი აქვს: მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობები ნაწლავთა ევენტრაციით, განივი კოლინჯის, მისი ჯორჯლის და პანკრასის თავის დაზიანებით; თხემის მიდამოს სკალპირებული ჭრილობა; ბარძაყის ნაკვეთი ჭრილობა; მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია. მუცლის მიდამოს ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. თხემის და ბარძაყის მიდამოების ჭრილობები განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის #007396617 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (17.12.2017 წ.) ნ---- ო-------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს .

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილი. მან განმარტა, რომ მის მიერ გაცემულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნ----- რ----ოვის და ნ---- ო-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე განმარტა, რომ მასთნ წარდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია ნ----- რ----ოვთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ აღენიშნებოდა 4 ჭრილობა, მათგან 2 მუცლის ღრუში შემავალი, რომელიც განეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ასევე დაადასტურა ნ---- ო-------ის მიმართ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის #000826818 დასკვნის თანახმად; სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: -პაკეტებში, წარწერით: ,,FCD837410... მოწითალო ფერის ლაქა...’’ და FCD837409...ამოღებულია მოწითალო ფერის ლაქა ავტო მანქანის უკანა სავარძლის შუა ნაწილიდან ბიოლოგიურ ჩხირზე...’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ.#1-3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- რ----ოვს (ობ.#22;პაკეტი, წარწერით: ,,..ნ----- რ----ოვისაგან აღებული სისხლის ნიმუში...’’)

-პაკეტში წარწერით: ,,..მოშავო ფერის დუტის ქურთუკი..’’ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მბზინავი ზედაპირის მქონე ლაქა (ობ.#4) სისხლს არ წარმოადგენს.

-პაკეტში წარწერით: ,,..ზაქარია ო-------ისგან ამოღებული ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ჯინსის შარვალსა (ობ#5,6) და ქურთუკზე (ობ#7,8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- რ----ოვს(ობ.#22)

-პაკეტში წარწერით: ,,..ნ---- ო-------ისგან ამოღებული პირადი ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ჯემპრსა და ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ#10-12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ#10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ---- ო-------ს (ობ.#20; -პაკეტი წარწერით: ,,..ნ---- ო-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში..’’) ობ#11,12-ის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილებისგანაც. ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.#9) სისხლს არ წარმოადგენს:

-პაკეტში წარწერით: ,,..ნ----- რ----ოვის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ.#13) ჯინსის შარვალზე (ობ/14,15) კაპიუშონიან ქურთუკზე (ობ.#16,17) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.#18,19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ----- რ----ოვს (ობ.#22)

-პაკეტში წარწერით: ,,..ნაჭრის ქუდი ყურებიანი 1ც...’’ მოთავსებულ ქუდზე სისხლზე და სხვა ბიოლოგიურ მასალაზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ვერა ოკუნევა. მან განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დაადასტურა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა იგორ ქველაძის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით. მოწმის მიერ დადასტურებულ იქნა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2017 წლის 16 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად ბრალდებულმა ნ---- ო-------მა ნებაყოფლობით გადასცა გამოძიებას თავისის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ნ----- რ----ოვის დაჭრის დროს: შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის სპორტული შარვალი და რუხი ფერის ჯემპრი. ქურთუკი არის ე.წ ,,დუტი’’ სტილის, შავი ფერის, კაპიშონით, წინა მხრიდან პლასტიკური ელვა შესაკრავით, გვერდებზე აქვს ორი ჯიბე ელვა შესაკრავებით. საყელოს შიდა მხრიდან გააჩნია იარლიყი უცხოური წარწერით ,,ZARA MAN’’. ქურთუკს აღენიშნება ექსპლუატაციური ნიშნები, მაგრამ რაიმე სახის ტექნიკური დაზიანება არ აქვს. წარმოდგენილია ,,ნაიკის’’ ლოგოთი ლურჯი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც უკანა მარჯვენა მხარეს და გვერდითა ჯიბეებზე აქვს ელვა შესაკრავები. შარვალს აღენიშნება ექსპლუატაციური კვალი. წარმოდგენილ მამაკაცის რუხი ფერის მკლავებიან ჯემპრს წინა მხრიდან აქვს გაურკვეველი ლურჯი ფერის წარწერა, რომელსაც აღენიშნება ექსპლუატაციური ცვეთა. ზაქარია ო-------ის ტანსაცმელი დათვალიერებისა და აღწერის შემდეგ დალუქეს შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტში შსს მარნეულის რაიონის სამმართველოს 30/9 ლუქით, რომელზეც შესრულდა ხელმოწერები.

 

2017 წლის 13 დეკემბრის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ შპს ,,ავერსის კლინიკაში“ მარნეულის ფილიალში ექიმ ლელა სულაქველიძისაგან ამოღებულ იქნა ნ----- რ----ოვის ტანისამოსი. კერძოდ წითელი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ე.წ. ,,რეიტუზი“, ნაჭრის შავი ფერის ფეხსაცმელი.

 

2017 წლის 13 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად ამოღებულ იქნა ზაქარია ო-------ის ტანსაცმელი, კერძოდ დუტის ქურთუკი, ჯინსის ლურჯი ფერის შარვალი.

სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ნივთიერ მტკიცებულებანი. პირველ პაკეტში მოთავსებული იყო შარვალი, მაისური, ქურთუკი და ერთი წყვილი ტუფლი. ქურთუკთან დაკავშირებით ბრალდებულმა ნ---- ო-------მა განმარტა, რომ აღნიშნული ქურთუკი ეკუთვნოდა მას, რომელიც იყო მანქანაში და დაზარალებულის საავადმყოფოში გადაყვანისას გაყვა ნ----- რ----ოვს. მეორე პაკეტში მოთვსებული იყო ზაქარია ო-------ის შავი ქურთუკი და ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის ლაქები. მესამე პაკეტში კი მოთავსებული იყო ბრალდებულ ნ---- ო-------ის ტანისამოსი შავი ქურთუკი, სპორტული შარვალი და სვიტრი, რომელიც ბრალდებულის განმარტებით ეცვა დაკავებისას.

 

ნ---- ო-------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს ზაქარია ო-------თან, სახავათ ტანვერდიევთან ერთად იმყოფებოდა ბაზარში. ბაზარში ყოფნისას შეიძინა დანა. იმავე დღეს მეგობრებთან ერთად წავიდნენ კაფეში, სადაც დალიეს ლუდი და არაყი. საღამოს მშობლების სახლში წამოსაყვანად დაბრუდნენ სოფელში. ფარიზ ბაირამოვთან ერთად ჩამოვიდა ავტომანქანიდან და ფეხით გააგრძელა გზა სოფლისაკენ. მივიდნენ ჩაიხანასთან, სადაც შეხვდნენ ნ----- რ----ოვს, საუბრობდნენ, რა დროსაც მათთან ავტომანქანით დაბრუნდნენ ზაქარია ო-------ი და სახავატ ტანივერდიევი. იქნებოდა დაახლოებით ღამის 11:00 საათი. სურდათ ლუდის დალევა, რის გამოც გაემართნენ მაღაზიისკენ და შეიძინეს ლუდები. ნ---- ო-------მა განმარტა, რომ მას დაურეკეს სახლიდან უთხრეს მალე დაბრუნებულიყო, რის გამოც ნ----- რ----ოვს სთხოვა ავტომანქანიდან ჩასულიყო. ნ----- რ----ოვმა კი მას უთხრა, რომ ლუდს დალევდა და ჩავიდოდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას კვლავ დაურეკეს სახლიდან და სთხოვეს მისულიყო. მან ნ----- რ----ოვს მოსთხოვა ჩასულიყო ავტომანქანიდან. ნ----- რ----ოვმა კი უარი განუცხადა, მანქანიდან აიღო გასაღები და გადავიდა. ნ---- ო-------მა განმარტა, რომ მან ხელი წაიღო მისკენ რათა გასაღები გამოერთმია, მან კი ლუდის ბოთლი ჩაარტყა თავში, რის გამოც მან გონება დაკარგა. ბრალდებულის განმარტებით ამ დროს სხვა პირები იმყოფებოდნენ ავტომანქანაში და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. ნ---- ო-------მა განმარტა, რომ მას ნ----- რ----ოვმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ 2-3-ჯერ წიხლით სახისა და ტანის არეში. ბრალდებულის განმარტებით ამ დროს ის იყო წაქცეული ზემოდან იყო ნ----- რ----ოვი, ბრალდებულმა განმარტა, რომ ხელით ეძებდა ძირს რაიმეს, რომ დაერტყა ნ----- რ----ოვისათვის, აიღო დანა, რომელიც სავარაუდოდ ერთხელ ფეხში მოარტყა, ერთხელ ან ორჯერ მუცელში. ბრალდებულმა განმარტა, რომ ამ დროს იმყოფებოდა წაქცეულ მდგომარეობაში. ნ---- ო-------მა განმარტა, რომ ამის შემდეგ დაუძახა ბიჭებს სთხოვა წაეყვანათ საავადმყოფოში. ქუდი და ქურთუკი თავისი ჩააცვა. ასევე განმარტა, რომ თავად არ გაყვა მათ, რადგან ნ----- რ----ოვი მის დანახვაზე ნერვიულობდა, ტაქსით გაყვა მარნეულამდე. საავადმყოფოში კი მისი ნათესავები იმყოფებოდნენ, რის გამოც შეეშინდა და არ მივიდა. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ამის შემდეგ წავიდა სახლში, გამოიცვალა ტანისამოსი, სპორტული შარვალი და ქურთუკი ჩაიცვა და წავიდა ბიძამისთან. ბრალდებულმა განმარტა, რომ დანა წამოსვლისას გზაზე გადააგდო. ბრალდებულმა სახელმწიფო ბრალმდებლის შეკითხვაზე დააზუსტა, რომ როდესაც ნ----- რ----ოვს მუცელში დაარტყა იყო ფეხზე და ჩხუბობდნენ. ასევე განმარტა, რომ დანა მას ეჭირა მარჯვენა ხელში და ჩხუბისას თავადაც მიიღო დაზიანებები.

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული დაზარალებულ ნ----- რ----ოვისაგან იცავდა თავს, ბრალდებული აღიარებს მისი მხრიდან დანის გამოყენებას, რაც სასამართლოს მხრიდან უნდა იქნეს გაზიარებული. ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ ნ---- ო-------ს ნ----- რ----ოვის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

 

სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ ნ---- ო-------ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა - კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, ინტენსივობა, გამოყენებულ საშუალებათა როგორც ურთიერთშესაბამისობა, ასევე მათი შესაბამისობა ქმედების საშიშროებასთან, ხასიათთან და ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა სრულყოფილი და ერთობლივი შეფასების გარეშე არ შეიძლება მდგომარეობა ჩაითვალოს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობად. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა უნდა არსებობდეს ობიექტურად, რეალურად და არა მხოლოდ პირის წარმოდგენაში. ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობის დადგენილად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ობიექტურად (რეალურად) არსებული ვითარების შეფასება და არა პირის სუბიექტური წარმოდგენები. იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილზე გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულისა იმყოფებოდნენ, ზაქარია ო-------ი, ფარიზ ბაირამოვი, ასეფ ბაირამოვი, ასევე კონფლიქტი დაიწყო ზაქარია ო-------სა და ნ----- რ----ოვს შორის, ფარიზ და ასეფ ბაირამოვები კი ცდილობდნენ მათ გაშველებას, ნ---- ო-------ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ. გარდა ამისა ფარიზ და ასეფ ბაირამოვებმა განმარტეს, რომ მათ ნ---- ო-------ი, ზაქარია ო-------ი და ნ----- რ----ოვი გააშველეს და ამის შემდეგ მოულოდნელად ნ---- ო-------მა დაარტყა ნ----- რ----ოვს, მან კი დაუძახა მათ რომ იყო დაჭრილი. შესაბამისად ნ---- ო-------ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის, სსკ-ის 19-ე მუხლი კი იძლევა განმარტებას დანაშაულის მცდელობაზე, რომლის მიხედვითაც დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. საქმის მასალების თანახმად დაზარალებულ ნ----- რ----ოვს მიყენებული აქვს რამდენიმე ჭრილობა, კერძოდ; მუცლის წინა კედელში, თხემის მიდამოში, ბარძაყის მიდამოში, მათგან მუცლის მიდამოს ჭრილობები მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ჭრილობების რაოდენობა მათი ლოკალიზაცია მიუთითებს ნ---- ო-------ის განზრახვაზე ნ----- რ----ოვის მკვლელობისა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ---- ო-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ---- ო-------მა ნ----- რ----ოვის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს 19,108-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

4.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ---- ო-------მა აღიარა მისი მხრიდან დანის გამოყენების ფაქტი, შერიგებულია დაზარალებულთან, არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

4.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ნ---- ო-------ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ---- ო-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ---- ო-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ნ---- ო-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 დეკემბრიდან.

 

ნ---- ო-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნ---- ო-------ის ავტომანქანა დაუბრუნდეს ნ---- ო-------ის ოჯახის წევრებს.

 

ნ---- ო-------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ---- ო-------ს.

 

ზაქარია ო-------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზაქარია ო-------ს.

 

ნ----- რ----ოვის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ----- რ----ოვს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე