გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002430211
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/13033-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ირ------------

წარმომადგენელი - გი-------–-------–---–ი

მოპასუხე - შპს „და------------–-------------“

წარმომადგენელი - მი----–--–---------–---–ი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „და------------–-------------ს“ მოსარჩელე ირ------------ს სასარგებლოდ 22 700 (ოცდაორი ათას შვიდასი) ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს მოახდინოს მის მფლობელობაში არსებულ ფართში მდებარე ქ. თბილისი, ნი---–---–---------ში ტექნოაკუსტიკური და ორთქლის ბარიერების, ლითონის პროფილის, თაბაშირ-მუყაოს პროფილის გამოყენებით და მონტაჟით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც დაცული იქნება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, მოპასუხის მიერ გამოწვეული ხმაურისაგან.

 

1.3. მოპასუხეს აეკრძალოს ღამის კლუბ „D-------“-ში ღამის 23 საათიდან დილის 08 საათამდე დასაშვებ დონეზე არაუმეტეს 30 დბ-ისა, ხმამაღალი მუსიკის გამოყენება.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია და ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, ივ---------–---–----------ში. მის მეზობლად, მისამართზე - ქ. თბილისი, ნი---–---–---------ში ფუნქციონირებს მოპასუხე შპს „და------------–-------------ის“ მიერ გახსნილი ღამის კლუბი - „D-------“, რომელსაც საერთო გამყოფი კედელი აკავშირებს მოსარჩელის კუთვნილ სახლთან. მოპასუხის ღამის კლუბიდან ხშირად გამოდის დასაშვები ხმაურის დონის გადაჭარბებით მუსიკა. 2017 წლის 01 დეკემბერს, აღნიშნული ღამის კლუბიდან ღამის 11 საათის შემდეგ ხმაურის დონემ გადააჭარბა დასაშვებ დონეს, რის გამოც მოსარჩელემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციამ სპეციალური მოწყობილობით გადაამოწმა ხმაურის დონე და დადგინდა, რომ იგი დასაშვებზე გადაჭარბებული იყო, რის გათვალისწინებითაც მოპასუხეს გამოეწერა გაფრთხილების ქვითარი. 2018 წლის 28 იანვარს, აღნიშნული ღამის კლუბი საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდა იგივე საფუძვლით, ვინაიდან ხმაურის დონე აღემატებოდა დასაშვებ დონეს და შეადგენდა 63.2 დეციბალს. საპატრულო პოლიციის მიერ ხმაურის ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა მიუხედავად საპატრულო პოლიციის გაფრთხილებებისა და საჯარიმო ქვითრებისა, კვლავაც მეორდება იგივე ფაქტები, რითაც მოსარჩელე განიცდის ფსიქოლოგიურ და სულიერ ტანჯვას. მოსარჩელეს ნორმალურად არ სძინავს უკვე რამდენიმე თვეა, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ მართალია, საპატრულო პოლიციის მიერ რამდენჯემრე მოხდა ორგანიზაციის დაჯარიმება იმ საფუძვლით, რომ ხმაურის დონე აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს, თუმცა გაურკვეველი იყო ხმაურის გამომწვევი მიზეზი, თუ რა საფუძვლით დადგინდა, რომ დარღვევა გამოწვეული იყო ღამის კლუბიდან. ასევე დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან არ დგინდებოდა ურთიერთკავშირი, ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხის მოქმედებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ივ---------–---–--------–------------–--------- საერთო ფართით 322.53 კვ.მ. (მათ შორის I სართ .159.57 კვ.მ, II სართ. 162.96 კვ.მ.), საკადასტრო კოდით N---1--0--0------ - რეგისტრირებულია ირ------------ს საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 18-19)

 

3.2.2. ირ------------ს მეზობლად მდებარე ღამის კლუბი „D--------, მისამართზე: თბილისი, ნი---–---–-------- ფუნქციონირებს შპს „და------------–-------------ის“ მიერ, რომელსაც გააჩნია საერთო გამყოფი კედელი ირ------------ს საცხოვრებელ ბინასთან.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რეაგირების ოქმები, მხარეთა ახსნა-განმარტება - სარჩელი, შესაგებელი, 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 20-22, 23-32, 96-111, 118-12-, 133-154)

 

3.2.3. საპატრულო პოლიციის მიერ 2----–-–------------------------–-–---------------------–-–----------------–-----------–-–------------- შედგენილი რეაგირების ოქმებით დადგენილია, რომ ოთხივე შემთხვევაში, ქ. თბილისში, ნი---–---–---------ში მდებარე ბარიდან მომდინარე ხმაურის დონე აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს, რაც შემოწმებულ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ ხმაურის საზომი აპარატით. კერძოდ, ირ------------ს საცხოვრებელ ბინაში შემოსული ხმაურის დონე 2----–-–----------------- შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად შეადგენდა 44.5 დეციბალს, 2----–-–-------------- შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად - 63.2 დეციბალს, 2----–-–---------------–-- რეაგირების ოქმის თანახმად - 45.6 დეციბალს, ხოლო 2018 წლის 31 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად კი - 41 დეციბალს.

 

(მტკიცებულება: რეაგირების ოქმები, ს.ფ. 23-28, 30-31)

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრების მიხედვით, შპს „და------------–-------------ი“ (-------------- და მისი მენეჯერი - N------------ დაჯარიმებულ იქნა 1000-1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გამოიხტა ღამის ბარიდან მომდინარე ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებაში.

 

(მტკიცებულება: საჯარიმო ქვითრები, ს.ფ. 29, 32)

 

3.2.5. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შ---------------- მიერ 2----–-–---------------- გაცემული საექსპერტო დასკვნის თანახმად, იმისათვის, რომ ირ------------ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე: თბილისი, ივ---------–---–---------, შპს „და------------–-------------ის“ კუთვნილი ბარიდან შემოსული ხმაურის დონემ არ გადააჭარბოს საქართველოში დასაშვებ ნორმას, საჭიროა ბარში ჩატარდეს სპეციალური მასალების გამოყენებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები თანდართული დანართის შესაბამისად. კერძოდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტექნოაკუსტიკური და ორთქლის ბარიერების, ლითონის პროფილის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით, რაც დაახშობს ბარიდან მომდინარე ხმაურის დონეს.

 

(მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 73-80)

 

3.2.6. შ----–-------------–--------------–--------------–---------–-------–--------------------------- მიერ 2018 წლის 2- ა-----–- გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ირ------------ს მოკლე ანამნეზის მიხედვით პაციენტს აღენიშნება ცუდი ძილი, შფოთვა, გუნება განწყობის დაქვეითება ხმაურის გამო და უჩივის ტკივილს ხერხემლის გასწვრივ. პაციენტს ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია, დაენიშნა პრეპარატები და ფსიქო-ნევროლოგის კონსულტაცია, მაგრამ ექიმისთვის კონსულტაციის მისაღებად არ მიუმართავს.

 

(მტკიცებულება: ცნობა, ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ს.ფ. 33, 117)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 175-ე, 413-ე, 992-ე მუხლები;

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი;

„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანება;

„საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

 

„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანების ცხრილი 3-ის შესაბამისად (ბგერის წნევის დასაშვები დონეები, ბგერის დონეები, შეღმწევი ხმაურის ბგერის ეკვივალენტური და მაქსიმალური დონეები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და ხმაურის დასაშვები დონეები საცხოვრებელ განაშენიანების ტერიტორიაზე), ბინების საცხოვრებელ ოთახებში, დასასვენებელ სახლებში, პანსიონატების, მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატების საცხოვრებელ სათავსებში, საძინებლებში, სათავსებში ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლა ინტერნატებში ხმაურის დასაშვები დონე 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე შეადგენს 40 დბ-ს, ხოლო 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე 30 დბ-ს.

 

„საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, „Lღამე“ წარმოადგენს ღამის ხმაურის მაჩვენებელს 23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ამავე რეგლამენტის N1 დანართის თანახმად, საცხოვრებელი და საძილე სათავსებში დასაშვები ნორმები „Lღამით“ (დბA) შეადგენს 30 დბ-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმებისა და საჯარიმო ქვითრებით მოპასუხე შპს „და------------–-------------ის“ სარგებლობაში არსებული ღამის ბარიდან ირ------------ს საცხოვრებელ სახლში შემავალი ხმაურის დონე აღემატებოდა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ დონეებს, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის დავალდებულებას სათანადო სარეკონსტრუქციო საშუალებებით მოაწყოს მის სარგებლობაში არსებული ფართი, ასევე აეკრძალოს ღამის საათებში ხმამაღალი მუსიკის გამოყენება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ვალდებულება გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვის საკუთრებასა და სხვა სამოქალაქო უფლებებს. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს თავისი უფლებები გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენოს სხვათა უფლებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით კი დაშვებულია მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობა, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში, ვინაიდან ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც გულისხმობს მეზობელთა ურთიერთპატივისცემის მოვალეობას.

 

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ირ------------ს საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ არსებულ შენობაში, შპს „და------------–-------------ის“ მიერ მოწყობილია ღამის ბარი, რომლის ფუნქციონირების შედეგად მისგან მომდინარე ზემოქმედება - ხმაური, არსებითია და არ გამომდინარეობს უძრავი ნივთით ჩვეულებრივი სარგებლობიდან. აღნიშნულით კი დაუშვებლად ილახება მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლება. საქმეში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთიდან მომდინარე ხმაურის დონე არაერთხელ აღემატებოდა დასაშვებ ზღვრულ დონეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობაში არსებული ფართში იმგვარი სარემონტო სამუშაოების ჩატარების დავალების შესახებ, რომლითაც დაცული იქნება მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლება მოპასუხის მოქმედებით გამოწვეული ხმაურისაგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ადგილი აქვს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელყოფას, რაც გამოიხატება ღამის საათებში, მოპასუხის მიერ მოწყობილი ღამის ბარიდან ხმამახალი მუსიკის გამოყენებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოთხოვნა მოპასუხისათვის ღამის საათებში ნორმატიული აქტებით დადგენილ დასაშვებ დონეზე ხმამაღალი მუსიკის გამოყენების აკრძალვის დაწესების შესახებ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანი გულისხმობს ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ, სულიერ ტანჯვაში. მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნისას, მსგავსად მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა, მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზეა, რომელიც უთითებს, რომ მოპასუხის მოქმედებით მას ადგება ზიანი. სწორედ მომჩივანმა მხარემ უნდა დაადასტუროს მოვალის მოქმედებით მისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მას მიადგა მორალური ზიანი. აღნიშნული კი გამოიხატა მისი ჯანმრთელობის დაზიანებაში, ვინაიდან მოპასუხის სარგებლობაში არსებული ფართიდან მომდინარე ხმაურის შედეგად აღენიშნება შფოთვა, ცუდი ძილი, გუნება-განწყობის დაქვეითება და საჭიროებს მკურნალობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა მოპასუხის მოქმედებით გამოწვეული მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული არის უშუალოდ მოპასუხის მოქმედებით. მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ არ დადასტურებულა მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი მოვალის მოქმედებით, რის შედეგადაც იგი განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს, რომლის დამტკიცების ვალდებულებაც მას ეკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირ------------ს მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 22 700 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 219 ლარის ოდენობით, ხოლო რა ნაწილშიც მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი 681 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადახდილი თანხის 1 200 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ირ------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „და------------–-------------ისათვის“ ირ------------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის 22 700 (ოცდაორი ათას შვიდასი) ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

1.2. მოპასუხე შპს „და------------–-------------მა“ მოახდინოს მის მფლობელობაში არსებულ ფართში მდებარე ქ. თბილისი, ნი---–---–---------ში ტექნოაკუსტიკური და ორთქლის ბარიერების, ლითონის პროფილის, თაბაშირ-მუყაოს პროფილის გამოყენებით და მონტაჟით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც დაცული იქნება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება მოპასუხის მიერ გამოწვეული ხმაურისაგან.

 

1.3. აეკრძალოს მოპასუხეს ღამის კლუბ „D-------“-ში ღამის 23 საათიდან დილის 08 საათამდე დასაშვებ დონეზე არაუმეტეს 30 დბ-ისა, ხმამაღალი მუსიკის გამოყენება.

 

2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 219 ლარის და ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის 1200 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 681 ლარის ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი