გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36536-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნათია შიოშვილი
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი''
წარმომადგენელი - იუ----–--------–ი
მოპასუხეები - სე-------–--–--–---–ი, რო-------–--–--–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს სე-------–--–--–---–ს და რო------–--–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ 201--–-–------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 12596,83 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
201--–-–------------ს სს ,,თი---------ს'' და სე-------–--–--–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2- %-ით. კრედიტის ვადა - 1083 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, თანდართული გრაფიკით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ასევე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.
201--–-–------------ს სს ,,თი---------სა'' და რო-------–--–--–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა - რო-------–--–--–---–მა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სე-------–--–--–---–ის მიერ 201---–-–------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11600 აშშ დოლარით.
მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირველად დაირღვა 201--–-–------------–ს. მას შემდეგ ვალდებულებები ირღვეოდა პერიოდულად.
201--–-–-----------------ის მდგომარეობით მოპასუხეების სე-------–--–--–---–ისა და რო-------–--–--–---–ის დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 12596.83 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის - 5468,89 ლარი, პროცენტი - 4989.49 ლარი, დაზღვევა - 138,45 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებელი. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს დავალიანების ძირი თანხა და დაზღვევის თანხა, არ ცნეს სარგებელი და პირგასამტეხლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 201--–-–------------ს სს ,,თი---------ს'' და სე-------–--–--–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2-%-ით. კრედიტის ვადა - 1083 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, თანდართული გრაფიკით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა ასევე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201--–-–------------ის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 14-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. დადგენილია, რომ 201--–-–------------ს სს ,,თი---------სა'' და რო-------–--–--–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა - რო-------–--–--–---–მა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სე-------–--–--–---–ის მიერ 201---–-–------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11600 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201--–-–------------ის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22);
- თავდების განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 25-28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულება ირღვეოდა პერიოდულად და მოპასუხეების მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
201--–-–-----------------ის მდგომარეობით მოპასუხეების სე-------–--–--–---–ისა და რო-------–--–--–---–ის დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე შეადგენს 12596.83 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის - 5468,89 ლარი, პროცენტი - 4989.49 ლარი, დაზღვევა - 138,45 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201--–-–------------ის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22);
- თავდების განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 25-28)
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 23-24);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 29);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 464-ე, 867-ე-873-ე, 891-ე, 892-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თი---------სა'' და სე-------–--–--–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. სე-------–--–--–---–მა მოსარჩელე სს ”თი---------თან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თი---------ი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
დადგენილია, რომ 201--–-–------------ს სს ,,თი---------თან'' დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რო-------–--–--–---–ი წარმოადგენს თავდებ პირს და მას სე-------–--–--–---–თან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის -5468.89 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201--–-–------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2- %-ით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის დავალიანება პროცენტის ნაწილში განისაზღვრება - 4989.49 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 377.90 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ბაჟი, რაც შეადგენს 155.68 ლარს. ხოლო მოსარჩელე სს „თი---------ს“ უნდა დაუბრუნდეს 168.2 ლარი, მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესაბამისად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თი---------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
მოპასუხეებს სე-------–--–--–---–ს და რო-------–--–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ დაეკისროთ 201--–-–------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10796.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5468.89 ლარი, პროცენტი - 4989.49 ლარი, დაზღვევა - 138.45 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი;
2. მოპასუხე სე-------–--–--–---–ს და რო-------–--–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის'' სასარგებლოდ დაეკისროთ 155.68 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. სს ,,თი---------ს'' დაუბრუნდეს 168.2 ლარი მის მიერ სარჩელზე 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,თი---------ში“ (საგადასახადო დავალება #--), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 377,90 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 773 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია შიოშვილი