გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002677747
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30079-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ--------------

წარმომადგენელი - მ-----–---–---–---–ი

მოპასუხე - ვ--------------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ვ--------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ე-----------------ის (დაბადებული 2-----–-–-----------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 19 ოქტომბრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თ--------------ს და მოპასუხე ვ--------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-----------ს, შეეძინათ შვილი, ე-----------------ე. მხარეები განქორწინდნენ 2007 წლის 06 დეკემბერს. მოპასუხე ვ--------------ე არ აქცევს ყურადღებას არასრულწლოვან შვილს და არ ეხმარება მას მატერიალურად. მოსარჩელე მხარე შეძლებისდაგვარად, თავისი სახსრებით, ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავდა შვილზე, მაგრამ აღნიშნული სახსრები არ არის საკმარისი და საჭიროა მამის მხრიდანაც მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მუშაობს, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად იღებს შემოსავალს, იგი თავს არიდებს თავს შვილის აღზრდა-რჩენის მოვალეობის შესრულებას.

(სარჩელი, სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ--------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ--------------ს და ვ--------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ს შეეძინათ შვილი ე-----------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 16).

 

3.1.2. მოსარჩელე თ-------------- და მოპასუხე ვ--------------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეები განქორწიდნენ 2007 წლის 06 დეკემბერს. არასრულწლოვანი ე-----------------ე ცხოვრობს დედასთან, თ--------------სთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე თ-------------- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ვ--------------ეს 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი;

სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ვ--------------ე ეწევა კერძო საქმიანობას და აქვს სტაბილური შემოსავალი. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მოპასუხე მხარის დასაქმებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის შესახებ გარემოების დასადგენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 31 ოქტომბრის მიმართვა N------------ (ს.ფ. 30-32);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე ვ--------------ეს არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, იგი არ ზრუნავს ბავშვზე და არ ნახულობს არასრულწლოვან ე-----------------ეს. მოპასუხე მხარის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ--------------მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-----------ს დაბადებული ე-----------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ე-----------------ე ცხოვრობს დედასთან - თ--------------სთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-------------- და მოპასუხე ვ--------------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეები განქორწინდნენ 2007 წლის 06 დეკემბერს. არასრულწლოვანი ე-----------------ე ცხოვრობს დედასთან, თ--------------სთან ერთად. თ-------------- დღეის მდგომარეობით არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში ეხმარებიან ოჯახის წევრები. მოსარჩელის განმარტებით, ვ--------------ეს არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, იგი არ ზრუნავს ბავშვზე და არ ნახულობს არასრულწლოვან ე-----------------ეს. მოპასუხე მხარის ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ვ--------------ეს 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე ეწევა კერძო საქმიანობას და აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის კერძო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის ვ--------------ის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებისა და ამ შემოსავლის ოდენობის თაობაზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ვ--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--------------ს სარჩელი, ვ--------------ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ვ--------------ეს (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ე-----------------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი), ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 19 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. ვ--------------ეს (პირადი N-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა