გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002575079 (2-482/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი. 2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: ლე-–--------ძე
წარმომადგენელი: მა---------–-ძე
მოპასუხე: ო----- ი-------
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ო----- ი-------ს არასრულწლოვანი შვილების გ------ ი------ისა და ლ--–- ი------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით - გ------ ი------ის სასარგებლოდ 300 ლარის და ლ--–- ი------ის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ლე-–--------ძემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 1-ლ სექტემბრამდე ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ო----- ი-------სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი: 2007 წლის 29 ივლისს დაბადებული გ------ ი------- და 2009 წლის 15 მარტს დაბადებული ლ--–- ი-------. განქორწინების შემდეგ ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან. უმცროსი შვილი, ლ--–- ი-------, ქრონიკულადაა დაავადებული ბრონქული ასთმით, რაც საჭიროებს უწყვეტ მედიკამენტოზურ მკურნალობას და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვინაიდან ბავშვების მამა საერთოდ არ მონაწილეობს შვილების რჩენასა და აღზრდაში, მოსარჩელეს მარტოს უწევს ხარჯების დაფარვა, რის გამოც ითხოვს მოპასუხეზე ალიმენტის დაკისრებას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირეს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ო----- ი-------მ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითებს, რომ არ არის წინააღმდეგი და სურს მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა არის არასტაბილური. არ აქვს რაიმე სახის შემოსავალი. სხვადასხვა კომპანიაში აქვს არაერთი სესხი, რის გადახდსაც ვერ ახერხებს უმუშევრობის გამო. შესაბამისად ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლელა ვერძესა და ო----- ი-------ს ყავთ 2 შვილი: 2007 წლის 29 ივლისს დაბადებული გ------ ი------- და 2009 წლის 15 მარტს დაბადებული ლ--–- ი-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები.
-მხარეთა განმარტებები
3.1.2. მოსარჩელე ლე-–--------ძე და მოპასუხე ო----- ი------- ამჟამად არიან განქორწინებულები, ცხოვრობენ ცალკ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილები გ------ ი------- და ლ--–- ი------- ცხოვრობენ დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განქორწინების მოწმობა.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა საკითხი მოპასუხე ო----- ი------ის შემოსავლის, ხარჯებისა და ალიმენტის ოდენობის თაობაზე.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ო----- ი-------ს აქვს საკმაო შემოსავლები და ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობა გონივრული და კანონიერია.
მოპასუხე აცხადებს, რომ არ მუშაობს, აქვს მძიმე ფინასური მდგომარეობა, აქვს ბანკების ვალები. აცხადებს, რომ თანახმაა როგორც კი ექნება საშუალება ყველაფერს გააკეთებს თავისი შვილებისათვის, მაგრამ ამჟამად ვერ შეძლებს მოთხოვნილი თანხის ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადახდას.
აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა ცნობები დავალიანებების შესახებ.
მოსარჩელე მხარემ საქმეზე წარმოედგინა ცნობა ლ--–- ი------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. ცნობები დავალიანებების შესახებ.
2. ცნობა ლ--–- ი------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3. მხარეთა ახსნა განმარტებები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარცელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა მოპასუხის სემოსავლებთან დაკავშირებით, შესაბამისად მოთხოვნილი სარჩელის ოდენობა შეუსაბამოა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 1212-ე, 1214-ე, 1197-ე, 1198-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით:
,,1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.''
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ ,,ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს ..გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები: 2007 წლის 29 ივლისს დაბადებული გ------ ი------- და 2009 წლის 15 მარტს დაბადებული ლ--–- ი-------. ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ო----- ი------- არ ცხოვრობს ლე-–--------ძესა და შვილებთან ერთად, ო----- ი-------ს შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ლე-–--------ძეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების მატერიალურ და შვილების რეალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს 300 ლარით გ------ ი------ის სასარგებლოდ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ლ--–- ი------- საჭიროებს მკურნალობას, მოსარჩელე ითხოვს მის სასარგებლოდ 400 ლარის დაკისრებას (სულ 700 ლარი).
მოპასუხე თვლის, რომ ამჟამად შვილების აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება არ უნდა განისაზღვროს მოთხოვნილი ოდენობით, ვინაიდან არის უმუშევარი და არ აქვს საკმარისი შემოსავალი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილების აღზრდაში. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობა - 700 ლარი ყოველთვიურად, არ მიაჩნია გონივრულად. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა, თითოეულ ბავშვზე, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 150 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის, მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 150 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, სულ სამასი ლარი თვეში.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 03 აგვისტოს, შესაბამისად ალიმენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული პერიოდიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი 300 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს ერთი წლის განმავლობაში გადასახდელ 3600 ლარს, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღინისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლე-–--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ო----- ი-------ს (პ/ნ 6----------) დაეკისროს ალიმენტი არასრულწოვანი შვილების 2007 წლის 29 ივლისს დაბადებული გ------ ი------ისა და 2009 წლის 15 მარტს დაბადებული ლ--–- ი------ის სარჩოდ თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, სულ 300 (სამასი) ლარი ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 03 აგვისტოდან მათ სრულწლოვანებამდე.
3. ო----- ი-------ს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე