განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2018
საქმის ნომერი
190100118002693572
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-755-18

(№012170918003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

04.12.2018 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე: ადვოკატი გოჩა ძინძიბაძე,ბრალდებული: ლ-–------------ე

მამის სახელი: გ---

პირადი ნომერი: №3----------

დაბადებული: 02.09.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი;

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, მე-1--------------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. რუსთავში, მე-1------------------------------- საცხოვრებელ ბინაში და ამავე კორპუსის სადარბაზოსთან ლ-–------------ემ თავის ყოფილ მეუღლეს ნ-------------–---–ს მოსთხოვა შერიგება და კვლავ ერთად ცხოვრება; მისგან უარის მიღების შემდეგ დაემუქრა, რომ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკლავდა. ნ-------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ლ-–------------ე ნასამართლევია ნ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე და მუქარის განხორციელების მომენტში ლ-–------------ე იყო ნასვამი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი წერილობითი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ ლ-–------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ლ-–------------ის დამნაშავედ ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულად ცნობილმა - ნ-------------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

 

საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები - მოწმეთა დაკითხვები მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 04 დეკემბერს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმეთა დაკითხვები, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის განხორციელებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ზოგადად მუქარის შემცველი სიტყვების გამჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნული ფორმით ისე უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ქმედების შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქმედების სიხშირე, გამოყენებული საშუალება, ურთიერთობა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. ამდენად, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ე.ი. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------------–---–მა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მისცა, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რომლითაც შეუძლებელია დადასტურდეს, რომ ნ-------------–---–მა, როგორც მუქარის ადრესატმა განიცადა ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მართალია, გამოძიების ეტაპზე ნ-------------–---–მა გამოკითხვისას მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღნიშნული არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი გახდეს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უყუარად დაადასტურებდა, მუქარის ადრესატის მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის რეალურად აღქმას.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების შეფასებისას თვლის, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ბრალდებულმა ლ-–------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ლ-–------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ აღმოჩნდა საქმისადმი შედეგის გათვალისწინებით უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად მიჩნევის საფუძველი: გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ლ-–------------ის ბრალეულობა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ ლ-–------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”), შესაბამისად ლ-–------------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ლ-–------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის №10ა-248-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ლ-–------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის №10ა-248-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა - გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე.

 

3. ლ-–------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი