გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
330210018002283396
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3032-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ნ----------–--------–---–ი

 

მოპასუხე - შპს „--–--–---------

წარმომადგენელი - ს----------------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „--–--–---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროსზიანის 1815,68 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 20 თებერვალს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა განეხორციელებინა იურიდიული მომსახურება თბილისის საქალაქო სასამართლოში ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ აღძრულ სარჩელზე. წარმომადგენლობას ახორციელებდა მისი დირექტორი მარიამ კახეთელიძე. მოპასუხის მიერ სარჩელში არასწორი ფაქტების მითითების გამო, ნ----------–--------–---–მა საქმე წააგო. იგი მოქმედებდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებში, ვინაიდან მან მოთხოვნა დაამყარა ორივე ხელშეკრულების ნამდვილობაზე (2013 წლის 27 დეკემბრის და 2014 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებები) და არა იმ ფაქტზე რომ ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან დადებული ორი ხელშეკრულებიდან ერთი უნდა ყოფილიყო ბათილი.

 

საადვოკატო მომსახურებისთვის ნ----------–--------–---–მა შპს „--–--–---------ს გადაუხადა 500 ლარი, საიდანაც მოპასუხემ მხოლოდ 250 ლარი დააბრუნა. ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისთვის გადახდილი აქვს ჯამში 2400 ლარი, კოალიციის მოთხოვნით ექსპერტისთვის - 300 ლარი, რომლის დასკვნაც საქმისთვის აუცილებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. აღნიშნული თანხების ანაბარზე განთავსებით, 2014 წლიდან დღემდე დარიცხული საანაბრე პროცენტი შეადგენს 1815,68 აშშ დოლარს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაევალოს მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)

 

წერილობით წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სარჩელი შეადგინა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ფაქტების საფუძველზე და თავადაც მოსარჩელე ეთანხმებოდა და მხარს უჭერდა სარჩელს, არ არსებობდა გაანგარიშებულ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. კოალიციის მიმართ მიმდინარე საქმეზე, ნ----------–--------–---–მა მოსამზადებელ ეტაპზევე შეწყვიტა წარმომადგენლობა. შესაბამისად, დაცული იყო შესაბამისი ვადები, რათა მოსარჩელეს ალტერნატიული ადვოკატის მოძიების და საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა ჰქონოდა. შესაბამისად, თუ მოსარჩელეს რაიმე სახის ზიანი მიადგა, ეს მოპასუხის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული. გარდა ამისა, მოსარჩელემ ხელწერილით დაადასტურა, რომ გადახდილი თანხის (500 ლარის) ნახევრის დაბრუნების შემდეგ, მომავალში შპს „--–--–----------ს მიმართ პრეტენზია არ ექნებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----------–--------–---–სა და შპს „--–--–---------ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა და წარმომადგენლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნ----------–--------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ.

 

იურიდიული მომსახურებისთვის ნ----------–--------–-ლმა შპს „--–--–---------ის სასარგებლოდ 500 ლარი გადაიხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.02.2014 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 20.02.2014 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „--–--–---------ის მიერ ნ----------–--------–---–ის სახელით მომზადდა სარჩელი სსიპ საქართველოს არასამთავრობო კოალიციის მიმართ, მოსარჩელესა და კოალიციას შორის 2013 წლის 27 დეკემბერს და 2014 წლის 17 იანვარს დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების მოშლის მოთხოვნით.

 

აღნიშნულ სარჩელში მოთხოვნა დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ორივე ხელშეკრულება ერთმანეთის იდენტურია, კოალიციის მხრიდან იურიდიული მომსახურების გაწევა არ მომხდარა, ორგანიზაციის პრეზიდენტს არ გააჩნდა კოალიციის რომელიმე იურისტის სახელზე ნ----------–--------–---–ის მიერ გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რაც ვალდებულების შესრულების აუცილებელი წინაპირობაა, ასევე, კოალიციას, მოსარჩელისთვის არ ჰქონდა მიწოდებული რაიმე სახის შუალედური ინფორმაცია, საქმის მსვლელობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ წარდგენილი სარჩელი;

- 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება N2/4062-14;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სარჩელის განხილვისას ნ----------–--------–---–ის სახელით შპს „--–--–---------მა მონაწილეობა მიიღო მოსამზადებელ სხდომაზე. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე, ნ----------–--------–---–ის ინიციატივით, იმ მიზნით, რომ მას სურდა სხვა წარმომადგენლის აყვანა, შეწყდა იურიდიული მომსახურების შესახებ 20.02.2014 წლის ხელშეკრულება. ამავდროულად, ნ----------–--------–---–მა 22.05.2014 წლის ხელწერილით დაადასტურა, გადახდილი 500 ლარიდან 250 ლარის და საქმის მასალების მიღება.

 

ნ----------–--------–---–მა დავა წარმომადგენლის გარეშე გააგრძელა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ----------–--------–---–ის სარჩელი ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში - სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება N2/4062-14;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ააიპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ აღძრული სარჩელის განხილვა ისე დასრულდა, რომ ნ----------–--------–---–ს არ შეუცვლია სარჩელში აღნიშნულია ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოსარჩელე შპს „--–--–-------ის“ მიმართ მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მისმა დირექტორმა მარიამ კახეთელიძემ მისი ნების საწინააღმდეგოდ სარჩელი ააგო არა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე რომელიც მოსარჩელეს სურდა არამედ მცდარ ფაქტებზე. სასამართლოს არ მიაწოდა სრული ინფორმაცია, არ აღნიშნა, რომ კოალიციის მიერ შედგენილი ორი სარჩელი (ერთი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მეორე - ე.წ. „ატსტუპნიკურ“ დავაზე) ღირებული არ იყო, ვინაიდან მოთხოვნის უფლება ნ----------–--------–---–ს არ გააჩნდა, ასევე არასაჭირო იყო კოალიციის მოთხოვნით გაკეთებული ექსპერტიზა. თუმცა, 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით არ დგინდება, რომ შპს „--–--–---------თან მინდობილობის შეწყვეტის შემდგომ, ნ----------–--------–---–მა კოალიციასთან დავა გააგრძელა შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით.

 

დადგენილია, რომ შპს „--–--–---------სთან დადებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შეუწყვიტა, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.05.2014 წლის გადაწყვეტილება N2/4062-14;

 

3.2.2. შპს „--–--–-------თან“ დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა არა იურიდიული მომსახურების არაჯეროვანი შესრულება, არამედ მოსარჩელის უფლება, ნებისმიერ ეტაპზე შეეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა ნ----------–--------–---–ის მიერ 2014 წლის 22 მაისს შედგენილი ხელწერილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ წყვეტს ხელშეკრულებას და გადახდილი 500 ლარიდან, უკვე გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შპს „--–--–--------- უბრუნებს 250 ლარს. ამდენად, აღნიშნული ხელწერილი მიუთითებს, რომ კოალიციის მიმართ დავის მიმდინარეობისას გაწეულ იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.05.2014 წლის ხელწერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ----------–--------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 709-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. ნ----------–--------–---–ი და შპს „--–--–--------- ერთმანეთთან დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან, სადაც მოპასუხეს სამართლებრივი დახმარების გაწევა ევალებოდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მისთვის ზიანის მიყენება.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად არის სახეზე ვალდებულების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის ზიანის მიყენება. მოდავე მხარემ უნდა დაადასტუროს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულება, რამაც ზიანი მიაყენა მას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირი, მიუღებელი შემოსავლის სახით სავარაუდო ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.

 

ამდენად, მოპასუხის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის არარსებობა გამორიცხავს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს და არ არსებობს ზიანის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

კონკრეტულად შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----------–--------–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე