გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
010210017001882366
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001882366

№2-1203/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე თ--------------------ე

წარმომადგენელი ზ----------------ე

მოპასუხე სსიპ ”ბ-------------–----ი”

წარმომადგენელი ნ--------------ე

დავის საგანი პირგასამტეხლოს შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ--------------------ეს და სსიპ „ბ-------------–----ს“ შორის 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობათ ყოველ ვადაგადაცილოებული დღისათვის განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 0,01% და შესაბამისად სსიპ „ბ-------------–----ის“ მიერ თ--------------------ეზე უკვე დაკისრებული პირგასამტეხლო - 98 277 ლარიდან შემცირდეს 1965,54 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ „ბ-------------–----ის“ დირექტორის 2015 წლის 29 მაისის N01-02/121 ბრძანებით გამოცხადებულ უძრავი ქონების პირობიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი თ--------------------ე, რომელთანაც 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული იქნა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება N83, რომლის საფუძველზეც თ--------------------ეს დროებით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმი, თ------------–-ს ქუჩის გასწვრივ, მარცხენა მხარეს მდებარე 60,39 კვმ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N4) და მასზე დამაგრებული 77 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N05.22.01.006), ასევე გადაეცა ბ-------------–----ში, დ თ------------–-ს ქუჩის გასწვრივ, მარცხენა მხარეს მდებარე 407 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N05.22.01.051). ხელშეკრულების თანახმად წლიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 75 890 ლარი.

 

ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად მოიჯარემ აიღო ვალდებულება, რომ იჯარით გადაცემულ შენობას ჩაუტარებდა კაპიტალურ სარეკონსტრუქციო-აღდგენით სამუშაოებს და 2016 წლის 01 მაისისათვის სარგებლობაში გადაცემულ შენობა-ნაგებობაზე და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოფდა ახალი, თანამედროვე დიზაინის კაფე-ბარის ამოქმედებას.

 

ხელშეკრულების 6.3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოიჯარე ვალდებული იყო შენობა-ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოების ესკიზი და შესაბამისი პროექტი შეეთანხმებინა სსიპ „ბ-------------–----ის“ ადმინისტრაციასთან და სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“. ამასთანავე ხელშეკრულების გაფორემბიდან 3 თვის განმავლობაში წარმოედგინა წერილობითი თანხმობა სსიპ „აჭარის კულტურული ემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“. .

 

მხარეები მათ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 6.6. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „მოიჯარეს“ მიეცემოდა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და დაჯარიმდებოდა: „ა) საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადასახდელი ქირის 0,1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების დარღევის შემთხვევაში - საიჯარი ქირის ღირებულები 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სსიპ „ბ-------------–----ის“ დირექტორის N01-02/121 ბრძანება.

- სსიპ „ბ-------------–----ის“ დირექტორის N01-02/189 ბრძანება.

- ხელშეკრულება იქნა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის შესახებ. 12.06.2015წ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ--------------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების 6.3. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, ანუ 2015 წლის 12 სექტემბრამდე უნდა განხორციელებულიყო ესკიზის შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის წარდგენა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან. მოსარჩელის მიერ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა ესკიზის შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის წარდგენა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან განხორციელდა 2016 წლის 17 მაისს, რის გამოც მას სსიპ „ბ-------------–----ის“ მიერ ხელშეკრულების 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0,5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა საბოლოო ჯამში 89277 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ხელშეკრულება იქნა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის შესახებ. 12.06.2015წ.

- სსიპ „ბ-------------–----ის“ წერილები.

- თ--------------------ის წერილები.

 

3.2.2. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ესკიზის შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ თ--------------------ეს თავდაპირველად, ქვეიჯარის ხელშეკრულება მოპასუხის თანხმობით გაფორმებული ქონდა შპს „ტერასასთან“, რომელმაც ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულების დროული შესრულება, რის გამოც მასთან შეწყდა ქვეიჯარის ხელშეკრულება.

 

თ--------------------ემ 2016 წლის 01 აპრილს მიმართა სსიპ „ბ-------------–----ს“ ქონების ქვეიჯარით გაცემის ნებართვის შესახებ, რაზედაც მოპასუხემ 2016 წლის 8 აპრილს გაუგზავნა თანხმობის წერილი და 2016 წლის 12 აპრილს მოსარჩელის მიერ გაფორმებული იქნა ქვეიჯარის ხელშეკრულება შპს „პ-------სთან“, რომლის მიერაც განხორციელდა ესკიზის შეთანხმება და საბოლოო ნებართვის მიღება სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 2016 წლის 17 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ხელშეკრულება იქნა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის შესახებ. 12.06.2015წ.

- სსიპ „ბ-------------–----ის“ წერილები.

- თ--------------------ის განცხადებები.

- ქვეიჯარის ხელშეკრულება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--------------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: თ--------------------ეს და სსიპ „ბ-------------–----ს“ შორის 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობათ ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვროს ნაცვლად საიჯარო ქირის ღირებულების 0,5 %-ისა, საიჯარო ქირის ღირებულების 0,01% და შესაბამისად სსიპ „ბ-------------–----ის“ მიერ თ--------------------ეზე უკვე დაკისრებული პირგასამტეხლო - 98 277 ლარიდან შემცირდეს 1965,54 ლარამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 361-ე, 400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლი).

 

6.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

6.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისს თ--------------------ესა და სსიპ „ბ-------------–----ს“ შორის გაფორმებული იქნა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება N83, რომლის საფუძველზეც თ--------------------ეს დროებით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა სსიპ ბ-------------–----ის სარგებლობაში არსებული, ქ. ბათუმი, თ------------–-ს ქუჩის გასწვრივ, მარცხენა მხარეს მდებარე 60,39 კვმ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N4) და მასზე დამაგრებული 77 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N05.22.01.006), ასევე გადაეცა ბ-------------–----ში, დ თ------------–-ს ქუჩის გასწვრივ, მარცხენა მხარეს მდებარე 407 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N05.22.01.051). ხელშეკრულების თანახმად წლიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 75 890 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 6.3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე თორნიკე ღურმანიძე ვალდებული იყო შენობა-ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოების ესკიზი და შესაბამისი პროექტი შეეთანხმებინა სსიპ „ბ-------------–----ის“ ადმინისტრაციასთან და სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში, ანუ 2015 წლის 12 სექტემბრამდე.

 

დადგენილია, რომ თ--------------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების ზ/აღნიშნული მოთხოვნა და მის მიერ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა, ესკიზის შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის წარდგენა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან განხორციელდა 2016 წლის 17 მაისს. რის გამოც მას სსიპ „ბ-------------–----ის“ მიერ ხელშეკრულების 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0,5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა საბოლოო ჯამში 89277 ლარი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ, ზ/აღნიშნული ხელშეკრულების 6.3. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოპასუხეს მოსარჩელეზე ამავე ხელშკრლბის 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (361-ე, 400-ე მუხლები). ანუ, ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში, ანუ 2015 წლის 12 სექტემბრამდე თ--------------------ის მიერ ესკიზის და სამშენებლო ნებართის არ წარდგენა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას, რაც მოპასუხეს ანიჭებს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.

 

6.6. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

6.8. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მათ ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით, და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ყოველწლიური საიჯარო ქირის ღირებულების, ანუ 75890 ლარის 0,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის არის 379,45 ლარი, რამაც საბოლოოდ შეადგინა 89277 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 0,01 %-მდე, რაც იქნება ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 7,59 ლარი. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ--------------------ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მიერ გადასახდელ პირგასამტეხლოდ ნაცვლად 89277 ლარისა უნდა განისაზღვროს 1965,54 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება გასაცემი ან გადასახდელი.

 

ამდენად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 2889 ლარს, მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2900 ლარის ოდენობით. ანუ მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილია 11 ლარი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2889 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 11 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ--------------------ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

1.1. თ--------------------ეს და სსიპ „ბ-------------–----ს“ შორის 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობათ ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვროს ნაცვლად საიჯარო ქირის ღირებულების 0,5 %-ისა, საიჯარო ქირის ღირებულების 0,01% და შესაბამისად სსიპ „ბ-------------–----ის“ მიერ თ--------------------ეზე უკვე დაკისრებული პირგასამტეხლო - 98 277 ლარიდან შემცირდეს 1965,54 ლარამდე.

 

2. მოპასუხე სსიპ „ბ-------------–----ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2889 ლარის ოდენობით.

 

3. თ--------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 11 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე