გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210018002673225
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29767 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ქ------- ჭ-------

მოპასუხე ი----- ო-----–---–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი----- ო-----–---–--ათვის არასრულწლოვანი შვილის, მ-----– ო-----–---–-- (დაბადებული 2006 წლის 2----------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 12 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე ი----- ო-----–---–--ათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ო-----–---–-- (დაბადებული 2009 წლის 9-------–-), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 12 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.

1.3. მოპასუხე ი----- ო-----–---–--ათვის არასრულწლოვანი შვილის, მ-----– ო-----–---–-- (დაბადებული 2006 წლის 2----------) წარსული დროის ალიმენტის სახით 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 12 ოქტომბრამდე).

1.4. მოპასუხე ი----- ო-----–---–--ათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ო-----–---–-- (დაბადებული 2009 წლის 9-------–-) წარსული დროის ალიმენტის სახით 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 12 ოქტომბრამდე).

მოსარჩელე ქ------- ჭ-------ს და მოპასუხე ი----- ო-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 2---------- მ-----– ო-----–---–- და 2009 წლის 9-------–- ნ---- ო-----–---–-. მხარეები ბოლო ექვსი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ქ------- ჭ-------სთან და ძირითადად ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ბავშვებს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებებით. არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ კერძო სკოლაში (შპს ,,მ–----------–-“). მ-----– ო-----–---–-- სწავლების ყოველწლიური საფასური შეადგენს 2100 (ორი ათას ასი) ლარს, ხოლო ნ---- ო-----–---–-- წლიური გადასახადია 3150 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარი. ბავშვებს ესაჭიროებათ კვება, სამოსი, ტრანსპორტირება, გასართობ და სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება, რაც დაკავშირებულია ყოველთვიური ხარჯებთან. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარების პროცესში, არ ეხმარება მათ მატერიალურად. ი----- ო-----–---–- დასაქმებულია, აქვს მატერიალური შემოსავალი და იგი ვალდებულია სტაბილურად და სათანადოდ ზრუნავდეს შვილებზე. მოსარჩელე ქ------- ჭ-------მ სარჩელის აღძვრამდეც მიმართა მოპასუხეს ალიმენტის გადახდის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია არასრულწლოვანი მ-----– ო-----–---–-- და ნ---- ო-----–---–-- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.

(სარჩელი, 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. - 2.2 მოპასუხე ეთანხმება სარჩელს მ-----– ო-----–---–-- (დაბადებული 2006 წლის 2----------) და ნ---- ო-----–---–-- (დაბადებული 2009 წლის 9-------–-) ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.3. – 2.4. მოპასუხე მოთხოვნას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ არ ეთანხმება.

მოპასუხე ი----- ო-----–---–- არასრულწლოვან ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში. მხარეები ექვსი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, თუმცა მოპასუხე შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა მატერიალურად არასრულწლოვან მ-----– ო-----–---–ს და ნ---- ო-----–---–ს. მოპასუხის სურვილი იყო არასრულწლოვან ბავშვებს ესწავლათ საჯარო სკოლაში, ვინაიდან არ ჰქონდა სათანადო შემოსავალი სწავლის საფასურის გადასახდელად. მოსარჩელე დასაქმებულია, თუმცა მისი ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა შეადგენს 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარს. ამასთან, მოპასუხეს საკრედიტო დაწესებულების წინაშე ერიცხება დავალიანება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვები ყოველი კვირის პარასკევს, შაბათ და კვირა დღეს ატარებენ მამის ოჯახში და ეს უკანასკნელი უზრუნველყოს მათ საჭიროებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი მ-----– ო-----–---–-- და ნ---- ო-----–---–-- სასარგებლოდ. წარმოდგენილ შესაგებლით, მან თანხმობა განაცხადა თითოეული არასრულწლოვნისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის თაობაზე, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მან სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო თითოეული არასრულწლოვნისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ნაწილში.

ამასთან, არ არსებობს წარსული დროის ალიმენტის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო შესაბამისი ზომები სარჩოს მისაღებად.

(შესაგებელი, 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ქ------- ჭ------- და მოპასუხე ი----- ო-----–---–- ბოლო ექვსი წელია არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ქ------- ჭ------- არასრულწლოვან მ-----– ო-----–---–თან და ნ---- ო-----–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ-----------------------------------------------------–-------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოპასუხე ი----- ო-----–---–ს აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან. ბავშვები ყოველი კვირის პარასკევს და შაბათ დღეს ატარებენ მამის ოჯახში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი).

3.1.4. ი----- ო-----–---–- ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად დედის, ქ------- ბ-----–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ც-------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი).

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12.09.2017 წელი (ს.ფ. 35-36).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ქ------- ჭ-------ს და ი----- ო-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 2---------- მ-----– ო-----–---–- და 2009 წლის 0--------–ს ნ---- ო-----–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის ვაკის სმს და სარ სამსახურის მიერ 2006 წლის 3---------- გაცემული მამობის დადგენის მოწმობა დ---------, აქტის ჩანაწერი N------------ (ს.ფ. 19);

_თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ 2006 წლის 3---------- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 17);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის მიერ 2009 წლის 1--------–- გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).

3.2.2. არასრულწლოვანი ნ---- ო-----–---–- სწავლობს შპს ,------–---- მ–----------–-ში“ და მისი სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 3150 (სამი ათას ორმოცდაათი) ლარს. მ-----– ო-----–---–- არის ამავე სკოლის მოსწავლე და მისი სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 2100 (ორი ათასი) ლარს. სწავლების საფასურის გადახდა ხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2017 წლის 14 ოქტომბრის ხელშეკრულებები 2017-2018 სასწავლო წლისათვის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ (ს.ფ. 25-32).

მხარეთა განმარტებით, ქ------- ჭ------- არ შეუთანხმდა მოპასუხეს არასრულწლოვანი ბავშვების კერძო სკოლაში მიყვანის თაობაზე. მოპასუხეს მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სურს არასრულწლოვანმა მ-----– ო-----–---–მა და ნ---- ო-----–---–მა ისწავლონ საჯარო სკოლაში;

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ქ------- ჭ-------- მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 33 784.25 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 6756.84 ლარს. დამსაქმებლად 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მითითებულია შპს ,,ბ-----------–----------------–---–----“ ხოლო მითითებული პერიოდიდან - შპს ,,ბ---–----“;

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ქ------- ჭ-------- შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1613.74 ლარს, თებერვლის თვეში - 53.75 ლარს, მარტის თვეში - 1262.02 ლარს, აპრილის თვეში - 1562.5 ლარს, მაისის თვეში - 1562.5 ლარს, ივნისის თვეში - 80 ლარს და 1562.5 ლარს, ივლისის თვეში - 1507.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 80 ლარს და 1587.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 80 ლარს და 1507.5 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 08 ნოემბერს გაცემული ცნობა, ინფორმაცია 01.01.2017 წლიდან 30.09.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ (ს.ფ.105-106);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 109, 111).

3.2.4. ი----- ო-----–---–- დასაქმებულია სს ,,თ----------–-“ მძღოლის პოზიციაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს;

სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ი----- ო-----–---–-- მიერ 2017 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები (ხელფასი, პრემია, დანამატი) შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1241.3 ლარს, თებერვლის თვეში - 1074.45 ლარს, მარტის თვეში - 1274.9 ლარს, აპრილის თვეში - 1305.05 ლარს, მაისის თვეში - 1234.05 ლარს, ივნისის თვეში - 1216.15 ლარს, ივლისის თვეში - 1293.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 1179.3 ლარს, სექტემბრის თვეში - 1070.8 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1127.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 1208.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 2094.17 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1198.29 ლარს და 24 ლარს, თებერვლის თვეში - 1191.29 ლარს, მარტის თვეში - 1051.6 ლარს, აპრილის თვეში - 1106.7 ლარს, მაისის თვეში - 1096.92 ლარს, ივნისის თვეში - 1211.52 ლარს, ივლისის თვეში - 1140.32 ლარს და 45 ლარს, აგვისტოს თვეში - 1232.54 ლარს, სექტემბრის თვეში - 955.88;

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2015 წლის 01 იანვრიდან მოპასუხე ი----- ო-----–---–ს უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ------------“ მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ცნობა N4--------- (ს.ფ. 86);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 109-110);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ (ს.ფ. 115-116);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 33-34).

3.2.5. მოსარჩელე ქ------- ჭ-------ს 2018 წლის 28 მარტს სს ,,თ------------“-გან მიღებული აქვს სესხის სახით 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, რომლის დასაფარად მსესხებელი ყოველთვიურად იხდის თანხას საშუალოდ 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის ქ------- ჭ-------- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------------------------–-------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, N17------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 43-49);

_2018 წლის 22 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ. 37-42).

3.2.6. ი----- ო-----–---–ს სს ,,თ------------“ წინაშე 2018 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება N2-------------- სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5 434.37 ლარი, N2-------------- ,,ო----------------“ – 697.82 ლარი, N--------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 186.54 ლარს და ე.წ. ,,P---------” – 1222.64 ლარს;

ი----- ო-----–---–მა შპს ,,4------------“ 2018 წლის 24 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიიღო სესხის თანხა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ------------“ მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს გაცემული დავალიანების ცნობა N3--------- (ს.ფ. 77);

_2018 წლის 24 ივლისის სესხის ხელშეკრულება N9----------, სესხის განაცხადი (ს.ფ. 78-85).

3.2.7. მოსარჩელე მხარის განმარტებით თითოეულ არასრულწლოვანს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, სწავლების გადასახადის გარდა, ყოველთვიურად სჭირდება 400 (ოთხასი) ლარი. მოპასუხემ თავდაპირველად მიუთითა, რომ თითოეულისათვის საჭიროა 300 (სამასი) ლარი, ხოლო შემდეგ უარყო განმარტება და აღნიშნა, რომ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიური ხარჯი საკმარისია თითოეული არასრულწლოვანისათვის.

მოპასუხე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ვერ გააქარწყლა თავისი აღიარება. საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით დადგენილი დანაწესის შესაბამისი აღიარების გაქარწყლების მტკიცებულება.

3.2.8. მოსარჩელე ქ------- ჭ-------ს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად;

მოპასუხე მხარეს 2016 წლის 24 მარტს ქ------- ჭ-------- ანგარიშზე შეტანილი აქვს თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 16 სექტემბერს ასევე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ------------“ 2016 წლის 24 მარტის ქვითარი, ოპერაციის N----, 2018 წლის 16 სექტემბრის ქვითარი, ოპერაციის N3------- (ს.ფ. 76).

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვების სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ. ასეთად ვერ განიხილება სოციალურ ქსელში მხარეთა ელექტრონული მიმოწერა (ს.ფ. 50-58). მართალია, მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვდა ბავშვებისთვის გარკვეული მატერიალურ დახმარებას, თუმცა ორივე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრამდე არასრულწლოვანი ბავშვები კვირაში მინიმუმ ორ დღეს ატარებენ მამის ოჯახში და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის ორჯერ ჩარიცხვის ფაქტიც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. -4.2 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება თითოეულისათვის განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4.3. – 4.4. არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.-6.2. მოსარჩელე ქ------- ჭ-------მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: 2006 წლის 2---------- დაბადებული მ-----– ო-----–---–- და 2009 წლის 9-------–- დაბადებული ნ---- ო-----–---–- (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ------- ჭ------- და მოპასუხე ი----- ო-----–---–- ბოლო ექვსი წელია არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ქ------- ჭ------- არასრულწლოვან მ-----– ო-----–---–თან და ნ---- ო-----–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ-----------------------------------------------------–------------------------- (3.1.1., 3.1.2). საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე მხარე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ქ------- ჭ-------- მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 33 784.25 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 6756.84 ლარს. დამსაქმებლად 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მითითებულია შპს ,,ბ-----------–----------------–---–----“ ხოლო მითითებული პერიოდიდან - შპს ,,ბ---–----“ (3.2.2.). ამასთან, მოსარჩელეს სს ,,თ------------“ წინაშე ერიცხება სასესხო დავალიანება, რომლის დასაფარად იგი ყოველთვიურად იხდის თანხას საშუალოდ 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრის ქ------- ჭ-------- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------------------------–------------- (3.2.5).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

მოპასუხე ი----- ო-----–---–- დასაქმებულია სს ,,თ----------–-“ მძღოლის პოზიციაზე და საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს, თუმცა შემოსავლის განსხვავებული ოდნეობაა მითითებული სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მონაცემებით. კერძოდ, სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ი----- ო-----–---–-- მიერ 2017 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები (ხელფასი, პრემია, დანამატი) შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1241.3 ლარს, თებერვლის თვეში - 1074.45 ლარს, მარტის თვეში - 1274.9 ლარს, აპრილის თვეში - 1305.05 ლარს, მაისის თვეში - 1234.05 ლარს, ივნისის თვეში - 1216.15 ლარს, ივლისის თვეში - 1293.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 1179.3 ლარს, სექტემბრის თვეში - 1070.8 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1127.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 1208.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 2094.17 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1198.29 ლარს და 24 ლარს, თებერვლის თვეში - 1191.29 ლარს, მარტის თვეში - 1051.6 ლარს, აპრილის თვეში - 1106.7 ლარს, მაისის თვეში - 1096.92 ლარს, ივნისის თვეში - 1211.52 ლარს, ივლისის თვეში - 1140.32 ლარს და 45 ლარს, აგვისტოს თვეში - 1232.54 ლარს, სექტემბრის თვეში - 955.88 (3.2.4). ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი და ამჟამად, მის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ბავშვებისა, სხვა პირი არ იმყოფება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ-----– ო-----–---–- და ნ---- ო-----–---–- სწავლობენ შპს ,------–---- მ–----------–-ში“. ნ---- ო-----–---–-- სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 3150 (სამი ათას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო მ-----– ო-----–---–-- სწავლის წლიური საფასური - 2100 (ორი ათასი) ლარს. სწავლების საფასურის გადახდა ხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორების გზით (3.2.2). მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება აღნიშნულ სკოლაში ბავშვების სწავლებასთან დაკავშირებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალია მისი საუკეთესო ინტერესები. მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებების საფუძველზე, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ჩვეულ სასწავლო გარემოს შეცვლის აუცილებლობა. მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვებს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს.

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ი----- ო-----–---–ს ერიცხება დავალიანება როგორც სს ,,თ------------“, ასევე, შპს ,,4----------“ მიმართ (3.2.6). საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ როგორც უკვე აღინიშნა საბანკო დავალიანება ერიცხება მოსარჩელე მხარესაც.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მოპასუხე ი----- ო-----–---–-- თავისი მატერიალური შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, თითოეული არასრულწლოვანისათვის ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 (ორმოცდაათი) ლარი. (შესაგებელში მან ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი ცნო თითოეული არასრულწლოვნის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდის ნაწილში). სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით თითოეულ არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, სწავლების გადასახადის გარდა, ყოველთვიურად სჭირდება 400 (ოთხასი) ლარი. მოპასუხე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. თავდაპირველად მან მიუთითა, რომ თითოეულისათვის საჭიროა 300 (სამასი) ლარი, ხოლო შემდეგ უარყო განმარტება და აღნიშნა, რომ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიური ხარჯი საკმარისია თითოეული არასრულწლოვანისათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. განსახილველ საქმეზე, მოპასუხე ი----- ო-----–---–-- მიერ არ მომხდარა მისი აღიარების გაქარწყლება, რასაც ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლი.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 22.11.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 153.9 ლარს, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 173.8 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად, მათ შორის თანაბრად უზრუნველყონ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის სწავლების საფასურის ყოველთვიურად გადახდა, რასაც უნდა დაემატოს თითოეულ არასრულწლოვანთან მიმართებით ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით.

 

6.3-6.4. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი მ-----– ო-----–---–-- და ნ---- ო-----–---–-- სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით თითოეულისათვის 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 12 ოქტომბრამდე).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვების სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ (3.2.8). მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრამდე არასრულწლოვანი ბავშვები კვირაში მინიმუმ ორ დღეს ატარებენ მამის ოჯახში და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის ორჯერ ჩარიცხვის ფაქტიც. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

ამდენად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილების აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე ი----- ო-----–---–--ათვის არასრულწლოვანი მ-----– ო-----–---–-- და ნ---- ო-----–---–-- წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქ------- ჭ------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ი----- ო-----–---–მა შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

7.3. - 7.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოსმიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ქ------- ჭ-------- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ი----- ო-----–---–-- (პირადი №0----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ი----- ო-----–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი მ-----– ო-----–---–-- (დაბადებული 2006 წლის 2----------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 12 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ი----- ო-----–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ნ---- ო-----–---–-- (დაბადებული 2009 წლის 9-------–-) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 12 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა;

 

1.3. არ დაკმაყოფილდეს ქ------- ჭ-------- სარჩელი მოპასუხე ი----- ო-----–---–-- მიმართ არასრულწლოვანი შვილის, მ-----– ო-----–---–-- (დაბადებული 2006 წლის 2----------) წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

 

1.4. არ დაკმაყოფილდეს ქ------- ჭ-------- სარჩელი მოპასუხე ი----- ო-----–---–-- მიმართ არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ო-----–---–-- (დაბადებული 2009 წლის 9-------–-) წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ი----- ო-----–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე