გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/28606-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სს ”თ--–--ი”
წარმომადგენელი ვლ---------------–---–ი
მოპასუხე დ---თ ლო-------ი
დ---ს საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ---თ ლო-------ს მოსარჩელე სს ,,თ--–--ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის და რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების - 2551.15 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის მიხედვით, 2012 წლის 18 სექტემბერს სს თ--–--ს და დ---თ ლო-------ს (აბონენტის N4------) შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს სს თ--–--ის მიმართ არსებული დავალიანება 4930.30 გადასახდელად გაუნაწილდა 120 თვეზე. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დავალიანება შეადგენს 2551.15 ლარს, საიდანაც 579.33 ლარის არის ვადამოსული პორციების და მიმდინარე დებიტორულ - მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება, ხოლო 1971.82 ლარის დარჩენილი გადასახდელი თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 დ---თ ლო-------ი წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის განმარტებით, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება დადებულია იძულებით, რაც გამოიხატებოდა ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტაში. ვინაიდან, ელექტროენერგიის გარეშე ბინაში ცხოვრება იქნებოდა შეუძლებელი, მოპასუხე იძულებული გახდა გარიგებაზე ხელმოწერით დათანხმებოდა კაბალურ პირობებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,თ--–--ს” და დ---თ ლო-------ს (აბონენტის N4------) შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა სს ,,თ--–--ის” მიმართ არსებული დავალიანება 4930.30 ლარი. თანხის გადახდა გადანაწილდა 120 თვეზე.
ამავე ხელშეკრულებით ყოველთვიურად გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 41.09 ლარით, ხოლო ბოლო თვის პორცია - 40.59 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ.27 )
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ14-26)
3.1.2. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ დ---თ ლო-------ი ფაქტობრივად ცხოვრობს სარჩელში დასახელებულ მისამართზე, მდებარე: ქ. თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქ 6ა, ბინა #24.
მოპასუხის როგორც სს თ--–--ის აბონენტის ნომერია #4------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ14-26)
- 2012 წლის 05 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 29-30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ სს თ--–--ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება შესრულებული აქვს სრულყოფილად და შესაბამისად დ---თ ლო-------ის დავალიანების მოცულობა 2551,15 ლარის ფარგლებში დადასტურებულია.
ასევე დადასტურებულია, რომ დ---თ ლო-------მა 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მართლწინააღმდეგობის საფუძვლები ვერ მიუთითა, მაშინ როდესაც აღნიშნული ხასიათის გარემოებათა მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესით ეკისრება მოსარჩელეს. ამდენად, სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ სადაო ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა ნების ნაკლი გამოკვეთილი არ არის და მოსარჩელის მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ს.ფ.27 )
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,თ--–--ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 327-ე, 341-ე, 477-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ #20-ე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ნასყიდობის ხელშეკრულებით სს ”თ--–--ი” (გამყიდველი) დ---თ ლო-------ს (მყიდველი) აწვდის ელექტროენერგიას ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მიღებული პროდუქტის ღირებულება. ამასთან, სს ,,თ--–--ს” და დ---თ ლო-------ს შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა სს ,,თ--–--ის” მიმართ არსებული დავალიანების 4930.30 ლარის არსებობა და იკისრა მისი გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დ---თ ლო-------ის დავალიანება სს ”თ--–--ის” მიმართ შეადგენს 2551.15 ლარს, საიდანაც 579.33 ლარის არის ვადამოსული პორციების და მიმდინარე დებიტორულ - მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება, ხოლო 1971.82 ლარი არის დარჩენილი თანხა.
დადგენილია, რომ დავალიანება წარმოშობილია მრიცხველზე დარიცხული პერიოდული ჩვენებებით და დარიცხული დავალიანების არასრულყოფილი გადახდებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 100 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248- 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე დ---თ ლო-------ს დაეკისროს 2551,15 ლარი.
2. მოპასუხე დ---თ ლო-------ს სს ,,თ--–--ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე