გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330210018002545398 (2/21233-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე კ----–----------–--ე
წარმომადგენელი ი--------------ე
მოპასუხე ბ------------–--–---–ი
წარმომადგენელი ნ----–---------–---–ი
დავის საგანი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ------------–--–---–ისათვის კ----–----------–--ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის 3030 ლარის ანაზღაურების დაკისრება;
1.2. ბ------------–--–---–ისათვის კ----–----------–--ის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის 1970 ლარის ანაზღაურების დაკისრება;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ავტომობილი, რომელსაც მართავდა ბ------------–--–---–ი დაეჯახა ქვეითად მოსიარულე კ----–----------–--ეს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების საფუძველზე გადაყვანილი იქნა შპს „ამტელ ჰოსპიტალში“. ავტოსაგზაო შემთხვევისას, ბ------------–--–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ავტომობილს მართავდა მართვის უფლების გარეშე.
ავარიის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაციები ტვინზე. კ----–----------–--ე საავადმყოფოში მოთავსებული იყო 2015 წლის 8 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, ხოლო საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ მისი მდგომაროება გაუარესდა და 2015 წლის 16 აპრილს იძულებული გახდა კვალავ მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის. ხელმეორედ მიმართვის შემდგომ მოსარჩელეს დაუდგინდა პნევმონია, თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაციები. 2015 წლის 29 აპრილს კ----–----------–--ე მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით, საიდანაც გაეწერა 2015 წლის 22 მაისს. ამდენად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, ის დღემდე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და გადის შესაბამის მკურნალობას.
კ----–----------–--ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა - 3030 ლარი, ამასთან მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის ვნებისათვის ითხოვს მორალურ ზიანსაც 1970 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ------------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ სრულად არის ანაზღაურებული ის ზიანი, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიადგა მოსარჩელე მხარეს. რაც შეეხება, მკურნალობის ხარჯებს, მოპასუხის მითითებით დაავადებები, რომლებზეც უთითებს მოპასუხე მხარე არ არის გამოწვეული შეჯახების შედეგად და იგი ვერ იქნება პასუხისმგებელი შინაგანი სნეულებებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე. მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 289 ლარის ოდენობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ. თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, N171 შენობის მიმდებარედ ავტომობილი (BMW, სახ. ნომერი XAX-595), რომელსაც მართავდა ბ------------–--–---–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე კ----–----------–--ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.02.2016წ. დადგენილება (ს.ფ. 12-13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ბ------------–--–---–ი ავტომობილს მართვადა მართვის უფლების გარეშე და იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.02.2016წ. დადგენილება (ს.ფ. 12-13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ავტომობილის დაჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით კ----–----------–--ე გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.02.2016წ. დადგენილება (ს.ფ. 12-13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. კ----–----------–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბ------------–--–---–ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომელიც მოგვიანებით შეწყდა და გამოძიების ფარგლებში დადგინდა ბ------------–--–---–ის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 21.6 და 32.1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.02.2016წ. დადგენილება (ს.ფ. 12-13);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. კ----–----------–--ე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იქნა 2015 წლის 8 აპრილს და სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 11 აპრილამდე. შპს „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკური“ საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ შეჯახების შედეგად კ----–----------–--ემ მიიღო თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაციები შუბლზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 18);
3.1.6. სტაციონარიდან გაწერის შემდგომ 2015 წლის 16 აპრილს კ----–----------–--ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. შპს „ჯანმრთლობა ყველას“ მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ პაციენტს ჰქონდა მარჯვენა მწვავე პნევმონია, თავის ტვინის შერყევა და ექსკორიაციები შუბლზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 19);
3.1.7. 2015 წლის 29 აპრილს კ----–----------–--ე გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში, საიდანაც პაციენტი გამოეწერა 2015 წლის 22 მაისს. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით დგინდება კ----–----------–--ის დიაგნოზი - თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გართულებული სისხლდენით, პოსტჰემორაგიული ანემია, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპოსტატიური პნევმოია, მოციმციმე არიტმია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 20);
3.1.8. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდგომ კ----–----------–--ის მიერ გაწეულია ხარჯები, როგორც სტაციონარში მკურნალობისათვის, ასევე შესაბამისი სამკურნალო საშუალებების შეძენისათვის გაღებული ხარჯის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო დოკუმენტაცია (ს.ფ. 18-31)
- საბანკო ქვითრები (ს.ფ. 85-240)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ბ------------–--–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას შედეგად მოყვა ქვეითად მოსიარულე კ----–----------–--ის ჯანმრთელობის დაზიანება. ამდენად სახეზეა დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის განსაზღვრული წინაპირობები, რომელთა კუმულატიური არსებობა იწვევს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას დადასტურებული ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. საგულისხმოა რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ბრალეული პირი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ავტომობილს მართავდა შესაბამისი მართვის უფლების გარეშე, რამაც განაპირობა 1930 წელს დაბადებული კ----–----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიღების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებლის ქმედება თავისი მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხით, მეტად გასაკიცხია, რადგანაც პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის უფლების გარეშე, რამაც გამოიწვია სხვა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ამასთანავე, მოსარჩელის ასაკიდან გამომდინარე, ცალსახაა რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება მძიმე შედეგების მომტანია დაზარალებულისათვის, რომელიც დღემდე განიცდის ჩივილებს. სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე მოპასუხის პოზიციას, რომელიც მისი გასაკიცხი ქმედების მიუხედავად სარჩელს ცნობს მხოლოდ მატერიალურ ზიანთან მიმართებით 289 ლარის ნაწილში, მაშინ როდესაც პირის ასაკოვნობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ხარჯები, რომელსაც პირი გაწევდა სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მომსახურების მისაღებად და დანიშნული მედიკამენტების შესაძენად გადააჭარბებდა 289 ლარს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ზიანის მიმყენებელი უარს აცხადებს სხვა ხარჯების ანაზღაურებაზე, შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 8 აპრილს მომხდარი ავტოავარიისას, ბ------------–--–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, შედეგად კ----–----------–--ის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე 2015 წლის 8 აპრილიდან - 11 აპრილის ჩათვლით სამედიცინო დაწესებულების ამბულატორიაში, მოგვიანებით კი რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების გამო იგი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს, თუმცა, 2015 წლის 16 აპრილს სამედიცინო დაწესებულებაში ხელახლა მოათავსეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ დროს მისი დიაგნოზი პნევმონია, თავის ტვინის შერყევა და შუბლზე ექსკორაციები იყო. 2015 წლის 25 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში პაციენტის დიაგნოზად მითითებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გართულებული სისხლდენით, პოსტჰემორაგიული ანემია D62, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპოსტატიური პნევმონია, მოციმციმე არითმია. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ, 289 ლარის ნაწილში ცნობს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი სახეზეა, მოსარჩელის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად გაღებული ნებისმიერი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობას არ ქმნის, რაც გამომდინარეობს სსკ-ს 412-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს.
სამოქალაქო პროცესში განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის საფუძველზედაც თითოეულ მხარეს ეკისრება მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, ზიანის ანაზღაურებისას მართლსაწინააღმდეგო ქმედების, მიზეზობრივი კავშირისა და შედეგის - ზიანის არსებობა მოსარჩელის სამტკიცებელია, რისი დადასტურების შემდგომაც მოპასუხეზე გადადის ბრალის არ არსებობის მტკიცების ვალდებულება.
ზიანის მოთხოვნილი ოდენობით არსებობის დასადასტურებლად მნიშვნელოვანია ერთობლივად შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ქვითრები, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და მკურნალი ექიმის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, რომელმაც უარყო შეჯახების კავშირი, თორმეტგოჯა ნაწლავის გართულებასა და სისხლდენასთან მიმართებით, რა დიაგნოზითაც მოთავსდა განმეორებით პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე მოწმის განმარტებით, უშუალოდ შეჯახება გამოიწვევდა თუ არა ცნობაში აღნიშნულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას, აღნიშნული ცალსახად ვერ დადასტურდება, უფრო მეტიც, როგორც წესი შეჯახება აღნიშნულ დიაგნოზს ვერ განაპირობებდა. ექიმმა კ----–----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის კავშირი არსებულ შეჯახებასთან დაკავშირებით არ დაადასტურა და განმარტა, რომ შეჯახება ვერ გამოიწვევდა თორმეტგოჯა ნაწლავს დაზიანებას და შემდგომ ცნობაში მითითებულ გართულებებს.
გარდა აღნიშნულისა, მართალია საქმეში წარმოდგენილია არაერთი ქვითარი, რომელიც ადასტურებს ავარიის შემდგომ პერიოდში გარკვეული მედიკამენტების შეძენის ფაქტს, თუმცა ცალკე აღებული ქვითარი ვერ უზრუნველყოფს იმ აუცილებელი გარემოებების დადასტურებას, რაც აუცილებელია თავად ზიანის, როგორც შედეგისა და მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად. კერძოდ წარმოდგენილი ქვითრებით არ დასტურდება, რომ შეძენილი მედიკამენტები მოხმარდა უშუალოდ კ----–----------–--ეს, გარდა აღნიშნულისა, მედიკამენტების უშუალოდ კ----–----------–--ის მოხმარების მიუხედავად არ დასტურდება, რომ კონკრეტული შეძენილი მედიკამენტების მიღების საჭიროება განაპირობა ავტოსაგზაო შემთხვევამ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კ----–----------–--ე მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში სხვა ჩივილების საფუძვლითაც და სასმართლო მხოლოდ წარმოდგენილი ქვითრებით ვერ დაადგენს მათგან რომელი იქნა გამოყენებული უშუალოდ ავარიის შედეგად დაზიანებების სამკურნალოდ და არა სხვა მიზნით. ამდენად, შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობა გამორიცხავს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას წარმოდგენილი ქვითრების საფუძველზე. საქმეში წარდგენილი არ არის დოკუმენტი, რომელიც თითოეული ხარჯის გაწევას ბ------------–--–---–ის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრას დაუკავშირებდა. განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა ასევე მოსარჩელის ასაკიც. ცხადია, რომ ხანდაზმულობის გამო მოსარჩელეს მოპასუხისგან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, სხვა ასაკისგან გამოწვეული დაავადებებიც შეიძლება აწუხებდეს. მოსარჩელეს თავისი ასაკიდან და წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებიდან გამომდინარე აწუხებდა სხვა ჩივილებიც რისთვისაც შესაძლოა შეძენილიყო კონკრეტული მედიკამენტები. ამდენად კონკრეტული ქვითრებით, შესაბამისი დანიშნულების, არ არსებობის პირობებში ვერ დასტურდება ამ შეჯახების გამო კ----–----------–--ის მიერ უშუალოდ მისთვის მედიკამენტების შეძენის ფაქტი, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობის წარმოშობას დაუდასტურებელ ზიანთან მიმართებით. სასამართლო უტყუარი, ცალსახა და სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის საფუძვლით ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მიზეზობრივი კავშირის არსებობას სატრანსპორტო შემთხვევისა და სამომავლო გართულებებს შორის, რაც მატერიალური ზიანის ანაზღაურების თავისებურებიდან გამომდინარე შესაბამისი ზუსტი ოდენობის განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, შეუძლებელს ხდის მოპასუხისათვის იმ პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლის გაღების ხარჯი არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.02.2016წ. დადგენილება (ს.ფ. 12-13);
- სამედიცინო დოკუმენტაცია (ს.ფ. 18-31);
- ქვითრები (ს.ფ. 85-240);
- მოწმის ჩვენება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. ავტომობილის შეჯახების შედეგად გაუარესდა კ----–----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის შედეგადაც იგი დღემდე საჭიროებს მუდმივ მკურნალობასა და მეთვალყურეობას. მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად გადაადგილდეს, განახორციელოს ყოველდღიური ჩვეული საქმიანობა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე კ----–----------–--ეს არ აწუხებდა ჯანმრთელობა და არ საჭიროებდა დამხმარის ყოლას, ხოლო შემთხვევის შემდგომ იგი იძულებულია იყოს სახლში, რამეთუ დამხმარის გარეშე მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად გადაადგილდეს. შემთხვევის შემდგომ კ----–----------–--ე განიცდის მუდმივ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს. მოსარჩელე ვეღარ უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, დამოკიდებული გახდა სხვა პირზე და დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს, ვერ გადის გარეთ და ვერ ურთიერთობს საზოგადოებასთან. აღნიშნულს, გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა ადასტურებს, ასევე სამედიცინო დოკუმენტაცია და შეჯახების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამდენად მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია სკ-ს 413-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან მისი ოდენობა სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს 1700 ლარის ოდენობით, რაც გონივრულია მართლწინაღმდეგობის ხარისხისა და დამდგარი შედეგიდან გამომდინარე. იმ პირობებში, როდესაც შეჯახება გამოიწვია მხარის დაუდევარმა ქმედებამ, სამართალდამრღვევს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აუნაზღაუროს სხვა პირის აღნიშნულით გამოწვეული ზიანი.
სასამართლო სადავო შემთხვევაში არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას მიზეზობრივი კავშირის არ არსებობის თაობაზე. დადასტურებულია, რომ შეჯახების შემდგომ გაუარესდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეჯახებამ მიაყენა ტრავმა დაზარალებულ პირს, რამაც ერთგვარად დააჩქარა და ხელი შეუწყო ასაკოვანი პირის ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა წუხილების წარმოჩენას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კ----–----------–--ეს აწუხებდა მსგავსი ჩივილები ადრე. დადგენილია, რომ სხვადასხვა დაავადებები წარმოჩინდა სწორედ აღნიშნული შეჯახების შემდგომ, რაც ადასტურებს მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 23.02.2016წ. დადგენილება (ს.ფ. 12-13);
- სამედიცინო დოკუმენტაცია (ს.ფ. 18-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე კ----–----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 413-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში, კერძოდ - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები - ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი.
მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო შემთხვევა დადგა მოპასუხე ბ------------–--–---–ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საფუძველზე, შესაბამისად იგი, პასუხისმგებელია ზიანთან მიმართებით, სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც სახეზეა კონკრეტული ნორმით განსაზღვრული ყველა წინაპირობა, მათ შორის ბრალეულობა. ამასთან, სკ-ს 999-ე მუხლი, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის და პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიმართ, მიუხედავად მისი ბრალეულობისა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას სკ-ს 992-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების კუმულატიური არსებობის საფუძვლით.
სკ-ს 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. განსახილველი ნორმა, ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელ წინაპირობად აწესებს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის განმარტებით დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს ეკისრება კუმულატიურად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ბ) სახეზე უნდა იყოს ზიანი, გ) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, დ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ - ა) ავტომობილი რომელსაც მართავდა ბ------------–--–---–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე კ----–----------–--ეს; ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ბ------------–--–---–ი ავტომობილს მართვადა მართვის უფლების გარეშე და იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; გ) ავტოავარიის შედეგად დაზიანდა კ----–----------–--ის ჯანმრთელობა; დ) დაზარალებულის მიერ მკურნალობისათვის გაწეულია ხარჯი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან მატერიალური ზიანის თავისებურებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს დაადასტუროს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რამეთუ სკ-ს 412-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოსარჩელის მიერ მატერიალური ზიანის სახით 3030 ლარის მოთხოვნა და წარმოდგენილი ქვითრები, ასევე მოწმის მიერ მიცემული ჩვენება და სამედიცინო დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს ზიანის კონკრეტული ოდენობით განცდის ფაქტს, ამასთან მხარემ ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი თანხიდან რაიმე ხარჯის უტყუარად კონკრეტული შეჯახების საფუძვლით გაღების დადასტურება, რაც გამორიცხავს მატერიალური ზიანის დადასტურების შესაძლებლობას. ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ცნო 289 ლარის ფარგლებში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოთხოვნის ამ მოცულობით დაკმაყოფილებას (სსსკ-ს 208.3 მუხლი).
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება, ამასთან, ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, მას უნდა წარმოედგინა, ასევე, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც. ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად იქნა შეფასებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც შეეხება მედიკამენტების შეძენას, ამ დოკუმენტებით არ დგინდება არც მათი მოსარჩელისადმი კუთვნილება და არც მიზეზობრივი კავშირი, შესაბამისად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში (ფაქტობრივად გაწეული ხარჯები), რომელიც დელიქტური ქმედების არაპირდაპირი შედეგია, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის წინაპირობების არსებობა (სკ-ის 992-ე და 412-ე მუხლები).
სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე, როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი) განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რაც გამორიცხავს დარჩენილ ნაწილში მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას
6.2. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში კ----–----------–--ე ასევე ითხოვს მისი ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სადავო ურთიერთობის რეგულირებისათვის საკმაოდ მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. სამართლის მიერ დაცული ერთ-ერთი სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვიულობა და რითმის შეცვლა, ნერვიული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა და სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.
413.2. მუხლით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. დელიქტის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, თავისთავად ანიჭებდა უფლებას დაზარალებულს მოეთხოვა ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე გულისხმობდა იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა. როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე მკურნალობის პროცესში (განსაკუთრებით, თუ მკურნალობა ხანგრძლივ დროს მოითხოვს). ეს ტანჯვა გრძელდება მაშინაც, თუ მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების ნარჩენი მოვლენები. კანონმდებელი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ეს დაზიანება, უკავშირებს მორალური ზიანის ანაზღაურების უფლების წარმოშობას.
მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან, ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების (მაგ: ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე, სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებენ, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი განისაზღვრება ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვას ამტკიცებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, აგრეთვე, ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მორალური ზიანის გონივრულ ოდენობად მიაჩნია 1700 ლარი, რომელიც გამომდინარეობს დამდგარი შედეგისა და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, 413.2. მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობა დაადასტურა მოსარჩელე მხარემ, ხოლო მოპასუხეს დადგენილი გარემოებების საპირისპიროდ, დამაჯერებელ არგუმენტებზე არ მიუთითებია, რაც განაპირობებს არსებული სასარჩელო მოთხოვნის, ნაწილობრივ - გონივრული ოდენობით დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი (იხ. ს.ფ.23).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობი სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა კმაყოფილდება ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 43 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 100 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რამდენადაც იგი სსკ-ს 46-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მატერიალური ზიანთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნებისათვის, რაც შეეხება მორალურ ზიანს აღნიშნულთა დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7 ლარი არ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 30921 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ----–----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბ------------–--–---–ს დაეკისროს კ----–----------–--ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის - 289 ლარისა და მორალური ზიანის - 1 700 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე კ----–----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას თორნიკე ქუთათელაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 ლარი (გადახდილია 150 ლარი), რომელიც 10/05/2016 წელს N1 საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 300773150;
4. მოპასუხე ბ------------–--–---–ს დაეკისროს კ----–----------–--ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 43 ლარის გადახდა, ხოლო კ----–----------–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე