გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210018002332485
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/6694-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,D--“

წარმომადგენელი - ა-----– ა-----–-----–ი

 

მოპასუხე - გ--------------–--ე

წარმომადგენელი - ი----- ჯ----–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელე შპს ,,D--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 05 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირი თანხის - 5350 ლარის, საპროცენტო სარგებლის 1701.75 ლარისა და პირგასამტეხლოს -1229.43 ლარის გადახდა.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 05 ივლისს, შპს ,,D--“-სა და გ--------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ--------------–--ემ შპს ,,D--“-გან მიიღო სესხის თანხა 5350 ლარის ოდენობით, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად შპს ,,D--“-ს დროებით სარგებლობაში გადასცა, მის საკუთრებაში არსებული B---ს მარკის ავტომობილი, შემდეგი მახასიათებლებით - მოდელი: B-- 7---, სახ. #N------, ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო #W----------------, გამოშვების წელი - 2004.

 

სესხი გაიცა თორმეტი თვის ვადით, ამასთან განისაზღვრა სესხით სარგებლობის ყოველთვიური 4.5%. სარგებლის გადახდის დღედ მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა ყოველი თვის ხუთი რიცხვი. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხის ძირითად თანხას დაერიცხებოდა საურავი ერთჯერადად 40 ლარის ოდენობით და თუ გადახდა არ განხორციელდებოდა ერთი დღის შემდგომ, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის დაერიცხა გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილებული გადასახდელის ჯარიმა 1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

მხარეთა შეთანხმებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი ექვსი თვის შემდეგ განეხორციელებინა გირავნობის საგნის დათვალიერება შპს ,,D--“-ის წარმომადგენელთან ერთად. მოპასუხის მიერ ზემოხსენებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაირღვა გამსესხებლის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რისთვისაც მოპასუხეს 2017 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების არსებობისა და ავტომობილის გამსესხებლის მფლობელობაში გადმოცემის შესახებ, მაგრამ აღნიშნულს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელის პრობლემური სესხების მენეჯერის მიერ მოძიებულ და ამოღებულ იქნა ავტომობილი, რომელიც 2017 წლის 06 ოქტომბერს შეფასდა დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,საექსპერტო საკონსულტაციო ჯგუფის“ მიერ 1500 აშშ დოლარად. იმის გათვალისწინებით, რომ ა/მანქანა მოსარჩელეს გადაეცა 2017 წლის ოქტომბრის თვეში და იგი უფრო უარეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ხელშეკრულების დადების დროს, შესაბამისად, სწორედ ამიტომ მოხდა შემფასებლების მიერ იგი 1500 აშშ დოლარად შეფასებული. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ა/მანქანის ღირებულებით 1500 აშს დოლარით, რაც სარჩელის შემოტანის დროისთვის შეადგენდა 3697,35 ლარს, სრულად იქნა დაფარული კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება ჯარიმის ნაწილში (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ--------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 05 ივლისს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ ისესხა 5350 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,D--“ -ში დატოვა ავტომობილი, მახასიათებლებით: მოდელი: B-- 7---, სახ. #N------, ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო #W----------------, გამოშვების წელი - 2004. აღნიშნული ავტომანქანა 12 თვის განმავლობაში უნდა გამოესყიდა და ყოველგვარი ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო მხარეებს შორის. ხსენებულ ავტომობილში, მაშინდელი შეფასებით მოპასუხეს გადაუხადეს ავტომობილის ღირებულების ნახევარი, რათა თუ ვერ შეძლებდა ხელშეკრულებაში მითითებული პირობის შესრულებას, ავტომობილს თვითონ დაიტოვებდნენ.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ავტომობილის წამოყვანიდან მე-4 დღეს გაფუჭდა ძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომელიც მოსარჩელემ თავისი ხარჯებით შეაკეთა, რაზეც დაახლოებით 1700 აშშ დოლარამდე დაეხარჯა. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მას გადახდილი აქვს ორი პროცენტი. ვინაიდან აღარ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები, ავტომანქანა გააჩერა ავტოსადგომზე, რომელიც მოსარჩელემ წაიყვანა და შეაფასა 1500 აშშ დოლარად. აქედან გამომდინარე, მას, როგორც მხრაეს, მოსარჩელის მიმართ შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად, შპს ,,D--“ -ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 05 ივლისს, შპს ,,D--“ -ს და გ--------------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,D--“-მ გ--------------–--ეს 12 თვის ვადით ასესხა 5350 ლარი, ყოველთვიური 4.5%-ს დარიცხვით, სახელშეკრულებო საკომისიო 1%. სესხის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა ავტომანქანა, რომლის მახასიათებლებია: მოდელი: B-- 7---, სახ. #N------, ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო #W----------------, გამოშვების წელი - 2004.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხებით, მსესხებელი სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სესხის სრულად დაფარვამდე დროებით საკუთრებაში გადასცემს სატრანსპორტო საშუალების გამსესხებელს. სესხისა, დარიცხული პროცენტისა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა გადასახადების სრულად დაფარვის შემდეგ, გამსესხებელი უკან გადასცემდა საკუთრებაში მსესხებელს ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

 

ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება ჰქონდა დაეკისრებინა მსესხებლისთვის 40 ოლარი ან 20 აშშ დოლარი ერთჯერადი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი გადასახდელების ვადის გადაცილებისთვის. ხოლო თუ გადახდა არ განხორციელდება 1 კალენდარული დღის შემდეგ, დამატებით დაარიცხოს გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილებული გადასახდელის ჯარიმა 1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სესხის თანხა და დარიცხული სარგებელი იმ ვადაში და ოდენობით, რაც დადგენილია გრაფიკით. სარგებელი უნდა გადაეხადა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის არსებული გამსესხებლის მიერ დადგენილი კომერციული კურსით ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული კურსით, ვალდებულებათა დაფარვის რიგითობას ადგენდა გამსესხებელი. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ვადა ემთხვეოდა სადღესასწაულო დღეებს, გადახდა მოხდებოდა მომდევნო სამუშაო დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 05 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21)

- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. დამოუკიდებელი შემფასებლის #----- დასკვნის თანახმად, ავტომანქანის, რომლის მახასიათებლებია: მოდელი: B-- 7---, სახ. #N------, ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო #W----------------, გამოშვების წელი - 2004, ღირებულება განისაზღვრა 1500 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა #----- (ს.ფ. 23-38)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,D--“ -ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში შპს ,,D--“ -ს და მოპასუხე გ--------------–--ეს შორის სესხის ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2017 წლის 05 ივლისს, შპს ,,D--“-სა და გ--------------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,D--“-მ გ--------------–--ეს 12 თვის ვადით ასესხა 5350 ლარი, ყოველთვიური 4.5%-ს დარიცხვით, სახელშეკრულებო საკომისიო 1%. სესხის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა ავტომანქანა, რომლის მახასიათებლებია: მოდელი: B-- 7---, სახ. #N------, ფერი - შავი, საიდენტიფიკაციო #W----------------, გამოშვების წელი - 2004. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, არ დასტურდება მოპასუხე გ--------------–--ის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტი, შესაბამისად, შპს ,,D--“ -ს მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს დავალიანების ძირ თანხას 5350 ლარს, საპროცენტო სარგებელს 1701.75 ლარს და პირგასამტეხლოს1229.43 ლარს.

 

7.2. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ზ------------------- ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა მსესხებლის მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის 2017 წლის 05 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5350 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა, 1229.43 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, მით უმეტეს, რომ ა/მანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად იქნა პირგასამტეხლოს დავალიანებისთვის მიმართული, შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, 2017 წლის 05 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ--------------–--ეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით შპს ,,D--“ -ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 214.55 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი თანხა კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,D--“ -ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე გ--------------–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,D--“-ს (ს/კ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 05 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხის - 5350 ლარის, პროცენტის - 1701.75 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 02 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 248,44 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე გ--------------–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,D--“-ს (ს/კ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 214,55 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე