განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
190100118002727540
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-816-18

(№021090918002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 დეკემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებულები:

 

ე---------------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–------------–------------–------------------;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სსკ-ის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან;

 

მ---------------------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------------------------–------------–----------–ო.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ადვოკატები: დარეჯან ბუცხრიკიძე, რიმა გურგულია,თარჯიმანი: თალე ალიევა,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ე---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება:

 

2018 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, გ----------------------------–---------–ოში, ა---------–---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტომანქანა ვ--------- სარგებლობის საკითხთან დაკავშირებით შელაპარაკებისას, ე---------------მა მამას - ა---------–---------ს მარჯვენა და მარცხენა ხელის მუშტები დაარტყა მკერდის არეში, რა დროსაც ა---------–---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ----------------------------–---------–ოში, ა---------–---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ე----------------სა და მამამისს, ა---------–---------ს, ეზოებს შორის არსებულ კართან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც გაბრაზებულმა ე---------------მა მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ჯერ მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელზე, შემდეგ წააქცია და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფს გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, წაქცევის დროს ა---------–---------ი დაეცა თავის მარჯვენა ხელზე. ე----------------ის ძალადობრივი ქმედებებით, ა---------–---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარჯვენა მტევნის მე-4 მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობის სახით მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

მ---------------------ის მიერ ჩადენილი ქმედება:

 

2018 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ----------------------------–---------–ოში, ა---------–---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ---------------------მა ა---------–---------ს სახის არეში ესროლა ბეტონის ნამტვრევი, რის გამოც ა---------–---------მა შუბლისა და მარჯვენა თვალბუდის მიდამოში მიიღო ჯანმრთელობის მოუშლელად მსუბუქი სახის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ცხვირის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობის სახით მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, ე----------------ის და მ---------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, მოწმეების: ა---------–---------ას, უ---------–---------ის, გ--------------–---–ის, ა--------–---------ის გამოკითხვის ოქმებს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 26 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ ოჯახის წევრის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან;

 

საქართველოს სსკ-ის 11.1 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ა---------–---------ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალ-ბუდის მიდამოში, ნაჭდევები შუბლის და ცხვირის მიდამოებში, რენტგენოლოგიურად დაუდგინდა მარჯვენა მტევნის მე-4 მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაჭდევები შუბლის და ცხვირის მიდამოში და მარჯვნივ თვალ-ბუდის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ცხვირის მიდამოში არსებული დაჟეჟილი ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მარჯვენა მტევნის მე-4 მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. 2018 წლის 19 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: ა---------–---------ის სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს. გამოსაკვლევად წარმოდგენილ: ბეტონის ნატეხზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს. კენჭებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს. ა---------–---------ის სისხლი და გამოსაკვლევად წარმოდგენილი ბეტონის ნატეხზე და კენჭებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქმა დაზიანებამ გამოიწვია თუ არა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 10 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ა---------–---------ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალ-ბუდის მიდამოში, ნაჭდევები შუბლის და ცხვირის მიდამოებში, რენტგენოლოგიურად დაუდგინდა მარჯვენა მტევნის მე-4 მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთლობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ე----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მ---------------------ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ე----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

მ---------------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანია ასევე სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რამაც არ უნდა დატოვოს უსამართლობის განცდა დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად, ე---------------ს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 126 პრიმა მუხლით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და სურვილი აქვს მომავალში გამოასწოროს დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის - სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი. რაც შეეხება მ---------------------ს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ იგი უნდა განისაზღვროს 2000 ლარით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ე---------------ის და მ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

- საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. ე---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შახმარდან ნოვრუზოვის (პირადი №12001069579) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე მისამართზე - გარდაბანი, სართიჭალა, სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: №81.12.01.512) დადებული ყადაღა.

 

3. ე---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2018 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. მ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე