გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-2451-18
(საქმე N190210018002616639)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - ე-–---- ხ----–---–ი
წარმომადგენელი - მ---- გ----–---–-
მოპასუხე - მ------ ტ-----–--ე
წარმომადგენელი - დ-------- ბ--–--------
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მ------ ტ-----–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 6374,16 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 ივნისიდან მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან (მდებარე ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი #1, ბინა #34) სისტემატიურად ჩამოდის წვიმის წყალი მოსარჩელის ბინაში (მდებარე, ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი #1 ბინა #31) აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა მოსარჩელის ბინის დაზიანება, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ თავისი კუთვნილი ბინიდან ჩამონადენი წყლითაც დააზიანა მოპასუხემ მათი საცხოვრებელი ბინა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე პასუხს არ აგებს სტიქიური მოვლენებით დამდგარ ზიანზე, იქნება ეს წვიმა, სეტყვა ,თოვლი თუ ქარბუქი, ის პასუხს აგებს მის საკუთრებაში არსებული შიდასაკომუნიკაციო ქსელების გამართულობაზე და აქედან გამომდინარე ზიანის გამომწვევ საფრთხეებზე. სახლის სახურავი, ასევე სახურავის წყალსაწრეტი მილები, საიდანაც შესაძლებელია ზიანდებოდეს მოსარჩელე, ან სხვა მობინადრე, არ არის მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში ან/და მფლობელობაში. გარდა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ სარჩელს არ დაერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებს ამ მოსარჩელის საკუთრების უფლებას ბინაზე, რომელიც ,,წვიმის წყლით ზიანდება’’. სარჩელს დაერთვის საბინაო ორდერი, გაწერილი ძირითად დამქირავებელზე, ვინმე ვალერიან გოგიშვილზე, რომლის ოჯახის წევრებში (თანადამქირავებლებში) მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ი მითითებული არ არის, შესაბამისად მოპასუხე არ მიიჩნევს მას სათანადო მოსარჩელედ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ ტ-----–--ე არის მესაკუთრე საცხოვრებელი ბინის მდებარე - ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. N1/34-ის. ბინა განთავსებულია მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერი, ( ტ.1.ს.ფ.34 ).
3.1.2. ქ. რუსთავში, კოსტავას გამზ. N1/31-ში მდებარე ბინა, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ი, განთავსებულია მესამე სართულზე, 34-ე ბინის ქვემოთ.
მტკიცებულება : ბინის ორდერი , (ტ.1.ს.ფ.29).
3.1.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ქ. რუსთავში, კოსტავას გამზ. N1/31-ში განთავსებულ ბინაში ზემოდან პერიოდულად წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებული რემონტის აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 6374,16 ლარი, ნორმატიული და დღგ-ის ჩათვლით.
მტკიცებულება: ლევან სამხარულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 18-26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის ბრალით და მისი ბინიდან წყლის ჩამოსვლის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი.
მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ამ უკანასკნელის კუთვნილ - რუსთავში, კოსტავას გამზ. N1/31-ში განთავსებულ ბინაში - ზემოდან პერიოდულად წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებული რემონტის აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუთითა, რომ ე-–---- ხ----–---–ის ბინაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან თავად მ------ ტ-----–--ის ბინაში, რომელიც მდებარეობს მეოთხე სართულზე, ჩამოსული წვიმის წყლის მის ქვემოთ - მესამე სართულზე - ე-–---- ხ----–---–ის ბინაში ჩასვლის შედეგად გამოწვეული დაზიანება არ არის მისი ბრალეული ქმედების შედეგი.
საგულისხმოა, რომ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელეს მითითებული აქვს ერთადერთი გარემოება - "მოპასუხის ბინიდან წვიმის წყლის ჩამოსვლის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი" და ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულება - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია წყლის ჩამოდინების შედეგად დაზიანებული რემონტის აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება და ზიანი რომ გამომწვეულია მ------ ტ-----–--ის ბინაში არსებული წყლის გაყვანილობის სისტემის დაზიანების გამო ან მისი დაუდევარი ქმედების შედეგად , ამას აღნიშნული დასკვნა ვერ ადასტურებს, უფრო მეტიც, მოსარჩელე თავადვე აპელირებს მის ზემოთ განთავსებული ბინიდან წვიმის წყლის ჩამოდინებაზე. წვიმის წყალი კი თავად მოპასუხის ბინაში ჩადის სახურავიდან, რაც მრავალბინიან სახლებში საერთო საკუთრებას წარმოადგენს ამხანაგობის წევრების და მის შეკეთება ერთი წევრის ვალდებულება არ არის.
მოპასუხის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. N1/34-ში განთავსებული საცხოვრებელი ბინა განმცხადებლის ( მოპასუხე მ------ ტ-----–--ის) თანდასწრებით ექსპერტის მიერ იქნა ადგილზე შესწავლილი, რა დროსაც დადგინდა, რომ ბინაში კედლებზე და ჭერზე შეინიშნება ზემოდან (სახურავიდან) პერიოდულად წყლის ჩამოდინების კვალი, რა დროსაც დაზიანებულია ბინაში ჩატარებული რემონტი. ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული აღნიშნული საკვლევი ობიექტი განთავსებულია შენობის ბოლო სართულზე (მე-4 სართული) და მის თავზე მოწყობილია მხოლოდ სახურავი, აღნიშნული დაზიანებები ცალსახად გამოწვეულია სახურავიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექებით, ხოლო რაც შეეხება განმცხადებლის ბინის ქვემოთ მე-3 სართულზე არსებულ მეზობლის ბინაში ჩასულ წყალს და დაზიანებებს, ამ შემთხვევაში ექსპერტიზას შეუძლია მხოლოდ მიუთითოს მე-3 სართულზე არსებულ ბინაში წყლის ჩადინების სხვადასხვა მიზეზები, კერძოდ: შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც დაზიანებული სახურავიდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექების ჩადინებით, ასევე მე-4 სართულზე არსებულ ბინაში მოწყობილი სველი წერტილების საკომუნიკაციო მილგაყვანილობის დაზიანებით (არსებობის შემთხვევაში) ან ორივე ერთად. ვინაიდან წყლის ჩადინებისაგან გამოწვეული სპეციფიური ლაქები ხანდაზმულია, ექსპერტიზა ვერ განსაზღვრავს როგორც დაზიანებების გამომწვევი მიზეზების ზუსტ დროს, ასევე ზუსტ მიზეზს, ამასთან, ბინებში როგორც მე-4 სართულზე, ასევე მე-3 სართულზე წყლის ჩადინების მომენტისთვის არც ექსპერტიზას, არც საპატრულო ეკიპაჟს არ დაუფიქსირებია დრო და ზუსტი მიზეზები (ს.ფ.71-80).
ამდენად, აღნიშული დასკვნა კატეგორიულად მიუთითებს მ------ ტ-----–--ის ბინაში სახურავიდან წვიმის წყლის ჩამოსვლას, რაც შესაძლოა ჩასულიყო მის ქვემოთ განთავსებულ ბინაში, ხოლო საალბათოდ არ გამორიცხავს მე-4 სართულზე არსებულ ბინაში მოწყობილი სველი წერტილების საკომუნიკაციო მილგაყვანილობის დაზიანების (არსებობის შემთხვევაში) შედეგად წყლის ჩასვლასაც, მაგრამ ასეთი დაზიანებები ექსპერტს არ დაუფიქსირებია და არც მოსარჩელეს დაუდასტურებია სხვა მტკიცებულებებით. ამიტომ ასეთი დაშვება მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად განიხილება და არ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 412-ე, 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოშობილია დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ერთი (სახელშეკრულებო), ისე მეორე (დელიქტიდან გამომდინარე) საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის ბინაში ნამდვილად აღინიშნება ჩამდინარე წყლის კვალი, აღნიშნულის დასტურად, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები, რომლებიც განმარტავს, რომ როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ბინაში, აღინიშნება ჩამოსული წყლის ლაქები, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია ბინაში წყლით მიყენებული დაზიანების აღსადგენად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რა არის ბინაში არსებული დაზიანების გამომწვევი მიზეზი, გარემო ფაქტორები, თუ მეზობლის მიერ განხორციელებული ქმედება.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულის მიხედვით მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში არსებული დაზიანებები ცალსახად გამოწვეულია სახურავიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექით, ხოლო რაც შეეხება მის ქვემოთ მესამე სართულზე არსებულ მეზობლის ბინაში ჩასულ წყალს და დაზიანებებს ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც დაზიანებული სახურავიდან ჩამოსული ატმოსფერული ნალექებით, ასევე მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში მოწყობილი სველი წერტილების საკომუნიკაციო მილგაყვანილობის დაზიანებით (არსებობის შემთხვევაში), ან ორივე ერთად, ვინაიდან წყლის ჩადინებისგან გამოწვეული სპეციფიკური ლაქები ხანდაზმულია, ექსპერტიზა ვერ განსაზღვრავს, როგორც დაზიანებების ზუსტ დროს, ასევე ზუსტ მიზეზებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთ შეუსაბამობა, ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ს მიადგა ზიანი მოპასუხე მ------ ტ-----–--ის ბრალეულობით, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ
ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
" ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად მრავალბინიანი სახლის სახურავები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და საერთო ქონებაზე ამავე კანონის მე-7 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი დადგენილია, რომ მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, მრავალბინიანი სახლის სახურავიდან მ------ ტ-----–--ის ბინაში ჩამოსული წვიმის წყალი თუ ჩავიდა ე-–---- ხ----–---–ის ბინაში და დაზიანდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა, აღიშნული დაზიანება ვერ იქნება მ------ ტ-----–--ის ბრალეული ქმედების შედეგი, ხოლო მ------ ტ-----–--ის საკუთრებაში არსებული ბინის შიდასაკომუნიკაციო ქსელების დაზიანების შედეგად რომ ჩასულიყო წყალი ე-–---- ხ----–---–ის ბინაში, ასეთი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი მიყენებულია მის ბინაში მოპასუხის მიერ წყლის ჩამოშვების შედეგად, შესაბამისად ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ შეძლო ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ბინაში მისი ბინის ზედა სართულიდან ჩამოედინება წყალი, რის გამოც მისი ბინა ზიანდება. თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მის ბინაში წყლის ჩამოდინება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდნენ მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. არ დაკმაყოფილდეს ე-–---- ხ----–---–ის სარჩელი მოპასუხე მ------ ტ-----–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
2. მოსარჩელე ე-–---- ხ----–---–ს მიერ გადახდილი ბაჟი 192 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. N6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი