გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4908-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - სი-----------------------ი
წარმომადგენელი - ონ-----------ა
მოპასუხე - ალ----------------------
წარმომადგენელი - მა--------------
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს „--------------–----------------, წითელი ფერის ავტომანქანის ს/ნ W---------------- სი------------------------------ს დაბრუნება, მანქანის ღირებულება შეადგენს 4 000 ლარს.
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2----–-–----------- მოსარჩელემ გ--------–------–-----------–- შეიძინა ავტომანქანა, რომელიც იმავე წლის დეკემბერში გამოაგზავნა თბილისში თავის ნათლიასთან, მოპასუხე ალ----------------------სთან. ზეპირი შეთანხმების თანახმად, მანქანა მოპასუხეს უნდა გაეჩერებინა მოსარჩელის კუთვნილ ავტოფარეხში. მხარის მითითებით, მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ უნდა მოეხდინა მანქანის განბაჟება და ტაქსად გაქირავება. მოპასუხე მხარემ, მოსარჩელისაგან დაუკითხავად, ავტომანქანა განაბაჟა, დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე და დღემდე სარგებლობს მისით. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ახდენს მანქანის დაბრუნებას, რითაც ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო მანქანით ვერ სარგებლობის გამო ადგება ზიანი. ზიანი კი გამოიხატება მიუღებელ შემოსავალში, რომლსაც ტაქსად გაქირავების შედეგად მიიღებდა მოსარჩელე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ალ---------------------ის წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული მოლაპარაკების თანახმად, მოსარჩელისათვის გადაცემული 2 000 ევროს სანაცვლოდ, მას უნდა შეეძინა და გამოეგზავნა მოპასუხისათვის ავტომანქანა. შეთანხმება დასტურდება მოპასუხის სახელზე მანქანის გამოგზავნით. ვინაიდან ავტომობილი წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, შესაბამისად მოახდინა მისი განბაჟება და დღემდე სარგებლობს მისით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე დაუსაბუთებლად მოითხოვდა ქონების მისი მფლობელობიდან გამოთხოვას, ასევე ზიანის დაკისრებას, რის გათვალისწინებითაც სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელწერილის თანახმად, დ---------–--–----- მიყიდა კუთვნილი დ----–----------–---------- სახელმწიფო სანომრე ნიშნით M------ სი-----------------------ს. ხელწერილის თანახმად, ნასყიდობის ფასი შეადგენდა 2 300 ევროს.
(მტკიცებულება: ნასყიდობის ხელწერილი, ს.ფ. 17-19)
3.2.2. გ-------------------–----–- რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - M-------- სავაჭრო დასახელება -------- მწარმოებელი - D------------------, ავტოსატრნასპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - წითელი, 2----–-–---------------- გაცემულ იქნა სარეგისტრაციო მოწმობა ზი-----------–------–-----ის სახელზე. ამავე მოწმობაში მითითებული ინფორმაციის თანახმად, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს.
დ----------- ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგადასახადო რეგისტრაციის საცნობარო სამსახურის მიერ რო-–------–--------------ის სახელზე გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო სანომრე ნიშნით M-------- დაბეგვრასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, 2015 წლის 25 ნოემბრამდე წლიური გადასახადი განისაზღვრა 94 ევროს ოდენობით. ამავე ინფორმაციის მიხედვით განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა.
(მტკიცებულება: ინფორმაცია, რეგისტრაციის მოწმობა, ს.ფ. 20-32)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2001 წლის 08 ივნისს ზი-----------–------–-----მა იქორწინა ტა--------------------------–-----ე.
(მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 183-185)
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------------- გაცემული ტრანსპორტირების თაობაზე დოკუმენტების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება - M----------------------------- - გამოგზავნილ იქნა საქართველოს მიმართულებით, ალ---------------------ის სახელზე. მიწოდების თარიღად მითითებულია - დეკემბერი, მომსახურების საფასურად გადახდილი თანხად კი დაფიქსირებულია 750 ევრო, რომლის გადახდაც განხორციელდა ტა-----------------ს მიერ.
(მტკიცებულება: ტრანსპორტირების დოკუმენტაცია, ს.ფ. 33-38)
3.2.5. სსიპ - მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა,მოდელი - მ-------------–------ საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, გამოშვების წელი - 1---- ფერი - წითელი 6/8, 2016 წლის 26 თებერვლიდან რეგისტრირებულია ალ---------------------ის სახელზე, სანომრე ნიშნით - G------- სარეგისტრაციო მოწმობით - A---------
(მტკიცებულება: ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ს.ფ. 39)
3.2.6. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციითა და ს----–---------------- მიერ გაცემული საგადახდო დავალებებით დადგენილია, რომ ალ---------------------ის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების - M------------------, გამოშვების წელი - 1---- იმპორტის გადასახადის, აქციზის მოსაკრებლის და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების მიზნით თანხების გადახდა.
(მტკიცებულება: საბაჟო დეკლარაცია, საგადახდო დავალებები, ს.ფ. 80-83)
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე თავისი საკუთრების უფლება, რის გათვალისწინებითაც სახეზე არ არის მოპასუხის მხრიდან ნივთის უკანონო მფლობელობის ფაქტი.
სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოწმეთა განმარტებები ავტომანქანის ფლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით კი, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის მასალები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ვალდებულების თანახმად, საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა. ამასთან, არცერთ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შეფარდებით. საბოლოოდ მტკიცებულებათა შეფასება ხდება სასამართლოს მიერ, რომელთა გამოკვლევა უნდა მოხდეს სასამართლოს შინაგანი რწმენით, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალების შეძენა მოხდა გ--------–-- მოსარჩელის მეუღლის მიერ კი მოხდა ნივთის რეგისტრაციიდან მოხსნა. საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯი ასევე გადახდილია მოსარჩელის მიერ. მხარის განმარტებით, ნივთი გამოიგზავნა თავისი ნათლიის - მოპასუხე ალ---------------------ის სახელზე, რომ მიეღო ავტომობილი და განეთავსებია მოსარჩელის კუთვნილ ავტოფარეხში.
მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ ავტომობილის შესაძენად მან მოსარჩელეს გადასცა 2 000 ევრო, რომელშიც ასევე შედიოდა განბაჟების თანხაც. ნივთი გ------------ გამოიგზავნა პირადად მის სახელზე, ვინაიდან ქონება წარმოადგენდა მისთვის შეძენილს და შემდგომში განხორციელდა კიდეც მის მიერ საბაჟო მოსაკრებლების გადახდა და ქონების საკუთრებად დარეგისტრირება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების ტვირთი, რისი განუხორციელებლობაც მათთვის არასასურველი შედეგის განმაპირობებელი შეიძლება გახდეს. მხარის წარმატებას განაპირობებს მის მიერ მითითებული სადავო ფაქტის დადასტურების მიზნით მტკიცებულებათა წარდგენა, სასამართლოს როლი კი შემოიფარგლება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების შემოწმება-გამოკვლევაში, რომელთა შესწავლითაც ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
აღძრული სარჩელის მიხედვით, დავა ეხება მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის შესაბამისადაც მოთხოვნილია მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით მოქმედი პრეზუმფციის თანახმად, ნივთის მფლობელი ითვლება მის მესაკუთრედ. პრეზუმფციის გაქარწყლების ვალდებულება კი აკისრია მოდავე მხარეს, რომელიც საწინააღმდეგოს მიუთითებს. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სწორედ მოსარჩელე მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება, რომ ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს თვითონ და არა მოპასუხე ალ----------------------. მხოლოდ ზოგადი განმარტება, რომ ნივთის შეძენა მის მიერ გერმანიაში განხორციელდა და შესაბამისად თავად წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს არ არის საკმარისი, იმ მოცემულობაში, რომ ნივთის საქართველოში მიღება, მისი განბაჟება განხორციელდა მოპასუხის მიერ. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ დარეგისტრირებული არის მოპასუხე, რომელიც ნივთის მიღებიდან - 2016 წლის თებერვლიდან დღემდე უწყვეტად ფლობს ნივთს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის განმარტება სადავო ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების შესახებ, რის გათვალისწინებითაც სახეზე არ არის მოპასუხის მიერ ნივთის უკანონო მფლობელობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158, 170-ე, 186-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა) გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო სატრანსპორტო საშულების მფლობელს წარმოადგენს მოპასუხე ალ----------------------, რომლის სახელზედაც მოხდა ნივთის მოსარჩელის მხრიდან გამოგზავნა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ნივთი, მოახდინა საბაჟო დეკლარაციით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდა და ნივთის საკუთრებად დარეგისტრირება. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ქონებაზე თავისი საკუთრების უფლება, რის შესაბამისადაც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები, რომელთა არარსებობის გარეშეც შეუძლებელია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან არ დგინდება მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. მოსარჩელე მხარე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენებას უკავშირებს ნივთზე მოპასუხის უკანონო მფლობელობას. იმ მოცემულობაში, როდესაც არ დადასტურდა მოპასუხის მხრიდან ნივთის უკანონო მფლობელობის ფაქტი, არ არსებობს ამ ნივთის ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის სახით 15 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს---------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ალ----------------------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, გამზ-------------------------------------------- ფართი - 74.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N---1--3------0---0-.--- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს საქმეზე 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სი-----------------------ის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხე ალ----------------------ს „--------------–---------------- წითელი ფერის ავტომანქანის ს/ნ W---------------- სი------------------------------ს დაბრუნება, რომლის ღირებულება შეადგენს 4 000 ლარს, არ დაკმაყოფილდეს.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურების შესახებ.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ალ----------------------ს (პირადი N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, გამზ-------------------------------------------- ფართი - 74.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N---1--3------0---0-.--- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი