გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
820210018002569943
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002569943 (2-474/18 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი. 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე: შპს ,,პრ----–-------------------------ო“

მოსარჩელის წარმომადგენელი: მა-----------ე

მოპასუხე; მზ---------–-ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მზ---------–-ას შპს ,,პრ----–-------------------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს 1402.97 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების 100 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოპასუხე მზ---------–-ას ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „4 ფ-----ი“-ის მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 450.00 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს „4 ფ-----ი“-ის ვებ-გვერდზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად კი სარგებელი შეადგენს 55.00 ლარს, ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის 26/06/2015 თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1.0%.

ხელშეკრულების 4.7 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება საკომისიო, შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო და ბოლოს ძირი თანხა, მოპასუხეს დაფარული აქვს: გადავადების საკომისიო-102.00 ლარი;

გამომდინარე აქედან ელექტრონული პროგრამული გადათვლის შედეგად, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 1402.97 ლარს, საიდანაც სესხის ძირია-450.00 ლარი საკომისიო-54.00 ლარი, პირგასამტეხლო-898.97 ლარი;

პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის სრული დაფარვის ვადის გასვლის შემდეგი დღიდან 26/11/2017 წ-დან. დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 10/07/2018წ-მდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მზ---------–-ა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარცელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, ეთანხმება რომ სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 450 ლარს და მასზე დარიცხული პროცენტი 54 ლარს და თანახმაა აღნიშნული თანხის განწილვადებით გადახდაზე, არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მოტხოვნილ პირგასამტეხლოს, რომელიც შეადგენს 898.47 ლარს, ვინაიდან დარიცხული პირგასამტეხლო არ მიაჩნია ვალდებულების დარღვევის პროპორციულად და თვლის, რომ ის მეტისმეტად მაღალია და შეუსაბამოდ ამძიმებს მის მდგომარეობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 27 მაისს მოპასუხე მზ---------–-ას ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „4 ფ-----ი“-ის მიერ დაუმტკიცდა და გაიცა სესხი 450.00 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება. (ს.ფ. 15-21)

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენს 54.00 ლარს, ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის 26/06/2015 თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 1.0%. ხელშეკრულების 4.7 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება საკომისიო, შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო და ბოლოს ძირი თანხა, მოპასუხეს დაფარული აქვს: გადავადების საკომისიო-102.00 ლარი;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 28 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე შპს „4 ფ-----მა“ შპს „პრ----–-------------------------ოს“ დაუთმო კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „პრ----–-------------------------ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთანავე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, 2015 წლის 27 მაისს მოპასუხე მზ---------–-ას ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „4 ფ-----ი“-ის მიერ დაუმტკიცდა და გაიცა სესხი 450.00 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სარგებელთან ერთად. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს სესხის თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად ;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 450 ლარის და სარგებელის 54 ლარის მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დასაკისრებლად. სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის და სარგებლის თანხა სრულად გადახდილი არ იქნა. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია რომ დარიხცული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი. დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხაა 450 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 898.97 ლარი, სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ოდენობიდან და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 150 ლარი, რისი გადახადაც ძირითად მოთხოვნასთან ერთად უნდა დაეკისროს მოპასუხე მზ---------–-ას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის -450 ლარისა და სარგებელის 54 ლარის ნაწილში, ანუ ფაქტობრივად ცნო მოთხოვნილი თანხის ნახევარი, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს 25 ლარი.

 

7.2 რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

 

მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სარჩელს ერთვის საბანკო ქვითარი, რითაც დგინდება, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 100 ლარი. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხეს დაეკისროს 40 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,პრ----–-------------------------ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე მზ---------–-ას დაეკისროს შპს ,,პრ----–-------------------------ოს“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხა - 450 ლარი, სარგებელი - 54 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი, სულ 654 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე მზ---------–-ას შპს ,,პრ----–-------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარცელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 25 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდლი თანხის ნაწილის 40 ლარის ანაზრაურება.

 

4. შპს ,,პრ----–-------------------------ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25 ლარი მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; (სს ,,თიბისი ბანკი", საგადასახადო დავალება N142, გადახდის თარიღი 16.07.2018. სახაზინო კოდი 300733150).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე