გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2018
საქმის ნომერი
030310118002556169
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310118002556169

№ 3/67-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----’’

წარმომადგენელი ა-----– კ-------–--ე

 

მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტო, ამავე სააგენტოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების

სამხარეო ცენტრი

 

წარმომადგენელი შ------- ღ-----

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ან

ნაწილობრივ ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს შემცირება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის

სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის N2017/30/10/02 აქტი, კერძოდ, გასაჩივრებული აქტის 7.1 პუნქტი სრულად და შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელეს 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

1.2. გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გასაჩივრებული აქტის 7.3 და 7.4 პუნქტების ფარგლებში გამოყენებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელეს 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

1.3. მოპასუხე მხარეს დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის გადახდა.

 

მოსარჩელეს პოზიცია:

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული ,,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N04/38714 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება განხორციელდა, რომელსაც დაექვემდებარა პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 03 ივლისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა, რომლის შედეგად, სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს შედგენილ იქნა N2017/30/10/02 აქტი, რომელიც მას გასაცნობად 2017 წლის 01 ნოემბერს გადაეცა.

 

მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ 117061.79 ლარი შეადგინა, საიდანაც 38 295.19 ლარი წარმოადგენს (ჯარიმას) უკვე ანაზღაურებული შემთხვევების უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 78766.60 ლარი კი წარმოადგენს დამატებით ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას.

 

სს ,,ს------–---- კ----------–-- ე----მა’’ 2017 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა N2017/30/10/02 აქტი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაზეც სააგენტომ, 2018 წლის 15 ივნისს მიიღო N04/34914 გადაწყვეტილება, რომელიც მას გასაცნობად 2018 წლის 18 ივნისს გადაეცა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.1 პუნქტთან დაკავშირებით სააგენტომ აღნიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ 588 შემთხვევაში ბენეფიციარები ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შექმნილი პლატფორმის (ელექტრონული მოდელის) ხარვეზებით გამოწვეული ნეგატიური შედეგის გადმოტანა ხდება მიმწოდებელზე და ეს კვალიფიცირდება, როგორც მიმწოდებლის დარღვევა, მაშინ, როდესაც, მიმწოდებლის კეთილსინდისიერად, იგივე მისამართი აქვს ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული, რაც ბენეფიციარმა მიუთითა, რასაც სააგენტო თავადაც ხედავს პორტალზე მიმწოდებლის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით და აღნიშნულის ბაზაზე ყოველთვიურად მიმწოდებელს მიღება-ჩაბარების აქტსაც უფორმებს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი უნდა გაუქმდეს 7.1 პუნქტის ნაწილში სრულად და დაკმაყოფილდეს ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნები.

 

გასაჩივრებული აქტის 7.1 პუნქტში მიეთითა 367 შემთხვევა, სადაც მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ 4 946.91 ლარი შეადგინა, ხოლო დამატებით ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ 9 644.50 ლარი;

 

ამავე აქტის 7.3 პუნქტში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ შევსებული თანხმობის ფურცლები 24 მკაცრი აღრიცხვის ბარათი (65 შემთხვევა) - გადასწორებულია, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ 887.92 ლარი შეადგინა, ხოლო დამატებითი ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ - 1 886.36 ლარი.

 

ხსენებული აქტის 7.4 პუნქტში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ შევსებული თანხმობის ფურცლები - 322 მკაცრი აღრიცხვის ბარათი (975 შემთხვევა) - არ ახლავს თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია პროგრამის გეგმიური ამბულატორული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისათვის შესაბამის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის მოთხოვნები, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მოთხოვნილმა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 10805.27 ლარი, ხოლო დამატებით ჯარიმის სახით გადასახდელმა თანხამ - 22 745.74 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრი სარჩელს არ ცნობს და ითხოვს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N04/38718 წერილის საფუძველზე, სს ,,ს------–---- კ----------–-- ე----- - ხ----- ჰ---------–ის’’ მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე წარმოდგენილი თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის შემოწმების N2017/30/10/02 აქტი;

 

3.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 წერილით, რომლის ადრესატია სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს 2015 წლის 04 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ პირობები შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 24 მაისის N24/05/2018 საოქმო გადაწყვეტილება;

 

3.2.3. ვებ გვერდზე ,,www.ehealth.moh.gov.ge’’ განთავსებული გეგმიური ამბულატორიის ელექტრონული მოდული, სადაც ხდება კაპიტაციური ბენეფიციარების რეგისტრაცია.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----ს’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სასარჩელო მოთხოვნა - ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის N2017/30/10/02 აქტის 7.1 პუნქტი სრულად და შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები - არ დაკმაყოფილდეს.

 

სასარჩელო მოთხოვნა - გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გასაჩივრებული აქტის 7.3. და 7.4. პუნქტების ფარგლებში გამოყენებულ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 გადაწყვეტილება წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის, 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები, დაკმაყოფილდეს მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში დარიცხული ჯარიმის 1 886.36 ლარის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე დაკისრების გაუქმების თაობაზე, ხოლო იმავე აქტის 7.4 პუნქტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფიდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 04 ივნისის N04-156/ო ბრძანება, 2018 წლის 17 ოქტომბრის სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----ს’’ გადაწყვეტილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანება ,,საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანება ,,საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ’’ (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდს, კერძო პირების და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ად ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მათი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი დასაშვების თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.

 

ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახით დაცვით და შესაბამისი ფორმით.

 

ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

გასაჩივრებული აქტის 7.1 პუნქტში აღინიშნა, რომ 367 შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, ამასთან ერთად მიმწოდებლის მიერ 588 შემთხვევაში ბენეფიციარები ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში. მოცემულ შემთხვევაში მიუტევებელი შეცდომა (შესაძლოა დარღვევაც) თანხმობის ფორმების მიუწოდებლობა, ასევე პროგრამის მიერ სოფლის ნაცვლად ძირითად კონტიგენტად აღქმის თაობაზე, მხოლოდ პროგრამის ხარვეზად მიჩნევა არარელევანტურია, რამეთუ, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოირკვა, მხოლოდ ერთი ველის ჩამოშლით და სოფლის მითითება იყო საჭირო, ობიექტური ინფორმაციის დაფიქსირებისათვისა და არსებული საპროგრამო უზრუნველყოფით შესაძლებელი იყო მართებული ინფორმაციის მიწოდება და პროგრამის მიერ სწორად აღქმა.

 

გასაჩივრებული აქტის 7.4 პუნქტში მითითებული 975 შემთხვევას, სადაც თანხმობის ფურცლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ ახლავს, ვერ ჩაითვლება შემთხვევად, როდესაც არსებობდა პირადობის მოწმობები ძირითად ისტორიებში და არ დაერთო თანხმობის ფურცლებს, სასამართლო სხდომაზეც იქნა წარმოდგენილი რიგი პირადობის მოწმობების ასლები, მაგრამ მათი წარმომავლობის დოკუმენტური მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია, ასეთი მტკიცებულებების კანონიერი საფუძვლების არარსებობის გამო, ამიტომ დარღვევა საპატიოდ მიჩნეული ვერ იქნა.

 

ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელს კანონშესაბამისად დაეკისრა თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც დადგენილია სამართლებრივი აქტით და რომელიც გასაჩივრებული არ არის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემულია აქტის კანონიერებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით.

 

სადავო აქტის 7.3 პუნქტის ნაწილში, მიმწოდებლის მიერ შევსებული თანხმობის ფურცლების 24 მკაცრი აღრიცხვის ბარათის (65 შემთხვევა) გადასწორების თაობაზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე დარგის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილებებისდ შეტანის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიუთითა: „მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით“. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს, მას არა აქვს უკუმოქმედების ძალა. როგორც ირკვევა 2017წლის 03 აგვისტომდე შემთვევებს ეს ცვლილება არ ეხება, რა დროსაც კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო. ცხადია, რომ შემვსებელს შეეძლო შეეცვალა (გამოეცვალა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა, შეეძლო არ გამოეცვალა, მის შეხედულებაზე იყო დამოკიდებული, რადგან კორექტორით გასწორებული (ჩასწორებული) მონაცემები შეიცავდა სწორ მონაცემებს, მხოლოდ 2017 წლის 03 აგვისტოდან კორექტორის გამოყენებით ჩასწორება აიკრძალა და ასეთი მაფ უნდა გამოიცვალოს ახლით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ცვლილებების შეტანა განაპირობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში კორექტორის საშუალებით შესწორებების თუ ჩასწორებების განხორციელების მასიურმა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მოქმედების აკრძალვის ნორმა არ არსებობდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შევლამდე განხორციელებული ამ სახის მოქმედებები დარღვევად ვერ მიიჩნევა (ანუ საუბარია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე, რომლებიც შინაარსობრივად და მონაცემებით სწორია, მაგრამ არის ჩასწორებები ან შესწორებები განხორციელებული კორექტორით).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----ს’’ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა - ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის N2017/30/10/02 აქტის 7.1 პუნქტი სრულად და შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები - არ დაკმაყოფილდეს.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა - გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გასაჩივრებული აქტის 7.3 და 7.4 პუნქტებს ფარგლებში გამოყენებულ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34914 გადაწყვეტილება წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის, 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები, დაკმაყოფილდეს მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის აქტის 7.3. პუნქტის ნაწილში დარიცხული ჯარიმის 1 886.36 ლარის სასრჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე დაკისრების გაუქმების თაობაზე, ხოლო იმავე აქტის 7.4 პუნქტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფიდეს.

 

4. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე