განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
330100118002643761
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ-–- გ-------–--ის

ბრალდებულ _ გ---- ს---------ის

ადვოკატ _ მ---- ხ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ---- გ------ის ძე ს---------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ს---------------------------–-–-----ში, ი----------–---–-----------------–--–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------–---------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ს---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ---- ს---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–--–-------------–------------------------ში არსებულ ეკლესიასთან, ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩაზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ურთიერთშელაპარაკებისას გ---- ს---------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ---- ბ-----ეს, კერძოდ, გაშლილი მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხნივ, თავის არეში. დარტყმის შედეგად მ---- ბ-----ე წაიქცა და თავი დაარტყა ასფალტს. აღნიშნულის შედეგად მ---- ბ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ---- ს---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ---- ს---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლ---------------ს გაცემულ №-------–ემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ გ---- ს---------მა ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა მის მიერ განხორციელებული ძალადობა გამოიხატა ხელის ერთჯერად დარტყმაში და ადგილი არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობას, რაც მიანიშნებდა ბრალდებულის პიროვნების მომეტებულ საშიშროებაზე და აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს გ---- ს---------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ გ---- ს---------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი სამართლებრივად ნასამართლევად აღარ ითვლება, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ირკვევა, რომ გ---- ს---------ი გათავისუფლდა ს--------- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები; იგი ასევე გათავისუფლდა ს--------- რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ამასთან, გაუქმდა ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით დადგენილ სასჯელზე მითითება. შესაბამისად, გ---- ს---------ი გათავისუფლდა პირობითი მსჯავრისაგან, რის გამოც მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. იგი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში გ---- ს---------ი გულწრფელად ინანიებს მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მოწოდებულია გამოსწორებისაკენ და პირობას დებს, რომ სამომავლოდ მსგავსი კონფლიქტი აღარ განმეორდება, მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და ნორმალური თანაცხოვრება, რასაც თავის მხრივ ადასტურებს დაზარალებულიც, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ატყობინებს სასამართლოს, რომ გ---- ს---------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და პირიქით, სურს დაუბრუნდეს ოჯახს, ამასთან, მისი თქმით, სამწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ბრალდებული იყო „მოწესრიგებული, მშრომელი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე“.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და შეურიგდა დაზარალებულს, სასამართლოს პირობითი მსჯავრის გამოყენება საკმარისად მიაჩნია სასჯელის მიზნების მისაღწევად, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება მისი ოჯახის ინტერესებს, ვინაიდან დაზარალებულის განმარტებით, გ---- ს---------ი არის მისი და ლოგინადჩავარდნილი ნ--- ს---------ის (ბრალდებულის დედა) ერთადერთი მარჩენალი (ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში, რომლის თანხას და ასევე ყველა საყოფაცხოვრებო ხარჯს დაკავებამდე ფარავდა გ---- ს---------ი), რომლის პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მათი მდგომარეობა „დღითიდღე უარესდება“. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, აღნიშნული სასჯელის დანიშვნა მიზანშეუწონელი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით ირკვევა, რომ იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ და რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა სპეციალიზებული ონკოლოგიური პროფილის კლინიკაში (საყურადღებოა, რომ ბრალდებულის განმარტებით, ციხის პირობებში არ უტარდება სათანადო მკურნალობა, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, რომლის გაუარესება თვალნათლივ შესამჩნევია). ამასთან, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, იგი მუშაობს (ავტოსახელოსნოში მეთუნუქე-შემდუღებლად) და აქვს საკუთარი შემოსავალი, რომელიც ოჯახისთვის ერთადერთი საარსებო წყაროა. შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება ხელს შეუშლის ძირითადი სამუშაოს შესრულებაში, რომლისგან ჩამოშორება თავის მხრივ უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- ს---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ გ---- ს---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------ს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბრალდებული უკვე გათავისუფლებული იყო პატიმრობიდან და იმყოფებოდა გირაოს ქვეშ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ გ---- ს---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლ---------------დან - 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ გ---- ს---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ---- ს---------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი