გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2018
საქმის ნომერი
330210018002568582
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22941-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - ან-------–-ძე

წარმომადგენელი - არ---–----------ი

 

მოპასუხე - ჯო-------------------–----ნ

წარმომადგენელი - სო------------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯო-------------------–----ნს ან-------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს - 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის აგვისტოში ან-------–-ძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჯო-------------------–----ნთან. მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა ან-------–-ძის მიერ ჯო-------------------–----ნის კუთვნილი უძრავი ქონების - ქ. თბ--–--–---–------------–-------ში მდებარე შენობის სხვენის შეძენა.

 

მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება ან-------–-ძეს უნდა შეეძინა 120 000 აშშ დოლარად. ნასყიდობის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად. შესაბამისად, ან-------–-ძემ 2015 წლის 18 აგვისტოს მოპასუხეს ავანსად, გადაუხადა ნასყიდობის საფასურის ნაწილი, კერძოდ 10 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა გადარიცხულ იქნა ან-------–-ძის დის - დო-–-–----------------–--ის მიერ თა----------------ისათვის, რომელიც იყო მოპასუხე ჯო-------------------–----ნის მეუღლე და ამავდროულად მინდობილი პირი. ხოლო, დარჩენილი საფასური - 110 000 აშშ დოლარი, ან-------–-ძეს უნდა გადაეხადა ერთი თვის ვადაში, მას შემდეგ, რაც კომერციული ბანკისაგან მიიღებდა კრედიტს. თუმცა, იმის გამო, რომ მოსარჩელემ ბანკისაგან კრედიტი ვერ მიიღო, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ შედგა.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ავანსის სახით მიღებული 10 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მოპასუხეს თანხა არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს ჯო-------------------–----ნმა ან-------–-ძისაგან, მხარეთა შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო ბეს თანხა - 10 000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ შეთანხმების თანახმად, ან-------–-ძეს ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე დაიტოვებდა ბე-ს თანხას. მხარეები, ასევე შეთანხმდნენ საგამონაკლისო წესზე. კერძოდ, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარმოადგენდა ბანკის წერილს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო სესხი, ბე-ს სახით გადახდილი თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი დარჩებოდა მოპასუხეს, ხოლო დანარჩენი 8500 აშშ დოლარი დაუბრუნდებოდა მოსარჩელეს.

 

ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, მოსარჩელე, მოპასუხის ნაწილობრივი მონაწილეობით, სესხის მიღების მიზნით, აწარმოებდა მოლაპარაკებას სს „ბა------------–--ასთან“. ამასთან, 2015 წლის 13-14 სექტემბრის პერიოდში მხარეები აწარმოებდნენ ელექტრონულ მიმოწერას ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, მისი ნოტარიულად დამოწმებისა და ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე. მიმოწერაში მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, შეფასებულია, როგორც ბე. ამასთან, აღნიშნული მიმოწერა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიიღო სესხი ბანკიდან ვინაიდან იგი მიმოწერაშიც აღნიშნავს, რომ დაინტერესებულია ხელშეკრულების გაფორმებითა და თანხის გადახდის პროცესის დაჩქარებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „სესხს ვადა გასდის“.

 

ამას გარდა, მოსარჩელის მიერ, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 2015 წლის 13 სექტემბრამდე, არ იქნა გადახდილი ნასყიდობის ფასი და არც ბანკის მიერ გაცემული ცნობა იქნა წარდგენილი სესხის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული, კი გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას - ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობით (ბე-ს ნაწილობრივი დაბრუნება), რის გამოც ბე-ს თანხა სრულად რჩება მოპასუხეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–-----–------------–-------------------–----------------------------ლი, 151.1------------------------------------, წარმოადგენს ჯო-------------------–----ნის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:აღნიშნული

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2015 წლის 13 აგვისტოს ან-------–-ძესა (შემსყიდველი) და ჯო-------------------–----ნს შორის (მფლობელი), წერილობითი ფორმით გაფორმდა ხელშეკრულება სახელწოდებით - „კონტრაქტი ბინა №0 გაყიდვის შესახებ ში-----------–-----------“.

 

ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს არის ხელშეკრულება თბ--–--–---–------------–-------------ში, ბინა №0-ის გაყიდვის შესახებ. ხოლო მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ მფლობელი თანახმაა მიყიდოს ბინა შემსყიდველს 120 000 აშშ დოლარად.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მფლობელობის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად:

ა. ქვეპუნქტი: შემსყიდველი მფლობელს გადაუხდის 10 000 აშშ დოლარს კონტრაქტის ხელის მოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. (გადახდა უნდა განხორციელებულიყო თა----------------ის ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე);

ბ. ქვეპუნქტი: ამ ჩარიცხვის სანაცვლოდ, მფლობელი აცხადებს თანხმობას არავის მიყიდოს ბინა კონტრაქტზე ხელის მოწერიდან ერთი (30 დღე) თვის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ, თუ დამატებით 110 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა არ მოხდება მფლობელის ანგარიშზე, შემსყიდველი დაკარგავს დეპოზიტს და მფლობელს ექნება სრული უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიყიდოს ბინა, გარდა 3.გ. პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.

 

ხელშეკრულების გ. ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ვერ მოახერხებს სესხის აღებას (რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს წერილი ბანკიდან განაცხადის უარყოფაზე), შემსყიდველს დაექვითება 1500 აშშ დოლარი დეპოზიტიდან და დეპოზიტის ბალანსი დაუბრუნდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.08.2015წ. კონტრაქტი (იხ. ს.ფ. 91-94);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2015 წლის 18 აგვისტოს ან-------–-ძემ მასსა და ჯო-------------------–----ნს შორის 13.08.2015წ. გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული - 10 000 აშშ დოლარი უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხადა ჯო-------------------–----ნს.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ან-------–-ძის სახელით, აღნიშნული თანხა გადარიცხა ან-------–-ძის დამ დო-–-–----------------–--ემ, ჯო-------------------–----ნის მეუღლის - თა----------------ის საბანკო ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.08.2015წ. კონტრაქტი (იხ. ს.ფ. 91-94);

- სს „სა---------–--------ის“ 27.07.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 24);

- ჯო-------------------–----ნის 19.08.2015წ. დასტური (იხ. ს.ფ. );

- ელექტრონული ფოსტის მიმოწერის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. სს “თი---------ის“ 17.09.2015წ. №7354/103-01 წერილის თანახმად, სს „თი---------ის“ საკრედიტო პოლიტიკით მსესხებლის მიმართ დაწესებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ან-------–-ძეს არ დაუმტკიცდა სესხი, ვინაიდან მისი მიმდინარე შემოსავალი, დარიცხული ხელფასი, რომელიც წარდგენილი იყო სესხის დამუშავებისას (31.07.2015), არ იყო საკმარისი მოთხოვნილი თანხის 80 000 აშშ დოლარის მისაღებად. აღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ სესხის მიზნობრიობა იყო ბინის შეძენა მისამართზე: ქალაქი თბ--–-----------–------------–-------------–----------------------------ლი, 151.1------------------------------------.

 

აღნიშნული წერილი გადაეგზავნა ჯო-------------------–----ნს და ჩაბარდა 2015 წლის 18 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „თი---------ის“ 17.09.2015წ. წერილი (იხ. ს.ფ. 57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ან-------–-ძესა და ჯო-------------------–----ნს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელწოდებით - „კონტრაქტი ბინა №0 გაყიდვის შესახებ ში-----------–-----------“, წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. ხოლო, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 18 აგვისტოს ან-------–-ძის მიერ ჯო-------------------–----ნისათვის გადახდილი - 10 000 აშშ დოლარი არის ავანსი, ნასყიდობის საფასურის ნაწილი. (დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ან-------–-ძის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 327-ე 421-ე, 477-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის, 323-ე მუხლის თანახმად, კი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ არსებით პირობებად განიხილება - ნასყიდობის ფასი და ნასყიდობის საგანი. მასში, ასევე განსაზღვრული უნდა იყოს მხარეები, რომელთაც წარმოეშობათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

 

რაც შეეხება ბეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

 

ბე წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. ეს არის ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. თავისი სამართლებრივი ბუნებით, ბე აქცესორული უფლებაა. მისი ნამდვილობა სრულად დამოკიდებულია ძირითადი უფლების – ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნის უფლების არსებობაზე. ამდენად, ბე არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, არამედ იგი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია და იდება მხარეთა შორის ძირითადი ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, რადგან ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია, ბეს გადაცემა ხდება ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ან-------–-ძესა (შემსყიდველი) და ჯო-------------------–----ნს (მფლობელი) შორის წერილობითი ფორმით დაიდო ხელშეკრულება სახელწოდებით - „კონტრაქტი ბინა №0 გაყიდვის შესახებ ში-----------–-----------“. კონტრაქტის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს არის ხელშეკრულება თბ--–--–---–------------–-------------ში, ბინა №0-ის გაყიდვის შესახებ. ხოლო მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ მფლობელი თანახმაა მიყიდოს ბინა შემსყიდველს 120 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ იქნა ნასყიდობის საფასურის გადახდის წესი და პირობები.

 

ამდენად, დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს ყველა იმ არსებით პირობებზე შეთანხმებას, რაც დამახასიათებელია ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის. კერძოდ, განსაზღვრულია: ხელშეკრულების მხარეები - ჯო-------------------–----ნი და ან-------–-ძე; ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ში-----------–---------------------; ნასყიდობის საფასური - 120 000 აშშ დოლარი და აღნიშნული საფასურის გადახდის წესი და პირობები. ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით.

 

ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული ბეს გააჩნია აქცესორული ხასიათი, იგი წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების ნაწილს და შესაბამისად ამ ხელშეკრულების გარეშე, დამოუკიდებლად არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში, კი დადგენილია, რომ მხარეთა შორის სხვა ხელშეკრულება, გარდა 2015 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტისა არ ყოფილა. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლიდან გამომდინარე, უძრავი ქონებაზე დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სავალდებულო წერილობით ფორმას, ხელშეკრულების დადასტურების მიზნით, ბეზე შეთანხმებამდე, სახეზე უნდა ყოფილიყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით. ასეთ შემთხვევაში, ბე იქნებოდა არა დამოუკიდებელი ხელშეკრულება, არამედ ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 327-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოსარჩელე ან-------–-ძის მიერ 13.08.2015წ. ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ჯო-------------------–----ნისათვის გადახდილი - 10 000 აშშ დოლარის სამართლებრივ ბუნებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ან-------–-ძემ მოპასუხე ჯო-------------------–----ნს 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, გადაუხადა - 10 000 აშშ დოლარი. დადგენილია, ასევე, რომ ხელშეკრულებით კონკრეტულად იქნა განსაზღვრული, როგორც აღნიშნული 10 000 აშშ დოლარის, ისე ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადახდი წესი და გადაუხდელობის შედეგები. კერძოდ, შემსყიდველმა - ან-------–-ძემ 2013 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება მფლობელისათვის გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი კონტრაქტზე ხელის მოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ, კი მფლობელმა თავის მხრივ იკისრა ვალდებულება არ მიეყიდა ბინა სხვა პირისათვის კონტრაქტზე ხელის მოწერიდან ერთი (30 დღე) თვის განმავლობაში. ამასთან, განისაზღვრა, რომ თუ ერთი თვის შემდეგ, დამატებით 110 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა არ მოხდებოდა მფლობელის ანგარიშზე, შემსყიდველი დაკარგავდა დეპოზიტს და მფლობელს ექნებოდა სრული უფლება ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის მიეყიდა ბინა, გარდა 3.გ. პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა. აღნიშნული გამონაკლისის თანახმად, კი თუ შემსყიდველი ვერ მოახერხებს სესხის აღებას (რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს წერილი ბანკიდან განაცხადის უარყოფაზე), შემსყიდველს დაექვითება 1500 აშშ დოლარი დეპოზიტიდან და დეპოზიტის ბალანსი დაუბრუნდება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, თავად განსაზღვრეს ნასყიდობის საფასურის გადახდის წესი. აქედან გამომდინარე, კი სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ ან-------–-ძის მიერ რო-------------------–-----ისათვის 10 000 აშშ დოლარის გადახდა ემსახურებოდა არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურებას, არამედ ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებას. შესაბამისად, გადახდილი თანხა იყო ავანსი და არა ბე. რაც შეეხება, მოპასუხის მითითებას საქმეში არსებულ ელექტრონულ მიმოწერაზე, სადაც მოსარჩელე გადახდილ 10 000 აშშ დოლარს მოიხსენიებს, როგორც ბე, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გადახდილი თანხის სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და ის გარემოება, თუ რა სახელწოდებას დაარქმევენ მას მხარეები, არსებით გავლენას ვერ იქონიებს მისაღებ გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბე განსხვავდება ავანსისაგან, ანუ გადახდისაგან, რომელიც ხორციელდება ვალდებულების შესრულების სახით მანამ, სანამ მეორე მხარე შეასრულებს შემხვედრ ვალდებულებას. ხშირად, ავანსის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „წინასწარი გადახდა“. ავანსის გადაცემა არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების ნამდვილობაზე. ავანსის ბედი წყდება ვალდებულების შესრულების შესახებ ზოგადი წესების მიხედვით. ვალდებულების შეუსრულებლობისას, ავანსი ექვემდებარება დაბრუნებას.

 

6.4. რაც შეეხება, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხე ჯო-------------------–----ნისათვის 15.08.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი - 10 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

გარდა 6.2. პუნქტში განხილული ნასყიდობის საფასურის გადახდის წესისა, ხელშეკრულებით მხარეებმა, ასევე განსაზღვრეს ხელშეკრულების საფასურის დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სანქცია. კერძოდ, თუ კონტრაქტზე ხელის მოწერიდან ერთი თვის შემდეგ, დამატებით 110 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა არ მოხდებოდა მფლობელის ანგარიშზე, შემსყიდველი დაკარგავდა გადახდილ 10 000 აშშ დოლარს სრულად, გარდა ერთი გამონაკლისისა: თუ შემსყიდველი ვერ მოახერხებს სესხის აღებას (რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს წერილი ბანკიდან განაცხადის უარყოფაზე), შემსყიდველს დაექვითება 1500 აშშ დოლარი დეპოზიტიდან და დეპოზიტის ბალანსი დაუბრუნდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ან-------–-ძეს სს „თი---------მა“ 2015 წლის 17 სექტემბრის წერილით აცნობა, რომ არ დაუმტკიცა სესხი, რომლის მიზნობრიობა იყო ჯო-----------------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–-----–------------–-------------------–----------------------------ლი, 151.1------------------------------------, შეძენა (იხ. 3.1.4. პუნქტი). აღნიშნული წერილი, მოპასუხის განმარტებით ჯო-------------------–----ნს ჩაბარდა 2015 წლის 18 სექტემბერს.

 

ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ 13.08.2015წ. ხელშეკრულების თანახმად, ან-------–-ძეს ნასყიდობის დარჩენილი საფასური უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 30 დღის ვადაში, კერძოდ 2015 წლის 13 სექტემბრამდე. შესაბამისად, სესხის დამტკიცებაზე უარის დამადასტურებელი მტკიცებულებაც აღნიშნულ ვადაში უნდა ყოფილიყო წარდგენილი. მოსარჩელეს აღნიშნულ პერიოდში თანხა არ გადაუხდია. ასევე, არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ვერ მოახერხა ბანკიდან სესხის აღება. ეს მტკიცებულება მან წარმოადგინა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ - 2015 წლის 18 სექტემბერს, რის გამოც, ხელშეკრულებით დადგენილი დანაწესის შესაბამისად, გადახდილი 10 000 აშშ დოლარი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს: 13.08.2015წ. ხელშეკრულების 3.ა. ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის სანაცვლოდ, მფლობელი აცხადებს თანხმობას არავის მიჰყიდოს ბინა კონტრაქტზე ხელის მოწერიდან ერთი (30 დღე) თვის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ, თუ დამატებით 110 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა არ მოხდება მფლობელის ანგარიშზე, შემსყიდველი დაკარგავს დეპოზიტს და მფლობელს ექნება სრული უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიჰყიდოს ბინა, გარდა 3.გ. პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა. აღნიშნული გამონაკლისის თანახმად, კი თუ შემსყიდველი ვერ მოახერხებს სესხის აღებას (რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს წერილი ბანკიდან განაცხადის უარყოფაზე), შემსყიდველს დაექვითება 1500 აშშ დოლარი დეპოზიტიდან და დეპოზიტის ბალანსი დაუბრუნდება.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული პუნქტის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 10 000 აშშ დოლარის საფასურად ან-------–-ძეს მოპასუხე დაჰპირდა, რომ არავისთვის მიეყიდა სადავო ბინა კონტრაქტზე ხელმოწერიდან ერთი (30 დღე) თვე. ამის მერე კონტრაქტში საუბარია იმაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები ერთი თვის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ, ან-------–-ძე თუ დამატებით 110 000 აშშ დოლარის ჩარიცხვას არ მოახდენდა მფლობელის ანგარიშზე, კარგავდა დეპოზიტს, ხოლო ჯო--------–-----ს ენიჭებოდა სრული უფლება ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის მიეყიდა ბინა.

 

გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი ის გარემოებაც, რომ ან-------–-ძეს არ ჰქონდა სასურველი ბინის შესაძენად საჭირო თანხა და დამოკიდებული იყო ბანკიდან კრედიტის მიღებაზე. თავის მხრივ მოპასუხისთვის ცნობილი იყო ეს გარემოება, რისთვისაც იგი დაეთანხმა მოსაჩელეს ბინის საფასურის ნაწილობრივ მიღებაზე გარკვეული პირობებით.

 

სადავო არ არის ასევე ისიც, რომ ან-------–-ძეს არც 30 დღიან ვადაში და არც შემდგომ არ გადაუხდია ნასყიდობის დარჩენილი საფასური - 110 000 აშშ დოლარი, იმის გამო, რომ მას არ დაუმტკიცდა ბინის შესაძენად საჭირო კრედიტი, ანუ მას ბინის შეძენა კი არ გადაუფიქრებია, არამედ ბანკის მხრიდან მიიღო უარი კრედიტის დამტკიცებაზე, რაც დაუყოვნებლივ - 2015 წლის 18 სექტემბერს, აცნობა ბინის მესაკუთრეს ჯო--------–-----ს. აღნიშნული კი მოწმობს იმას, რომ მხარეთა შეთანხმებით ამოქმედა ხელშეკრულების 3.გ. ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა: თუ შემსყიდველი ვერ მოახერხებს სესხის აღებას (რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს წერილი ბანკიდან განაცხადის უარყოფაზე), შემსყიდველს დაექვითება 1500 აშშ დოლარი დეპოზიტიდან და დეპოზიტის ბალანსი დაუბრუნდება. რაც შეეხება, მოპასუხის მითითებას, საქმეზე დართულ ელექტრონულ მიმოწერაზე, სადაც ერთ ერთ მათგანში (იხ. ს.ფ. 84) მოსარჩელის მიერ მითითებულია შემდეგი: „სესხს ვადა გასდის“, სასამართლო ვერ გაიზიარებს. მითითებული მიმოწერა სსსკ-ის მე-4, 102-103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, ვერ იქნება მიჩნეული იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რომ ან-------–-ძეს ბანკისაგან სესხი უკვე ჰქონდა მიღებული. აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა უკეთესი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პირციპის შესაბამისად, კი აღნიშნული სადავო გარემოების დადასტურების ვალდებულება სწორედ მოპასუხეს ეკისრება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეებმა თავად განსაზღვრეს სადავო ურთიერთობის გადაწყვეტის წესი, ამ წესის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 10 000 აშშ დოლარიდან 1500 აშშ დოლარი უნდა დარჩეს მოპასუხეს, ხოლო დარჩენილი 8500 აშშ დოლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეები არ დავობენ ხელშეკრულების ნამდვილობაზე. ამასთან, ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არ უთქვამს უარი ხელშეკრულებაზე და არც სხვაგვარად მომხდარა მისი შეწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 13 აგვისტოს გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა ხელშეკრულების პირობით, თავად განსაზღვრეს გადახდილი ავანსის დაბრუნების წესი და პირობები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა განხილულ უნდა იქნეს სწორედ ხელშეკრულების აღნიშნული პირობის შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ან-------–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და რო-------------------–-----ს უნდა დაეკისროს 8500 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 735 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ჯო-------------------–----ნს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (8500 აშშ დოლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 624.09 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ან-------–-ძის სარჩელი ჯო-------------------–----ნის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ჯო-------------------–----ნს მოსარჩელე ან-------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს - 8500 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოპასუხე ჯო-------------------–----ნს მოსარჩელე ან-------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 624.09 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე