გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2018
საქმის ნომერი
330310118002410526
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2434-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.12.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელეები მ--------------ი, რ-----------------ი

მოპასუხეები 1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი მ----------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N01/ 106881/გ გადაწყევტილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N 0---------- გადაწყვეტილება.

 

1.5. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელეების სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეთა წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მ--------------მა და რ-----------------მა 2018 წლის 26 იანვარს განცხადებებით მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- და N0-------- გადაწყვეტილებებით მ--------------ისა და რ-----------------ის განცხადებები არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი’’ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამახსოვრო ბარათი ( ს.ფ. 69).

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 88).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-14).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ.15-16).

 

3.1.2. 2018 წლის 01 მარტს მ--------------მა და რ-----------------მა N47551 და N47530 საჩივრებით მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოითხოვეს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- და N0-------- გადაწყვეტილებების გაუქმება და მათ სახელზე პირადობების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა არაელექტრონული მატარებლით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 01 მარტის საჩივარი (ს.ფ.73-74).

- 2018 წლის 01 მარტის საჩივარი (ს.ფ. 54-55).

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N0---------- და N0---------- გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა მ--------------ისა და რ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის N0-------- და N0-------- გადაწყვეტილებები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N0---------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 17-19).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მატის N0---------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 20-22).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ასაჩივრებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №0-------- და N0--------, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N0---------- და N0---------- გადაწყვეტილებებს. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის - წესის 25-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მ--------------სა და რ-----------------ს განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა). ხოლო, გამონაკლისებს ადგენდა ასევე, მითითებული მუხლი.

 

მოსარჩელეები არ იზიარებენ აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებენ, რომ კანონი მათ აძლევთ საშუალებას მიიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მათზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელეები მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებენ ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნებას“ უკავშირებს არა ქმედების განხორციელების სურვილს გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად, არამედ ნების გამოვლენას სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მიერ კანონის ასეთი სახით განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელეები მ-----ა და რ-----------------ები ითხოვდნენ არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებლებზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომელსაც პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

მოსარჩელეები, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს, ერთის მხრივ უკავშირებენ მათი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას და მეორეს მხრივს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საფრთხის შემცველობას. მეორე არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეები მხოლოდ საფრთხის არსებობაზე მსჯელობენ, თუმცა არც სარჩელის წარდგენისას და არც საქმის განხილვის დროს, არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული არგუმენტაცია საფრთხის არსებობის თაობაზე. ხოლო იმ პირობებში, როდესაც, წარმოდგენილი არ ყოფილა მეტნაკლებად დასაბუთებული არგუმენტაცია, ან რეალური საფრთხის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში იმსჯელოს მოთხოვნის დასაბუთებულობის თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელეების არგუმენტაციას მათ სურვილთან დაკავშირებით, ისინი არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებენ სუბიექტური ნების, სურვლის არსებობას და ითხოვენ კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელეების ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“. საკასაციო სასამართლომ ამავე განჩინებაში მიუთითა, რომ იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეების მოთხოვნები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.7. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები და ასევე სასარჩელო მოთხოვნა ქმედების განხორციელების დავალებაზე, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელეების კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მ--------------ისა და რ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია