გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
251210018002647230
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210018002647230

საქმე №2/193-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახმეტა

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - მიხეილ მოსიაშვილი

მოსარჩელე - ლ--–--------–-–---–ი მოპასუხე - ნ------------–---–ი წარმომადგენელი - ე----------------–-–---–ი დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ევროს გადახდა ეროვნულ ვალუტაში, 3030 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების 200 ლარი და სასამართლოს ბაჟის 50 ლარის გადახდა, სულ 3280 ლარი.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ლ--–--------–-–---–მა 1000 ევრო ასესხა ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში მცხოვრებ ნ------------–---–ს. 2017 წლის 4 აგვისტოს მოპასუხემ დაწერა ხელწერილი, რომლის მიხედვით 2018 წლის 4 აგვისტომდე უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხა, რაც დღემდე არ გადაუხდია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მან სინამდვილეში ესესხმა მოსარჩელეს 1000 ევრო იტალიაში, ძირის თანხა აუნაზღაურა სრულად, უარს არ ამბობს სარჩელში მითითებული თანხის დაბრუნებაზე, ამჟამად არ აქვს საშუალება გადახდის, მოსარჩელეს შესთავაზა 200 ევრო და შეპირდა დანარჩენსაც გაუსწორდებოდა მაგრამ ლ--–--------–-–---–მა უარი განაცხადა 200 ევროს აღებაზე და მოპასუხეს მოსთხოვა თანხის სრულად ანაზრაურება. სასმართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა შესაგებელს და განმარტა რომ მის მარწმუნებელს არანაირი ვალი აღარ აქვს მოსარჩელე მხარის და ითხოვა უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ლ--–--------–-–---–მა 1000 ევრო ასესხა ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში მცხოვრებ ნ------------–---–ს. 2017 წლის 4 აგვისტოს მოპასუხემ დაწერა ხელწერილი, რომლის მიხედვით 2018 წლის 4 აგვისტომდე უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელწერილი (ს.ფ. 13)

-სარჩელი და შესაგებელი(ს.ფ.2-12;24-31)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ნ------------–---–ის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მას მოსარჩელე მხარისათვის გადახდილი აქვს მის მარწმუნებელს სრულად თანხა, ძირიც და პროცენტიც, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება რითაც დაადასტურებდა მოსარჩელე მხარისათვის სადავო თანხის გადაცემის ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია მოვალე ნ------------–---–ს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სკ-ს 431-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 431-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის ზეპირი შეთანხმებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება, კერძოდ აღებული სესხის 1000 ევროს ოდენობით დაბრუნების ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის სესხის დაკისრების შესახებ დასაბუთებულია სრული მოცულობით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ნ------------–---–ის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მას მოსარჩელე მხარისათვის გადახდილი აქვს სრულად თანხა, ძირიც და პროცენტიც, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ნ------------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ 1000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.2. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის სახით მიღებული თანხის 1000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

1.3 მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე ლ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის 200 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე