გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/21414-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – შპს ,,ყა-------------------–--ი“
წარმომადგენელი – გი----------–---–ი
მოპასუხე – მე-------------–-ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ-------------–იას სს ,,თ--–---”-ს სასარგებლოდ დაკისროს დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით გაწეული ხარჯის - 736,21 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 07 მარტს ქალაქ თბილისში, ფ----–------ ქუჩაზე მ-------------–ია აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს ,,ყა-------------------–--ის“ კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 90 მმ-იანი პოლიეთილენის მილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი (N18-152717) გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. მოპასუხემ დაადასტურა მომხდარი ფაქტი და აღიარა მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის არსებობა, ეს ყოველივე კი დააფიქსირა საავარიო სამსახურში შემოსულ განაცხადზე ხელმოწერით. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 736,21 ლარი.
ამდენად, მ-------------–იას მიერ გაზსადენის მილის დაზიანებით შპს ,,ყა-------------------–--ს“ მიადგა 736,21 ლარის მატერიალური ზიანი, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მ-------------–იამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, შპს ,,კ-------–-“ აწარმოებდა აღნიშნულ სამუშაოებს. მ-------------–ია შპს ,,კ-------–ში“ მუშაობდა და იყო სამუშაოების პასუხისმგებელი პირი, კერძოდ მისი დავალებით ახდენდენ მუშები სამუშაოების შესრულებას. რაც შეეხება ზიანს, შემთხვევის შედეგად შედგა ოქმი რაზედაც მოაწერა ხელი, თუმცა დაზიანებული მილი მოწყობილი იყო დარღვევით, რადგან სამუშაოებს აწარმოებდნენ 40 სანტიმეტრზე, ხოლო მილი მოწყობილი უნდა ყოფილიყო 80 სმ-ზე და ამავე დროს უნდა ჰქონოდა სასიგნალო ლენტი, რაც დარღვეულ იქნა მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს კუთვნილი 90 მმ საშუალო წნევის პოლიეთილენის გაზსადენის დაზიანების აქტის თანახმად, 2018 წლის 07 მარტს, თბილისში, ფ----–------ ქუჩაზე, მიწის სამუშაოების წარმოებამ გამოიწვია გაზსადენის დაზიანება.
ამავე აქტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე მიწის სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,კ-------–-“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (დაზიანების აქტი) (ს.ფ. 20);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2018 წლის 07 მარტს, მისამართზე: თბილისი, ფ----–------ ქუჩაზე, მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 972.92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 21);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 992-ე, 997-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია რომ მოსარჩელე მხარის საკუთრება დაზიანდა კონკრეტული ზემოქმედების შედეგად, რაც მისი მხრიდან ზიანის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს ზიანის მოთხოვნის ადრესატად მითითებული სუბიექტი ვერ იქნება პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ყა-------------------–--ი“-ს კუთვნილი 90 მმ საშუალო წნევის პოლიეთილენის გაზსადენის დაზიანების აქტის თანახმად, 2018 წლის 07 მარტს, თბილისში, ფ----–------ ქუჩაზე, მიწის სამუშაოების წარმოებამ გამოიწვია გაზსადენის დაზიანება.
ამავე აქტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე მიწის სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,კ-------–-“;
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ შპს ,,კ-------–-“ აწარმოებდა აღნიშნულ სამუშაოებს. მისივე განმარტებით, იგი შპს ,,კ-------–ში“ მუშაობდა და იყო სამუშაოების პასუხისმგებელი პირი, მისი დავალებით ახდენდენ მუშები სამუშაოების შესრულებას.
მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, რომელიც ეხება შპს ,,კ-------–ი“-ს მიერ სამუშაოების წარმოებას. აღნიშნული გარემოება დასტურდება, თავად მოსარჩელე მხარის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დაზიანების აქტით, სადაც მითითებულია, რომ ,,აღნიშნულ მისამართზე ქუჩაში მიწის სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,კ-------–-“ რომლის მუშაობის დროსაც დაზიანდა მიწის ზედაპირიდან 39 სანტიმეტრზე ჩაღრმავების 90 მმ საშუალო წნევის პოლიეთილენის გაზსადენი...“;
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ თავისი სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია მისი დამსაქმებელი.
აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული დანაწესებიდან, რომელთა მიხედვითაც: „პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.” (სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი).
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებას და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. შპს ,,ყა-------------------–--ის“ სარჩელი მოპასუხე მ-------------–იას მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ლია ავალიშვილი