გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2018
საქმის ნომერი
140310018002708160
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002708160

საქმე № 3/311-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ნ---- გ--–-–---–ი

წარმომადგენლები: ქ------- ბ----–---–ი და მ--- გ-----–-–---–ი

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: გ------- ბ---------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახლის გამოცემის დავალდებულება, განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მობილობის შეუძლებლობის გამო 2018 წლის 6 თებერვლიდან ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს № 658-კ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელების შესახებ.

 

1.3. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ნ---- გ--–-–---–ის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

1.4. 2017 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით 650 ლარის ანაზღაურების დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, ნ---- გ--–-–---–ს (პირ. № 5----------) აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 7 წლიანი სტაჟი; 2015 წლის იანვრიდან მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად; იგი წარმოადგენდა მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტს.

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის სხდომის ოქმისა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, მისი შეფასება იყო ,,კარგი".

 

ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ უნდა მომხდარიყო დასაქმებულ პირთა მიმართ მობილობის პროცესი და მათი გადაყვანა ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის აპარატებში, რაც მის მიმართ დაუსაბუთებლად არ განხორციელდა.

 

ამ გაერთიანების შემდეგ მერიაში ჩამოყალიბდა სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, სადაც მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტები განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით; ამ თანამდებობაზე, ძველი შტატების გათვალისწინებით, მობილობით შესაძლოა, გადაყვანილი ყოფილიყო სულ 4 პირი, მათ შორის ნ---- გ--–-–---–ი.

 

მერიამ ისე დაასრულა მობილობის პროცესი, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიმართ რაიმე აქტი, თუნდაც მობილობაზე უარის თქმის შესახებ, არ გამოცემულა; მას ისე ეთქვა უარი როგორც ამ 3 საშტატო ერთეულზე, ასევე ტოლფას ან თუნდაც დაბალი რანგის თანამდებობაზე მობილობით გადაყვანაზე, რომ მიზეზი გაურკვეველია.

 

მერიამ დაარღვია მობილობის განხორციელების კანონით დადგენილი ვადები.

 

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გამოეკვლია ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის განხორციელებისა თუ მისი შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები როგორც მის მიერ დაკავებულ, ასევე ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობებთან მიმართებაში, და მიეღო გადაწყვეტილება მობილობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

მიუხედავად ამისა, მას კვლავ უარი ეთქვა მობილობის განხორციელებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მერიამ გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტად განისაზღვრულ 3 საშტატო ერთეულზე, მობილობით, გადაიყვანა ის პირები, რომლებზეც ჩაითვალა, რომ უფრო კომპეტენტურები იყვნენ, ხოლო სხვა ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე, ამ სამსახურების სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ნ---- გ--–-–---–ის გადაყვანა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ---- გ--–-–---–ს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პედაგოგის სპეციალობით;

 

მტკიცებულება: დიპლომი.

 

3.2.2. ნ---- გ--–-–---–ი 2010 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სპეციალისტის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2014 წლის 26 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობებში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე;

 

მტკიცებულება: შრომის წიგნაკი.

 

3.2.3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 იანვრის ბრძანებით, ნ---- გ--–-–---–ი დაინიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად 3 თვის გამოსაცდელი ვადით; თანამდებობირივ სარგოდ განესაზღვრა ყოველთვიურად 580 ლარი; იგი წარმოადგენდა მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტს;

 

მტკიცებულება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 იანვრის № 1პ-21 ბრძანება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის № 04/3/507 ცნობა, 2018 წლის 25 იანვრის № 04/3/752 ცნობა.

 

3.2.4. იგი იკავებდა ამ თანამდებობას 2017 წლის 14 ნოემბრამდე; მის მიმართ დისციპლინური სახდელი არ გამოყენებულა.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის № 04/3/412 მიმართვა, 2018 წლის 18 იანვრის № 04/3/507 ცნობა.

 

3.2.5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის დასკვნით, ნ---- გ--–-–---–ი არის დისციპლინებული, კეთილსინდისიერი, კომუნიკაბელური, აქტიური საჯარო მოხელე; იგი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ საქმიანობას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს კომპლექსური გადაწყვეტილებების განხილვასა და შუალედური გადაწყვეტილებების მიღებაში, სამსახურის მუშაობის პროცესის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას; გამოირჩევა დავალებული სამუშაოს დროულად შესრულებით, რაც განსაზღვრავს უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის ეფექტურობას; იგი ნებისმიერ სამუშაოს გაართმევს თავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საჯარო სამსახურის ეფექტურ მუშაობასა და განვითარებაში;

 

მტკიცებულება: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის შეფასება-დასკვნა.

 

3.2.6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის შეფასებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს - ნ---- გ--–-–---–ს, მ--- გ-----ეს, ნ----- შ------–---–სა და ნ---- ხ------ს მიეცათ კარგი შეფასება - შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას.

 

მტკიცებულება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი.

 

3.2.7. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების დასრულების შემდეგ, ნ---- გ--–-–---–ს მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებაზე ეთქვა უარი ისე, რომ არც გათავისუფლებაზე და არც მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რაიმე სახის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის № 04/3/507 ცნობა, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.8. ნ---- გ--–-–---–ი მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხა 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2 წლის ვადით.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის № 62-კ ბრძანება.

 

3.2.9. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგოები - 700, 650 და 540 ლარი.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის დადგენილება № 19.

 

3.2.10. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 ნოემბრისა და 13 დეკემბრის ბრძანებებით სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანილი იქნენ ნ----- შ------–---–ი, ნ---- ხ------ი და მ--- გ-----ე;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 ნოემბრის № 132-კ, № 149-კ და 2017 წლის 13 დეკემბრის № 202-კ ბრძანებები.

 

3.2.11. ნ---- ხ------ს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით; იგი 2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად;

 

მტკიცებულება: დიპლომი, შრომის წიგნაკი.

 

3.2.12. ნ----- შ------–---–ს (ქორწინებამდე კ--–-------) დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ელექტრონულ-გამომთვლელი აპარატურის კონსტრუირებისა და წარმოების სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-კონსტრუქტორ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია; მან ასევე დაამთავრა კასპის დამოუკიდებელი ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; იგი 2015 წლის 8 აპრილიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად;

 

მტკიცებულება: დიპლომები, შრომის წიგნაკი, ქორწინების მოწმობა.

 

3.2.13. მ--- გ-----ეს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი სოციოლოგის სპეციალობით და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; იგი 2015 წლის 9 იანვრიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად; იგი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე; გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ/კურსები;

 

მტკიცებულება: დიპლომი, შრომის წიგნაკი, სერტიფიკატები.

 

3.2.14. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია მობილობის განხორციელებისა და განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, მათ შორის ნ---- გ--–-–---–თან დაკავშირებით;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 დეკემბრის № 04/3/1154 მიმართვა.

 

3.2.15. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია შიდა ქართლის მასშტაბით პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შესახებ, მერიამ კი გააგზავნა მიმართვები ამ საჯარო დაწესებულებებში მერის ყოფილ თანამშრომელთა მიმართ მობილობის წესით გადაყვანის შესახებ, რაზეც დაწესებულებების მხრიდან ითქვა უარი;

 

მტკიცებულება: საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 4 იანვრის № გ6, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 იანვრის № 04/3/735, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის № 869, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის № 184, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის № 04/249, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის № 03/160, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2018 წლის 11 იანვრის № 07/29 მიმართვები.

 

3.2.16. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, ნ---- გ--–-–---–ი ჩაირიცხა პროფესიულ საჯარო მოხელეთა რეზერვში და დადგინდა მისთვის კომპენსაციის გაცემა.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 62-კ.

 

3.2.17. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის წესით სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება; 2. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გამოეკვლია ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის განხორციელებისა თუ მისი შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები როგორც მის მიერ დაკავებულ, ასევე ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობებთან მიმართებაში, და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიეღო გადაწყვეტილება მობილობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ; 3. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე მობილობის წესით ნ---- გ--–-–---–ის გამწესების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და განაცდურის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე 650 ლარის ანაზღაურების დავალდებულების შესახებ იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; 4. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის № 62-კ ბრძანება საჯარო მოხელეთა რეზერვში ნ---- გ--–-–---–ის ჩარიცხვისა და მისთვის კომპენსაციის გაცემის ნაწილში.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება (საქმე № 140310118002255386, საქმე № 3/5-18).

 

3.2.18. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ივნისის ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ივნისის № 3521-ს ბრძანება.

 

3.2.19. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით ნ---- გ--–-–---–ი, მობილობის შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2018 წლის 6 თებერვლიდან.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს № 658-კ ბრძანება.

 

3.2.20. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე სხვა მოსამსახურეების დანიშვნა მოახდინა უფრო მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა ტოლფას ან დაბალი რანგისა და კატეგორიის პოზიციებზე მისი გადაყვანა ვერ მოხდება ამ პოზიციების არსებითად განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობებისათვის საჭირო კომპეტენციის არ არსებობის გამო.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის 2018 წლის 5 ივლისის მოხსენებითი ბარათი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს № 658-კ ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან 2018 წლის 6 თებერვლიდან გათავისუფლების ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა 8 აგვისტოს, ხოლო შედეგები გავრცელდა წინა პერიოდზე; ამასთან, ნ---- გ--–-–---–ს უნდა მიეცეს 5 თვის თანამდებობრივი სარგო.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება, ,,გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება, ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016212) ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტი გაიყო, გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი; დადგენილება ამოქმედდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 იანვრის ბრძანებით, ნ---- გ--–-–---–ი დაინიშნა თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად ამისა, იგი მუშაობდა ამ თანამდებობაზე 2017 წლის 14 ნოემბრამდე.

 

,,გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილებით სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016411) თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი; დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.

 

,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულ მუნიციპალიტეტების მერებს/საკრებულოების თავმჯდომარეებს დაევალათ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველეყოთ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 199 დადგენილებით, რომლის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მობილობა ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლას სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;

 

იმავე ,,წესის“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

2017 წელს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაერთიანდა ქალაქ გორისა და გორის თვითმმართველი თემები და ჩამოყალიბდა ერთი თვითმმართველი ერთეული - გორის მუნიციპალიტეტი.

 

ამ გაერთიანების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოყალიბდა სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, სადაც მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტები განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით;

 

ამ თანამდებობაზე, ძველი შტატებისა და დაკავებული თანამდებობების გათვალისწინებით, მობილობით შესაძლოა, გადაყვანილი ყოფილიყო სულ 4 პირი - ნ----- შ------–---–ი, ნ---- ხ------ი, მ--- გ-----ე და ნ---- გ--–-–---–ი.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 ნოემბრისა და 13 დეკემბრის ბრძანებებით, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანილი იქნენ ნ----- შ------–---–ი, ნ---- ხ------ი და მ--- გ-----ე, ნ---- გ--–-–---–ს კი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით, უარი ეთქვა როგორც ამ, ასევე მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე მობილობის წესით გამწესებაზე, და გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

ამ გადაწყვეტილების მიღებისას მერიის მხრიდან გამოკველული და შეფასება იქნა მიცემული შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში სულ არის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის 3 საშტატო ერთეული, რომლებზეც რანგისა და კატეგორიის მიხედვით, შესაძლებელი იყო ნ----- შ------–---–ის, ნ---- ხ------ის, მ--- გ-----ისა და ნ---- გ--–-–---–ის მობილობით გადაყვანა;

 

2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის შეფასებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს - ნ---- გ--–-–---–ს, მ--- გ-----ეს, ნ----- შ------–---–სა და ნ---- ხ------ს მიეცათ კარგი შეფასება - შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას.

 

3. ნ---- გ--–-–---–ს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პედაგოგის სპეციალობით; ნ---- ხ------ს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით; ნ----- შ------–---–ს (ქორწინებამდე კ--–-------) დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ელექტრონულ-გამომთვლელი აპარატურის კონსტრუირებისა და წარმოების სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-კონსტრუქტორ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია; მან ასევე დაამთავრა კასპის დამოუკიდებელი ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; მ--- გ-----ეს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი, სოციოლოგის სპეციალობით, და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; იგი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (პროგრამა - სოციალური სამუშაო), გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ/კურსები: სოციალური ჩართულობის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება, ,,ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" პროექტის ფარგლებში მენტორობის შესახებ; გაიარა სოციალური კვლევების მეთოდების ონლაინ-სასწავლო კურსი, წარმატებით დაასრულა თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების ონლაინ- სასწავლო კურსი;

 

4. ნ---- გ--–-–---–ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება 2 წელი, 10 თვე და 9 დღეა, ნ---- ხ------ის - 8 თვე და 11 დღე, ნ----- შ------–---–ის - 2 წელი, 7 თვე და 4 დღე, ხოლო მ--- გ-----ის - 2 წელი და 9 თვე.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და მობილობის განხორციელების წესის შესახებ ზემოთ მითითებული ნორმებით გორის მუნიციპალიტეტის მერიას მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე მისი თანხმობით გადაიყვანოს ან არ გადაიყვანოს იმავე ან მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მითითებული 4 პირი იმყოფებოდა მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში, და ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ზოგადად, შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევას, დადგენასა და შეფასებას;

 

ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების შეფასებისას უნდა შეფასდეს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მითითებული 4 პირი იმყოფებოდა რა მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული სადავო გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.

 

თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა რა ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, ეს პროცესი ქმნიდა მუნიციაპლიტეტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის შემცირების ვალდებულებასა და აუცილებლობას.

 

თავისთავად, ამა თუ იმ დაწესებულების იმდაგვარი რეორგანიზაცია, რასაც თან ახლავს შტატების შემცირება თუ გაუქმება, იმ მოხელეეებისათვის, რომლებიც ვერ დასაქმდნენ შემცირებულ შტატებზე, მტკივნეულად და არასამართლიანად აღქმადია.

 

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში მყოფი 4 მოხელიდან 3-ის შერჩევისას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მე-4 პირის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ თუ მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ მიდგომას.

 

მართალია, მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიმართ მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, თუმცა ეს ფაქტი რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება, და არც სარჩელის საფუძვლადაა (მისივე განმარტებით) გამოყენებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში მყოფი 4 მოხელიდან შესაძლოა მობილობით გადაყვანაზე უარი თქმოდა ნებისმიერ მათგანს, და იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოსარჩელის მიმართ, არ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების უკანონობასა და დაუსაბუთებლობას, ან მით უფრო, დისკრიმინაციულობას.

 

სასამართლოს ასევე დასაბუთებულად მიაჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ტოლფასი ან დაბალი რანგისა და კატეგორიის პოზიციებზე მოსარჩელის გადაუყვანლობის საფუძვლებთან მიმართებაში.

 

როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 199 დადგენილების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტით, მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

ნ---- გ--–-–---–ს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პედაგოგის სპეციალობით; იგი მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სპეციალისტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობებზე.

 

იმის გამო, რომ სრულიად განსხვავებულია მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები, დასაბუთებული და კანონიერია მოპასუხის გადაწყვეტილება, ამ ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში მოსარჩელის კომპეტენციის საფუძვლზე მითითებით, მობილობაზე უარის თქმის შესახებ.

 

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

დასაბუთებულია მერიის პოზიცია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე მოხელის დანიშვნა უფრო პროდუქტიულს გახდის მერიის ფუნქციონირებას, ხელ შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების უფრო სწრაფ, ხარისხიან და ეფექტურ განხორციელებას, და ამის შედეგად დაინტერესებულ პირთათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებას.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

ნ---- გ--–-–---–ი გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით სწორედ ამ საფუძვლით იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- გ--–-–---–ის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე, აგრეთვე სხვა ტოლფას ან დაბალი რანგისა და კატეგორიის პოზიციაზე მობილობის წესით გადაყვანასთან მიმართებაში მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.

 

მითითებული ბრძანებით ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მობილობის შეუძლებლობის გამო, თუმცა არა ბრძანების გამოტანის მომენტიდან, არამედ 2018 წლის 6 თებერვლიდან.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოხელის არა აქტის გამოტანის, არამედ წინა რიცხვიდან გათავისუფლების ნაწილში უკანონოა (იხ. სუს 2011 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება № ბს-640-635 (2კ-11), 2010 წლის 7 ოქტომბრის № ბს-474-454 (კ-10) განჩინება).

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსის ამგვარი ფორმულირებით ხდება ამ აქტით დამდგარი იურიდიული შედეგების მოქმედების გავრცელება წინა პერიოდზე, რაც დაუშვებელია.

 

იურიდიული თვალსაზრისით, შეუძლებელია 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი - მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება - 2018 წლის 6 თებერვლიდან ამოქმედებულიყო, და ამის შესახებ 6 თებერვალს სცოდნოდათ თვით ადმინისტრაციულ ორგანოს თუ მოხელეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს ბრძანება უკანონოა ნ---- გ--–-–---–ის 2018 წლის 6 თებერვლიდან (წინა რიცხვიდან) გათავისუფლების ნაწილში, რადგან გათავისუფლების შესახებ აქტი გამოცემულია 2018 წლის 8 აგვისტოს, ხოლო სხვა ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია.

 

,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 199 დადგენილებით) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.

 

ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების, მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო მითითებულ 3 თვიან ვადაში, თუმცა არც გათავისუფლებაზე და არც მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რაიმე სახის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2018 წლის 8 აგვისტომდე არ გამოცემულა, რითაც დაირღვა როგორც კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე დაინტერესებული პირის - ნ---- გ--–-–---–ის უფლებები და ინტერესები; მისი რეზერვში ჩარიცხვის შესახებ 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება კი სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ნ---- გ--–-–---–ი, ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით, სამსახურიდან გათავისუფლდა 2018 წლის 8 აგვისტოს, მას უნდა მიეცეს შრომის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 199 დადგენილების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული 3 თვიანი ვადის გასვლიდან - 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის აგვისტოს თვემდე თანამდებობრივი სარგოს - 580 ლარის ოდენობით.

 

მართალია, იგი ამ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, როგორც იძულებითი განაცდური, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ხდება მისი სამსახურში აღდგენა, ეს თანხა უნდა აუნაზღაურდეს შრომით გასამრჯელოს სახით, რაც მას უნდა მიეღო გათავისუფლებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე, რის გამოც მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მობილობის შეუძლებლობის გამო ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს № 658-კ ბრძანება გათავისუფლების თარიღად წინა რიცხვის - 2018 წლის 6 თებერვლის აღნიშვნის ნაწილში.

 

1.1.1. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი მობილობის შეუძლებლობის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 აგვისტოს № 658-კ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულების შესახებ, ნ---- გ--–-–---–ის მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურები, არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით ნ---- გ--–-–---–ის დანიშვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, აუნაზღაუროს ნ---- გ--–-–---–ს 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის აგვისტომდე (5 თვე) თანამდებობრივი სარგო - 580 ლარის ოდენობით.

 

1.4.1. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი 2017 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით 650 ლარის ანაზღაურების დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი