განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
080100118002430751
დავის ტიპი
177 4 გ , 177 3 ბ , 177 2 ა , 177 2 ა
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3---18 (№0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ზ---- ჭუ-–-----ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო-----ი გრ-----–-ს ძე აფ----------ე - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქუთაისი, ი.---------- გამზ. N9-;

 

ადვოკატი - გ------- დვ--–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: 1. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; 2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2012 წლის 24 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი აფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (11 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი). 2015 წლის 13 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი აფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

2017 წლის 18 სექტემბერს, დღის საათებში, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა ო-----ი აფ----------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, გვ--–--–---- ქუჩის N---ში მდებარე მ-----– რა--–---–-ს საცხოვრებელ სახლში და შეეცადა სხვადასხვა დასახელების ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.

 

2. 2012 წლის 24 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი აფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (11 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი). 2015 წლის 13 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ო-----ი აფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა ო-----ი აფ----------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ვა---–----------- ქუჩის N---ში მდებარე ა-----–------–----ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----–------–----ის კუთვნილ 800 ლარსა და 50 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ა-----–------–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის ო-----ი აფ----------ის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, დაზარალებულ მ-----– რა--–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლ--–--------–---- გამოკითხვის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, შემთხვევის ადგილის (მ-----– რა--–---–-ს საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები, 2012 წლის 24 იანვრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, 2015 წლის 13 ივლისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ო-----ი აფ----------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ა-----–------–----ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ნ------------–-------ს, ეთ----------ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ო----- აფ----------ის მონაწილეობთ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნა: ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ო----- აფ----------ის ხელის თითის ერთი კვალი, შემთხვევის ადგილის (ა-----–------–----ის საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნა) ერთობლიობა ო----- აფ----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო-----ი აფ----------ემ ჩაიდინა: 1. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; 2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ო----- აფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ო-----ი აფ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია საკუთრების ხელყოფა. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით ო-----ი აფ----------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან ო-----ი აფ----------ე ნასამართლობის მქონეა, ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავოდ), სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

რაც შეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას, ბრალდებულ ო-----ი აფ----------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით კანონმდებლის მიერ მოცემული დანაწესი (თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფარდებისას სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა) - ჩადენილი ქმედების ხასიათის, განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის წარსულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო-----ი აფ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო-----ი აფ----------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ო-----ი აფ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:

 

ა-----–------–----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდი, 2017 წლის 1 ოქტომბერს ო----- აფ----------ისაგან აღუბული ნერწყვის ნიმუში, ო----- აფ----------ის ხელის ნიმუში - დაქტილობარათი, მ-----– რა--–---–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ო----- აფ----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ა-----–------–----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელჩანთა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ო----- აფ----------ის მაისური და ო----- აფ----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა, სამაჯური, ერთი წყვილი საყურე, ერთი ცალი ცეპი, კულონით, ჯვარი, ფულადი თანხა 2970 ლარი, შავი ფერის ძაფი, კულონით ცეპი და ჯვარი, ხის ბურთულებიანი ცეპი და ჯვარი, სამაჯური, 4 ბეჭედი, მაჯის საათი, საფულე, 3 ცალი ერთლარიანი მონეტა, 1 ცალი 2 დოლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, მობილური ტელეფონი, მობილურის დასამუხტი, ო----- აფ----------ის პასპორტი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში) - დაუბრუნდეს ო-----ი აფ----------ის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (ა-----–------–----ის საცხოვრებელ სახლი) გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შემთხვევის ადგილას დათვალიერების დროს (მ-----– რა--–---–-ს საცხოვრებელ სახლი) გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური