გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
330210018002574056
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/23313-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------------ი”

წარმომადგენელი - თ-------------ე

 

მოპასუხეები - ხ----------------–ი, თ------------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს - ხ----------------–ს და თ------------------ეს ს----------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საბანკო კრედიტის #--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 6425.10 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4109.16 ლარი, პროცენტი - 643.34 ლარი და ჯარიმა 1672.60 ლარი.

1.2 მოპასუხეებს - ხ----------------–ს და თ-------------------–ს ს----------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 14 მარტიდან საბანკო კრედიტის #--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4109.16 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.72% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 53.58 ლარს.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

ს------------------–----ა“ და ხ----------------–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #--------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.72%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 07 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 158 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

საბანკო კრედიტის #--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს-------------------–----ა” და თ------------------ეს შორის 2016 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 9000 ლარით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2017 წლის 16 მარტის შემდეგ არ განუხორციელებია თანხის გადახდა, რის შედეგადაც მათი დავალიანება შეადგენს 6425.10 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 4109.16 ლარი, პროცენტი - 643.34 ლარი და ჯარიმა 1672.60 ლარი.

 

2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად ს---------------ი’’ წარმოადგენს ს-------------------–--ის’’ უფლებამონაცვლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ხ----------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და ითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება ან გაუქმება. მოპასუხე თ------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა არასათანადო მოპასუხეობაზე, მისი განმარტებით თავდაპირველად ვალდებულების შესრულება კრედიტორმა უნდა მოსთხოვოს ძირითადი მოვალესდა მხოლოდ ამის შემდეგ თავდებ პირს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 7 ნოემბერს ს------------------–----ა“ და ხ----------------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #---------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4500 ლარის ოდენობით, წლიური 15.72% სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით 2019 წლის 07 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველი ვადის დარღვევისას - 10 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავსართი, საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 16-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და თ------------------ეს შორის 2016 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული თავდებობის N--------- ხელშეკრულებით თ------------------ემ იკისრა ს-------------------–--ა“-ს წინაშე ხ----------------–ის ვალდებულების სოლიდარულად შესრულება. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 9000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3 მსესხებელი პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებები, ხოლო 2017 წლის 16 მარტის შემდეგ მას აღარ განუხორციელებიათ თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 41);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 42).

 

3.1.4. მოპასუხე ხ----------------–ს ს----------------ის“ მიმართ 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 6425.10 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4109.16 ლარი, პროცენტი - 643.34 ლარი, ჯარიმა - 1672.60 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 3.15.18წ ს---------------ს“ ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 42).

 

3.1.5. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად ს---------------ი’’ წარმოადგენს ს-------------------–--ის’’ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 43-44).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-895-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 7 ნოემბერს ს------------------–----ა“ და ხ----------------–ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4500 ლარის ოდენობით, წლიური 15.72% სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით, 2019 წლის 7 ნოემბრამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

2016 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული თავდებობის N--------- ხელშეკრულებით თ------------------ემ იკისრა ს-------------------–--ა“-ს წინაშე ხ----------------–ის ვალდებულების სოლიდარულად შესრულება. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად მითითებულ იქნა 9000 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის რომ მსესხებლის მიერ თანხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება დარღვეულ იქნა და 2017 წლის 16 მარტის შემდეგ მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ თანხის გადახდა აღარ განუხორციელებია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა ხ----------------–მა და თ------------------ემ ცნეს სარჩელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში, ს---------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის - 4109.16 ლარისა და პროცენტის - 643.34 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების 4.4 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველი პირველი ვადაგადაცილებული დღის პირგასამტეხლო (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე.

 

შესაბამისად, ს----------------ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდს ნაწილობრივ და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა უნდა განისაზღვროს 167.26 ლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მართალია ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მინიმუმ წლიურ 15.72%-ს (რაც ყოველთვიურად შეადგენს 53.58ლარს), თუმცა არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა 2019 წლის 7 ნოემბრამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ს----------------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 250.87 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეებმა მთავარ სხდომამდე ცნეს სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ს----------------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 142.57 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს ს----------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 24.30 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის იურიდიული მომსახურების გაწევის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოთხოვნა მოპასუხისათვის იურიდიული ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს - ხ----------------–ს და თ------------------ეს ს----------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2016 წლის 7 ნოემბრის N-------- საბანო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 4919.76 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4109.16 ლარი, პროცენტი - 643.34 ლარი, ჯარიმა - 167.2 ლარი.

3. მოპასუხეებს - ხ----------------–ს და თ------------------ეს ს----------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 15 მარტიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 4109.16 ლარზე, წლიური 15.72% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 53.58 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 2019 წლის 7 ნოემბრისა.

4. თავდები პირის - თ------------------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვროს - 9000 ლარით.

5. მოპასუხეებს - ხ----------------–ს და თ------------------ეს ს----------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 36.8 ლარის ანაზღაურება;

6. ს----------------ს” (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (250.87 ლარი) - 142.57 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 29 მარტს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება N66).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი