გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
010210017001820785
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001820785

№2-550/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელეები - მ----------------ე, ო-–----------ი

წარმომადგენელი - ნ------------ე

მოპასუხეები - მ---------------ე, დ----------–----ე

წარმომადგენელი - კობა ჯაბუა

დავის საგანი - თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს მ---------------ეს და დ----------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მ----------------ის და ო-–----------ის სასარგებლოდ 31 150 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეები მ----------------ე და ო-–----------ი არიან ცოლ-ქმარი და ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში სვერდლოვის ოლქის ქალაქ სეროვოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ქორწინების მოწმობა.

- რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლები.

 

3.1.2. მოპასუხეები მ---------------ე და დ----------–----ეც არიან ცოლ-ქმარი და ცხოვრობენ ქ ბათუმSი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მ---------------ე და მ----------------ე არიან დები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენლად მიიჩნევს, რომ მ---------------ესა და მ----------------ეს შორის 2017 წლამდე იყო ძალიან კარგ ურთიერთობა, ისინი ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ინტერნეტისა და სოციალური ქსელს მეშვეობით და მოსარჩელე მ----------------ე რუსეთის ფედერაციიდან ხანდახან უგზავნიდა კიდეც მ---------------ეს გარკვეული ოდენობის თანხებს.

 

სს „ლიბერთი ბანკიდან“ მიღებული მონაცემების თანახმად 2009-2016 წლებში მ---------------ის სახელზე რუსეთის ფედერაციიდან მ----------------ის, რ----–----–------ს, ნ-----–-------------ას და ო-–----------ის მიერ სულ გადმოგზავნილია 31150 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სს „ლიბერთი ბანკიდან“ წარმოდგენილი ცნობა მ---------------ის სახელზე განხორცილებული ტრანზაქციების შესახებ.

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი გზავნილებით და სს „ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი მტიცებულებებით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციიდან მ---------------ის ანგარიშზე მ----------------ის მიერ 2009 წლის 1 აპრილს გადმორიცხული იქნა 250 აშშ დოლარი, 2009 წლის 13 მაისს - 300 აშშ დოლარი, 2010 წლის 18 მარტს - 1000 აშშ დოლარი, 2010 წლის 20 აპრილს - 100 აშშ დოლარი, 2010 წლის 01 ივნისს - 300 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 აგვისტოს - 1000 აშშ დოლარი, 2010 წლის 07 სექტემბერს - 1000 აშშ დოლარი, 2011 წლის 11 აპრილს - 100 აშშ დოლარი, 2012 წლის 15 მაისს - 800 აშშ დოლარი, 2014 წლის 22 მაისს - 400 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ---------------ის სახელზე რუსეთის ფედერაციიდან მოსარჩელე ო-–----------ის მიერ განხორციელდა სულ 16000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადმორიცხვა, კერძოდ: 2014 წლის 20 ოქტომბერს გადმორიცხული იქნა 5000 აშშ დოლარი, 2014 წლის 22 ოქტომბერს - 3000 აშშ დოლარი, 2014 წლის 31 ოქტომბერს - 3000 აშშ დოლარი და 2016 წლის 08 აპრილს - 5000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სს „ლიბერთი ბანკიდან“ წარმოდგენილი ცნობა მ---------------ის სახელზე განხორცილებული ტრანზაქციების შესახებ.

 

3.2.3. მოპასუხე დ----------–----ის მიერ 2013 წლის 13 თებერვალში შეძენილი იქნა ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N326ა-ში მიწის ნაკვეთი, სადაც მის მიერ დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამჟამად დ----------–----ის მიერ ზ/აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებულია 133, 85 კვმ ფართის შენობა-ნაგებობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N326ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი დ----------–----ის მიერ შეძენილი იქნა მათ მიერ გამოგზავნილი თანხით და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაც აშენებული იქნა მათ მიერ 2009-2016 წლებში გადმოგზავნილი თანხებით. ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მტიცებას, რომ მათსა და დ----------–----ეს შორის არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მოსარჩელეთა დარეგისტრირების თაობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის მსგავსი შეთანხების არსებობის ფაქტი.

 

ამასთან სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თავად დ----------–----ის განმარტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----------–----ის მიერ მშენებლობის დაწყების შემდეგ მ----------------ე და ო-–----------ი მართლაც დაპირდნენ დახმარებას დ----------–----ეს საცხოვრებელი სახლის აშენებაში და მათ მიერ 2014-2016 წლებში მ---------------ის სახელზე გადმოგზავნილი იქნა 16400 აშშ დოლარი, რომელიც დ----------–----ის მიერ მართლაც იქნა გამოყენებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, მაგრამ ვინაიდან იგი არ იყო საკმარისი მშენებლობის განსახორციელებლად, დ----------–----ის მის 2017 წელს დამატებით იქნა გამოტანილი იპოთეკური სესხი სს „საქართველო ბანკიდან“, რითაც განხორციელდა მშენებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- იპოთეკური სესხის ხელშეკრულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

- მოწმეთა ჩვენება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------------ის და ო-–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მ---------------ეს და დ----------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მ----------------ის და ო-–----------ის სასარგებლოდ 16 400 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 131-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის და შესაბამისად მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 991 მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია 977-990 მუხლებში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----------------ის მიერ მ---------------ეზე 2009 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 22 მაისამდე გადმოგზავნილია სულ 6150 აშშ დოლარი, მათ შორის 5750 დოლარი გადმოგზავნილია 2013 წლამდე, ხოლო 400 აშშ დოლარი 2014 წელს, ხოლო ო-–----------ის მიერ 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2016 წლის 08 აპრილამდე გადმოგზავნილია 16000 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.“

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დ----------–----ე აღიარებს, რომ მოსარჩელეების მიერ მისი მეუღლის ანგარიშზე 2014-2016 წლებში გადმორიცხული თანხა, რაც შეადგენს 16400 აშშ დოლარს, მის მიერ გამოყენებული იქნა ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N326ა-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობისათვის. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს ზ/აღნიშნული თანხის სანაცვლოდ არანაირი ვალდებულება არ შეუსრულებიათ მოსარჩელეების მიმართ და არც თანხა არ დაუბრუნებიათ. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა უსაფუძვლოდ მიიღეს ზ/აღნიშნული თანხები და ისინი უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ. შესაბამისად აღნიშნული თანხა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

6.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მ----------------ის მიერ მ---------------ეზე 2014 წლამდე გადმორიცხული თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მისი მოთხოვნა 2014 წლამდე გადაცემული თანხების, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნების თაობაზე ხანდაზმულია.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობა, მოვლენა მოხდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.

 

ამდენად ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ ურთიერთობებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ----------------ის მიერ გადმორიცხული 6150 აშშ დოლარიდან 5750 აშშ დოლარის გადმორიცხვა განხორციელდა 2014 წლამდე, კერძოდ: 2009 წლის 1 აპრილს გადმორიცხული იქნა 250 აშშ დოლარი, 2009 წლის 13 მაისს - 300 აშშ დოლარი, 2010 წლის 18 მარტს - 1000 აშშ დოლარი, 2010 წლის 20 აპრილს - 100 აშშ დოლარი, 2010 წლის 01 ივნისს - 300 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 აგვისტოს - 1000 აშშ დოლარი, 2010 წლის 07 სექტემბერს - 1000 აშშ დოლარი, 2011 წლის 11 აპრილს - 100 აშშ დოლარი, 2012 წლის 15 მაისს - 800 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად ზ/აღნიშნულისა მ----------------ეს თანხის დაბრუნების თაობაზე პრეტენზია არ განუცხადებია 2017 წლამდე და სარჩელით სასამართლოს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მომართა მხოლოდ 2017 წლის 27 თებერვალს, მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით, მოსარჩელეების მ----------------ის და ო-–----------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად 16400 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2368 ლარის ოდენობით, ასევე მათ მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 1700 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 30 ლარის ოდენობით და ყადაღის რეგისტრაციისათვის გაწეული იქნა ხარჯი 40 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრვ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს მ---------------ეს და დ----------–----ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მ----------------ის და ო-–----------ის სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1279,57 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1700 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 30 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯის 40 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ----------------ის და ო-–----------ის სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. მ---------------ეს და დ----------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მ----------------ის და ო-–----------ის სასარგებლოდ 16 400 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მ---------------ეს და დ----------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მ----------------ის და ო-–----------ის სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1279,57 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1700 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 30 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯის 40 ლარის ანაზღაურება.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე