განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
010100118002734380
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002734380

საქმე N1-1028/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12.12. 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

1. ბრალდებული: გი----------ძე

მამის სახელი: ის--------ი

დაბადებული: 30.06.1949 წელი

პირადი ნომერი: 6---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ფ/მცხოვრები: ქობულეთის რაიონი დაბა ჩა----------–-----–-------.

 

ადვოკატი - ირ---–---------–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172241018003

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 24 ოქტომბერს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, აღ--–-----–--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი----------ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ რძალს ლი----------ეს ნაჯახის გამოყენებით დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლი----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 2018 წლის 30 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა გი----------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს, დაემუქრა თავის რძალს - ლი----------ეს, რასაც აღიარებს და ინანიებს. მას რძლის ოჯახთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, ოჯახში იზრდება მისი შვილიშვილები, თავადაც საჭიროებისამებრ ეხმარება მათ; ცხოვრობს მათგან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით; ამ შემთხვევის შემდეგ მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა და არც მომავალში ექნება აღნიშნულს ადგილი;

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.6. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ დაზარალებული ლი----------ე არის ბრალდებულ გი----------ძის რძალი.

 

2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ლი----------ის, მირზა ბროლაძის, თენგიზ ქათამაძის ჩვენებები, გი----------ძის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი----------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, შემდგომ პერიოდში დამოკიდებულებას დაზა რალებულთან;

ბრალდებული არის პენსიონერი, მას მატერიალურად უჭირს; ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს მხოლოდ საპენსიო თანხა;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.5. მოცემულ შემთხვევაში, გი----------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, მის ასაკს, ის არის ხანდაზმული, პენსიონერი, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ გი----------ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი----------ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 52-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გი----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გი----------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გი----------ძის მიმართ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - თენგიზ ქათამაძეს (პ/ნ 6---------5) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1500 (ათასხუთასი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/37238, დასტურის №ა 0-----).

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე