გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16409-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ო
წარმომადგენელი - ა---------------
მოპასუხე - ი---- ს--–--ე
წარმომადგენელი - ბ------------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი---- ს--–--ეს მოსარჩელე სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის 140 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს დირექტორის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებით, ი---- ს--–--ე ამავე თარიღიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ამასთან, 2013 წლის 21 ივნისს, მის ანგარიშზე განხორციელდა ივნისის თვის ხელფასის (600 ლარი) სრულად ჩარიცხვა და შესაბამისად, 7 დღის თანხა 140 ლარის ოდენობით ჩაერიცხა ზედმეტად.
მ-----------------------ოს მოთხოვნის მიუხედავად მოვალე არ ასრულებს კანონისმიერ ვალდებულებას, დაუბრუნოს კრედიტორს თანხა, რაც მან მიიღო უსაფუძვლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი---- ს--–--ემ სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მ-----------------------ოსთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს #175129 ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეზე დარიცხული ხელფასი შეადგენდა 750 ლარს. წარმოდგენილი უწყისით კი ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში ხელფასის სახით დარიცხული აქვს სულ 4399.36 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიეღო 4500 ლარი. ანუ მოპასუხეს ამ ექვსი თვის განმავლობაში აღებული აქვს 100.64 ლარით ნაკლები, ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა.
აქედან გამომდინარე, მ-----------------------ოს სარჩელი მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს 24.06.2013 წლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების თანახმად, სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს შტატგარეშე თანამშრომელს ი---- ს--–--ეს შეუწყდა სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს 2012 წლის 24 დეკემბრის #1757129 ბრძანებით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 24 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 24 ივნისის ბრძანება #1757129 (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2013 წლის იანვრის თვეში ნაცვლად 750 ლარისა მოპასუხე მხარეს ხელფასის სახით გადაეცა 649.36 ლარი, რაც გამოწვეული იყო 2012 წლის დეკემბრის თვის თანამდებობრივი სარგოს ცვლილების გათვალისწინებით ნაცვლად 1039.36 ლარისა 1140 ლარის ჩარიცხვის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19/06/2018 წლის ცნობა (ს.ფ. 42);
- 31/10/2018 წლის ცნობა (ს.ფ. 83);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 29 მარტის წერილით სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ომ მოპასუხე ი---- ს--–--ეს წერილობით განუმარტა, რომ 2013 წლის 21 ივნისს, მოპასუხის ანგარიშზე განხორციელდა ივნისის თვის ხელფასის (600 ლარი) სრულად ჩარიცხვა და შესაბამისად, 7 დღის თანხა (140 ლარი) ჩაერიცხა ზედმეტად. მ-----------------------ომ ი---- ს--–--ეს ამავე წერილით მოსთხოვა ზემოაღნიშნული თანხის სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს ანგარიშზე ჩარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს 29/03/2018 წლის წერილი (ს.ფ. 18);
- ფოსტის უკუგზავნილი (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე სადავო გარემოებები დასადგენი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
აღნიშნული ნორმა ამახვილებს ყურადღებას ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სხვისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძვლებზე. დანაწესის თანახმად, თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს. ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ეფუძნება მოპასუხე ი---- ს--–--ისთვის, როგორც შტატგარეშე თანამშრომლისთვის, მის სახელფასო ანგარიშზე შეცდომით, 140 ლარით მეტი თანხის ჩარიცხვას, რის დაბრუნებასაც ითხოვს. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოში, 2013 წლის მანძილზე დარიცხული ხელფასის ფარგლებში, მ-----------------------ომ პირიქით მას დააკლო შრომის ანაზღაურება, როდესაც 100.64 ლარით ნაკლები ჩაურიცხა. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, მოპასუხე ი---- ს--–--ემ წარმოადგინა 19/06/2018 წელს სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს მიერ გაცემული ცნობა, სადაც 2013 წლის იანვარი-ივნისის განმავლობაში მოპასუხისთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის თანხებია მითითებული. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ი---- ს--–--ის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 750 ლარს, მოსარჩელეს 2013 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ჯამში უნდა მიეღო 4500 ლარის ანაზღაურება, თუმცა რეალურად მას დაერიცხა სულ 4399.36 ლარი, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, მისთვის კუთვნილზე ნაკლები ოდენობით სახელფასო თანხის ჩარიცხვის თაობაზე. აქვე, სასამართლო განხილვისას ნათელი გახდა მითითებული სხვაობის მიზეზი, რაც თავის მხრივ 2012 წლის დეკემბრის თვეში ზედმეტად გადახდილი ხელფასის კორექტირების გამო მოხდა. წარმოდგენილ შემთხვევაში ნათელია, რომ სახელფასო სარგოს ჩარიცხვა რამდენიმეჯერ მოხდა შეცდომით. სასამართლოსთვის ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე ი---- ს--–--ე წარმოადგენდა სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს თანამშრომელს და იღებდა ყოველთვიურ ანაზღაურებას, შესაბამისად, მას ჰქონდა აბსოლუტურად ლოგიკური და გონივრული მოლოდინი საკუთარი შრომით გამომუშავებული, კუთვნილი ანაზღაურების მიღებისა, რომლიც მისი მიხედულებით ერიცხებოდა სრულად, სწორად და უზუსტობის შემთხვევაში რეაგირება ხდებოდა მაშინვე ან მომდევნო თვეს. არსებულ შემთხვევაში 2013 წლის ივნისის თვის ხელფასის ზედმეტობის თაობაზე კი ეცნობა 2018 წელს. სწორედ აღნიშნული მოცემულობა გაითვალისწინა კანონმდებელმა საკანონმდებლო რეგულაციის შემუშავებისას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, იგი სახელწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საქართველოს შ-----------------------------ს მ-----------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე