გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210018002519739
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19655-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი: ნ--------------–--ე

 

მოპასუხეები: მ------------–--ე, ლ-–-----------ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ------------–--ესა და ლ-–-----------ეს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 1888.29 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მ------------–--ესა და ლ-–-----------ეს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 523.67 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მ------------–--ესა და ლ-–-----------ეს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ჯარიმის - 30 აშშ დოლარის გადახდა;

1.4. მ------------–--ესა და ლ-–-----------ეს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს - 392.92 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და მ------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №ტლე1------0, რომლის საფუძველზე საკრედიტო შეთანხმება №ტლე1------0-ით მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიურად 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 2466 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 131 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 325 ი.

 

სესხი, ასევე უზრუნველყოფილ იქნა ლ-–-----------ის სოლიდარული თავდებობით. კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით, ლ-–-----------ე, 9000 აშშ დოლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს შპს „მ---------------------ის“ წინაშე.

 

მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გადახდილია 13 თვის გადასახადი სრულად. რაც შეეხება მე-14 თვის გადასახადს, ნაცვლად 131 აშშ დოლარისა გადახდილია 130 აშშ დოლარი, რომლითაც სრულად გაიქვითა იმავე თვის სარგებელი და ძირი თანხა შემცირდა 51.77 აშშ დოლარით. მე-14 თვის დარჩენილი ნაწილი და მომდევნო თვეების გადასახადი მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხის დავალიანება შპს „მ---------------------ის“ მიმართ შეადგენს შემდეგს:

სესხი -1888.29 აშშ დოლარი;

სარგებელი - 2017 წლის 31 დეკემბრისა და ყოველი მომდევნო თვის 31 რიცხვისათვის სესხის 4%, რაც შეადგენს 75.53 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია სრული 6 თვე და 28 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 523.67 აშშ დოლარს;

ჯარიმა - 30 აშშ დოლარი გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილებისათვის;

პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1.88 აშშ დოლარს). შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 01 დეკემბრიდან დღემდე გასულია 209 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს - 392.92 აშშ დოლარს. პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ს, თუმცა მოსარჩელის ნებით შემცირებულია ხუთჯერ.

 

მოსარჩელის განმარტებით, გირავნობის საგანი განადგურებულია. 2018 წლის 14 აპრილს და 2018 წლის 04 მაისს მოპასუხეებთან გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეების მხრიდან დღემდე ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე ლ-–-----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და მ------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №TLE1------0, რომლის საფუძველზე გაცემული - №TLE1------0 სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მ------------–--ეს თვეში 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 2466 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მ------------–--ის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 325I.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა ერთჯერადი ჯარიმა - გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 30 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით.

 

3.1.2. 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და ლ-–-----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ლ-–-----------ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - მ------------–--ეს მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 9000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.3. მ------------–--ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მ---------------------ს“ შორის 30.09.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სრულად იქნა გადახდილი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 13 თვის გადასახადი. რაც შეეხება მე-14 თვის გადასახადს, ნაცვლად გადასახდელი 131 აშშ დოლარისა გადახდილ იქნა მხოლოდ 130 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

3.1.4. 2018 წლის 12 აპრილს და 2018 წლის 04 მაისს შპს ,,მ---------------------ის“ მიერ მსესხებელს მ------------–--ეს და ლ-–-----------ეს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი შეტყობინება ლ-–-----------ეს ჩაბარდა 2018 წლის 14 აპრილს, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. ხოლო, მ------------–--ეს წერილობითი შეტყობინება ვერ ჩაბარდა.

 

3.1.5. 2016 წლის 30 სექტემბერის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №TLE1------0 ხელშეკრულებით განსაზღვრული გირავნობის საგანი - ავტომობილი ბმვ 325I განადგურებულია.

 

3.1.6. 2018 წლის 28 ივნისს შპს „მ---------------------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 30.09.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, მ------------–--ესა და ლ-–-----------ეს შპს „მ---------------------ის“ მიმართ, 2018 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, ერიცხებათ დავალიანება - 2834.88 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „მ---------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,მ---------------------სა“ და მ------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №TLE1------0, რომლის საფუძველზე გაცემული - №TLE1------0 სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მ------------–--ეს თვეში 4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 2466 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ერთჯერადი ჯარიმა გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში 30 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მ---------------------ს“ შორის 30.09.2016წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ სრულად იქნა გადახდილი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 13 თვის გადასახადი. რაც შეეხება მე-14 თვის გადასახადს, ნაცვლად გადასახდელი 131 აშშ დოლარისა გადახდილ იქნა მხოლოდ 130 აშშ დოლარი. ხოლო, აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 1888.29 აშშ დოლარისა და სარგებლის - 523.67 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

30.09.2016წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა ერთჯერადი ჯარიმა - გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 30 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულებების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „მ---------------------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ერთჯერადი ჯარიმის - 30 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხ პირგასამტეხლოს, მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%) მოსარჩელის მიერ შემცირებულ იქნა 5-ჯერ. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 392.92 აშშ დოლარის ოდენობით, სწორედ აღნიშნულის შესაბამისადაა დაანგარიშებული. თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 200 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 392.92 აშშ დოლარისა.

 

6.3. რაც შეეხება თავდების ლ-–-----------ის სოლიდარულ პასუხისმგებლობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

 

ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა, კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი შედეგების დადგომა არ უკავშირდება. (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12იანვრის №2ბ/4259-14 განჩინება).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------------–--ესა და შპს „მ---------------------ს“ შორის 2016 წლის 30 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე დღეს, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და ლ-–-----------ეს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 9000 შშ დოლარით. ამასთან, ლ-–-----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებიდან ირკვევა, რომ ლ-–-----------ე არის ძირითადი მსესხებლის - მ------------–--ის შვილი. თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის - 2016 წლის 30 სექტემბერს, ლ-–-----------ე იყო 20 წლის. ამასთან, იგი იყო სტუდენტი და არ გააჩნდა სტაბილური სამსახური და შემოსავალი. ამასთან, დადასტურებული არ არის ის გარემოება, მოსარჩელის მიერ შემოწმებულ იქნა თუ არა ლ-–-----------ის გადახდისუნარიანობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადის ოდენობა შეადგენდა - 131 აშშ დოლარს.

 

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარების 765-ე პარაგრაფის მე-3 ველში მითითებულია თავდების სამართლებრივი დაცვის საშუალებების თაობაზე, რომლის თანახმად, თავდებს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჰქონდეს შესაგებელი ზნეობრივი ნორმებისა და გარიგების საფუძვლის დარღვევის გამო ბათილობისათვის. აღნიშნულთან დაკავშირები, კი ამავე კომენტარის 138-ე პარაგრაფის მე-6 ველში აღნიშნულია, რომ კერძო ავტონომიის კონსტიტუციური გარანტია სახელშეკრულებო პარიტეტის უკიდურესი და ტიპიური დარღვევებისას იწვევს ხელშეკრულებების საკონსტიტუციო სამართლის შესაბამისი შესწორებების ვალდებულებას. ამიტომაც, სასამართლო პრაქტიკა ზნეობრივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს ქონების არ მქონე ოჯახის წევრების თავდებობის ხელშეკრულებებს, როდესაც თავდები კისრულობს ვალდებულებას იმ ფარგლებში, რაც აღემატება მის მიმდინარე და მომავალ შემოსავლებს და ქონებრივ მდგომარეობას. ამდენად, მას ასევე არ შეუძლია თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომის მომენტიდან ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ძირითადი თანხის ნაწილის ან მიმდინარე პროცენტების თანხების მობილიზება (იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარის 765-ე პარაგრაფის მე-3 ველი, გვ. 565-566; 138-ე პარაგრაფის მე-6 ველი, გვ. 64).

 

ამდენად, მართალია ფორმალური თვალსაზრისით დაცული იყო ლ-–-----------ესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების პირობები, თუმცა ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მასთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება იმ პირობებში, როცა იგი არის მსესხებლის შვილი და თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მისი ასაკი და ფინანსური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა თავდებობის უმთავრეს საფუძვლებს, ლ-–-----------ესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნეს ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ. თავდებობის ხელშეკრულება ემსახურება ძირითადი მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, ამ უკანასკნელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პირი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სხვისი ვალდებულების შესრულებაზე, მინიმუმ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, უნდა იყოს გადახდისუნარიანი და მისი ქმედება უნდა იყოს გააზრებული და გონივრული განსჯის შედეგი. აღნიშნულის საწინააღმდეგო, კი სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მაღალი ალბათობით შეუძლებელი იქნებოდა გონივრული ვარაუდის არსებობა იმის თაობაზე, რომ ლ-–-----------ე შეძლებდა მისი ფინანსური სახსრების იმგვარად მობილიზებას, რომ უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ასევე, საეჭვოა ხელშეკრულების მიზნების მიმართ მისი რეალური და გააზრებული ნების არსებობა. ზემოთ აღნიშნული გარემოებები, კი მთლიანად აცლის საფუძველს თავდებობის მიზნებს და თავდებობის ხელშეკრულებას ხდის ამორალურს.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და ლ-–-----------ეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, რის გამოც არ არსებობს ლ-–-----------ის მიმართ შპს „მ---------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 240.38 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „მ---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (2641.96 აშშ დოლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 194.46 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 240.38 ლარი. თუმცა, ვინაიდან დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 208.66 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 31.72 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი მ------------–--ისა და ლ-–-----------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 1888.29 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 523.67 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის - 30 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.4. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 200 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ლ-–-----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

3. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 194.46 ლარის გადახდა.

 

4. შპს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 აპრილს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან - 31.72 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1524811764.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/19655-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი: ნ--------------–--ე

 

მოპასუხეები: მ------------–--ე, ლ-–-----------ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი მ------------–--ისა და ლ-–-----------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 1888.29 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 523.67 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის - 30 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.4. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 200 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ლ-–-----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

3. მოპასუხე მ------------–--ეს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 194.46 ლარის გადახდა.

 

4. შპს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 აპრილს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან - 31.72 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1524811764.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი